10 მაისი, 2013
როდის წერდნენ ერთობლივ პოემებს გელა ჩარკვიანი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი
დიდი ჭკუის ინდიკატორი ის არ არის, რომ, მაგალითად, რემარკი ან ჰემინგუეი იცი.
გელა ჩარკვიანს კარგი მეხსიერება აქვს. საუბრის დასაწყისში იგონებს, როგორ გაუკვირდათ მის მშობლებს, როცა ბავშვობაში ერთი რუსული პოემა წაუკითხეს და მაშინვე ზეპირად წარმოთქვა. კარგად იმახსოვრებდა ლექსებსაც. ''ლონდონიდან საქართველოში მარტო რომ მოვფრინავდი, ექვსი საათის განმავლობაში შემეძლო, ლექსები შეუჩერებლად მეკითხა...'' - აქვე აღნიშნა მან.

- ჩემს ძიძას მარუსია ერქვა. მაშინ ძიძების უმეტესობა რუსები იყვნენ, ომს გამოქცეულები, მათ შორის არტისტული ელიტა საქართველოს აფარებდა თავს. მამა, ''ცეკას'' პირველი
მდივანი, ძალიან განათლებული კაცი იყო და ლიტერატურა კარგად იცოდა. მშობლებს ყოველთვის სურთ, ის ლიტერატურა იკითხო, რაც მათ აქვთ წაკითხული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდათ მათზე მეტი იცოდე.
მეც ვკითხულობდი ყველაფერს, რაც იმ დროს ბავშვებისთვის იყო მიღებული. ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ანდერსენისა და ძმები გრიმების ზღაპრებზე. ალბათ ეს ავტორები დღესაც რჩება მსოფლიო ბავშვებისთვის აქტუალურად. ვცდილობ, ჩემი პატარა შვილიშვილიც იცნობდეს ამ კლასიკას, თუმცა ავტორები დროთა განმავლობაში მაინც იცვლებიან. ჩვენთვის მთავარი და აუცილებელი იყო წაგვეკითხა ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, ფენიმორ კუპერი, ჯეკ ლონდონი.
- შვილიშვილს რა წიგნების, რომელი ავტორების წაკითხვას ურჩევთ?
- ნანა ლონდონში სწავლობდა, ახლა თბილისში ფრანგულ სკოლაში დადის. მან ერთნაირად იცის ქართული და ინგლისური. ნათქვამი მაქვს და გავიმეორებ, რომ ქართული ჩვენი ენაა და ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ, ინგლისური მსოფლიო ენაა და მისი ცოდნაც აუცილებელია, რუსული რეგიონული ენაა, მისი საშუალებით უნდა ელაპარაკო მეზობელს: სომეხს, აზერბაიჯანელს, ჩეჩენს, რუსს. მეოთხეა ფრანგული, რომ ''ენა გამოუყო'' ინგლისელსა და ამერიკელს (იღიმის). ეს რაც შეეხება ენების შესწავლას და მათ ცოდნას, შემდეგ უკვე მოდის საგნები. დღევანდელი ევროპული კულტურა, ფაქტობრივად, დაფუძნებულია ორ ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე, ერთი არის კლასიკური, ანტიკური, ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურა, ამიტომ ბავშვმა იცის ასი ბერძნული მითი და ნასწავლი აქვს ინგლისურ ენაზე, ხოლო მეორეა ქრისტიანობა. ეს არის ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, რომელსაც ის ასევე კარგად იცნობს.
- წიგნები, მხატვრული ლიტერატურა კომპიუტერში თუ წაგიკითხავთ?
- მე არა, მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად კითხულობენ. ელექტრონული წიგნები თან დააქვთ. ესეც კითხვაა, ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით ქაღალდთან შეხებას. ინგლისში რომ ვცხოვრობდი, უამრავს ვკითხულობდი. ელჩი რომ ხარ, არ შეიძლება არ იცოდე, რა ხდება მსოფლიოში. ყოველდღე შეხვედრაზე ხარ, გესაუბრებიან დიპლომატები და თუ შეგამჩნიეს, რომ რაღაც არ იცი, შენი რეპუტაცია დაეცემა. ბუნებრივია, ვკითხულობდი კომპიუტერში სხვადახვა საიტზე, მაგრამ მაინც მიჩნდებოდა სურვილი, რომ გაზეთი წამეკითხა. ინგლისში ყველაზე პოპულარული და ცნობილი გაზეთია ''ზი თაიმსი''. მას აუცილებლად ვიღებდი და ყავის დალევის დროს ვკითხულობდი. ძალიან მსიამოვნებდა, გაზეთი ხელში რომ მეჭირა. ალბათ ეს ჩვევაა. ვერ გეტყვით, მომავალში ადამიანს მსგავსი სურვილი გაუჩნდება თუ არა, მაგრამ დღევანდელ ადამიანს, ჩემნაირს, უნდა, რომ ხელში ქაღალდი შეიგრძნოს.
- ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ჯეკ ლონდონს, ჰიუგოს და სხვა ავტორებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთ ბევრს უკვირს, როცა ამ მწერლების შემოქმედებაზე ვიწყებთ ლაპარაკს. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- ამ თემაზე ჩემი თეორია მაქვს. საბჭოთა სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ არჩევანს თავად არ აკეთებდი. გაწვდიდნენ ძაბრში გატარებულ მსოფლიო ლიტერატურას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ლიტერატურა იყო, მაგრამ მრავალი ავტორი იზღუდებოდა. გამოსცემდნენ ამა თუ იმ ავტორის ყველა ნაწარმოებს. 30 ტომი ბალზაკი, მრავალი ტომი მოპასანი და სხვა, აუცილებელი იყო პარტიული ელიტის წარმომადგენლებს ჰქონოდათ და ყველგან კარადებში ერთი და იმავე ტიპის წიგნები ეწყო. ხშირ შემთხვევაში მათ არავინ კითხულობდა. არა მგონია, ვინმეს ის სრული კრებულები წაეკითხა.
ჩვენ, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, საზღვარგარეთის ლიტერატურას გვაწვდიდა ჟურნალი ''ინასტრანნაია ლიტერატურა'', რომელიც რუსულ ენაზე გამოდიოდა. საბჭოთა ინტელიგენცია და სნობების ჯარი სწორედ ამ ჟურნალს კითხულობდნენ და ამით ზომავდნენ სხვის ჭკუასა და ინტელექტს. თუ ადამიანმა არ იცოდა, იქ რა დაიბეჭდა, ის მეორეხარისხოვნად ითვლებოდა. 50-იანი წლების ბოლოს ყველამ ვიცოდით რემარკი და ჰემინგუეი, რომლებიც მართლა საინტერესო მწერლები არიან. რომელიმე საბჭოთა ჟურნალისტი ამერიკაში რომ წავიდოდა, შეხვდებოდა, მაგალითად, ვინმე ფიზიკის მასწავლებელს, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო ჰემინგუეი და შეაფასებდა როგორც დეგენერატს. ეს მართალი არ არის. დიდი ჭკუის ინდიკატორი ის არ არის, რომ, მაგალითად, რემარკი ან ჰემინგუეი იცი. სამაგიეროდ, მათ მეტი ცოდნა გააჩნდათ, რადგან დიდი ასპარეზი ჰქონდათ, გაცილებით მეტი შეეძლოთ ენახათ, ემოგზაურათ და არანაირი ინფორმაცია მათთვის დახურული არ იყო. თუ ვიღაცამ ჰემინგუეი არ იცის, მას არაფერი აკლდება. ეს შეიძლება ლიტერატორისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმ ადამიანისთვის, რომელიც არ არის ლიტერატურით დაინტერესებული. ის შეიძლება სხვა საქმეში იყოს ბრწყინვალე პროფესიონალი. ამ თემაზე კამათი არაერთხელ მომსვლია.
- წიგნის კითხვის დროს რომელიმე პერსონაჟში თუ გიპოვიათ თქვენი ანალოგი, მსგავსება?
- პერსონაჟთან არა, უფრო მწერალთან, რაც მოხდა, მაგალითად, მწერალ ოლდოს ჰაქსლის შემთხვევაში. იგი ცოტა ცინიკოსია და მისი გმირები მრავალგანზომილებიანები არიან. წარსულში ხშირ შემთხვევაში გმირი ერთგანზომილებიანი იყო, დადებითი ან უარყოფითი. XX საუკუნის მწერლების გმირები ასეთები აღარ არიან, ისინი უფრო ნიუანსირებულები გახდნენ.
- როგორც რეალურადაა ცხოვრებაში...
- დიახ, მაგრამ ადამიანებს ისეთი გმირები უყვართ, რომლებშიც მკვეთრად გამოხატულია დადებითი თვისებები, ადამიანებს იდეალები იტაცებთ. შემდგომ პერიოდში ლიტერატურა შეიცვლა, იდეალური პერსონაჟები ან პირიქით, უარყოფითი, რჩებიან მხოლოდ ისეთ ფილმებში ან სერიალებში, რომლებიც შედარებით იაფფასიანია, მაგრამ სწორედ ასეთ ფილმებსა და სერიალებს ჰყავს ბევრი მნახველი (იღიმის).
- ბატონო გელა, არაერთი ნაჩუქარი წიგნი გექნებათ. ბევრს ცალკე თარო აქვს ავტორის ხელმოწერილი წიგნებისთვის გამოყოფილი. როგორია თქვენი ბიბლიოთეკა?
- რასაკვირველია, ასეთები მეც მაქვს, ნაჩუქარ წიგნებს ერთ თაროზე ვაწყობდი. იქ ბევრია როგორც მხატვრული, ასევე მეცნიერული ლიტერატურა, მაგრამ მე არასოდეს არაფრის კოლექცია არ მომიგროვებია. მამას საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც დაახლოებით 5 ათასამდე წიგნი ინახებოდა. დღეს ის ბიბლიოთეკა მე აღარ მაქვს. ამჟამად ჩემს ბიბლიოთეკაში ძირითადად მეცნიერული და ფილოსოფიური წიგნებია.
- პოეზიაზე არაფერი გვითქვამს...
- პოეზია ყოველთვის პროზაზე მეტად მიყვარდა. ქართველი ავტორებიდან ბარათაშვილი და გალაკტიონი, ასევე ბაირონი, პუშკინი, ვერლენი, ვერჰარნი, რემბო, ბლოკი, ბრიუსოვი, ახმატოვა, მაიაკოვსკი... მიუხედავად იმ თემატიკისა, რასაც მაიაკოვსი წერდა, ის დღესაც ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ დიდი პოეზია აქვს. პოეზია ჩემთვის ხელოვნების უმნიშვნელოვანესი სფეროა. ლექსებს თავადაც ვწერდი, მაგრამ არც ამას და არც მუსიკის შექმნას სერიოზულად არ ვუყურებდი, ნახევრად ხუმრობით ვაკეთებდი. თეორია კარგად კი ვიცი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი პოეტი და კომპოზიტორი ვარ.
- თავად ვის რა წიგნს ჩუქნით?
- ჩემს წიგნს ხშირად ვჩუქნი, რომელიც ინგლისურ ენაზეა. მასში შედის ჩემი საზღვარგარეთ წაკითხული ლექციები და გამოსვლები. წიგნი, რომელიც მინდა დავწერო, ჯერ არ დამიწერია. თუ ღმერთი მომცემს საშუალებას, დავწერ.
- რა წიგნის დაწერას აპირებთ?
- მემუარებს ვერ დავარქმევ, რადგან მასში რაღაც მხატვრული მაინც იქნება. არ მინდა, ბიუროკრატი დიპლომატის მემუარები დავწერო, თუმცა ვიცი, რომ ის ისტორიისთვის სასარგებლო იქნებოდა. მუშაობა დაწყებული მაქვს. ბიოგრაფია განსაზღვრავს, როგორ ვწერ წიგნს. ჩემი ბიოგრაფია არ იყო ჩვეულებრივი. ასეთად უკვე აღარ ითვლები, როცა ქვეყნის პირველი პირის ოჯახში იბადები. მართალია, ის საბჭოთა კავშირი იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ მამაჩემი მაინც პირველი პირი გახლდათ საქართველოში. დიპლომატია სჭირდებოდა მოსკოვთან, სტალინთან, მისი სურვილები რთულად, თუმცა მაინც სრულდებოდა. ხშირად მათ შეიძლება ახირებებიც ვუწოდოთ. ახირებებია ის, რაც შემდეგ თბილისში დარჩა, მაგალითად, ვაკის პარკი, თბილისის ზღვა, თბილისის მეტრო, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული, 11-წლიანი ქართული სკოლა, ქალაქი რუსთავი - ეს ყველაფერი მამაჩემის ახირებებია.
პირადად მე ვთვლი, რომ საინტერესო ცხოვრება მქონდა, მხოლოდ საქართველოს რომ შევეხოთ, პირველი პრეზიდენტი ჩემი თანაკლასელი იყო. მეგობრები არ ვიყავით, არც მერე და არც მაშინ, მაგრამ ერთ კლასში ვსწავლობდით. ჩვენი დედებიც ერთად სწავლობდნენ და ჩვენი ერთ კლასში შეყვანაც იმიტომ გადაწყვიტეს. მეორე პრეზიდენტთანც ვმუშაობდი და მისი მთავარი მრჩეველი გახლდათ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მესამე პრეზიდენტის მასწავლებელი ვიყავი და შემდეგ მასთან ელჩად ვიმუშავე.
- ზვიად გამსახურდია წერდა. თუ გახსოვთ, პირველად როდის გაეცანით მის ნაწერებს?
- ბავშვობაში ჩვენ ერთად ვწერდით პოემებს. მეექვსე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, მერე მე მოსკოვში გადავედი, მამა მოხსნეს და სკოლა იქ დავამთავრე. ცალ-ცალკეც ვწერდით და ერთადაც დაგვიწერია. პოემები ჩვენს თანაკლასელებზე იყო, რომლებიც იგავის პერსონაჟებად იყვნენ ქცეული. ის ჩვენი საერთო პოემები ახლაც შენახული მაქვს.
- ალბათ თქვენს წიგნში შვილებზეც დაწერთ, მეუღლეზე...
- რასაკვირველია, ჩემს ოჯახზეც. ირაკლის კარგად იცნობენ. ის არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი, ბევრი რამ გააკეთა და დაწერა. სხვათა შორის, ირაკლის მუსიკაზე ბევრი რამ მოგვიანებით გავიგე. ირაკლის სიმღერებზე საფორტეპიანო სუიტას ვწერ და მას ''ირაკლიანა'' ჰქვია. ის ახლა უფრო დავაფასე. ბრწყინვალე მელოდისტი იყო, კარგი კომპოზიტორი. ირაკლი სიახლისკენ რომ ისწრაფოდა და იყო ეპატაჟური, ეს მისი მეორე სახეა, მთავარი კი ისაა, რომ შექმნა ბრწყინვალე მელოდიები, კარგი სიმღერები, ლექსები, ლიტერატურა...
- ახლა რას კითხულობთ-მეთქი, უნდა მეკითხა და მაგიდაზე წიგნებს შორის ერთ-ერთი კანტია...
- დიახ, ახლა ქართულ ენაზე ვკითხულობ იმანუელ კანტის ''წმინდა გონების კრიტიკას'', რომელიც მანამდე ინგლისურად მაქვს წაკითხული. მიყვარს კანტის შემდგომი ფილოსოფიაც, მაგრამ მთლიანობაში მაინც კანტიანელი ვარ. ალბათ ეს ჩემს განწყობასაც შეეფერება. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ვარ. რეალობას ვუყურებ, როგორც ილუზიას. ნანა რვა თვის წინ გარდაიცვალა და ამ ხნის განმავლობაში არავითარი შემსუბუქება არ მაქვს, დღესაც ისე განვიცდი, როგორც განვიცდიდი. სწორედ ამის გამო მესაჭიროება ფილოსოფია...

ანა კალანდაძე

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნია
რა სამწუხაროა რომ ჩემს თაობაში ბატონი გელას მსგავსი მამაკაცები აღარ არიან. ვგიჟდები ამ ადამიანზე, არაჩვეულებრივი პიროვნებაა. აი, ასეთი თუ არა ამის ნახევარი მაინც უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი
00:56 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასილი
საწყალი, თანავუგრძნობ, ძალიან შემეცოდა!
10:25 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ბატონი გელას წიგნს ..ძალიან საინტერესო იქნება ..
09:42 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS