25 მაისი, 2013
„ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ!..“
ქართველებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ცუდი თვისება უმადურობაა. ამ ადამიანსაც ასე მოექცნენ. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორი მედეა კუჭუხიძე სპექტაკლს დგამს. ამჯერად ის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში მსახიობებთან გადის რეპეტიციებს. ჰოფმანის „პატარძლის ამორჩევა“ მაყურებლის წინაშე თეატრალური სეზონის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ...

- თეატრალურ ოჯახში არ დავბადებულვარ. ჩემმა ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიარა და მაშინ წარმოდგენა არ მქონდა თეატრზე. ეგ კი არა, სათამაშოებიც არ გვქონდა. დღემდე მაქვს შემორჩენილი ის უკმარისობის შეგრძნება და ლამაზ სათამაშოს რომ დავინახავ, სულ
მინდა, ვიყიდო, თუმცა ირგვლივ პატარა არავინ მყავს (იღიმის).
ომი რომ დამთავრდა, მერე უკვე დავყავდით თოჯინების, ოპერისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. სკოლაში სწავლის პარალელურად, პიონერთა სასახლეში დრამწრეში არ მივლია, იქ მხოლოდ მათემატიკისა და ქიმიის წრეზე დავდიოდი. ერთი სიტყვით, იმ დოზით „მივიღე“ თეატრი, როგორც ჩვეულებრივმა მაყურებელმა, თუმცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ფაქტობრივად, მოსწავლეობის დროს მსოფლიო დრამატურგია და თეორიული ნაშრომების დიდი ნაწილი უკვე წაკითხული მქონდა. მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რადგან ვფიქრობ, თეატრი უწინარესად მსახიობს ეკუთვნის. სკოლა მედალზე დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში მივედი, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ მიმიღეს. წამოვედი და საბუთები უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე, თუმცა თეატრზე ისევ ვფიქრობდი და იქაც კი საკურსო თემად ბერძნული თეატრი ავირჩიე.
საერთოდ, მე მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ ასე შევხვდი რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილს. იმ პერიოდში ტელევიზია ახალი დაარსებული იყო და თეატრალური ინსტიტუტიდან, ახალდამთავრებული რეჟისორების დიდმა ნაწილმა მუშაობა ტე-ლევიზიაში დაიწყო. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ხუთ წელიწადში ერთხელ იყო მიღება. მერაბს საერთო ნაცნობების წრეში ვხვდებოდი. შემომიჩნდა და მირჩევდა, სარეჟისოროზე ჩამებარებინა. მეც უნივერსიტეტს თავი დავანებე და თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. გამოცდაზე სამსახიობო უნარ-ჩვევებსაც ამოწმებდნენ. კომისიაში ისხდნენ გენიოსები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ჯგუფს ვასო ყუშიტაშვილი იყვანდა. ჩემს ეტიუდს აპლოდისმენტები მოჰყვა. ხორავამ დაიძახა, გილოცავთ, ხალხო, მეორე მაკო საფაროვა დაიბადაო.
- რა ეტიუდი შეასრულეთ?
- იმ დღეს დიმიტრი ალექსიძემ ყველას ტრაგიკული ხასიათის ეტიუდები მოგვცა. დავალების მიხედვით, ვითომ მეგობარმა ავადმყოფი ბავშვი დამიტოვა. სანამ ის დაბრუნდება, მე აღმოვაჩენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მალიკო მრევლიშვილმა ქოლგა მომაწოდა, გავახვიეთ, ვითომ ბავშვი იყო. იმ პერიოდში ყველა ცოცხალი მყავდა, ასე ვთქვათ, სიკვდილი ახლოს არ მინახავს, მაგრამ ეს განცდა მაინც გადმოვეცი. ერთი სიტყვით, ჩემმა ეტიუდმა დადებითი შეფასება მიიღო. მაშინ, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, თეატრალურ ინსტიტუტში საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიდნენ. მაგალითად, ჩვენი მეტყველების პედაგოგი სერგო ზაქარიაძე იყო. რაც შეეხება ვასო ყუშიტაშვილს, ჯერ ის იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი და შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი.
- იმ პერიოდში მსახიობებსა და რეჟისორებს თეატრებში ანაწილებდნენ. თქვენ სად მოხვდით?
- იმ ადგილას, სადაც ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრია, სანკულტურის თეატრი, ანუ სანიტარული თეატრი ფუნქციონირებდა. ის არა კულტურის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. სპექტაკლები ამავე თემაზე იდგმებოდა და დაწყების წინ, დარგის სპეციალისტები, ექიმები, ლექციებს კითხულობდნენ.
ვასო ყუშიტაშვილი დიდი პიროვნება იყო. ქართველებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ცუდი თვისება უმადურობაა. ამ ადამიანსაც ასე მოექცნენ. ამ დიდმა რეჟისორმა ფრანგ რეჟისორ შარლ დიულენთან ერთად პარიზში დააარსა თეატრი „ატელიე“. ეს არის ადამიანი, რომელმაც რუსეთის საზღვრებს გარეთ პირველმა გაიტანა ჩეხოვის პიესები და დადგა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან მრავალი წელი გაატარა საზღვარგარეთ და საქართველოში რომ დაბრუნდა, არა მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრში, არამედ ყველა ქალაქის თეატრში იმუშავა, მათ შორის ზუგდიდის თეატრში. ერთხელ შემხვდა და მითხრა, სანკულტურის თეატრში სპექტაკლს ვდგამო. მალე ამავე თეატრში დირექტორად დანიშნეს ყოფილი მსახიობი ვახტანგ ჯანხუტაშვილი. მან მიშა თუმანიშვილს სპექტაკლის დადგმა სთხოვა. მიშა მაშინ თავისი წარმატებული კარიერის ზენიტში იყო, არ ეცალა და შესთავაზა, თეატრში მე მემუშავა. მაშინ მეოთხე კურსზე ვიყავი და ჩემი წინასადიპლომო სპექტაკლი სანკულტურის თეატრში დავდგი, ამას იქვე მოჰყვა სადიპლომო სპექტაკლიც. იმავე პერიოდში რამდენიმე მსახიობმა ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით მარჯანიშვილის თეატრი მიატოვა და სანკულტურის თეატრში მოვიდნენ. სპექტაკლი მათთან ერთადაც დავდგი. მაშინ შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ოთარ მეღვინეთუხუცესთან.
Ratingერთ დღეს დამიბარა კულტურის მინისტრმა თენგიზ ბუაჩიძემ და მკითხა, საქართველო თუ გიყვარსო? რასაკვირველია, დავეთანხმე. ჰოდა, ახლა შენს სამშობლოს ყველაზე მეტად სოხუმში სჭირდები და სამუშაოდ სოხუმის თეატრში უნდა წახვიდეო. უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი მყავდა, სოხუმში მაინც წავედი. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ. ხრუშჩოვმა თეატრებს დოტაციები მოუხსნა და ისინი მხოლოდ შემოსავალზე დარჩნენ. სოხუმი საოცრად არათეატრალური ქალაქი იყო. ალბათ ეს ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ, ისე ვშიმშილობდით, თითქმის ყველა დაავადდა. ეს სიტუაცია მხოლოდ სოხუმში არ ხდებოდა, სხვა თეატრებშიც ბევრი გახდა ავად. ამის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის რექტორმა ილია თავაძემ სოხუმიდან თეატრალურ ინსტიტუტში გადმომიყვანა. მაშინ რექტორებადაც, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, ჭკვიან და საინტერესო ადამიანებს ნიშნავდნენ. იმ დროს გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. 1964 წელს მან თეატრში „ანა ფრანკის დღიურის“ დასადგმელად მიმიწვია, რომელშიც არიადნა შენგელაია მონაწილეობდა. ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. ერთ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები დაესწრნენ, ქალბატონმა ვერიკომ დამავლო ხელი და თქვა, ძლივს ვნახე რეჟისორი, რომელიც კარელ ჩაპეკის „დედას“ დამიდგამსო. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი სწორედ ეს იყო. იქ თითქმის ნახევარი საუკუნე გავატარე, მაგრამ დღევანდელ ხელმძღვანელობას მე არ ვჭირდები.
- პარალელურად იყო პირადი ცხოვრება, მითხარით, რომ უკვე ბავშვი გყავდათ, როცა სოხუმში გაემგზავრეთ...
- დიახ, რუსუდანი მაშინ პატარა იყო. სოხუმში ოთხი სპექტაკლი დავდგი. რეპეტიციების დროს ბავშვი თბილისში დედაჩემთან იყო. ჩემი შვილი ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი რუსუდან მირცხულავა.
- დღეს საბავშვო თეატრში სპექტაკლს დგამთ...
- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხელმძღვანელობა რომ შეიცვალა და მმართველად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა, გავახსენდი და მთხოვა, მათთან სპექტაკლი დამედგა. მას შემდეგ, რაც წინა მთავრობამ მუშაობა ამიკრძალა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. მკვეთრად გამოხატული ოპოზიციონერი ვიყავი, ამიტომ აღარც თეატრში ვმუშაობდი და არც თეატრალურ ინსტი-ტუტში. უქმად ჯდომა არ შემიძლია და წერაზე გადავერთე. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი წიგნი გამოვაქვეყნე. უამრავი პიესა „დავდგი“ ქაღალდზე და მე ამას „ქაღალდის რეჟისურას“ ვეძახი (იღიმის). ის, რისი დადგმაც ამ ეტაპზე მინდოდა, საბავშვო თეატრში მიზანშეწონილი არ იყო. დიმამ მითხრა, რომ წლევანდელი წელი, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ჰოფმანის წლად არის გამოცხადებული. რამდენიმე წლის წინ ჰოფმანის ერთი ნაწარმოები თარგმნილი და ინსცენირებაც გაკეთებული მქონდა. ვაპირებდი, ის მარჯანიშვილის თეატრში დამედგა და სწორედ ამ პიესას ვდგამ ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მას „პატარძლის ამორჩევა“ ჰქვია.
- პრემიერას როდის გეგმავთ?
- ამ სეზონში იქნება. ძალიან რთული ნაწარმოებია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავთანხმდი ამ პიესის დადგმას, ისაა, რომ ამ თეატრში მუშაობს ილუზიონისტი ზურაბ ვა-დაჭკორია. პიესაში სასწაულები ხდება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სპექტაკლში. როცა მარჯანიშვილის თეატრში ადრე მსგავსი რაღაცები მჭირდებოდა, ცირკიდან ვიწვევდი სპე-ციალისტებს. მაგალითად, ქართული ზღაპრების მიხედვით „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“ რომ დავდგი, მინდორთ ქალი მთელი სპექტაკლი დაფრინავდა.
- სპექტაკლიდან სპექტაკლამდე რამდენი წელი გქონდათ პაუზა?
- რაც ბოლოს დავდგი სპექტაკლი (ფიქრობს)?! თარიღები არასოდეს მახსოვს. ბოლოს თეატრალურ უნივერსიტეტში დავდგი „პანდორას ყუთი“. მგონი, ეს ოთხი წლის წინ იყო.
- ახლა თეატრალურ ინსტიტუტში აღარ ასწავლით?
- არა, მე რა საჭირო ვარ?! მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ. მე ხომ მედროვე არ ვარ, არც სტუდენტობის დროს შევვარდნილვარ კომუნისტურ პარტიაში, რომ მერე მანდატი დამეხია.
- ქალბატონო მედეა, თქვენს ცხოვრებას რომ გადაავლოთ თვალი, რომელია ყველაზე მძიმედ გასახსენებელი პერიოდი და რომელი - სასიხარულო?
- მძიმე იყო ჩემი დისშვილის, ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესები. ცხოვრებაში არაერთი უბედურება გადამიტანია, მაგრამ უმძიმესი იყო იმ სასამართლოს ნახვა. ყველაზე სასიხარულო კი ალბათ ისაა, რომ საოცარ ადამიანებს ვიცნობდი და მათთან ურთიერთობა მქონდა, მათ ვუყვარდი. პოლიკარპე კაკაბაძე რომ შენი ახლობელი, მეგობარი იქნება და სურვილი აქვს, დღეში ორჯერ გელაპარაკობს, ეს ბედნიერებაა, ასე დავასკვენი.
- და ასეთი ალბათ უამრავი ადამიანი იქნება...
- ჰო, ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გრიზლი.
ნამდვილად მდიდარი ხართ ქ-ნო მედეა!!!
22:30 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
გმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ თქვენ უნიჭიერესი ხართ ძალიან მიყვარხართ
21:02 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS