22 მარტი, 2017
რაზე ოცნებობდა გივი სიხარულიძე ბავშვობაში - "...დაბრკოლება იყო უბრალოდ ის, რომ ღმერთმა დამაჯილდოვა შესახედაობით..."
გივი სიხარულიძეს მაყურებელი ახალგაზრდობიდან იცნობს, მისი ვიზუალური მონაცემებითა და მრავალმხრივი ნიჭით მოჯადოვებული მანდილოსნების რიცხვი მსახიობის ასაკის მატების მიუხედავად არ კლებულობდა.

გაინტერესებთ რა არის მსახიობის, გივი სიხარულიძის წარმატების ფორმულა? გაეცანით ინტერვიუს:

როგორი ბავშვი იყავით?
- როგორც ყველა, ძალიან ცელქი, მშობლებს არ ვუჯერებდი. ვაკეთბდი ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც მარიგებდნენ.

რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
- გიორგი შავგულიძე, იყო თეატრის მსახიობი, ძალიან კარგი მსახიობი იყო, ძალიან! ვოცნებობდი, რომ გავიზრდებოდი ვყოფილიყავი ისეთი მსახიობი, როგორიც იყო გიორგი შავგულიძე.

როგორი მოსწავლე იყავით?
-
არ მოგატყუებთ და ძალიან ცუდი მოსწავლე ვიყავი, ორებზე ვსწავლობდი.

რომელიმე საგანი, არ მოგწონდათ გამორჩეულად?
- კი, ლიტერატურა მიყვარდა ძალიან და გეოგრაფია. შესანიშნავი გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ კარგად ნამდვილად არ ვსწავლობდი.

თქვენთვის წარმატება რა არის?
- წარმატება წოდებების მინიჭება და მედლები არ არის, წარმატებაა, როცა ხალხს უყვარხარ და ხალხი გაღიარებს და არა - მთავრობა.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი წარმატება?
- რომელი ერთი გავიხსენო, აბა მითხარით?! ალბათ ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მივაღწიე, როცა დილას გავიღვიძე და დავიწყე წერა. სამი ნოველა დავწერე და ამან მომიტანა ყველაზე დიდი გამართლება და წარმატება ცხოვრებაში.

წარმატების მიღწევაში რა თვისება დაგეხმარათ ყველაზე მეტად?
- ღმერთის სიყვარული.

რამეს შეცვლიდით, წარსულში დაბრუნება, რომ შეგეძლოთ?
- წარსულის შეცვლა არავის შეუძლია, რომ დავბრუნებულიყავი დროში, მაინც ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იყო.

ყველაზე დიდი დაბრკოლება რა იყო თქვენთვის, კარიერული წინსვლის პროცესში?
- ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლება იყო უბრალოდ ის, რომ ღმერთმა დამაჯილდოვა შესახედაობით. კარგი ბიჭი ვიყავი და ეს ყოველთვის ხელს მიშლიდა, ბოღმიან ხალხს უნდოდა, რომ ჩემი წარმატებისთვის ხელი შეეშალა.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდით?
- ქუჩაში რომ მივდივარ, ხალხი მცნობს და მეფერება და ეს ძალიან დამღლელია. ხალხის მხრიდან გამოხატულ სიყვარულს, პასუხი სჭირდება. მე სულს ვუბერავ პატარა ნაპერწკალს და გაღვივებულს მათ ვუბრუნებ, ეს ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.

რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
- წარმატების ფორმულა არის ორი რამ, ღმერთის სიყვარული და დაუღალავი შრომა, შრომა და შრომა.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა