26 მაისი, 2013
ლაშა ამირეჯიბი ხუხაშვილის ფენომენის, სკანდალური ვიდეოკადრებისა და მამის - ჭაბუა ამირეჯიბის შესახებ
დღეს არსებული პოლიტიკური სურათი ასეთია, - მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამბობს, რომ ამ ეტაპზე უმუშევარია, რადგან მუდმივად სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს. ამ თემაზე მოლაპარაკე ადამიანი კი თბილად ვერ იქნება. „მითხარით, ერთი საქმე მაინც, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახსნა, ან საკუთრება დაუბრუნა ადამიანს, ვერ დამისახელებთ, რადგან არ მომხდარა“, - აღნიშნა „სახალხო კრების“ წევრმა ლაშა ამირეჯიბმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია...

- ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება ნაწილობრივ
დასრულდა და ნაწილობრივ დარჩა. ხალხისთვის, უბრალო საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა, არც პოლიტპატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, თუმცა იმედი მაქვს, თანდათან დალაგდება. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ იმედი გვქონდა და გვაქვს, რომ ხალხისა და ქვეყნისთვის ბევრ სასიკეთო რაღაცას გააკეთებს.

- გარემოცვასა და თანაგუნდელებზე ალბათ ბევრი რამ არის დამოკიდებული...
- გარემოცვა მართლაც ბევრს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა თავიდანვე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. მის გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში მიშასთან ერთად მოვიდნენ. ასეთია კოალიციაში 95%, რომლებიც შემდეგ „ნაციონალებს“ გაუნაწყენდნენ, რაღაცის თუ ვიღაცის გამო ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მათგან წამოვიდნენ. მერე უკვე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში წავიდა, მას ჩაებნენ.
- ვის გულისხმობთ?
- ძალიან ბევრს, ზვიად ძიძიგურს, დავით საგანელიძეს, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს... 95% ვთქვი და ძალიან ბევრის ჩამოთვლა დამჭირდება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე მიშასთან იყვნენ ჩაბმული.
- ფაქტობრივად, კოალიციის წამყვანი ძალა დაასახელეთ...
- კი ბატონო, მაგრამ ასეა და არ ვთქვა? „რესპუბლიკელები“ ვინ არიან, ყველამ ვიცით, მგონი, მაგრამ მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, არ ვიცი. თუმცა მათ გვერდით არიან წესიერი ადამიანებიც, მაგალითად, ვიქტორ დოლიძე, მანანა კობახიძე, ზაზა გოგსაძე, რომელთაც „ნაციონალებთან“ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ... დღეს არსებული პოლიტიკური სურათი ასეთია, - მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება კი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან მეც და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის მათ მიერ განვლილი გზა. თუმცა მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ კოალიციის პრობლემას, იქ არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ.
- გია ხუხაშვილს გულისხმობთ?
- უფრო სწორად, მის ფენომენს... როდესაც ამ ადამიანზე ვლაპარაკობ, მინდა, რომ ბიზნესი ისევ არ მოექცეს მარწუხებში, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის გუნდის დროს იყო. ბიზნესს არ უნდა კონტროლი და რეკეტი, ბიზნესმა უნდა იმუშაოს, გადაიხადოს გადასახადები და პირნათელი იყოს საქართველოს ბიუჯეტთან. ვიღაცები ებრძვიან და მსხვილი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. არადა, ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, ბიზნესი თავისუფალი ყოფილიყო... არ მინდა, ისევ ძველი დრო დაბრუნდეს, თუმცა აღსანიშნავია დავით კირვალიძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი - სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სააგენტო საქართველოში შემოსულ პროდუქტს აკონტროლებდა. რაც მთავარია, ძალიან სეროზულად მუშაობდნენ და როგორც კი ვადაგასული პროდუქტი შემოვიდოდა, მაშინვე ანადგურებდნენ. ამას არ აკეთებდა წინა ხელისუფლება. ანუ ადამიანებს ვადაგასულ პროდუქტს აჭმევდნენ, ეს ეხებოდა კვერცხს, ხორცს, ფარშს, თევზს... დავით კირვალიძის სააგენტომ, რომელსაც ძალიან პატიოსანი ადამიანი, ჩეკურიშვილი ხელმძღვანელობს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრა, რაც ვიღაცებს არ მოეწონათ. თავის დროზე კეზერაშვილის ჯგუფმა უვარგისი, ვადაგასული პროდუქტის შემოტანით ძალიან დიდი ფული იშოვა. ახალი არ არის, რომ იმპორტით შემოსული პროდუქტის სისტემაში ძალიან დიდი ფული იყო, ამიტომაც მოიშორეს დათო კირვალიძე და გამოდის, რომ მისი გათავისუფლებით უხარისხო პროდუქტის შემოტანას გზა გაუხსნეს. მე ვიცი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ომის უკან ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი იდგნენ და მათ ეს ჯგუფი ებრძოდა. ახლა ამ ადამიანებს უნდათ, მათთვის სასურველი მინისტრი დაინიშნოს, რომელიც ამ ყველაფერს აღარ გააკონტროლებს და საზოგა-დოებას ისევ უვარგისი პროდუქტით „მოამარაგებენ“.
- თქვენი გვარი გიორგი ფარესიშვილის ამბებზეც დასახელდა...
- დიახ, მკითხეს, მას შენ ხომ არ მართავდიო, ფარესიშვილი უკვე დიდი ბიჭია და მას არავისი მითითება არ სჭირდება, თავად იცის თავისი საქმე. მას რაღაც გარკვეული წყენა ახსოვდა გელა ხვედელიძისგან, ეს ჩემი საქმე არ არის და ამით არც დავინტერესებულვარ.. იცით, ვერ დავიჯერებ, პრემიერ-მინისტრისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის. მაგრამ რას ვიზამთ, ვინც მასთან ერთად ვახშმობს, ის აწვდის ინფორმაციასაც.
- პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
Rating- იცით, მეგონა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ის თავის თავს უბრაზდებოდა და თავის ქმედებებზე იყო გაღიზიანებული, თითქოს მიხვდა, რომ მის მიერ განხორციელებულმა არასწორმა საკადრო გადაწყვეტილებებმა თავი იჩინა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ვინმეს მიმართ ბევრი რამ ამოტივტივდა და, რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილს არ გაუხარდებოდა. ამბობენ, აბა, რა ექნა, კადრების დეფიციტიაო, მაგრამ ასე არ არის. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხუხაშვილთან და კიდევ ერთი-ორ ისეთ კაცთან ერთად მიირთმევს ვახშამს, ვისაც ის ყურს უგდებს და ანგარიშს უწევს. ყველაფერს წყვეტს ლობირება, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილს წაადგება და არც ქვეყანას. ხუხაშვილისნაირ ადამიანს რომ ლობირებას გაუწევ, ის კარგს არ დაგმართებს. არ ვიცი, რა თვისება აქვს და ბიძინა ივანიშვილი მასზე ასე შეყვარებული რატომ არის, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, როდესაც ხუხაშვილის მეუღლე ნერვიულობს, ბატონი ბიძინაც ნერვიულობს. როდესაც ეს პრობლემები აღარ იქნება, ქვეყანა დალაგდება და ხუხაშვილის გადასაწყვეტი არ იქნება, რომელი ბიზნესი უნდა გაიფურჩქნოს და რომელი დაჭკნეს, ხუხაშვილის მეუღლეც დაწყნარდება და ბატონი ბიძინაც...
- რას ფიქრობთ ბოლო დროს ძალიან გააქტუალურებულ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.
- მათ აქვთ არსებობის უფლება, მაგრამ მე ნუ შემაწუხებენ თავიანთი არსებობით. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ხომ არსებობენ ქვეყნები, რომელთაც სპეციალური კანონი აქვთ და ჩვენც ასე მოვიქცეთ. ისინი ყველა ქვეყანაში არსებობენ, მაგრამ ასე თვალებში არ ეჩხირებიან ყველას. შეიძლება, ძალიან ევროპული არ იყოს, მაგრამ რაღაცე-ბში ჩვენი აზრი გვაქვს.
- თუკი დემოკრატიული პრინციპები ამის აღიარებას ითხოვს?
- რა გავაკეთოთ, გადავგვარდეთ?.. უარი ვთქვათ იმაზე, რაც ჩვენმა მამა-პაპამ დაკოჟრილი ხელებით, სისხლითა და ოფლით აქამდე მოგვიტანა?!.. ყველაფერში თავი არ უნდა დავუხაროთ ამერიკასა და ევროპას, თორემ ეს დემოკრატია კი არა, მონობა იქნება.
- როგორია თქვენი განწყობა საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ, რომლებიც უკვე გამოიკვეთნენ?
- სამწუხაროდ, ყველაზე მთავარზე არ მაქვს პასუხი, რომელი ჯობია უკვე არსებული კანდიდატებიდან ქართველი საზოგადოებისთვის... გიორგი მარგველაშვილი ძალიან ჭკვიანი, განათლებული, თბილისელი, წესიერი კაცია. „ჯიპას“ დირექტორი იყო და ინტელექტი აქვს. ამიტომაც მე არ ვიზიარებ მის გარშემო ატეხილ აურზაურს მის მეუღლესთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც შესაძლებელია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მისი კანდიდატურა სხვამ შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილებები, თუმ-ცა არ ვიცი, ვინ იქნება შემცვლელი. გახსოვთ ალბათ, ჯერ კალაძე სახელდებოდა, შემდეგ ირაკლი ალასანია და სხვები, ამიტომ კიდევ ერთი ცვლილება მოსალოდნელია... რაც შეეხება სხვებს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს, სალომეს, ნესტანსაც, მაგრამ საქართველოში ისეთი პერიოდია, რომ ბიძინას კანდიდატი, რაც უნდა მახინჯი, შეუხედავი, თავგასიებული იყოს, უალტერნატივოა. საქმე ის არის, რომ ერთი ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რასაც ბიძინა იტყვის, ის უნდა შევისმინოთ ყველამ.
- ეს კარგია თუ ცუდი?
- ცუდი, რა თქმა უნდა. ის ქართველმა საზოგადოებამ აირჩია არა იმიტომ, რომ რასაც ის გვეტყვის, ის უნდა შევასრულოთ, არამედ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, მოგვისმინოს და ჩვენთვის როგორც საჭირო და უკეთესი იქნება, ისე გააკეთოს.
ღმერთმა არ ქნას, რომ ბიძინას სიტყვა კანონი გახდეს, თორემ ეს არის ბოლშევიკური მეთოდი. ასე ამბობდნენ ლენინი, ბრეჟნევი, ხრუშჩოვი, ფიდელ კასტრო და უგო ჩავესი... ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ გადაწყვეტილება კამათისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ უნდა მივიღოთ. ის, რომ მისი სიტყვა კანონია, ჩვენი, ქართველი ხალხის ხასიათითაც არის განპირობებული. ჩვენ ყველაში მესიას ვეძებთ. მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ მაინც არ ვიცით, რომ უფალია ჩვენი ღმერთი და არა ცალკეული პიროვნებები. ბიძინაზე იცით რატომ გადაირია ხალხი? მიშა შესძულდა უზომოდ. ჩვენს ხალხს კი ხასიათში აქვს, ვიღაც უზომოდ შეიყვაროს და შემდეგ შეიძულოს. არ მინდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს...
- „ნაციონალების“ სავარაუდო კანდიდატებზეც გკითხავთ, მათი არჩევანი დავით ბაქრაძეზე ან ზურაბ ჯაფარიძეზე ჩერდება...
- იცით, მე დავით ბაქრაძეს მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არასწორი მოწოდება იყო, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროის ქართველებს უთხრა, დაიცავით თავი თოხებითა და ბარებითო. თავად სად იყვნენ ამ დროს, ხელისუფლება და ჯარი სად იყო?.. კაცი, რომელიც ასეთ მოწოდებას გააკეთებს, საქართველოს პრეზიდენტი ვერასდროს გახდება. ზურაბ ჯაფარიძე მართლაც ნორმალური და სუფთა ადამიანია. არ მახსოვს, მას რამე სიბინძურეში მიეღო მონაწილეობა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მას აქვს ავტორიტეტი, მაგრამ ბიძინას პატრონაჟით წარმოდგენილი კანდიდატი ბევრად ძლიერი იქნება. თუკი სალომე ზურაბიშვილმაც დააყენა თავისი კანდიდატურა, ის ამ პროცესებს საინტერესოს გახდის.
- ანუ ბატონი ჭაბუას სიტყვები, „ჭკუით, ქართველებო!“ ჯერ კიდევ ძალაშია?!
- დიახ, ჭაბუას სიტყვები, „ჭკუით, ქართველებო!“ უკვე ახალ ხელისუფლებას ეკუთვნის. თუ ხელოსუფლება ხვალ და ზეგ გონს არ მოეგო და ხალხზე არ იზრუნა, ცუდად დაასრულებს.
- როგორ გრძნობს თავს ბერი დავითი?
- სუსტად არის. 91 წელი შეუსრულდა, მაგრამ მაინც წერს. თავის სახლშია და იქ მუშაობს... ძალიან უყვარს ბიძინა და იმედი აქვს, რომ ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ციცო
ბ-ნ ლაშას ინტერვიუებს ყოველტვის სიამოვნებიტ ვეცნობი-საკმაოდ სარღად და ანალიტიკურად მსჯელობს.ამჯერადაც მარტალს ამბობს ხუხაშვილის აშენებული ქვეყანა?მეფეს რომ ტავისი გარემოცვა ღუპავს ტიტქმის ყოველტვის ეს ბ-ნმა ბიძინამ კი უნდა იცოდეს და ვახშმობას ყველასტან არ უნდა კადრულობდეს.
08:18 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დ.რ.ჩ
ბატონო ლაშა! გეთანხმებით ყველაფერში. რესპუბლიკელები და ხუხაშვილის ნაირები დაღუპავენ საქართველოს.
14:14 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს :) თუ გვინდოდა და პირდაღებულები ვუყურებდით ბიძინას ფულებს, ეხლა მისი ხუშტურებიც უნდა მოვისმინოთ... ეს ელემენტარულია. ტყუილა არავინ ჩაგიდებს საჭმელს დაღებულ პირში და რატომ ვეძებთ ასეთ ადამიანს, მიკვირს...
13:06 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რაგაცეებში გეტანხმები
08:55 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მზია
რესპუბლიკური პარტია მიშას რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაემიჯნა. ეს იმის მანიშნებელია, რომ მასთან არ გაუზიარებია მთელი ის დანაშაულებრივი ქმედებები და ძალიან გთხოვთ კორექტულები იყავით. ძალიზე დიდ პატივს ვცემ უსუფაშვილს და მჯერა, უფრო მეტი რომ გვყავდეს მისნაირი პატრიოტი ქვეყანასაც ეშველებოდა და ჩვენც.
13:59 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS