13 მაისი, 2013
რატომ არ ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე მარიკო ებრალიძე
პროექტის ყველა მონაწილეს გამარჯვების სურვილი ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ პირველი ადგილით არ შემოიფარგლება ნებისმიერი შეჯიბრება. მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას და როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას.
მომღერალ მარიკო ებრალიძეს ბავშვობაში ექიმობა უნდოდა. ბიოლოგიასა და ქიმიას ყოველთვის კარგად სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ სცენაზე დგომის სურვილმა აჯობა ექიმობის სურვილს და ამას არც ნანობს. თავის ბენდთან ერთად უამრავი გეგმა აქვს. მომავალში, ბევრის რჩევით, შეიძლება, კლასიკურ მუსიკაშიც სცადოს ბედი, მაგრამ ამჯერად, როგორც თვითონ ამბობს, ჯაზშია „გადავარდნილი“.

რატომ დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს
- მშობლები, ნელი მუმლაძე და ზაზა ებრალიძე, ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ. მერე თბილისის უნივერმაღში ერთად დაიწყეს მუშაობა. მაშინ გაიპარნენ, შექმნეს ოჯახი. ამ სიყვარულის პირველი ნაყოფი ჩემი და იყო, ქეთევანი, რომელიც ჩემზე ცამეტი წლით უფროსია და მერე მე გავჩნდი. დედის და მამის ოჯახში შერიგების და განშორების თემა ხშირად ფიგურირებდა. ამიტომ გავჩნდი ჩემი დის დაბადებიდან ცამეტი წლის შემდეგ და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი შერიგების ნაყოფი ვარ. ადრე შესამჩნევი იყო ჩემსა და ჩემს დას შორის ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ახლა, მგონი, ჩემზე კარგად გამოიყურება. ფოტოზე მე, დედა და ჩემი და ვართ.
Rating- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს არ ჰგავხართ.
- საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ჩემი და უფრო გამხდარი და ხორბლისფერია. თმა სწორი აქვს. მხოლოდ მიმიკებითა და სახის რაღაც ნაკვთებით ვგავართ ერთმანეთს.
- ხვეული თმით ვის ჰგავხარ?
- ხვეული თმა რომ მაქვს და თეთრი ვარ, მამიკოს და მისი დედის „დამსახურებაა“. ამ შემთხვევაში მამის გენმა იმძლავრა. დედაც არაა შავგვრემანი, მაგრამ მამას უფრო ვგავარ. დედა სულ ამბობს, ვერაფრით დაგიმსგავსეთო.
- ხვეული თმა დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- ბავშვობაში სულ მოკლე ან შეკრულ და უკან გადაწეულ თმას ვატარებდი. თუ აიბურდებოდა, არაფერი შველოდა. უნდა გადამეხოტრა. ახლა ბევრი საშუალებაა ჩემნაირი თმის მოსავლელად, მაგრამ ბავშვობაში ბალზამს ჩემთვის არავინ იყიდდა. ამიტომ ძალიან მიჭირდა მოვლა. სამ-ოთხ დღეში ერთხელ დედას ჩავუჯდებოდი კალთაში და მვარცხნიდა. მე თვითონ ვერ ვივარცხნიდი. ვცდილობდი, დაბანიდან დაბანამდე თმა არ აბურდულიყო. საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, სულ ტილები მყავდა. ტილები ჩვენი ოჯახის ძალიან ხშირი სტუმრები იყვნენ. ერთხელ თუ ჩაიბუდებდნენ ჩემს თმაში, მერე მისი მოშორება კოშმარი იყო. ამიტომ ბავშვობაში ხშირად მხოტრავდნენ თმას. საბავშვო ბაღში ტილებისგან გასუფთავებული მივიდოდი და უკან ტილებით ვბრუნდებოდი. ამბობდნენ, წნევისთვის კარგია ტილებიო, მაგრამ აბა, მშობლებისთვის გეკითხათ, ეს როგორი კოშმარი იყო.
- მეტსახელი გაქვს?
- მეტსახელების მოყვარული არ ვიყავი. ზოგიერთი ბავშვი მოიგონებდა ხოლმე რამე სახელს და იტყოდნენ, ეს დამიძახეთო. მე ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. „ვარსკვლავების აკადემიამდე“ ყველა მარიკას მეძახდა. მე ეს სახელი ძალიან არ მომწონდა. დედას სულ ვეუბ-ნებოდი. ეზოში ბავშვებთან რომ ვთამაშობ, მარიკას ნუ დამიძახებ, მარითი მომმართე-მეთქი. მერე მარიც აღარ მომწონდა. „ვარსკვლავების აკადემიაში“ შემერქვა მარიკო და მას მერე ყველა მარიკოთი მომმართავს.
Rating- მომდევნო ფოტოს საინტერესო წარწერა აქვს, „მამიკო და ნაშები“.
- თავიდან არ ვიცოდი, რომ მამა მეზობლებთან იყო ამ ფოტოზე. დედამ რომ ნახა წარწერა, მითხრა, რად გინდოდა, ასე რომ დაწერე, მამიკოს რატომ არცხვენ, მეზობლებთან ერთად აქვს ფოტო გადაღებული, ნაშებში არ დადიოდაო. სამწუხაროდ, მამა უკვე გარდაცვლილია.
- როგორც მივხვდი, მშობლების დაშორების მიზეზი მამის მექალთანეობა არ ყოფილა?
- მათ ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. მშობლებისგანაც არ ჰქონდათ ხელშეწყობა. ხასიათითაც ვერ შეეწყვნენ. დედა ახლა ამბობს, ტვინი რომ მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდიო.
- მამას ჰქონდა მეორე ოჯახი?
- მეორე ოჯახი, სანამ გარდაიცვლებოდა, რამდენიმე წლით ადრე შექმნა. ჯვარი არ დაუწერიათ და ხელი არ მოუწერიათ. მათ ურთიერთობას მე უფრო ერთად ცხოვრებას დავარქმევდი.
- მამას ამ თანაცხოვრების შედეგად ჰყავს შვილი?
- არა.
Rating- ბავშვობის ბევრი ფოტო გაქვს. როგორც ჩანს, ფოტოების გადაღება ძალიან მოგწონდა.
- შემდეგი ფოტოდანაც ჩანს, რომ მატრაკვეცა ვიყავი. სამწუხაროდ, ეს მატრაკვეცობა დიდობაში არ გამომყვა. ადრე უფრო ცოცხალი ვიყავი, სკოლის პერიოდში კი - მორიდებული და მორცხვი. ბავშვობაში ლაღი და თავისუფალი გახლდით.
- რადგან ოჯახში პატარა იყავი, ალბათ ყველა სურვილს გისრულებდნენ.
- ვერ ვიტყვი, რომ თავნება ბავშვი ვიყავი. თავისუფლად ვიზრდებოდი, მაგრამ ეს თავისუფლება სითავხედეში არ გადამდიოდა. დედიკო მიბრაზდებოდა კიდეც. დედას ყოფილი თანამშრომლები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, მთელი უნივერმაღი ხელში გეჭირაო. დედა კადრების სექციაში მუშაობდა. ძირითადად სარედაქციო საქმე ევალებოდა. უნივერმაღში რომ დავდიოდი და სექციებს ვათვალიერებდი, ყველა რაღაცას მჩუქნიდა. ცოცხალი და ენატიკტიკა ბავშვი ვყოფილვარ. მეუბნებიან, ისეთი იყავი, მუნჯს აალაპარაკებდიო.
Ratingმომდევნო ფოტო ძალიან მომწონს. ურჩხულთან ერთად ფოტო რამ გადამაღებინა, ვერ ვხვდები. ახლა რომ ვუყურებ, მეშინია, ისე საშინლად აქვს დათვს კბილები დაკრეჭილი.

„გული აღარ მწყდება, „ვარსკვლავების აკადემიაში“ რომ ვერ გავიმარჯვე“
- რომელ სკოლაში სწავლობდი?
- 46-ე სკოლა მაქვს დამთავრებული ბროსეს ქუჩაზე. ვერ ვიტყვი, ძალიან კარგად ვსწავლობდი-მეთქი. ხუთებიც მიმიღია, ორიანებიც და საკონტროლოებიც ჩამიგდია, მაგრამ მქონდა პერიოდები, როდესაც რაღაც საგანი მაინტერესებდა, მაგალითად, ბიოლოგია და კარგად ვსწავლობდი. მერე ქიმიითაც დავინტერესდი. ერთი პერიოდი სამედიცინოზე ჩაბარებას ვფიქრობდი. ისტორია მომწონდა ძალიან და ლამაზ კონსპექტებს ვაკეთებდი, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვიტყვი, რომ ბეჯითი ბავშვი ვიყავი. ტაშ-ფანდურა კლასი ვიყავით, სულ ექსკურსიებზე დავდიოდით და კონცერტებს ვატარებდით. შემდეგი სურათი ერთ-ერთი ექსკურსიის დროს გვაქვს მე და ჩემს კლასელს გადაღებული. ქუჩაში მოსიარულე ბავშვები არ ვიყავით. სავარაუდოდ, კონცერტის ჩატარება იმიტომ გვიხაროდა, რომ გაკვეთილიდან ვეთხოვებოდით მასწავლებელს. ორ თვეში ერთხელ კონცერტებს ვმართავდით და ეს ჩვენთვის დიდი და გრანდიოზული ღონისძიება იყო. ვხვდებოდით მწერლებსა და პოეტებს. განსაკუთრებით მახსოვს ანა კალანდაძესთან შეხვედრა. ძალიან თბილი, სასიამოვნო და ჩემთვის დასამახსოვრებელი შეხვედრა იყო.
Rating- სკოლის დამთავრების შემდეგ სად გააგრძელე სწავლა?
- კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ვსწავლობდი. ნოდარ ანდღულაძესთან სამი წელი ვიარე და რაც ჩემს ვოკალში მოსწონთ, ვიცი, რომ იმ სამ წელს უნდა ვუმადლოდე. კლასიკური ვარჯიშები ძალიან ბევრს აძლევს ადამიანს. მოხარული ვარ და მადლობა უფალს, რომ ასეთ დიდ მაესტროსთან მომიწია სწავლამ. სამწუხაროდ, უმაღლესში ვეღარ ჩავაბარე, რადგან ჯაზისკენ გადმოვიხარე. დღემდე მეუბნებიან, გადადი კლასიკურ მუსიკაში, ყველანაირად აკმაყოფილებ კლასიკური მომღერლის პირობებსო. თუ ისე დალაგდება ყველაფერი, რომ მოვახერხებ კლასიკურ მუსიკაშიც ვცადო ბედი, წინააღმდეგი არ ვიქნები.
- შემდეგი ფოტო „ვარსკვლავების აკადემიაში“ ყოფნისას გაქვს გადაღებული. შენთვის ეს პროექტი კარიერის კარგი დასაწყისი აღმოჩნდა.
Rating- თუმცა მანამდე ხშირად გამოვდიოდი კონცერტებზე. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში ჩემი პედაგოგი ოთარ ტატიშვილი სულ ცდილობდა, რომ თავისი მოწაფეები, წარჩინებული თუ არაწარჩინებული, კონცერტებზე გამოეყვანა. მაშინ ძალიან პოპულარულ კლუბ „16 რაუნდში“ ხშირად გამოვდიოდით ოთარი მასწავლებლის დამსახურებით. „ვარსკვლავების აკადემიამ“ ხალხის სიყვარული მომცა, რაც მუსიკოსისთვის მთავარია. სარდაფში შენთვის ერთ კუნჭულში სიმღერა, ვფიქრობ, არაა მართალი. ყოველთვის მინდოდა ხალხის სიყვარულის მოპოვება. მინდოდა, ჩემი სახელი და გვარი გაეგოთ, რაც „ვარსკვლავების აკადემიამ“ მომიტანა. ქუჩაში რომ გავდივარ და ანთებული და აციმციმებული თვალებით მიყურებენ უცნობები, ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა სიამოვნებაა. ეს სტიმულს მაძლევს, რომ ყველაფერი კიდევ უფრო კარგი და ხარისხიანი გავაკეთო.
- როგორც ვხვდები, გული არ გწყდება, რომ ვერ გაიმარჯვე.
- ახლა უკვე აღარ მწყდება გული. მერე მივხვდი, რომ პირველი ადგილი არაფერს ნიშნავდა. კარგია, როდესაც ასეთ მარათონში იღებ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პროექტის ყველა მონაწილეს გამარჯვების სურვილი ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ პირველი ადგილით არ შემოიფარგლება ნებისმიერი შეჯიბრება. მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას და როგორ წარმართავ შენს ცხოვრებას. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა. „ვარსკვლავების აკადემიის“ შემდეგ აქტიურად ჩავები ჩემს საქმიანობაში. პროექტიდან გამოსვლისთანავე ამიყვანეს მერიის ბიგბენდში, რომლის ხელმძღვანელიც გივი გაჩეჩილაძეა. მერიის მუნიციპალიტეტის გუნდის სოლისტი ვარ. 50-კაციანი გუნდია და მე სოლისტად ამიყვანეს. ამ დროს „ვარსკვლავების აკადემიიდან“ სულ რაღაც ორი თვის გამოსული ვიყავი. მერე სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთ კლუბში ვმღეროდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გამარჯვებული გამოვედი.

ვის ქორწილში გადაიღო ფოტო დუეტ „ჯორჯიასთან“
- ფოტოებიდანაც ჩანს, რომ აქტიურად ხარ ჩართული შოუბიზნესში. ძალიან ბევრი ფოტო სცენაზე გაქვს გადაღებული. უახლოეს მომავალში რას გეგმავ?
- ჩამოვაყალიბეთ ბენდი „ფინგერსი“ და მარიკო ებრალიძე. ახლა ალბომი გვინდა გამოვცეთ. ჩვენი სიმღერების ცოცხალი ჩანაწერები გვაქვს და გვინდა, სტუდიური ჩანაწერებიც გავაკეთოთ. კარგი გეგმები გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერს როგორ გავამართლებთ. მოგეხსენებათ, ყველა ჩანაფიქრს ფული სჭირდება.
- როგორი წარმოგიდგენია რამდენიმე წლის მერე მარიკო ებრალიძის ცხოვრება?
- ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ კონცერტში მივიღებ მონაწილეობას და ბევრ ახალ სიმღერას შევასრულებ.
- რაც შეეხება პირად ცხოვრებას...
- პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ, ასე გადავწყვიტე.
- შემდეგი ფოტო სად გაქვს გადაღებული?
Rating- გერმანიაში ვიყავი ერთი კვირით გასტროლებზე. ქართულ-გერმანული პროექტი ჩატარდა, გერმანულ სპექტაკლში რამდენიმე სიმღერის შესრულებამ მომიწია. საინტერესოდ დატვირთული ერთი კვირა გავატარე ბერლინში.
- შადრევნიდან ჰიტლერის მისალმებით ვის შეხვდი?
- უბრალოდ, ხელი გავიქნიე და რატომღაც ჰიტლერივით მისალმება გამომივიდა. ალბათ გერმანულმა ჰავამ იმოქმედა. სულაც არ მქონდა იდეაში, ფაშისტურად დავმდგარიყავი (იცინის).
- დუეტ „ჯორჯიასთან“ ფოტო სად გაქვს გადაღებული?
Rating- ფოტო ნინი ბადურაშვილის ქორწილში გადავიღეთ. ფაქტობრივად, ქორწილი კი არა, გრანდიოზული კონცერტი იყო. ნინი საოცრად ლამაზი იყო. ბენდთან ერთად ვიყავი და სპეციალურად ნინისთვის ნახევარსაათიანი პროგრამა გავაკეთეთ. ქორწილის ყველა სტუმარმა იმღერა. კონფერანსიეს ფუნქცია აჩი ფურცელაძეს ჰქონდა შეთავსებული და ბოლოს მანაც თქვა, ლაპარაკის ნაცვლად ჯობია, ვიმღეროო.
- შენც მსგავსი ქორწილის გადახდას გეგმავ?
- როგორც გითხარით, პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS