13 მაისი, 2013
როგორ იმუშავა ქართველმა გოგონამ ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან
მერე დავიწყეთ ალტერნატივების მოძიება, ღამე არ გვეძინა, არადა, გადაღებები მეორე დღეს იყო უკვე დანიშნული. ძლივს დავითანხმეთ ნაომი იმაზე, რომ სხვა ვიზაჟისტი აგვეყვანა.
მარიამ კეკუტია ძალიან პატარა იყო, როდესაც მშობლებმა მოსკოვში წაიყვანეს საცხოვრებლად. იქ გაიზარდა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბენტლის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და ახლა მაგისტრანტი გახლავთ ბიზნესურთიერთობების განხრით.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საზღვრებს გარეთ გაატარა, გული მაინც საქართველოსკენ მოუწევს. უნდა, სამშობლოში დაბრუნდეს ოჯახთან ერთად და აქ გააგრძელოს ცხოვრება.
ამბობს, რომ ყველაფერი საქართველოსკენ უხმობს.

სანამ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარებდა, მარიამი წლების განმავლობაში ხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ სხვა გზა აირჩია, ხატვისთვის დროს მაინც პოულობს. მოსკოვში ცხოვრებისას იმისთვისაც იცლიდა, რომ მამას ბიზნესში დახმარებოდა, ამერიკაში კი თავისუფალი დრო პრესტიჟული ჟურნალის ფოტოგადაღებებსაც დაუთმო. ვინაიდან შესანიშნავად იცის ინგლისური და ფრანგული ენები, ის Harper’s Bazaar-მა ნიუიორკული გადაღებებისთვის ასისტენტად აიყვანა. მარიამი ძალიან მორიდებული გოგონაა და თავიდან თავისი წარმატებების შესახებ ვრცლად საუბარი არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ.

- 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მამამ იქ საქმე ააწყო. რასაკვირველია, ოჯახიც თან წაგვიყვანა. ყოველ წელს ძმებთან ერთად აუ-ცილებლად ჩამოვდიოდი საქართველოში, რომ ქართული არ დაგვვიწყებოდა, ცოტა მეგრულიც ვიცი და აქცენტიც მაქვს, როგორც ხედავთ (იცინის).
მოსკოვში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი, კონკრეტულად კი „მგიმო“. საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა, ამისთვის ორი წელი ვემზადებოდი და ჩავაბარე. სანამ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს შევარჩევდი, მანამდე 7 წლის განმავლობაში ვხატავდი და არქიტექტურის ფაკულტეტზე მქონდა არჩევანი შეჩერებული, მაგრამ შემდეგ რაღაც არ გამოვიდა და ვინაიდან მათემატიკას კარგად ვსწავლობდი, „მგიმოში“ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. მე რომ სწავლას ვამთავრებდი, ჩემი ძმა, გიორგი, ბოსტონში გაუშვეს სასწავლებლად, მამამ მითხრა, შენც ხომ არ მოსინჯავდიო. მაგისტრატურის გაგრძელებას „მგიმოში“ ვაპირებდი, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალე. გავაგზავნე ჩემი აპლიკაციები ბოსტონის რამდენიმე უნივერსიტეტში და ყველა მათგანიდან მომივიდა დადებითი პასუხი, მთავაზობდნენ სწავლის საფასურის 60%-ით დაფინანსებას. ჩემი მიმართულება უფრო მეტად მარკეტინგია და ისეთი უნივერსიტეტები შევარჩიე, სადაც ამ მიმართულებას ასწავლიდნენ. საბოლოოდ ბენტლის უნივერსიტეტი ამოვარჩიე, რომელსაც მომავალ წელს ვამთავრებ. ეს უნივერსიტეტი ბოსტონიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.
- ამერიკასთან შეგუება არ გაგიჭირდა?
- ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემი ძმა უკვე ბოსტონში გახლდათ და შესაბამისად, ერთმანეთს ვეხმარებოდით.
- მოსკოვისა და ბოსტონის უნივერსიტეტებს შორის რა განსხვავებაა სწავლის თვალსაზრისით?
- მე ვარ ბიზნესურთიერთობების მაგისტრი მარკეტინგის განხრით. სწავლებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - ამერიკული სწავლების მეთოდი ანალიტიკას, დისკუსიებს ეფუძნება. აქ ლექციები არ გვაქვს, უფრო მეტად შენი აზრის გამოთქმას გთხოვენ, რაც თავდაპირველად გამიძნელდა. რუსეთში მიჩვეული ვიყავი სწავლის სხვა მეთოდს, როდესაც პროფესორი გეუბნება, რა არის სწორი. თავიდან საკმაოდ რთული იყო, აუდიტორიის წინაშე საკუთარი მოსაზრებები რომ გამომეთქვა. ახლა აღარ მიძნელდება. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ მხრივ ძალიან კარგი გარემოა. ყველა ერთმანეთს რჩევას აძლევს და რაღაცას ასწავლის. „ემბიეის“ პროგრამა ამით არის გამორჩეული. აქ რომ მოდიხარ, მუშაობის სტაჟი უნდა გქონდეს, ამიტომ რაღაც გამოცდილება უკვე გაქვს დაგროვებული.
- შენც გქონდა მუშაობის სტაჟი?
- მამასთან ვმუშაობდი და შესაბამისად, მქონდა სტაჟი. ამერიკაში სამსახურის მოძებნა არ არის ადვილი, თუმცა აქ არ ვაპირებ დარჩენას. მე და ჩემი ძმა სწავლას დავამთავრებთ თუ არა, საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას. საქართველო ძალიან მიზიდავს, ყველაფერი მეძახის მანდ. საქართველოში არასდროს მიცხოვრია და ძალიან მინდა. ჩემი ძმაც ასე ფიქრობს. ჩემი მეორე ძმა ჯერ პატარაა, 15 წლის, და მშობლებთან ცხოვრობს. თავდაპირველად ალბათ რუსეთში ჩავალ და შემდეგ ოჯახით საქართველოში დავბრუნდებით.
- მარიამ, ამერიკაში ცხოვრება როგორია?
- 11 ბავშვი ვმეგობრობთ. მე 24 წლის ვარ, ყველაზე უფროსი (იღიმის). გვაქვს ქართული საღამოები, ვამზადებთ კერძებს და ვუმასპინძლდებით დანარჩენებს. მე უფრო მეტად შინაურულ გარემოში მიყვარს თავისუფალი დროის გატარება. ბოსტონი თავადაც მშვიდი, კულტურული, ინტელიგენტური ქალაქია. ხალხიც ასეთია. არ შეიძლება, რომ ეს მეგობრული ქალაქი არ იყოს, რადგან ძალიან ბევრი უნივერსიტეტია, სულ სტუდენტები დადიან მთელ ქალაქში, პროფესურა ცხოვრობს.
- შენმა ლექტორებმა საქართველოს შესახებ თუ იციან რაიმე?
- გაცნობისას გვკითხეს, საიდან ვიყავით. საქართველო ვახსენე თუ არა, ყველას ასოციაცია ჯერ შტატ ჯორჯიასთან გაუჩნდა, მერე კი, როდესაც დავაკონკრეტე, რომ ქვეყანა საქართვე-ლოდან ვარ, რუსეთთან დააკავშირეს. კლასში ძალიან ბევრი ვართ და აღარ მქონდა ვრცლად საუბრის გაგრძელების საშუალება. მერე და მერე, როდესაც ყველა შესაძლო შემთხვევაში ვამახვილებდი ყურადღებას, ქართველი ვარ-მეთქი, ჩემი უცხოელი მეგობრები ამაზე უკვე დამცინოდნენ. ტელეფონში რუკას ვატარებ და როდესაც ამისი შესაძლებლობა მაქვს, ყველას ვაჩვენებ სად არის ჩემი ქვეყანა.
- თავისუფალ დროს კარგ კონცერტებზე არ დადიხარ?
- ნიუ-იორკი არის ახლოს და ვისაც, ვთქვათ, კონცერტზე წასვლა უნდა, ნიუ-იორკს მიაშურებს ხოლმე. ბოსტონი უფრო მეტად ცნობილია სპორტის სახეობებით, კალათბურთით, ბეისბოლით და ჰოკეითი. აქ გართობა ნაკლებია. ქუჩაში ცნობილ ადამიანებს ვერ შეხვდები, რადგან ეს არ არის ნიუ-იორკი.
RatingRating- მაგრამ, ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ცნობილ ადამიანებს შენი სამსახურიდან შეხვედრიხარ.
- დიახ, ასეა. 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდი ცნობილ გამოცემასთან Harper’s Bazaar Russia. კონკრეტულად კი გახლდით ორი ადამიანის, ჟურნალის მოდის მთავარი რედაქტორისა და პროდიუსერის პერსონალური ასისტენტი. ნიუ-იორკში საერთაშორისო გადაღებებს აწარმოებდნენ, ამ ჟურნალში ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. იცოდნენ, რომ ამერიკაში ვიყავი და გადაწყვიტეს, ჩემთვის შემოეთავაზებინათ ეს სამსახური. ჩემს ფუნქციებში ძირითადად შედიოდა თარჯიმნობა, ვარსკვლავების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფოტოგადაღებებისთვის სამოსის შერჩევა, მოლაპარაკება ვიზაჟისტებთან, საორგანიზაციო საკითხები, მოკლედ, ყველაფერი, რასაც აკეთებს თანაშემწე, თუმცა გაორმაგებული რაოდენობით, ვინაიდან ორ ადამიანზე ვმუშაობდი. მომიწია შეხვედრამ და მუშაობამ ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, კეტი ჰოლმსი და მარია შარაპოვა.
Rating- საინტერესოა, როგორები არიან ეს ადამიანები სინამდვილეში?
- ისინი პროფესიონალები არიან, ეს ზოგადად მძიმე სამუშაოა არა მხოლოდ ასისტენტებისთვის, არამედ თავად ვარსკვლავებისთვისაც. საკმაოდ თავაზიანები იყვნენ, რადგან ყოველდღიურად ჩემ მსგავს ადამიანებთან უწევთ შეხვედრა და მუშაობა. ეს მათთვის არა გართობა, არამედ სამსახურია. ზოგ შემთხვევებში მათი მხრიდან გარკვეული მოთხოვნებიც კი იყო. მაგალითად, ნაომი კემპბელს უნდოდა ვიზაჟისტი, რომელიც ლონდონში გახლდათ და ვერ ჩამოგვყავდა, რადგან არ გვქონდა ამხელა ბიუჯეტი. მერე დავიწყეთ ალტერნატივების მოძიება, ღამე არ გვეძინა, არადა, გადაღებები მეორე დღეს იყო უკვე დანიშნული. ძლივს დავითანხმეთ ნაომი იმაზე, რომ სხვა ვიზაჟისტი აგვეყვანა. ვიპოვეთ ერთი ვიზაჟისტი, რომელიც ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიყვანეთ. ამის მიუხედავად, მაინც უკმაყოფილო იყო, სულ შენიშვნებს აძლევდა და ბოლოს თავად დაიხატა (იღიმის).
რაც შეეხება კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვას, ისინი ძალიან მშვიდები იყვნენ, ნაზები და ძალიან კარგად გვექცეოდნენ. მიწაზე მყარად დგანან და არანაირი განსაკუთრებული ვარს-კვლავური დაავადება არ შემიმჩნევია. კეტი ისეთი საყვარელი იყო, რომ ყველა გაგვაკვირვა. არ ველოდი მისგან ასეთ მოქცევას.
- მარიამ, პირად ცხოვრებაზეც გვითხარი ორი სიტყვა.
- გათხოვილი არ ვარ. არც შეყვარებული გახლავართ.
- ამერიკელმა და რუსმა ბიჭებმა თავი ვერ მოგაწონეს?
- არა, მხოლოდ ქართველები მაინტერესებს, რადგან ისედაც ცოტანი ვართ და მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ქართული, მეგრული, ჩვენი ქვეყნის ისტორია და გააგრძელონ ქართველობა.

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ელენე
გენაცვალე , ასეთი კარგი რომ ხარ. ყველასტვის მისაბაძი
16:14 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
ხო საქართველო დიდი მოსანატრებელია :D რომ ცამოხვალ და სეხვდები ჩაბოღმილ ხალხს შურიანებს და ჭორიკნებს სრაზუ გაიქცევი აქედან :D ქართველი ბიჭი რა სანატრელია ქმრად?? რომ დაგსვავს სახლში და ცაოფლილი რომ გთხოვს სადილების კეტებას :D :D :D მადლობა უფალს იტალიელი ქმარი მყავს და ბედნიერად ვცხოვრობ მილანში არასდროს მიოცნებია ქართველის ცოლობა :D
16:48 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
მარიამ, თუ ყველაფერი, რასაც შენ ამბობ, შეულამაზებელია,ღირსეული გოგონა ყოფილხარ. რადგან ქართველი ბიჭები გაინტერესებს, ტეხასის დედაქალაქ ოსტინის უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტატურაში შენი კბილა, უაღრესად ნიჭიერი, სწავლაზე ძალიან მონდომებული და ძაალიან სიმპატიური ბიჭი სწავლობს. მისი ნახვა შეგიძლია youtub-ზე, აკრიფე გაუწყვეტლად: supermario183
12:47 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ძლივს არ გამოჩნდა ნამდვილი ქართველი გოგონა? არ ჯობია ასეთ ხალხზე წერდეთ? განა არ არიან, არიან, მაგრამ სწორება აღებული იყო არაქალებზე.
12:13 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
ლამაზი. . .წკვიანი. . .ქართველი. . .
11:54 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS