27 აპრილი, 2013
ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს
''მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი ლექსებს, და საერთოდ, შეუძლებელია ადამიანს კარგი პოეზია არ უყვარდეს, ლექსის წაკითხვის სურვილი არ მაქვს''. პროფესიიდან გამომდინარე, არაერთი მოსაზრება მომისმენია, მათ შორის წიგნებთან და ზოგადად ლიტერატუსათან დაკავშირებით, მაგრამ მათ შორის ირინა სარიშვილის აზრი მაინც გამორჩეულად მეჩვენა. ჩვენი სასაუბრო თემა პირველი წიგნები, ლიტერატურისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ზოგადად, ამა თუ იმ ნაწარმოების შეფასება იყო...

- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. ყველა ქვეყნის ზღაპარი ცალ-ცალკე წიგნად იბეჭდებოდა და სავარაუდოდ, ჩემი პირველი წიგნიც
მათგან ერთ-ერთი იქნებოდა. ზღაპრებს კარგა ხანი ვკითხულობდი, მგონი, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინაც კი. კარგ ზღაპარს დღესაც სიამოვნებით წავიკითხავ. რაც შეეხება სერიოზულ ნაწარმოებს, ეს იყო ''ჯეინ ეარი''. თუ წიგნი მომეწონა, დღემდე ბევრჯერ მიყვარს იმ ერთი და იმავე ნაწარმოების კითხვა. ბევრი წიგნი სამჯერ-ოთხჯერ მაქვს წაკითხული, დაახლოებით ერთი თვის ინტერვალით. თუ წიგნი მომეწონა, კარგა ხანს არაფერს ვკითხულობ, მინდა მცირე ხნით მაინც შევინახო მიღებული შთაბეჭდილება.
- ამგვარი დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დღემდე რომ მოგყვებათ, რომელია?
- არ მიყვარს რომანები. კი, ვკითხულობ, მაგრამ გაცილებით მიყვარს მცირე ზომის ნაწარმოებები, მაგალითად ნოველები, მოთხრობები. მარკესის ''პოლკოვნიკს არავინ სწერს'' დღემდე ჩემი საყვარელი მოთხრობაა. და რადგან დღემდე ასეა, ალბათ მუდმივად ასე დარჩება.
- ნოველებითა და მოთხრობებით ქართველი ავტორებიც გვანებივრებენ...
- ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, გურამ დოჩანაშვილს დავასახელებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე თამაზ ჭილაძეს. ბოლოს წავიკითხე ლევან ორახელშვილის ''მისტერ მემედ ეფენდის მისტერიები'', რომელშიც მცირე რომანი და რამდენიმე მოთხრობაა შესული.
- ბავშვობაში, როცა რომელიმე ნაწარმოების შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, გვინდა მის რომელიმე პერსონაჟს ვგავდეთ, ან თავს ვამსგავსებთ...
- თავი არავისთვის მიმიმსგავსებია. გასაგებია, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამგვარი რამ ჩემგან წარმოუდგენელია, რადგან ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, ჩემთვის ცალკე არსებობს და არანაირად არ ვაკავშირებ ცხოვრებასთან. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ანალოგიებს აკეთებენ და ამა თუ იმ ნაწარმოებს, თუ წიგნიდან ეპიზოდს ცხოვრებას ადარებენ. ჩემთვის ხელოვნება ხელოვნებისთვისაა.
- ანუ არ მიგაჩნიათ, რომ ხელოვნება სინამდვილის ასახვაა მხატვრული სახეებით?
- არა, ეს არის სხვა სინამდვილე, რამდენადაც ის არ ასახავს ყოფით რეალობას. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არსებულის ფურცელზე სიტყვებით გადატანა არასოდეს იქნება გამართული და მხოლოდ სიყალბე დარჩება. გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს ''დორიან გრეის პორტრეტიდან''. მსახიობი ქალი არაჩვეულებრივად თამაშობს შეყვარებულის როლს, მაგრამ როცა მას ნამდვილად შეუყვარდება, ის იმ როლს ვეღარ ითამაშებს - გააფუჭებს. საერთოდ, ლიტერატურა და მუსიკა ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა. პირველი შენს პიროვნებას, შენს ცხოვრებას შეეხება და გადაგიყვანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, გაგახსენებს რაღაც წუთებს, და არსებობს მეორე, რომელსაც არსად გადაჰყავხარ და თავად ქმნის რაღაც ახალს შენში. ჩემი აზრით, ეს მეორე უფრო მაღალი ხარისხისაა და ეხება როგორც ლიტერატურას, ასევე მუსიკას.
- ბევრი გვეუბნება, რომ დღეს კლასიკას უბრუნდება, რადგან თანამედროვე ავტორებთან ის სიმაღლეები ვერ იპოვა, რაც თავის დროზე კლასიკოსებში აღმოაჩინა...
- ეს საკამათო თემაა, მე არ ვიცი, რას დებენ ცნებაში ''კლასიკა''. წლების შემდეგ შეიძლება კლასიკად ნებისმიერი თანამედროვე ნაწარმოები გადაიქცეს. თუ ისინი სტილს გულისხმობენ, ის კლასიკაშიც სხვადასხვაა. მაღალი ხარისხის ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, თუნდაც შენთვის აბსოლუტურად მიუღებელი მიმდინარეობისაც კი, ზოგჯერ მოგწონს. მაგალითად, მე საშინლად არ მიყვარს რეგეის მიმდინარეობა მუსიკაში, მაგრამ ბობ მარლეის დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ის იმდენად გენიალური შემსრულებელია, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ მიმდინარეობას ვუსმენ და ვერ ვიტყვი, რომ ის არ მიყვარს. ასეა თანამედროვე ლიტერატურის შემთხვევაში და მასზე ხელაღებით საუბარი ძნელია. ბევრად მეტია ხელოვნურობა, ტვინის დამხლართველი, არაბუნებრივი და ფიქრით ნაწამები ნაწარმოებები, მაგრამ ალბათ ასეთები გასულ საუკუნეებშიც იყო, უბრალოდ, რაც კარგია, ის შემოგვრჩა და რაც არა, იმან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასე მოხდება მომავალშიც, თანამედროვე ლიტერატურიდანაც მომავალში ის დარჩება, რაც კარგი და ბუნებრივია. უვარგისი ლიტერატურა მომავალ თაობებს აღარ ემახსოვრება.
- დღეს რამდენად ხშირად ახერხებთ კითხვას?
- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. მეტსაც გეტყვით, რა თქმა უნდა, სერიოზულ ლიტერატურაზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ ბოლო პერიოდში მირჩევნია რაიმე მარტივი ვიკითხო. ბოლოს წავიკითხე პაოლო კოელიო. მას შემდეგ ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ავტორის ნაწარმოებები ასე დიდი რაოდენობით წამეკითხა. საერთოდ, დაღლილი ვარ და ვფიქრობ, მარტო მე არ ვარ ასე. ამიტომ ფილმიც და ნაწარმოებიც მირჩევნია მარტივი და უფრო მეტად ისეთი, რომელიც ტვინს ავარჯიშებს. მაგალითად, დეტექტივი, რომელიც, თუ ცალკეულ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, ნამდვილად არაა მაღალი ხარისხის ლიტერატურა. ვისვენებ ამგვარი წიგნების კითხვისას ისევე, როგორც მაშინ, როცა უკვე მრავალჯერ ნანახ ფილმს ვუყურებ. ოღონდ ყველას არა, რა თქმა უნდა (იღიმის).
- აღნიშნეთ, რომ კოელიოს შემოქმედებას გაეცანით. ამ ავტორის თქვენეული შეფასება გაგვიზიარეთ...
- არ გადავრეულვარ, მაგრამ არ მომწონს-მეთქი, ვერც იმას ვიტყვი. მის შესახებ ბევრი კარგი მქონდა გაგებული და მეტს ველოდი. დედა, ეს რა ვნახე და რა წავიკითხე-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არ არის ის ლიტერატურა, რაც ჩემთვის მუსიკაში დისკოა, ანუ ზედმეტი. კოელიო მაშინ გამოჩნდა, როცა მე ასაკით პატარა აღარ ვიყავი, ეს ავტორი უფრო მეტად თინეიჯერებმა და 20-25 წლამდე ადამიანებმა შეიძლება იკითხონ, რადგან მათთვის უფრო მისაღები იქნება. იმ ასაკში ნახევრად მისტიკური თემები, ცოტა რთული ენა, მარიაჟული მომენტები ხიბლავთ, ეს მათთვის იქნება კარგი საფეხური სხვა, მეტად მაღალი ხარისხის ლიტერატურისკენ.
- საჩუქრად მიღებული და თქვენთვის ძვირფასი წიგნები დაგვისახელეთ...
- ისე მოხდა, რომ ჩემთვის წიგნი არავის უჩუქებია (იღიმის). და მგონი, მეც არავისთვის, ასეთი რამ არ მახსოვს.
- თქვენი პოეზიისადმი დამოკიდებულება...
- მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი ლექსებს, და საერთოდ, შეუძლებელია ადამიანს კარგი პოეზია არ უყვარდეს, ლექსის წაკითხვის სურვილი არ მაქვს.
- ეს დღეს, თუ არასოდეს გიყვარდათ?
- არასოდეს მიყვარდა. მეზარებოდა ზეპირად სწავლა და ვერც ვსწავლობდი. თუ ლექსი მომეწონებოდა, თუ ძალიან გრძელი არ იყო, ერთხელ წავიკითხავდი და ზეპირად ვიცოდი. მგონი, სკოლის წესმა, დაზეპირებამ იმოქმედა ჩემზე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია სტროფ-სტროფი იმეორო და იზეპირო. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად არ მიყვარს პოემები.
- არ ვიცოდი, ლექსებს თუ წერდით. ეს რა პერიოდში ხდებოდა?
- შორეული ბავშვობიდან ვწერდი, პერიოდულად, მაგრამ ამაზე სერიოზულად გადართული არ ვყოფილვარ.
- თემა?..
- ხან რა და ხან რა. განსაკუთრებული არაფერი.
- ვინმეს აკითხებდით?
- არა, არავისთვის წასაკითხად არ დამიწერია.
- იმ ლექსებს დღემდე ინახავთ?
- რვეული სულ თან მქონდა, ჩემთვის, მაგრამ იმდენჯერ მომიხდა ბინებში გადასვლა-გადმოსვლა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო ხუთი წელია ვერსად ვპოულობ. სავარაუდოდ, დავკარგე. თუ ჩემი ლექსები ვინმემ იპოვა და თავისი სახელით გამოაქვეყნა, აუცილებლად შეგატყობინებთ (იცინის).
- ბავშვებზეც ვისაუბროთ. რა ხნის არიან თქვენი შვილები?
- ლუკა 16-ის, ირაკლი 15-ის, საბა 10 წლისაა.
- უფროსი ასაკის ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ უფრო მეტს კითხულობდით, ვიდრე ახალი თაობა...
- რა თქმა უნდა, ასეა. მეტიც, თუ ჩვენს მშობლებს ჰქონდათ პრობლემა, რომ ბავშვს ტელევიზორისთვის ნაკლებად ეყურებინა და წიგნი ეკითხა, დღეს კურიოზამდე ვართ მისული - მირჩევნია ბავშვმა მეტი დრო დაუთმოს ტელევიზორს, ვიდრე კომპიუტერს. წიგნი საერთოდ აღარ არსებობს. ძალიან იშვიათად კითხულობენ რამეს, ისიც თუ ყურს მოჰკრავენ, ან სოციალური ქსელით ხდება რაიმე ცნობილი. ყველა ბავშვი ინტერესდება იაფფასიანი ეფექტებით და ეს ასეა. ზუსტად არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ახლა წიგნების ელექტრონული ვერსიები არსებობს, რომ სახლში ბიბლიოთეკები არ იყოს საჭირო. შეიძლება ძალიან ბარბაროსულად ჟღერს, მაგრამ თუ ამის ხათრით, თუნდაც კომპიუტერის ეკრანიდან ვინმე კითხვას დაიწყებს, მაშინ შეიძლება ეს ფაქტი გავამართლოთ. IV-V კლასამდე ბავშვებს ძილის წინ ყოველთვის ვუკითხავდი იმ ლიტერატურას, რაც სკოლაში არ ისწავლებოდა. ვგულისხმობ ''ტომ სოიერის თავგადასავალს'', ''კარლსონს'' და მსგავს ნაწარმოებებს, მაგრამ დღეს რომელიმეს რომ ვკითხო, ბოლოს რა წაიკითხე-მეთქი, უცნაურად გამომხედავენ.
- წლების განმავლობაში წიგნებს სხვადასხვა გზით ვკარგავთ. განსაკუთრებით რომელზე გწყდებათ გული?
- ბლოკის ყვითელყდიანი წიგნი მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ლექსები ზეპირად ვიცოდი. პიანინოს პიუპიტრზე ვდებდი, გადავშლიდი, ვუკრავდი და იმ ლექსებზე ვწერდი მუსიკას. ეს შეიძლებოდა რამდენიმე საათს გაგრძელებულიყო. არ ვიცი, სად გაქრა და დაიკარგა ის წიგნი, მაგრამ ძალიან დამწყდა გული.
- გამოდის, რომ ბლოკი გამონაკლისი იყო და მისი პოეზია გიყვარდათ...
- მისი ლექსები მომწონდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იმ ლექსებზე ვქმნიდი მუსიკას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მსგავსი რამ არც ლერმონტოვზე გამიკეთებია და არც რომელიმე ქართველ ავტორზე.
- ეს რა ასაკში ხდებოდა, სკოლის პერიოდში?
- კი, სკოლის პერიოდში, თორემ სტუდენტს რომ ეს გამეკეთებინა, ძალიან დაგვიანებული ბავშვობა იქნებოდა (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
პს
ძაან პატივსაცემი ადამიანია თავის შეხედულებებთან ერთად ჩემთვის.
15:23 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
გაიხარე შენს ლუკასთან, ირაკლისთან და საბასთან ერთად :) ძალიან საინტერესო მოსაზრებებია...
11:32 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
grisha
არც ლექსებს და პოემებს უყვარხარ შენ ქალბატონო ლამაზისეულო
15:13 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS