26 მაისი, 2013
რა მოხდა კიევში - „ამდენი შიშველი მკერდი ერთად არასდროს გვინახავს“
ეს კომედიაა მაყურებლისთვის, მაგრამ თავად პერსონაჟები ძალიან ცუდ დღეში ვართ. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს ამერიკული კომედია „ნაბახუსევი“, რომელიც რამდენიმე ზრდასრული მამაკაცის თავს გადახდენილ საოცარ ამბებს ასახავს. სამი მეგობარი დილას ე.წ. „პახმელიაზე“ იღვიძებს სასტუმროს ნომერში, ირგვლივ ყველაფერი მილეწილ-მოლეწილია, მეოთხე მეგობარი არსად ჩანს, ტუალეტში კი, არც მეტი, არც ნაკლები, ვეფხვი დაბოგინობს. ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი მეორე და მესამე სერიებიც გადაიღეს.

ქართველმა რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ კი ამ ფილმის რიმეიქის გადაღება გადაწყვიტა და ოთხი მეგობრის როლზე „დინამოს“ მეკარე
გიორგი ლორია და მსახიობები, სანდრო გაბილაია, მერაბ ჭიქაშვილი და თორნიკე გოგრიჭიანი მიიწვია. თუკი ქართველი მამაკაცების უკრაინელი ქალებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ფილმის ძირითადი გადაღებები კიევში მიმდინარეობდა და ფილმსაც ასე ჰქვია - „რა მოხდა კიევში“. ჩვენ ფილმის მთავარი სამი გმირი, გიორგი ლორია, მერაბ ჭიქაშვილი და სანდრო გაბილაია ჩავწერეთ. ფილმის პრემიერა 30 მაისს იგეგმება.

მერაბი:
- ორი თვის წინ რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ დამირეკა და კასტინგზე მისვლა შემომთავაზა. ოფისში მისულმა გავიგე, რა ტიპის ფილმის გადაღებას აპირებდნენ, მაგრამ ჰქონდათ მხოლოდ სცენარის მცირე ნაწყვეტი. მეორე მისვლაზე მთხოვეს ამ სცენის გათამაშება. სანდრო როლზე უკვე დამტკიცებული იყო და მე და სანდრომ ერთად გავითამაშეთ. ძალიან მომინდა მეკარის, ანუ გიორგი ლორიას ძმის როლის თამაში, ამიტომ მეორე კასტინგზე მომზადებული მივედი. ჩვენ შემდეგ დამტკიცდა თორნიკე გოგრიჭიანი, რომელიც ახლა ჩვენს ინტერვიუს ვერ ესწრება იმის გამო, რომ გადაღება აქვს.
გიორგი:
- მინდა აღვნიშნო მერაბის, სანდროს და თორნიკეს პროფესიონალიზმი. ასევე რეჟისორის და ზოგადად, ყველა იმ ადამიანის პროფესიონალიზმი, რომლებიც ამ ფილმზე მუშაობდნენ. სამსახიობო გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ახლა შევიძინე, უმაღლესი დონის გუნდთან მომიწია მუშაობამ.
სანდრო:
- ეტყობა, ამას ნორმალური მსახიობები არ უნახავს (იცინიან). ფილმის რეჟისორი ჩემი მეგობარია. ამ ფილმზე პროდიუსერად უნდა მემუშავა. უცბად ირაკლიმ დამირეკა, ადვოკატის როლს ხომ არ შეასრულებდიო. ვიფიქრე, პროდიუსერობიდან „მტეხავენ“-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს მთავაზობდნენ.
გიორგი:
- მე ვიყავი პირველი, ვინც როლზე დაამტკიცეს. კასტინგიც არ გამივლია. ფედერაციაში მუშაობს ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც დამირეკა და მითხრა, ფილმს იღებენ და როლის შემოთავაზება უნდათო. როგორც კი შემხვდნენ და იდეა გამაცნეს, ძალიან მომეწონა, არ მოველოდი და ეგრევე დავთანხმდი.
- ეჭვიც არ გქონია, ვერ ვითამაშებ და დამცინებენო?
- არა, რატომ უნდა შემპარვოდა ეჭვი? ხელოვანების ოჯახიდან ვარ. მამაჩემი რეჟისორია, ნუგზარ ლორია, დედა, მარინა ლორია, ტელერეჟისორია, და - ნინო, მსახიობი გახლავთ. მამაჩემს „ქართულ ფილმში“ გახმოვანებებზე დავყავდი და ვახმოვანებდი ხოლმე. კინოსთან ხშირი შეხება მქონდა.
- ახლა კითხვა გამიჩნდა, სპორტი რა შუაში იყო და მსახიობი რატომ არ გახდი?
- მამაჩემი არის ზოგადად სპორტის გულშემატკივარი და სერიოზულადაც ერკვევა ბევრ სახეობაში, ფეხბურთი მან შემაყვარა. ისევ ფილმს რომ დავუბრუნდეთ, როცა შევიტყვე, რომ ამ დონის პროფესიონალებთან მომიწევდა თამაში, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ რაიმე გამიჭირდებოდა. ერთი პერიოდი თეატრალურშიც ვსწავლობდი, ტელე-კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე.
სანდრო:
- მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ გიორგიმ საკმაოდ რთულ ეპიზოდებში ძალიან კარგად ითამაშა. ეს კომედიაა მაყურებლისთვის, მაგრამ თავად პერსონაჟები ძალიან ცუდ დღეში ვართ.
- გადაღებები როდის დაიწყო?
გიორგი:
Rating- გადაღებები 20 დღის წინ დაიწყო საქართველოში, შემდეგ გაგრძელდა კიევში. საქართველოში გადაღება ჩვენი სახლიდანდაიწყო, გაუგებარი სახლია, არც ერთი მეკარის ფოტო არ კიდია ჩემს სახლში და მარადონას ფოტოა გამოფენილი. ეს პრეტენზია მაქვს პროდიუსერებთან და გთხოვთ, გააცნოთ.
- ერთი პროვოკაციული კითხვა მინდა დაგისვათ, რას ნიშნავს თითოეული თქვენგანისთვის კიევი, იმას, რასაც ჩვენი უფრო-სი თაობისთვის მოსკოვი ნიშნავდა?
გიორგი:
- ამ შეკითხვაზე მერაბი გიპასუხებთ.
მერაბი:
- კიევი არის უკრაინის დედაქალაქი, იქ არის ბულგაკოვის სახლ-მუზეუმი (იცინიან)...
სანდრო:
- 16-საათიანი სამუშაო რეჟიმი გვქონდა, დაღლილები მოვდიოდით და არაფრის თავი არ გვქონდა, მერაბი საიდან პოულობდა ენერგიას, რომ პირველ სართულზე პიჯაკში გამოწყობილი მჯდარიყო, ვერავინ ვიგებდით. როდის ასწრებდა მოწესრიგებას, არ ვიცი, მაგრამ ღამე ცალკე ცხოვრება ჰქონდა. ამას ფოტოები აქვს გადაღებული... ნახე წითელი ფეხსაცმელები? შიშველ ქალებთან გადაღებულ ფოტოებს არ ვგულისხმობ. ამას ვერ მოგიყვებით, ჟურნალში მოსაყოლი არ არის.
გიორგი:
- ეს ფილმის გადაღებებს არ ეხება, ამას თუ მოვყვებით, ჟურნალს +18 უნდა დააწეროთ (იცინიან).
მერაბი:
- ანუ თქვენ იმის კითხვა გინდოდათ, ქართველი კაცები გადარეულები არიან თუ არა უკრაინელ გოგონებზე? იქ მოსაწონიც ბევრია და დასაწუნიც.
სანდრო:
- ნებისმიერი ეშხიანი, ლამაზი ქართველი გოგონა ყველა უკრაინელ ეშხიან ქალს ჯობია. მეექვსედ ვიყავი კიევში და მეექვსედ დავრწმუნდი ამაში.
გიორგი:
- უბრალოდ, იქ ახალი ხილია. წარმოიდგინე, ზამთარში რომ მანგო ჭამო (იცინის).
მერაბი:
Rating- მკითხე, რა ნიშნავს კიევი თქვენთვისო. გიპასუხებ - მრავალფეროვნება, ბევრი ღიმილი, კარგი სახეები... განწყობაც, შესაბამისად, შესანიშნავია. სხვათა შორის, ძალიან ღიმილიანი ხალხია, ყველა გვეხმარებოდა, იულია ქავთარაძეც მო-ნაწილეობს ჩვენს ფილმში და მან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. იულია ქართველია და ქართველობს, ენასაც სწავლობს დიდი მონდომებით და 30 მაისს პრემიერაზეც ჩამოვა საქართველოში.
გიორგი:
- მე კიევზე განსაკუთრებული არაფერი მაქვს მოსაყოლი, რადგან მხოლოდ ერთი დღე მომიწია ჩასვლამ, ფილმში ვიკარგები და მერე უნდა მიპოვონ.
მერაბი:
- აი, ხომ ხედავ, გიორგი ლორიას თავისი გაბარიტებით და სიმაღლით? ფილმში მისი პოვნის სცენას რომ ნახავთ, ვერ მიხვდებით, როგორ მოიფიქრეს ამ ეპიზოდის ასე დაწერა (იცინის). მხოლოდ ქართველები თუ გავაკეთებდით ამას. სამმა ნასვამმა ქართველმა მოიფიქრა, ასე მოქცეოდა ლორიას პერსონაჟს, განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ერთ-ერთი, ანუ მე, მისი ძმა ვარ.
სანდრო:
- მერაბის პერსონაჟი არის რეგვენი, ჩემი პერსონაჟი ადვოკატია, დალაგებული ადამიანი. მერაბის პერსონაჟი კი საშინელი ადამიანია. თავისი ლოგიკა აქვს და ისეთ არაადეკვატურ რაღაცებს აკეთებს, რომ განსაკუთრებით ჩემს გმირს აღიზიანებს. საბოლოოდ, ისინი ძალიან დამეგობრდებიან და იცვლებიან.
მერაბი:
- თორნიკე გოგრიჭიანი „ტაკოი“ თბილისელი ბიჭის როლს თამაშობს, რომელიც ჩემს პერსონაჟს ბევრ რამეს აპატიებს სანდროს გმირისგან განსხვავებით. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც სახლშიც არ ტოვებენ მარტოს.
- გიორგი, შენი პერსონაჟი როგორია?
- მთლად ჩემი პერსონაჟისნაირი არ ვარ. მას არ ევასება თავისი ძმა, რადგან არაადეკვატური პიროვნებაა. ჩემი პერ-სონაჟი ჩემზე გაცილებით უფრო დალაგებული და გაწონასწორებულია.
სანდრო:
- მეკარე და დალაგებული გინახავს? დღეში იმდენჯერ ეხეთქებიან აქეთ-იქით, რომ დალაგებულები ვერ არიან (იცინის).
- გიორგი, შენმა სამეგობრომ საფეხბურთო სამყაროდან როგორ მიიღო შენი როლი? თემურ ქეცბაიამ რა თქვა?
- ქეცბასთვის, სიმართლე გითხრათ, არაფერი მითქვამს. საქართველოს ნაკრებიდან შეზღუდვა არ მაქვს, რადგან ოფიციალურად თბილისის „დინამოს“ ვეკუთვნი. ზოგადად, არც ერთ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებთან არ აქვს კონტრაქტი და შეუძლია არ გამოცხადდეს თამაშზე, მაგრამ ქართველი ხარ და ყოველთვის გამოცხადდები. გადაღებები შევუთანხმე „დინამოს“ პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას. ერთი მხრივ, ესიამოვნა, მაგრამ მკითხა, ხელს ხომ არ შემიშლიდა და ვუპასუხე, რომ გადაღებები მთლიანად ჩემს გრაფიკს იქნებოდა მორგებული. მართლაც ასე მოხდა, არც გადავღლილვარ, არც ვარჯიში გამიცდენია. ყველაფერმა ხუთიანზე ჩაიარა. ყველა ელოდება ფილმის გამოსვლას. ერთი სული აქვთ, მოვიდნენ, იღადაონ და დამცინონ (იცინის).
- ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მამაჩემს ჩაეცინა და დღემდე ვერ ამოვხსენი მისი სიცილის მიზეზი. ვერ ვხვდები, კარგი გაგებით ჩაეცინა თუ ცუდით, ვერ ვეკითხები. ჩემმა დამ მითხრა, გადაღებებზე გამოგყვები და რჩევებს მოგცემო, დედას გაუხარდა და თქვა, ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ფილმში გადაიღებდნენო.
სანდრო:
Rating- სრული სერიოზულობით მინდა ვთქვა, რომ ამ ფილმში თამაშს ბებიაჩემის ხათრით დავთანხმდი. რომ წაიკითხავს, აუცილებლად გაუხარდება, როცა ვიტყვი, რომ არიადნა ბებიას ხათრით დავთანხმდი კინოში გადაღებას (იღიმის).
- გვითხარით, რა საინტერესო ლოკაციები იყო გადაღებებისას?
მერაბი:
- ე.წ. „ბორდელის სცენა“ გადავიღეთ დნეპრზე მცურავ გემზე, სადაც ამ ტიპის დაწესებულება მდებარეობს. ამ გემზე მოხდა ის საოცრებები, რასაც ვერავისთან ვიტყვით. ამ ფილმის ნახვის მერე თუკი ვინმე ინატრებს, რომ კიევში გაიღვიძოს და არაფერი ახსოვდეს, არ ვიცი. ფილმში ძალიან ლამაზი ქალბატონები თამაშობენ, ბევრი ქალი და ბევრი ლამაზი ტრაკია.
- კარგი იყო?
სანდრო:
- არ ვიცით... მართლა ვეღარ აღვიქვამდით, გარშემო იმდენი ტრაკი და ძუძუ დადიოდა, რაც ერთად არასდროს გვინახავს.
მერაბი:
- იმ გოგონებსაც უკვირდათ, რომ ბოლოს არ გვქონდა რეაქცია. უკრაინაში ქართული ტემპერამენტი ძალიან კარგად „იყიდება“, უბრალოდ, ჩვენ ამის მენეჯმენტი კარგად გავაკეთეთ და ჩვენი ძალები ზუსტად გადავანაწილეთ (იცინიან).
- გიორგი უკვე პოპულარულია, ამ ფილმით ალბათ უფრო მეტ პოპულარობას მიიღებს და თქვენც ასევე დაიმსახურებთ გოგონების ყურადღებას.
- თუ ნათესაობა გარეთ არ დაგვხვდა და პანჩურები არ გვირტყეს.
სანდრო:
- ჩემი შვილები თამაშობენ ამ ფილმში ჩემს შვილებს და მათ როგორ ჩავხედო თვალებში, არ ვიცი (იცინის).
გიორგი:
- შენ ჯერ ფილმი არ გინახავს და უკვე პოპულარულები გაგვხადე და ფილმი რომ გამოვა, მერე რა იქნება?!. რომ არ მოეწონოთ?
მერაბი:
- ყველა ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, მიხვდება, რომ ასეთი ტიპის კომედია ქართულ ეკრანებზე პირველად გამოდის. ეს ფილმი ადამიანებს ძალიან გააცინებს.
სანდრო:
- დარწმუნებული ვარ, ასეთი ისტორია ბევრ ქართველს შემთხვევია, მით უმეტეს, ადრე, როდესაც მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდნენ და ერთი დღე კი არა, კვირაობით იკარგებოდნენ ხოლმე. გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ვინც ნახავს ამ ფილმს, ძალიან კარგ დროს გაატარებს.
გიორგი:
- ნებისმიერ ქართველ ბიჭს ჰქონია შემთხვევა, მაგრად დაულევია, იმ ღამეს რაღაცები გადახდომია, მეორე დღეს კი გაუღვიძია და არაფერი ახსოვდა. უბრალოდ, ეს ყველაფერი ხდება არა თბილისში, არამედ კიევში და „პახმელიის“ მასშტაბები გაზრდილია (იცინის). მეც მქონია შემთხვევა, დამილევია და მეორე დღეს არაფერი მახსოვდა.
მერაბი:
- ასეთი მასშტაბები არ გვქონია, რადგან ასე გაღვიძება ძალიან ძვირი ჯდება (იცინის).
- რაიმე სახალისო ისტორია გაიხსენეთ გადაღებებიდან.
მერაბი:
- ჩემი ისტორია კარგია, მაგრამ ერთი ცუდი სიტყვაა. ერთ-ერთ გადაღებაზე სცენა იყო ასეთი, „ფემინას“ ორგანიზაციაში მივდივართ, ერთ-ერთ გოგონას უნდა ჩაეტარებინა ტესტი ჩემს მამაკაცურ გამძლეობაზე, ანუ ჩემს სასქესო ორ-განოზე უნდა მოეკიდა ხელი. ამ პროცესში სამი მსახიობი გოგონა გამოვიცვალეთ და მეოთხემ გაამართლა. ეს პროცესი ჩემთვის მტკივნეულიც იყო და ტრავმაც მივიღე. ახლა კარგად არის ყველაფერი, დიდი მადლობა (იცინის). ახლა ვიღაც იტყვის, კარგი რა, ამის თამაში გაუჭირდათო? მაგრამ არც მთლად ასეა საქმე (იცინიან).
გიორგი:
- მერაბმა მე მცემა, მართალია, გამოსაფხიზლებლად, მაგრამ მარცხენა ყბა ცოტა ვერ მაქვს ჯანმრთელად. შვიდი დუბლი გადავიღეთ.
სანდრო:
- მერაბს ჩემმა ცემამაც მოუწია და 20 დუბლი ჩავშალეთ.
მერაბი:
- მოკლედ, ფილმში არის დარტყმა, გამოკიდება... 24 საათში მთელი უკრაინა იგებს ჩვენ შესახებ და სიუჟეტები გადის, ისეთ ამბებს ვატრიალებთ „გრუზინები“. სხვათა შორის, რეალურადაც ყველამ იცოდა, რომ ფილმს ვიღებდით. რამდენიმე ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა დაგვჭირდა გადაღებებისთვის, დროში ძალიან შეზღუდული ვიყავით, ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და ორგანიზატორებს მადლობა ამისთვის.

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მადონა
ოხ ოხ ოხ...კიევი???????????კარგად ჟღერს.....აბა გაივსება დარბაზიიიიიი მალეეეეე
15:56 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს რა მოგსვლია მერაბ ჰა აფსუს რა კარგი გადაცემები მიგყავდა
11:47 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS