21 მაისი, 2013
რისთვის გაემგზავრა ვერიკო ტურაშვილი რუსეთში
ვიცნობ ადამიანს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ადმინისტრაციის მიწვევით უნდა გავმგზავრებულიყავით და კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის ზაზა სვანაძე და არ ვიცი, რატომ დასჭირდა მას ამ სიცრუის გავრცელება. მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმა, რომ ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია რუსეთში პუტინის აპარატის მიწვევით კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პუტინის აპარატი არაფერ შუაში ყოფილა და ამ კონცერტს სხვა ორგანიზატორები ჰყავდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ ინტერნეტსივრცეში მაინც გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი.
ვერიკო ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, კერძოდ, ვოლგოგრადიდან, სადაც თემო
საჯაიასთან ერთად იმყოფებოდა, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომელთა შორის 90 წლის ქართველიც გახლდათ, რამდენიმე სიმღერა შეესრულებინა. ვერიკო გაკვირვებულია, რომ რუსეთში მისი და მისი კოლეგის გამგზავრებას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში.

- ძალიან მეცინება იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩვენს გამგზავრებამდე ატყდა და მთლიანად ცრუ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. ღონისძიება, რომელიც ვოლგოგრადში გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გაკეთდა, სპეციალურად ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის. ორგა-ნიზატორი გახლდათ არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაცია „ევრაზია“ და არანაირი პუტინის აპარატი არ აკეთებდა ამ ღონისძიებას. საბუთებიც შემიძლია ავაფარო მას, ვინც ამას წერდა. საქართველოდანაც წამოვიდა ძალიან საყვარელი ადამიანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელსაც 90 წელი უსრულდება. იქაც იყვნენ ვეტერანები, მოხუცები და მათთვის გაიმართა კონცერტი. საქართველოდან მე და თემო საჯაია ჩავედით. მანამდე გვითხრეს, რომ რეპერტუარი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული სიმღერებისგან შედგებოდა და ჩვენც მსგავსი სიმღერები უნდა მოგვემზადებინა. თემომ ერთი რუსული სიმღერა აარჩია, მე - ორი.
- თქვენ გარდა ალბათ კიდევ იყვნენ მომღერლები.
- იყვნენ, მაგრამ ნაცნობი არავინ. მაგალითად, რუსეთიდან, ქალაქ ვოლგოგრადიდან იყო ასაკოვანი ქალბატონი, ასევე გახლდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. რამაც გული გამიხეთქა და მთელი საქართველოს დელეგაცია გააგიჟა ის იყო, რომ აფხაზეთიდანაც გახლდათ წარმომადგენელი. ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს. იყო ორი ადამიანი ქართული გარეგნობით და რუსულად მეტყველებდნენ. ჩვენ მათთან დიდად არ გვიკონტაქტია, მხოლოდ საუზმეზე შეგვხვდნენ ერთხელ.
- როგორი შეხვედრა იყო ზოგადად?
- ძალიან გულთბილი. ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. განსაკუთრებით გაგვიხარდა, როდესაც გვითხრეს, რომ საქართველო საუკეთესო იყო ამ ღონისძიებაზე. ორი დღე დავყავით ვოლგოგრადში, შემდეგ კი მოსკოვში ჩავედით, სადაც მეგობრები მოვინახულეთ, თუმცა თქვენ მათ არ იცნობთ. ვისაც იცნობთ, მათი ნახვა ვერ მოვასწარი, რადგან მხოლოდ დღე-ნახევარი მოვახერხეთ მოსკოვში ყოფნა. ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვინახულე აჩიკო მეფარიძე, რომელიც იმავე დროს იყო მოსკოვში.
- იმ აჟიოტაჟს მივუბრუნდეთ, რაც შენი და თემო საჯაიას ვოლგოგრადში გამგზავრებას უძღოდა წინ.
- ვიცნობ ადამიანს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ადმინისტრაციის მიწვევით უნდა გავმგზავრებულიყავით და კონცერტში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის ზაზა სვანაძე და არ ვიცი, რატომ დასჭირდა მას ამ სიცრუის გავრცელება. ეტყობა, თავად უნდოდა ამ კონცერტის ორგანიზება ან ვინმესთან ჰქონდა პირადი უთანხმოება. ის სკანდალებით არის ცნობილი და არა მგონია, რომ ჩემთან და თემოსთან ჰქონოდა რაიმე პრეტენზია. ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ხალხის კომენტარები. ახლა კრემლში მიდიან, უნდა იმღერონო და ნეგატიური შეფასებები გააკეთეს. არ ვიცი, ალბათ ყველა აკვირდება, რომ ჩემს სახელს სკანდალები არ უკავშირდება და არ ვარ მიჩვეული ნეგატიურ კომენტარებს. ისეთი უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ თემო და კონცერტის ორგანიზატორები მაწყნარებდნენ. უსაქმურის მეტი რა არის და წერეს და წერეს. თანაც, რატომღაც შეიქმნა აზრი, თითქოს ჩვენ ამ კონცერტისთვის დიდი ჰონორარი მივიღეთ, არადა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მხოლოდ ფრენის და სასტუმროს თანხები გადაიხადეს, ჰონორარი არ აგვიღია. ძალიან ბევრი ნეგატივი უკავშირდებოდა სწორედ ამ თემას, ფულის ღორები ხართ და ამის გამო მიდიხართო, დაგვიწერეს.
- პუტინის ადმინისტრაციის მიწვევა რომ ყოფილიყო, დათანხმდებოდი?
- არა.
- ანრი ჯოხაძე ამბობდა ამას წინათ ჩვენთან ინტერვიუში, რომ კრემლის დარბაზის გარდა შესაძლებელია, ქართველი მომღერლები ჩავიდნენ კორპორატიულ წვეულებებზე, სხვა დარბაზებში და იქ იმღერონო.
- რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები, აბა, რა გავაკეთოთ, მითხარით?!. რუსეთში არის ძალიან ბევრი მეგობარი. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, ცხოვრობენ და იქ კარიერა აქვთ აწყობილი, ნაკლები პატრიოტები არიან თუ ნაკლებად წუხდნენ იმაზე, როცა 2008 წელს უბედურება მოხდა? რა, ისინი მოღალატეები არიან? კორპორატიულზე კი არა, ჩვეულებრივ კონცერტზეც წავიდოდი. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. რუსი მომღერლები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, არ უნდა ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ პოლიტიკური უთანხმოება იყო ორ ქვეყანას შორის?!. უნდა შეგვზიზღდეს ერთმანეთი? ჩემი ბიძაშვილიც ხომ არ უნდა შემზიზღდეს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რუსი ქმარი და ნახევრად რუსი შვილი ჰყავს?!.
- ვერიკო, ხომ არ არის რაიმე მოწვევა კიდევ რუსეთიდან?
- მაქვს მოლაპარაკება ოღონდ არა რუსეთთან, ესპანეთიდან გვაქვს შემოთავაზება. ქართველები არიან კონცერტის ორგანიზატორები და თუ ყველაფერი მოგვარდა, მე და ანრი გავემგზავრებით.
რაც შეეხება აქაურ გეგმებს, ორი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, ჩემი კლიპი ახლახან გამოვიდა, რომელიც ანრიმ გადაიღო, მაგრამ ვერ ვხვდები, რისთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. არც კონცერტები ტარდება, არც არაფერი. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება და აზრი ექნება ამ ყველაფრის კეთებას.
- ანუ შოუბიზნესში ვითარება გაუარესდა?
- უფრო ცუდი ვითარება არ არის. მანამდე რა იყო? ახალი წლის კონცერტები და სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ საარჩევნო კონცერტებზე გვეძახდნენ. რადგან ჩვენი საქმე სარფიანი არ არის, თანხმდებოდნენ მომღერლები, რათა თავი რაღაცნაირად გაეტანათ. მართალი გითხრა, ბოლო ერთი თვე მქონდა მიწვევები სხვადასხვა კონცერტზე. ორი კონცერტი თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა და იქ მიმიწვიეს. კლუბშიც ვმუშაობ და სიმღერა არ მენატრება მაინც. ამით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ!..
Rating- ვერიკო, სხვა თემაზე გადავინაცვლოთ. თმა მუქად რატომ შეიღებე?
- ბევრი წელი ქერად ვიღებავდი გაუჩერებლად, თმა დამიზიანა, ჩემს ფერზე გადავიღებე, რათა დამესვენებინა. მიზეზი ეს იყო, თუმცა ბევრი მეუბნება, კარგია ეს ფერიო. მრავალი წელი ქერა ვიყავი და ახლა ცოტა შევიცვალე. არ ვიცი, ფოტოებში რამდენად ჩანს, მაგრამ ღია ყავისფერია, ლამაზია და მომწონს. დისკომფორტი არ მაქვს. თავიდან მიუჩვეველი ვინც იყო, დამეჯღანნენ, რატომ შეიღებეო, მაგრამ, ახლა მათაც მოსწონთ, მიეჩვივნენ.
- საზაფხულო გეგმები როგორია?
- ისე არ მეზარება მუშაობა, მთელი ზაფხული რომ მამუშაო, არ ვიწუწუნებ. მენატრება აქტიური მუშაობა. არ მაქვს ჯერ დაგეგმილი, რომელ თვეს ვიმუშავებ და როდის დავისვენებ. მინდა საზაფხულო სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება. ტემპიანი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ.
- პირადულში რა ხდება?
- არ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ მშვიდად და კარგად ვარ, რაც ყველაზე მთავარია (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“


ბეჭდვა