27 მარტი, 2017
„ათეისტურ-მოდურ ტენდენციებს არც ჩემი ოჯახია აყოლილი და არც ჩემი შვილები...“ - ცნობილი დედები შვილების რელიგიურ აღზრდაზე
ბოლო პერიოდში რელიგიური თემაზე გავრცელებული არც ისე სასიამოვნო ინფორმაციები, გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. უფროს ადამიანებს გვაქვს ანალიზის უნარი და შეგვიძლია ესა თუ ის ამბავი ფილტრში გავატაროთ, სამაგიეროდ, რთულ სიტუაციაში ვარდებიან ბავშვები, მოზარდები, რომლებიც მსგავსმა ინფორმაციებმა შესაძლებელია, მარტივად დააბნიონ და დააბრკოლონ. ჩვენ სალომე გოგიაშვილსა და თამრიკო ჭოხონელიძეს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ როგორ იცავენ შვილებს მსგავი სიტუაციებიდან და ზოგადად, რამდენად ახერხებენ იცხოვრონ ეკლესიურად.

თამრიკო ჭოხონელიძე:
- სანამ ბავშვს ეკლესიაში მივიყვანთ, მანამდე ოჯახმა უნდა მოამზადოს ის ამისთვის,
თუნდაც ათი მცნების შესახებ მანამდე უნდა იცოდეს ბავშვმა, სანამ ეკლესიაში მივა. ის, რომ მშობლებს პატივი უნდა სცეს, შური რომ ცუდია და ა.შ. მანამდე უნდა მივაწოდოთ დოზირებულად, მაგალითების მეშვეობით, ზღაპრის დონეზე. მე შეძლებისდაგვარად მსჰობლებიშევეცადე, ასე მომემზადებინა ჩემი შვილები და მერე შევედით ტაძარში. 1996 წელს ავიყვანე მოძღვარი, იმ დროს ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, ჯერ მე დავიწყე ეკლესიურად ცხოვრება, თანდათან შემომიერთდნენ ჩემი შვილები. მახსოვს, როგორ მშვიდად და აუღელვებლად ათქმევინა მამაომ აღსარება. ბავშვების დათრგუნვა ამ გარემოში არაფრით არ შეიძლება. მაპატიოს ყველამ და მე მეორე მხარის მიდგომასაც ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, იმიტომ, რომ არსებობს ბევრი ხელის შემშლელი პირობა. შესაძლოა შენ სახლში დიდი რუდუნებით, სიფრთხილით, დოზირებულად ცდილობ, მიაწოდო შენს შვილს რელიგიური საკითხები, თუნდაც ეკლესიური ცხოვრების დეტალები, იმიტომ, რომ შემდეგ ძალდატანებით, რაც არასწორია, არ მოგიწიოს მისი ტაძარამდე მიყვანა და თავად გაუჩნდეს ამის სურვილი, მაგრამ ხანდახან ტაძრებიდან წინაღობას, საპირისპირო დამოკიდებულებას ვხვდებით, თუნდაც იმ დოგმების სახით, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვაპროტესტებ. ვგულისხმობ იმ დაწესებულ ჩარჩოებს, რაც ეხება სანთლის ჩაქრობას, ეკლესიის ამა თუ იმ დგილზე დგომა-გავლას, იქ არ გაიარო, ეს ასე არ დადო და ა.შ.

მახსოვს, ერთ-ერთ ტაძარში, ოღონდ არა თბილისში, შვილებთან ერთად შაბათის ლოცვაზე დასწრების შემდეგ, კვირას ზიარებისთვის გამზადებულები წირვაზე მივედით. იქ მყოფმა გავიგე, მესანთლე როგორ უყვიროდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ჩემი შვილებიც იყვნენ, რომლებმაც რკინის ფული დადეს სანთლის სანაცვლოდ, მესანთლემ კი ყვირილით მიუთითა, ნუ ახმაურებთ ფულსო. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი უფრო მეტ ხმაურს გამოიწვევდა, რკინის ფულის დადების ხმა თუ იმ ქალის ყვირილი, რომელმაც ისე დათრგუნა ბავშვები, რომ მომეწებნენ, აიტუზნენ და მაშინვე მივხვდი, რომ მათი ზიარება იქნებოდა გათამაშებული სცენა და ისინი ვერ შეიგრძნობდნენ ამ მადლს. ისე დაითრგუნნენ, რომ ვერ აგიხსნით.

აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ბევრი რამ არის დამაბრკოლებელი ეკლესიაში, ვიღაცების გამოგონილი დოგმების გამო რიგ შემთხვევებში ვიჩაგრებით. ჩემთვის ბევრ სხვა საკითხთან ერთად, თუნდაც შარვლით ეკლესიაში შეუსვლელობა მიუღებელია, ეს სიბნელეა. მე არაერთხელ მივსულვარ თავად პატრიარქთან შარვლით, ოღონდ რასაკვირველია, ეს არ ყოფილა გამომწვევი, ზემოდან იმხელა ანაფორასავით მოსასხამი მეცვა, ვერავინ მიხვდა, კაბა მეცვა თუ შარვალი და არც არავის უთქვამს, ასე რატომ შემოდიხარო. თუმცა ტაძარში გამოჩნდა მეტიჩარა ქალი, რომელმაც იმდენად ცუდად მომცა შენიშვნა, რომ ცხარე ცრემლებით მატირა. ასეთი რაღაცები ადამიანებს აბრკოლებს, რაც ძალიან ცუდია.

დღეს ჩემი შვილები უკვე სრულად დამოუკიდებლად დადიან ტაძარში, რაც შეეხება შვილიშვლებს, მათთან ნელ-ნელა ვსაუბრობთ რელიგიურ თემებზე და ველოდები იმ მომენტს, რომ თავად მკითხონ, როდის წავალთ ტაძარშიო. როგორც უკევ აღვნიშნე, მე ეს ძალდატანებით არ მინდა გავაკეთებინო. იხილეთ სრულად
ბეჭდვა