26 იანვარი, 2017
ილო ბეროშვილის ჩერქეზული Love Story - "მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა"
ტელეწამყვანი ილია (ილო) ბეროშვილი პირველად ''ჯეოსელის" რეკლამაში გამოჩნდა. ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრდა და ამავდრულად კავკასიური ენების სპეციალისტია, თუმცა თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. დღეს ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება მის იუმორისტულ გადაცემას ''ილო ბეროშვილის შოუ." ''რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილომ ბავშვობა და თინეიჯერობა გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ორი წელი ჩერქეზეთში ცხოვრობდა, სადაც გოგონას პირველად აკოცა: ''ერთი სული მქონდა საქართველოში ჩავსულიყავი და უბნის ბიჭებისთვის მომეყოლა," ამბობს ილო ჩვენთან საუბარში.

- ბავშვობა მკაფიოდ გახსოვს?
- გადმოცემით ვიცი, რომ საყვარელი ბავშვი ვიყავი. ადრეული
ასაკიდან ვაკეთებდი პაროდიებს, მიტაცებდა მუსიკა. ყველას ძალიან ადვილად ვპატიობდი შეცდომებს, დღემდე წყენას გულში ვერ ვიდებ. შემეცნებისკენ მივისწრაფოდი, კომუნიკაბელური ვიყავი. ცოტა გულჩათხრობილ ''ტიპებს" კარგად ვუგებდი, ამიტომ განსაკუთრებულად მემეგობრებოდნენ. ადამიანებს არ განვიკითხავდი, არც დღეს ვაკრიტიკებ მათ საქციელებს. ჯიუტი და ხიფათიანი ვიყავი, რის გამოც რამდენჯერმე სიკვდილს გადავურჩი. ერთხელ მანქანამ გამიტანა. 15 წუთით გონება დავკარგე, თვალი რომ გავახილე დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ვტიროდი. ყველა შეგრძნება ბრაზმა გადაფარა. დედას ვითხოვდი, მამიდაჩემი კი მატყუებდა დედაშენი მე ვარო. არ მესმოდა რატომ იტყუებოდა. მეორე შემთხვევა? ბებიაჩემს სტუმრად მივყავდი, როცა ხელი გავუშვი, გავექეცი და ბოგირზე გადავირბინე. შემთხვევით ნაკადულში ჩავვარდი. წყალმა წამიღო. ორ წამში მილში აღმოვჩნდი. დღესაც ვერ ვხვდები, სიკვდილს როგორ გადავურჩი.

- რომელია შენთვის ყველაზე ტკბილი მოგონება?
- ბავშვობის დიდი ნაწილი სოფელში გავატარე. ბუნებასთან სიახლოვე ჯანსაღ მენტალურ და ფიზიკურ განვითარებაში დამეხმარა. ორი წელი ახალსოფელში ვსწავლობდი. ლეკები ჩამოდიოდნენ, ყველი ჩამოჰქონდათ და პროდუქტს ცვლიდნენ. დასასვენებლად ცხენებს ბავშვებს გვაბარებდნენ. ჩვენ შემოვახტებოდით უნაგირის გარეშე და ვჯირითობდით.

- სევდიანი?
- დედა რამდენიმე წელი ავად იყო და სკოლაში ვერ მაკითხავდა. თავის მხრივ, თბილისის და აფხაზეთის ომებმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვეს. მტკივნეულად აღვიქვი სოფლის დეგრადაციაც, რომელიც 90- იანი წლებიდან დაიწყო.

- ჩერქეზეთში გატარებულ პერიოდზე მოგვიყევი.
- დედაჩემი ჩერქეზია. თბილისის სამოქალაქო ომის პერიოდში ორი წელი ჩერქეზეთში გადავედით საცხოვრებლად. პირველად ჩერქეზ გოგონას ვაკოცე ტყეში. ის სულ დამდევდა, მეც ვერთობოდი. ერთხელ მიმღერა: ''а ты скажи, ты скажи что тебе надо? может дам, может дам что ты хочешь." კოცნა საერთოდ არ მესიამოვნა. სამაგიეროდ ერთი სული მქონდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და უბნის ბიჭებისთვის მომეყოლა, რომ გოგონას ვაკოცე.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?
- სკოლას ხშირად ვაცდენდი. ფეხბურთის თამაში მერჩივნა. ერთადერთი საგანი, რომელიც მეხერხებოდა ლიტერატურა იყო. თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი და მე- 9 კლასში ნინო მასწავლებელზე ვიყავი შეყვარებული. სიყვარულს ვუხსნიდი ხოლმე. მისმა ქმარმაც კი დაიწყო ეჭვიანობა. მერე ამიხსნეს, ასე მოქცევა არ შეიძლებაო და თავი დავანებე. (იცინის) კლასელებს ჩემთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ. ერთხელ დამჭრეს კიდეც. ჩემთვის ვიჯექი, ვიღაც კვაზიმოდო მომიახლოვდა თუ არა რამდენჯერმე ჩხვლეტა ვიგრძენი. დავიხედე და სისხლი დავიანხე. გაირკვა, რომ გოგოს, რომელიც ამ ბიჭს უყვარდა, მე მოვწონდი. თავად ამ გოგონას გრძნობების შესახებ არაფერი ვიცოდი.

- ოჯახის წევრები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობდნენ?
- ფრთხილად იყავი, ყველას ნუ ენდობი და ყველასთან ნუ მეგობრობო. დღეს როცა მამა ვარ, ვიცი რასაც გულისხმობდნენ.

- რაზე ოცნებობდი?
- ფეხბურთელობაზე, მომღერლობაზე და მსახიობობაზე. 14 წლის ასაკში უბნელების დაჟინებული თხოვნით ფეხბურთის თამაში დავიწყე და 18 წლის ''ჯორჯიაში," უმაღლეს ლიგაში აღმოვჩნდი. ჩემს ასაკში ბევრი რაღაც უბედურებას გადაეყარა, მე სპორტმა გადამარჩინა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო თამაშს თავი დავანებე. ვნანობ, რომ ფეხბურთელი არ გამოვედი.

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?
- ყბაყურა მჭირდა 4- 5 წლის ვიქნებოდი. დიღმის საავადმყოფოში ვიწექ. პალატაში მეორე ბავშვი შემოიყვანეს ყბაყურათი. ყბაყურიანები ერთმანეთს ვუყურებდით და ვიღიმოდით, ეს დამამხსოვრდა. სერიოზული გრძნობა? ალბათ კესო.

- თინეიჯერობისას ხასიათი დაგიძიმდა?
- არა. ვერც კი ვიგრძენი გარდატეხის ასაკი. ბავშვობის მერე, მგონი, საერთოდ არ შევცვლილვარ.

- პირველად რატომ დათვერი?
- ნერვიულობის ფონზე. ერთი გოგო მომწონდა, ძმაკაცთან ერთად სტუმრად მივედი მასთან, როცა ქმარი შინ არ იყო.
მღელვარების მოსახსნელად ბევრი დავლიე. საპირფარეშოში შევედი და გავითიშე.

- რით განსხვავდებიან დღევანდელი თინეიჯერები შენი თაობის მოზარდებისგან?
- ჩემს დროს თინეიჯერები უფრო თვითმყოფადები იყვნენ, ახლა ბევრი ინფორმაცია შემოდის და ყველაფერი ფასადური გახდა. თუმცა მშობლებზე მეტად მიჯაჭვულები იყვნენ. საერთო ჯამში კარგი თაობა მოდის.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კოკო
ყველა ამას როგორ დასდევს?!
15:39 / 27-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS