14 ოქტომბერი, 2019
თაკო კორინთელი ქმარს შეურიგდა
25 ოქტომბრიდან „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-16 სეზონი იწყება. როგორც თაკო კორინთელმა გვითხრა, მისი გმირის, ბარბარიკას ხაზი აუცილებლად გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ მსახიობს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა: „ბებო წავიდა თავის სიყვარულთან. ერთმანეთის გარეშე ვერასდროს ძლებდნენ... სული მეწვის და გული მეხლიჩება... ჩემთვის და ჩემი ძმისთვის მეორე მშობლები იყვნენ...“
თაკო კორინთელი: წელიწად-ნახევარია, რაც ბაბუა დაიღუპა, ცოტა ხნის წინ კი ბებია გარდაიცვალა. ბებია-ბაბუა იყო ის წყვილი, რომლის სიყვარულზეც დაუსრულებლად შემიძლია, ვისაუბრო. მათ სიყვარულს რომ
ვხედავდი, სულ სხვა განცდა და ემოცია მეუფლებოდა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იყვნენ შეხმატკბილებულები. ყოველთვის ვამბობდი, მეც ზუსტად ასე მინდა, ვიყო-მეთქი. მათი სითბო და სიტკბო მთელ ოჯახზე გადმოდიოდა. არც ერთი და არც მეორე არ ავადმყოფობდა. მოულოდნელად, ჯერ ბაბუა გარდაიცვალა და წელს უკვე – ბებიაც. ვამბობ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლეს-მეთქი. ბებო ძალიან განიცდიდა ბაბუას ამბავს. ყველაზე გულის ამაჩუყებელი ის იყო, რომ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ბებია ჩვენთან, შვილიშვილებთან არ იმჩნევდა, თუ როგორ უჭირდა, რადგან მიუხედავად ასაკისა, ჩვენ მისთვის ისევ ბავშვები ვიყავით. ბავშვს ცრემლი და ნერვიულობა რომ არ უნდა დაანახვო, სულ ასეთი მიდგომა ჰქონდათ. მე და ჩემს ძმასაც გვეგონა, რომ პრობლემები არ არსებობდა – ვარდისფერი სათვალეებით გვანახებდნენ ყველაფერს. ძალიან მტკივნეულია მათზე წარსულში საუბარი.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარიკას ისევ ვიხილავთ? ჟურნალისტიკაში რა ხდება?
– „ჩცდ-ს“ გადაღებები ჯერ არ განახლებულა, თუმცა,  მალე დაიწყება. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ბარბარიკას ხაზი აუცილებლად გაგრძელდება. ბევრი არაფერი ვიცი და მეც თქვენთან ერთად ველოდები სიახლეებს. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ჟურნალისტიკას, ჯერჯერობით დროებითი პაუზა მაქვს, თუმცა, აუცილებლად დავუბრუნდები.
– ამბობენ, მეუღლეს შეურიგდაო, მართალია?
– ჩემს პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ და არც მინდა, ვისაუბრო. კარგი იქნება თუ ცუდი, ჩემი პირადია და მინდა, ჩემთვის დავიტოვო. ვერც კის გეტყვით და ვერც არას, ცოტა ინტრიგასაც დავტოვებ (იცინის).
– რატომ არ გსურს საუბარი?
– არც მე და არც მას არ უნდა, რომ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ. გადავწყვიტეთ, არც კარგი ვთქვათ და არც ცუდი. ცუდზე კიდევ უფრო არ ვილაპარაკებთ. ამ ეტაპზე ჯობია, რომ ჩვენი ცხოვრება არ გავასაჯაროოთ. არ გვინდა, სალაპარაკო გახდეს. თან, ახლა ცოტა რთული პერიოდი მაქვს, ემოციური, თუნდაც ბებია-ბაბუის გამო და მით უმეტეს, არ მინდა, ჩემს პირად ცხოვრებას რაღაც შტრიხები გავუსვა. არც იმას ვამბობ, რომ შევურიგდი და არც იმას, რომ არ შევურიგდი. ხალხმა კი რაც უნდა, ის ილაპარაკოს. ბევრი ჭორი გავიგე, ბევრი ვიღაც მწერს... სამწუხაროდ, ბევრი ბოროტი ადამიანია და სწორედ იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ მათ პატარა მიზეზიც კი არ მიეცეთ სალაპარაკოდ.
– როგორ რეაგირებ ჭორებზე?
– მტკივნეულია. ბოლო პერიოდში ისეთი ჭორები გავიგე საკუთარ თავზე, რომ გავოგნდი. ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლო დროს თითქოს შევეგუე. ჩემს ყურამდე ყველაფერი მოდის, თუმცა, დაინტერესებული არ ვარ ამ ყველაფრით. თუმცა, როცა მგონია, რომ ეს ადამიანი ცუდს არ იფიქრებს და არ გააკეთებს, პირიქით ხდება ხოლმე. ხანდახან მინდა, ვკითხო: როგორ ვარ? რას ვშვრები? როგორც ჩანს, მათ ჩემზე უკეთ იციან, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში და მეც მინდა, მოვიკითხო ხოლმე ჩემი თავი (იცინის).
– როგორია შეყვარებული თაკო?
– თაკო არის ყოველთვის შეყვარებული. ძალიან მიყვარს ადამიანები, კომუნიკაცია, ვაფრენ და ვგიჟდები ცხოველებზე – ჩემი მაცოცხლებელი ძალაა. ყველას აქვს აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდი, ისევე, როგორც მე, თუმცა, ვცდილობ, არ შევიტყო და არ შემემჩნეს, რომ რამე მაწუხებს. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მე შეიძლება, პრობლემა მქონდეს. ასეთი ტიპი ვარ, ამას არ ვთამაშობ, ეს ჩემში ზის. მაშინაც კი, როცა ძალიან ცუდად ვარ და მტკივა, შემიძლია, გავიღიმო. ეს არ იქნება ბედნიერი ღიმილი, მაგრამ ბევრ რამეს დამალავს. რაც მტკივა და რა პრობლემაც მაქვს, მხოლოდ ჩემშია, შიგნიდან მაწუხებს. ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ არა, მაინც მყარად ვარ ხოლმე.
– ახლა რთული პერიოდი გაქვს?
– ყოველ შემთხვევაში, გაბრწყინებული პერიოდიც არ მაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს საერთოდ არ მეტყობა. ძალიან ოპტიმისტი ვარ. მაშინაც კი, როცა რაღაც საკითხი მორჩა, მაინც ვეძებ გამოსავალს. ნებისმიერ საკითხს ოპტიმისტურად ვუდგები. მყავს მაგარი მეგობრები. მათ გარეშე ვერც კი წამრომიდგენია, როგორ უნდა ვიარსებო. ისინი არ მაძლევენ საშუალებას, მოვდუნდე და დავეცე. მყარად მიდგანან გვერდში. მდიდარი ადამიანი ვარ მათი არსებობით ჩემს ცხოვრებაში. ყველას გვაქვს მომენტი, როცა კარს მოვიხურავთ და სახლში მარტო დავრჩებით, როცა მოვიწყენთ და ცხვირს ჩამოვუშვებთ... მეც მაქვს ასეთი მომენტები. ამ ყველაფრის მომსწრე არის ენდი და ლაპარაკი რომ იცოდეს, ნამდვილად ჩემი მემატიანე იქნებოდა.

ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS