10 იანვარი, 2014
განსხვავებული ფოტოგრაფია - ქართული გლამური და მთა ერთ ობიექტივში
ჩემი ოცნებაა, გამოფენა დიდ მუზეუმში გავაკეთო, ჩემი ფოტოები დავბეჭდო ძალიან დიდი ზომის. დამთვალიერებელი კი შედიოდეს და დიდხანს ჩერდებოდეს ფოტოებთან ფოტოხელოვან ნათია რეხვიაშვილის გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. ყველაზე მეტად, რაც მის ფოტოებში გაგაოცებთ, განსხვავებული გარემო და ადგილებია. მაგალითად, მოდის კვირეული, მოდა და ლამაზად ჩაცმული მოდელები და ამავე დროს, თუში მეცხვარე, მთა, მუშაობისგან სახედაღარული მოხუცები...

- ნათია, პირველ რიგში, თქვენზე მოგვიყევით...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ხელოვნების კოლეჯი დავამთავრე. გაკვეთილების შემდეგ ყოველდღე ხელოვნების საგნებს ვსწავლობდით. ყოველი წლის
ბოლოს კი გვქონდა ''კოლეჯის დღეები'', სადაც წარმოვადგენდით გამოფენებს, სპექტაკლებს, კონცერტებს და ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდით. მათემატიკის დიდი სიყვარულის პარალელურად, ხელოვნება უზომოდ შემიყვარდა. პროფესიადაც ორი სფერო მაქვს არჩეული: ბუღალტერია-ფინანსები და ფოტოგრაფია-დიზაინი. როგორც ბავშვობაში ვახერხებდი მუდმივად მეცადინეობას, მაგალითად, რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას და პარალელურად ხატვას, სპექტაკლებში მონაწილეობას, ასევე ზრდასრულ ასაკშიც ვახერხებ ბუღალტრად მუშაობას და თან ფოტოების გადაღებას. ნებისმიერ პროფესიას მუდმივად სჭირდება განვითარება, ზრდა, დროსთან ფეხის აწყობა. მე კი ამ ყველაფრის შეთავსებას ვცდილობ.
- როგორ მიხვედით ფოტოგრაფიამდე?
- პირველად ჩემი ძმის ''ზენიტით'' გადავიღე ჩემი ახლო მეგობრების პორტრეტები, ერთ-ერთი მეგობრის აივანზე. ფოტოები ძალიან ბუნებრივი გამოვიდა. რამდენიმე წლის შემდეგ შევიძინე კამერა და დავიწყე გადაღება. ვიღებდი ყველაფერს ფანჯრიდან, სარკეში, რომ ფოტო ჩარჩოში მოქცეულიყო. ვიღებდი ანარეკლებში. ამჟამად ჩემი სფერო არის
დოკუმენტური ფოტოგრაფია და ავტოპორტრეტი.

Rating

- ძალიან ლამაზი და საინტერესო ფოტოები გაქვთ, თქვენს ნამუშევრებში არის მთა, სოფელი და ამავე დროს, გლამური და მოდის კვირეული...
- ეს ის გახლავთ, რაც ჩემ გარშემო ხდება. ქალაქში უზომოდ სწრაფად გადის დრო, მაინტერესებს, რას ქმნიან თანამედროვე ხელოვანი ადამიანები, მხატვრები, დიზაინერები. ინტერნეტის საშუალებით შეძლებისდაგვარად მუდმივად ვათვალიერებ, რა ხდება მსოფლიოში და ვცდილობ, არ გამოვტოვო გამოფენები და მოდის კვირეულები თბილისში. რა თქმა უნდა, ყველგან ყოველთვის ვერ იქნები და ყველაფერს ვერც ნახავ და გადაიღებ, ყველგან მუდმივად რაღაც ხდება. და ამ ყველაფრის პარალელურად საქართველოში და მსოფლიოში, რა თქმა უნდა, არსებობს ადგილები, სადაც თითქოს ეს სწრაფად მიმავალი დრო გაჩერებულია, სადაც არის დიდი სივრცე, სიმშვიდე, ზოგან სიცარიელე, რაც ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, ხანდახან, დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ, როცა საქართველოს რომელიმე კუთხის სოფელში მიდიხარ.

Rating

- ყველაზე კარგად რისი გადაღებისას გრძნობთ თავს, რომელია უფრო თქვენეული...
- ქართული ეთნოკულტურა მართლა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, სოფლები, მეცხვარეები, სივრცე, ნისლი, უბრალო ადამიანების ცხოვრება, მათი ისტორიები. ეს ყველაფერი ეხება ჩემს გულს და უყურადღებოდ ვერ ვტოვებ.

Rating

- როგორც ვნახე, ბავშვების ფოტოებზეც მუშაობთ...
- კი, ძალიან მიყვარს ამ საოცარი არსებების გადაღება, რომლებიც ძალიან განსხვავებულად და თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დიდი ფანტაზიის უნარი და ჩემში უზომოდ თბილ გრძნობას იწვევენ.

Rating

- იმ პროექტებისა და გამოფენების შესახებ მოგვიყევით, რომლებიც თქვენს პროფესიას ახლდა...
- 2013 წლის წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა, ფოტოფესტივალი ''ქოლგა'', თბილისი. 2013 წლის 30 საუკეთესო ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალი ფოტოგრაფის გამოფენა. გერმანია, პროექტი ''ფოტობოიტე''. კიდევ რამდენიმე ჯგუფური ფოტოგამოფენა ნიუ-იორკში.

Rating

- თქვენს შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მთას და მთის ტრადიციებს, ამაზე გვესაუბრეთ...
- ტრადიციებზე ბევრს ვერ ვილაპარაკებთ, რადგან იქ ძირითადად ყოველთვის სტუმარი ვარ და ეს არის ჩემთვის საოცრება. ამ საუკუნეში ახალგაზრდა ადამიანები თუშეთში, ხევსურეთში, გარესამყაროს მოწყვეტილები ცხოვრობენ. იქ ვერც მობილურით ისაუბრებ, არც ინტერნეტია, ბევრ ადგილას მანქანითაც ვერ მიხვალ. უვლიან ცხვრებს, დააჭენებენ ცხენებს, ეს ჩემთვის თითქოს ზღაპარია, როცა მივდივარ. ფოტოების გადაღებისას თითქოს ცხოველები გეკონტაქტებიან, კომპოზიციურად ისე განლაგდებიან ხოლმე, რომ შეიძლება, გაგიჭირდეს სპეციალურად ასე ლამაზად მათი დაყენება. თან კამერისკენ იყურებიან, თითქოს გრძნობენ, რომ ფოტოს უღებ. ყოველთვის ბედნიერი ვბრუნდები უკან.

Rating

- თქვენს არქივში რომელია საყვარელი ფოტო?
- თუშეთში გადაღებული ცხვრის ფარა.

Rating

- დამალული სახე - ასე ჰქვია თქვენს ერთ-ერთ ფოტოსესიას, ეს იყო რაიმეს მიმართ პროტესტი თუ რატომ მოგინდათ მსგავსი გადაღების გაკეთება?
- ეს არის სერია, სადაც ახალგაზრდა გოგონებს ვუღებდი ფოტოებს. გოგონები ზურგით დგანან და სახე არც ერთს არ უჩანს. განწყობა და ატმოსფერო არის რომანტიკული, ფოტო იწვევს ოცნების, მოლოდინის, ხანდახან ზურგშექცევის ასოციაციას.

Rating

- ნათია, თქვენი ყველა გადაღება საკმაოდ მასშტაბურია, ბევრი პერსონაჟი გყავთ, ადგილები სპეციალურად შერჩეული, არ არის რთული ამის ორგანიზება?
- ეს ყველაფერი რთულია და დიდ ენერგიას, დროს, გაანალიზებას მოითხოვს.
- დასასრულ, თქვენს საოცნებო პროექტზე მოგვიყევით...
- ჩემი ოცნებაა, გამოფენა დიდ მუზეუმში გავაკეთო, ჩემი ფოტოები დავბეჭდო ძალიან დიდი ზომის. დამთვალიერებელი კი შედიოდეს და დიდხანს ჩერდებოდეს ფოტოებთან.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
წინსვლას გისურვებ და დიდ ენერგიას, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგი ფოტოებით დაგვატკბო
21:56 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS