30 აპრილი, 2013
სოსო თოლორაია საქართველოში მეუღლის გარეშე დაბრუნდა
ქეთი ორჯონიკიძემ და სოსო თოლორაიამ, ერთმანეთი ერთი თვეც არაა, რაც გაიცნეს, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩინეს. გასულ კვირას მაესტროზე „მაგთიფანი“ დაიწყო. წამყვანებმა, ქეთი ორჯონიკიძემ და სოსო თოლორაიამ, ერთმანეთი ერთი თვეც არაა, რაც გაიცნეს, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩინეს. პირველი ეთერის წინ ორივე ნერვიულობდა, ქეთის წამყვანობაში გამოცდილი სოსოს იმედი ჰქონდა. ტელედუეტი სწორედ პირველი ეთერის წინ ჩავწერეთ.
ქეთი:
- პირველი ეთერის წინ ძალიან ვნერვიულობ. ჩემი, როგორც წამყვანის დებიუტი იქნება და მინდა, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. წამყვანობას ისე განვიცდი,
რომ სიმღერის დროს შვებით ამოვისუნთქავ. მე და სოსო ყველა კონცერტზე დუეტს ვიმღერებთ. მართალია, სოსოს ვოკალური მონაცემები აქამდეც ყველამ ვიცოდით, მაგრამ სოსო ახალ ამპლუაში წარდგება თქვენ წინაშე და შოკის მომგვრელი იქნება.
სოსო:
- (იცინის) გინდოდა გეთქვა, კოსტიუმებით ვიქნები შოკის მომგვრელი?
ქეთი:
- არა, ვოკალური მონაცემებით გააოცებ ყველას.
- „მაგთიფანის“ წამყვანებად თქვენ, ასაკით განსხვავებული და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები რატომ შეგარჩიეს?
სოსო:
- მგონია, რომ ჩვენი წამყვანობის მთელი ფოკუსიც ესაა, განსხვავებული ასაკი და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება. სამწუხაროდ, მე საქართველოში არ ვიყავი, როდესაც ქეთიმ „ვარსკვლავების აკადემიაში“ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მერე ამ პროექტის წამყვანებად რომ დაგვამტკიცეს და ქეთის შემოქმედებას გავეცანი, მივხვდი, რომ ძალიან თავისებურია და ყველა დანარჩენი მომღერლისგან განსხვავდება. უზომოდ ნიჭიერია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქეთი ახლა აქაა. მამუკა ღლონტს, როგორც წესი, ასეთი რაღაცები არ ეშლება. მამუკა ყოველთვის ირჩევს იმას, რაც ყველაზე საინტერესოა. პროექტის წესების მიხედვით, წამყვანებმა უნდა ვიმღეროთ და ვიცეკვოთ, რაც საქართველოში წამყვანებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ქეთის თავისუფლება მის შემოქმედებაში ძალიან დიდი დოზით იგრძნობა. პროექტიც ძალიან თავისუფალია. სავარაუდოდ, ამიტომაც შეარჩიეს წამყვანად ქეთი. მე კი, უბრალოდ, დავიწყებული სახე ვარ და ხომ იცით, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ქეთისთან დუეტი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე ჩემი თავის მიმართ და ზოგადად დუეტი არ მიყვარს, რადგან რთულია მასზე მუშაობა. ჩვენ ეს სირთულეები გადავლახეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ქეთის დიდი ხანია, ვიცნობ და ბევრი საერთო გვაქვს.
ქეთი:
- „მაგთიფანში“ ოჯახური და თავისუფალი სიტუაციაა. პროექტის ხელმძღვანელების მხრიდან დემაგოგიური და ისტერიკული დამოკიდებულება არ არის. ასეთ დროს იოლია მუშაობა. სოსოსნაირი გამოცდილი ადამიანის გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ქეთი, როგორ ფიქრობ, წამყვანობისას ყველაზე რთული რა არის?
- ჩემთვის ყველაზე რთული ტექსტის დამახსოვრებაა. ხანდახან სიმღერის ტექსტები მავიწყდება ხოლმე და წამყვანის ტექსტები ხომ გაცილებით მასშტაბურია, მაგრამ სოსომ იმდენად შემიყვანა წამყვანობის მუღამში, რომ ვამჩნევ, ნელ-ნელა მიიოლდება.
სოსო:
- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეცდომები არ გვქონდეს. ეს ძალიან ცუდის ნიშანია, ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი და ეს ყველა პროექტს თან ახლავს. მთავარია, ორივე იმდენად თავისუფალი ვიყოთ, რომ მაყურებელს შეცდომა თვალში ცუდად არ მოხვდეს.
- „მაგთიფანზე“ ამბობენ, რომ ის შეიძლება ჰგავდეს „ვარსკვლავების აკადემიას“. ქეთი, ამ პროექტის ფინალისტი ხარ და ყველაზე კარგად შენ უნდა იცოდე, ჰგავს თუ არა ეს ორი პროექტი ერთმანეთს.
სოსო:
- სანამ ქეთი უპასუხებს, გეტყვით, ყველა ფილმი სიყვარულზე ჰგავს ერთმანეთს, იმიტომ რომ თემა სიყვარულია. შესაბამისად, ყველა მუსიკალური პროექტი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რადგან ყველგან მღერიან.
ქეთი:
- ერთადერთი, რაშიც ეს ორი პროექტი შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს, ისაა, რომ სახლში ცხოვრობენ. მაგრამ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია. „მაგთიფანს“ ჰყავს ანტიჟიური და რეზერვისტები.
სოსო:
- რეალური შოუ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა და სხვა დანარჩენი მისი გადამღერებაა, ასე რომ, არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ასეთი შოუს მომზადებისას ან პირველები არიან, ან უკანასკნელები. ვიღაცები ერთად რომ ცხოვრობენ და ეს ყველაფერი ონლაინრეჟიმში შუქდება, ასეთი შოუ ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა. საქართველოში კი პირველი რეალური შოუ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ, მამუკა ღლონტს ჰქონდა - „ამტანი“. „მაგთიფანში“ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პროექტში წაგებული არავინაა. შეიქმნება ბენდი, რომელიც ჩაწერს ალბომს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს. შეიძლება, პირველივე ტურში გავარდნილი მონაწილე აღმოჩნდეს გამარჯვებულის ბენდში.
ქეთი:
- მაქსიმალურად ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ნიჭიერება არ დაიკარგოს!..
სოსო:
- აქამდე, ყველა მუსიკალური პროექტი რომ მთავრდებოდა, პროექტის მონაწილეების კარიერული წინსვლა მთავრდებოდა. მათ შორის იყო ქეთი ორჯონიკიძეც. უბრალოდ, ეს ადამიანი იმდენად ნიჭიერი იყო, არ გაჩერდა და საკუთარ თავზე სულ მუშაობდა. „მაგთიფანის“ ძირითადი ხიბლი ისაა, რომ ყველაფერი, ფაქტობრივად, მაშინ იწყება, როდესაც პროექტი სრულდება.
ქეთი:
- ვფიქრობ, ვინც ამ პროექტში მოხვდა, უკვე გამარჯვებულია. ძალიან ბევრი კარგი რამ ელოდებათ.
სოსო:
- მონაწილეების პედაგოგები არიან ზაზა ხუციშვილი, მანანა მორჩილაძე, ნინა ჩაჩავა, გარდა ამისა, მამუკა ღლონტი ძალიან წარმატებული პროდიუსერია. გვახსოვს ლექს-სენის და სხვა დანარჩენი პროექტები. სპორტის სასახლისა და სტადიონის გავსება სხვას არ შეეძლო, როდესაც ხალხს ძალიან უჭირდა და პურის ფული არ ჰქონდა, ხალხი მაინც მოდიოდა მამუკას პროდიუსერობით მოწყობილ კონცერტებზე, რადგან მან იცის, როგორ მიუდგეს საქმეს.
- სოსო, პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდი. ქეთი, სოსოს გადაცემებს უყურებდი?
- ძალიან პატარა ვიყავი, სოსოს „ტოროლა“ რომ მიჰყავდა. მახსოვს, მის გადაცემაში მესიჯებსაც კი ვგზავნიდი.
- სოსო, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ...
- რვა წელია, რაც ამერიკაში წავედი. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი ჩემი შვილია ხოლმე, რომელიც ჯერჯერობით საქართველოში ცხოვრობს. ვერ მოხერხდა მისი ამერიკაში წაყვანა. როდესაც მამუკამ ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა, პირველ რიგში, იმიტომ გამიხარდა, რომ ანდრეასთან ერთად გავატარებდი სამ თვეს. რვა წლის განმავლობაში ხან ერთი, ხან ორი კვირით ჩამოვდიოდი, მაგრამ ემიგრანტისთვის ეს ძალიან ცოტა დროა, რომ ყველა ძმაკაცი და ნათესავი ნახო.
- ქეთი, სოსომ ამ პროექტის გამო ცხოვრება შეიცვალა. შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?
- დავიბრუნე ჩემი თმის ფერი. „რიჟა“ გავხდი. ფრჩხილები გავიზარდე. წამყვანობის განცდა გამიჩნდა. პრინციპში, ყველაფერი კარგისკენ შეიცვალა. როდესაც ასეთი სასიამოვნო სამსახური ჩნდება, ყველაფერი კარგისკენ იცვლება. მე ზოგადად სამსახურთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. როგორც კი ჩარჩოები და ვალდებულებები ჩნდება, უხერხულად ვგრძნობ თავს და დისკომფორტი მექმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. სიმღერის კონკურსია და ეს ჩემთვის უინტერესო ვერ იქნება. გარდა ამისა, მეძლევა საშუალება, თითოეულ კონკურსზე ორ-ორი სიმღერა შევასრულოთ. ეს ჩემთვის კიდევ ერთი პრაქტიკა და ჩემი შესაძლებლობების გამომჟღავნების საშუალებაა.
სოსო:
- მით უმეტეს, რომ „მაესტრო“ სრულ თავისუფლებას გვაძლევს. „მაესტროში“ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც თავაწეულები მშვიდად დადიან, იმიტომ, რომ თავისუფლად გრძნობენ თავს. წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როდესაც „მაესტროს“ თეფშებს ართმევდნენ და იმაზე აღარ ფიქრობენ, ეროსი კიწმარიშვილი არ გადმოძვრეს კედელზეო.
ქეთი:
- ჩემგან განსხვავებით, პოლიტიკაში რაც ხდება, სოსომ ყველაფერი გადასარევად იცის.
- სოსო, როგორც ვხვდები, ყოფილი შეყვარებულის, თიკო სადუნიშვილისგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრი გაქვს. 19 აპრილს თიკო მიტინგზე ნაციონალების მხარდამჭერთა რიგებში იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც, უბრალოდ, აინტერესებდა, რა მოხდებოდა, შენც ხომ არ წახვედი?
- მიტინგებზე არ დავდივარ, მით უმეტეს ოპოზიციის მოწყობილ მიტინგებზე.
- რაც საქართველოში ჩამოხვედი, თიკო სადუნიშვილი ნახე?
- არა, სამწუხაროდ. ჩვენ ინტერესის სხვადასხვა სფერო გვაქვს და ჯერჯერობით არ მოხერხდა შეხვედრა.
- მეუღლე ჩამოვიდა საქართველოში?
- მაისში ჩამოვა. მუშაობს და თან სწავლობს, ამიტომ ჯერ ვერ მოახერხა ჩამოსვლა.
- ვიცი, რომ ამერიკაში ძალიან ბევრს მუშაობდი. რაზე მოგიწია უარის თქმამ იმისთვის, რომ „მაგთიფანის“ წამყვანი ყოფილიყავი?
- ქართულ სათვისტომოში დაარსდა ემიგრანტების თეატრი, სადაც მე სხვადასხვა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. ბოლოს „თეთრ ბაირაღებში“ ვთამაშობდი. პირველ რიგში, ამ თეატრში თამაშზე მომიწია უარის თქმამ. შესაბამისად, ამ თეატრთან დაკავშირებულმა გეგმებმა მომავლისკენ გადაინაცვლა. იყო სხვა გეგმებიც. რომ ჩამოვედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკაში ყველაფერი დავამთავრე.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- იურიდიული აქვს დამთავრებული, ადვოკატია. ახლა უძრავი ქონების აგენტობას აპირებს. ეს სფერო საქართველოში ნელ-ნელა აქტიურად იკიდებს ფეხს. ვცდილობთ, საქართველოში დავმკვიდრდეთ. ჩემი მეუღლე ცოტა ხანში დაგვიბრუნდება, როგორც უძრავი ქონების აგენტი.
- ქეთი, სოსოს პირად ცხოვრებაზე ბევრი ვისაუბრეთ. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- საქმეზე მკითხეთ. შემოქმედი ადამიანი საინტერესო თავისი შემოქმედებით უნდა იყოს და არა პირადი ცხოვრებით. პირად ცხოვრებაზე შეგიძლიათ, იმ ხალხს ელაპარაკოთ, რომლებიც სხვა არაფრით არ არიან საინტერესო.
- ზოგს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრებაც ძალიან ბობოქარი აქვს...
- ჩემ შემთხვევაში შემოქმედებაზე დასმული შეკითხვებიდან ბევრად უფრო საინტერესო ინფორმაციას მიიღებ.
- ე.ი. საინტერესო არაფერი ხდება პირად ცხოვრებაში?
- ახლა მთლიანად „მაგთიფანით“ ვართ დაკავებულები. რომც მქონდეს პირადი ცხოვრება, ძალიან მალე დაინგრეოდა.
სოსო:
- ქეთის ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს. რამდენიმე მათგანი გავიცანი. მსგავსი საოცრება არ მინახავს, რეპეტიცია ხანდახან ხუთ და ექვს საათს გრძელდება, ეს ბავშვები მანქანით ელოდებიან და საჭმელი მოაქვთ მისთვის. ასეთი მეგობრები მართლა ძალიან იშვიათია. ქეთის ძალიან ახლოს არ ვიცნობ და შემიძლია წარმოვიდგინო, ასეთი მეგობრები რომ ჰყავს, მათთვის რამდენად თავდადებულია თვითონ. საქართველოში ძალიან ხშირად ხდება, რომ მეგობრობით ამოიწურება მთელი პირადი ცხოვრება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS