27 აპრილი, 2013
რაში ეწინააღმდეგება ცოლი ზაზა ხუციშვილს
''ასე რომ ვფიქრობდე, დღეს ოჯახი არ მექნებოდა. როცა ასაკზე იწყებ ლაპარაკს, სხვა სიბრტყეში გადადის ეს გრძნობა. რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც. ერთი გოგონა გვყავს, ნინო-ლიზა, 8 წლის გახდება მალე''. ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მისი ფესვები თელავიდან მოდის. დღემდე ამაყობს თავისი ოჯახით, მშობლებით. ამბობს, რომ ბევრი რამ სწორედ მათგან ისწავლა. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ''ვაკის პარკის'' სოლისტი ზაზა ხუციშვილი მუსიკით 20 წლის ასაკში დაინტერესდა. სწორედ ამ ასაკში
დედის შუამავლობით მამას საკმაოდ ძვირად ღირებული, ოთხიათასმანეთიანი გიტარა აყიდვინა და დღემდე ამ გიტარაზე უკრავს. საკმაოდ გვიან, 39 წლის ასაკში დაოჯახდა. უფრო გვიან მისთვის მანამდე უცხო პროფესიაში, ჟურნალისტიკაში სცადა ბედი. ჯერ რადიოში, მერე ტელევიზიაში. ახლა ტელეკომპანია ''მაესტროს'' ახალი მუსიკალური პროექტ ''მაგთი ფანის'' დირექტორი გახლავთ. ამბობს, რომ ისევ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ამას სიამოვნებით აკეთებს. დღეს მუსიკოსს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.


- გამიმართლა, რომ კარგ ტრადიციულ ქართულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეამაყება ჩემი მშობლები, ორივე თელავშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, დედაჩემის დედის, ლიზიკო მაყაშვილის გვარია მხოლოდ ტიპური კახური. დედის მამა, ალექსანდრე მილორავა, მეგრული გვარის თელაველი კაცი გახლდათ. მამის მამა შალვა ხუციშვილი გახლავთ, არც ეს არის კახური გვარი. მამის დედა, თამარ მახარაძე, გურული იყო. ინჟინერი გახლდათ მამა, მელიორატორი, მთავარი წყალსაქმშენის მმართველის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დედამ უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა წითელ დიპლომზე. ამავე ინსტიტუტში ასწავლის დღეს. მედეა მილორავა ძალიან ბევრ სტუდენტს უყვარს, რაც თავისთავად მეამაყება.
- მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება გახსენდება?
- დღემდე მარიგებს დედაჩემი. მისი დარიგებები ძირითადად გრამატიკას უკავშირდება, თუკი რომელიმე სიტყვას ხშირად ვიმეორებ ინტერვიუს დროს, შენიშვნას მაძლევს ხოლმე. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მამა გაცილებით მკაცრი იყო, მისი შიში, რიდი და სიყვარული ერთად მქონდა. დღეს მამა ძალიან მაკლია, სამწუხაროდ, ადრე დაგვტოვა. როცა მუსიკამ გამიტაცა, ძალიან მინდოდა გიტარა, ოცი წლის ვიყავი მაშინ. გავიგე, რომ მეზღვაურს, რომელიც გემზე მუშაობდა, ჩამოტანილი ჰქონდა ძალიან მაგარი გიტარა. მამაჩემს ვერ გავუბედე და დედას ვუთხარი. მან ჩამიწყო საქმე მამასთან. 4 ათასი მანეთი გადავიხადეთ გიტარაში, ეს იყო მანქანის ფასი. მამამ ცოტა შემარცხვინა, მითხარი მაინც, რაში ვიხდით ამხელა ფულსო. მაშინ გადმოვიღე ჯიმი ჰენდრიქსის დისკები, ერიკ კლაპტონის, ''პინკ ფლოიდის'' ფოტოები. ყველა ჩემი საყვარელი გიტარისტი ამ გიტარაზე უკრავს. ეს არის ლეო ფენდერის სტრატოკასტერი, სუფთა ამერიკული გამოშვება. სხვათა შორის, ფენდერი დღეს ცოცხალი აღარ არის, ამიტომ ჩემს გიტარას სერიოზული ფასი აქვს, დღემდე ამ გიტარაზე ვუკრავ, 28 წელი გავიდა მას მერე.
- 48 წლის ხარ? ვე­რც წარმოვიდგენდი... 20 წლის ასაკში გამიტაცა მუსიკამო მითხარი, მანამდე რით იყავი დაკავებული?
- მანამდე ფორტეპიანოზე დავდიოდი მუსიკალურ შვიდწლედში, მშობლების თხოვნით. ბავშვმა მუსიკალური განათლება უნდა მიიღოსო, იყო ასეთი სტანდარტული სტერეოტიპი. ეს იყო ჩემთვის წამება, თუმცა სმენა აღმომაჩნდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ფორტეპიანოსთან ზურგით რომ დამაყენა პედაგოგმა, ნოტებს იღებდა და გამეორებას მთხოვდა. ჩემი ოჯახის მეგობარი იყო მზია ჩალაძე, რომელიც ნიჭიერთა ათწლედში ასწავლიდა ფორტეპიანოს განხრით. დედამ სთხოვა, იქნებ დაეხმარო, გამოსაგდებად აქვს საქმეო. მისი მიდგომა სხვანაირი აღმოჩნდა. ჩვენი გაკვეთილები ვან კლიბერნისა და რიხტერის შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენით იწყებოდა. შემდეგ მომცეს ღირებული ნაწარმოებები, მაგალითად, ჩაიკოვსკის ''წელიწადის დროები''. ეს უკვე მუსიკა იყო იმ საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან განსხვავებით, რომელთა ნამუშევრებიც მათი პოლიტიკური აქტივობის გამო იყო შესული პროგრამაში. მოკლედ, მზია დეიდამ მოახერხა ის, რომ შვიდწლედის გამოსაშვებ საღამოზე პედაგოგებს ქვედა ყბა ჩამოუვარდათ. ხუთიანი დამიწერეს, დედა გვერდით გაიყვანეს და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა სწავლა მუსიკალურ ათწლედში. ამაზე უკვე უარი ვთქვი.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- მამაჩემის გზას გავყევი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით. რომ დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ჰიდროპროექტის ინსტიტუტში, შემდეგ სტანდარტების განყოფილებაში ვიმუშავე, კაჭრეთის რკინა-ბეტონის ქარხანაში რევიზია ჩავატარე (იღიმება), ძალიან საინტერესო იყო.
- ზაზა, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ის ქუ­ჩაში გადის თავის დასამკვიდრებ­ლად. შენ როგორ გამოიყენე ეს დრო და რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?
- არაყიშვილის პირველ ჩიხში გავიზარდე, კინო ''ყაზბეგთან'', სადაც ვაკელი ძველი ბიჭების ''ბირჟა'' იყო. არასდროს ვყოფილვარ ძველი ბიჭი, გარჩევებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, თუ ეს პირადად მე არ მეხებოდა. მუსიკაზე დავდიოდი, სპორტი მიყვარდა - ფეხბურთს ვთამაშობდი, მოტოციკლით ვიყავი გატაცებული, თუმცა უბნელ ე.წ. ავტორიტეტებთან, ჩემხელებთანაც და უფროსებთანაც, მისაღები ურთიერთობა მქონდა. მათგან გარკვეულ პატივისცემასაც ვგრძნობდი, ძალიან ვამაყობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. არ მიყვარს ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები. ასეთი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის მქონდა შინაგანი კოდექსი. ასეთ კოდექსს აფასებდნენ ძველი ბიჭები, ავტორიტეტები. მახსოვს ჩემი უბნიდან ვინმე ''კარანდაშა''. მერე მოკლეს ''კარანდაშა'', ეს იყო შოკი თბილისისთვის. ჩემს ზედა ქუჩაზე ცხოვრობდა და ჩვენი ქუჩით ჩამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფროსი იყო, ჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მისი სახელის ხსენება ჭრიდა ჩხუბებში. მაშინ პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რა სარგებელი მოჰქონდა ''კარანდაშას'' (იღიმება), თუმცა სულ მეუბნებოდა, თუ რამე ჩხუბი გექნება, დამიძახე ან ჩემი სახელი ახსენეო.
- იყენებდი მის სახელს?
- მე არ ვჩხუბობდი. ერთხელ ვიჩხუბე, მაგრად დამზილა ჩემმა პარალელურმა კლასელმა, მაგრამ ვაჟკაცურად მარტო მივედი, არც არავინ მიმიყვანია და არც არავისი სახელი არ გამომიყენებია. კი მომერია ის ბიჭი, დღეს კარგი მეგობრები ვართ.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვი?
- საბავშვო ბაღში მიყვარდა პირველად. სულ მასთან თამაში მინდოდა, მის გვერდით ჯდომა, ოღონდ რატომ მომეწონა, არ მახსოვს. სკოლაში მე-5-6 კლასიდან შედარებით სერიოზულად შემიყვარდა ცალმხრივად. ნამდვილი სიყვარული ჩემი მეუღლე ხათუნა დოლიძე გახლავთ. 39 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. მე და ჩემი მეგობარი, მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი მანქანით მოვდიოდით არაყიშვილზე, მე ვუჯექი საჭეს. სილამაზის სალონიდან გამოვიდა ხათუნა, მანქანას აჩერებდა. ვალერიმ მითხრა, გაუჩერე, ჩემი ნაცნობია, წავიყვანოთო. მანქანაში რომ ჩაჯდა, მოვისვენე, საოცრად მომეწონა. დღესაც მივიჩნევ, რომ ძალიან ლამაზი ცოლი მყავს. რომ მივიყვანეთ, ჩვენს საქმეზე წავედით. ვერ მოვისვენე, ვალერის ვუთხარი, წამოდი მივაკითხოთ, რომ გამოვა, სახლში წავიყვანოთ-მეთქი. ასეც მოვიქეცით.
- თქვენს ქორწინებას ასაკობრივი სხვაობის გამო დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ქალაქში. როგორ ფიქრობ, არის ეს ბარიერი წყვილს შორის?
- ასე რომ ვფიქრობდე, დღეს ოჯახი არ მექნებოდა. როცა ასაკზე იწყებ ლაპარაკს, სხვა სიბრტყეში გადადის ეს გრძნობა. რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც. ერთი გოგონა გვყავს, ნინო-ლიზა, 8 წლის გახდება მალე.
- ზაზა, როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი იმისთვის, რომ სიყვარულმა ფერი არ დაკარგოს?
- მოთმენა უნდა შეეძლოს ადამიანს. ისე არ გამიგოთ, რომ მე ან ხათუნას რაღაცების მოთმენა, ერთმანეთის გაძლება გვიწევს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჩესტერფილდი თავის შვილს წერილებით ზრდიდა. შემდეგ ეს წერილები წიგნად გამოსცა. ამაზე კარგ საჩუქარს მოზარდს ვერავინ მიუტანს. ''წერილები ვაჟიშვილს'' - ასე ჰქვია წიგნს. იქ წერს, სანამ ინერვიულებ ან კონკრეტულ შეფასებას მისცემ ამა თუ იმ სიტუაციას, ფაქტს, დაფიქრდი, რა როლს თამაშობს ეს დეტალი შენთვის, რამდენად გიღირს ამაზე ჩხუბი. მაგალითად, მიხვედი სახლში და კერძი დაგხვდა გრილი, თუ ამაზე იწყებ ჩხუბს, სხვა სარჩული აქვს ამას. არ შეიძლება, ამის გამო საყვარელ ცოლს ეჩხუბო.
- ზაზა, ჯგუფი ''ვაკის პარკი'' ძალიან პოპულარული იყო, თავში ავარდნის მომენტი არ გქონიათ?
- არასდროს. რომ ამბობენ, მოვკვდები, რომ არ ვიმღერო, არ გამოვიდე სცენაზეო, მაოცებს. თავს არ ვადარებ, სწორად გამიგეთ, მაგრამ ბევრი დასავლელი ვარსკვლავი იმის გამო, რომ მათი პოპულარობა ზენიტში აღარ იყო, გალოთდა, ზოგი ნარკოტიკს მიეძალა და დაიღუპა თავი. ჩემი ჯგუფი წინა ხელისუფლების დროს ჩრდილში იყო, მაგრამ ჩემთვის ეს ტრაგედია არ ყოფილა. ძალიან მიყვარს ეს საქმე, მაგრამ სხვა ფასეულობებიც არსებობს ქვეყანაზე. 20-მდე კლიპი გვაქვს ''ვაკის პარკს'', 6 ალბომი, რითიც ძალიან ვამაყობ, აქედან ხუთი ჩემი დაწერილია.
- თელავიდან ვარო, მითხარი, დღეს თუ გაქვს შეხება ამ ქალაქთან და ზოგადად მიწასთან თუ გქონია ურთიერთობა?
- თელავში ქალაქის ცენტრში გვაქვს ბინა, საკმაოდ პატარა ეზოთი, რაზეც გული მწყდება. მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა თელავი. იქ არის დაკრძალული. მისი გარდაცვალების შემდეგ ისეთი სიხშირით ვეღარ დავდივარ. ჩემი ძმა უფრო ახერხებს ამას, დედაჩემიც ჩადის ხოლმე შეძლებისდაგვარად. მიწასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამას ჩემს აგარაკზე, წყნეთის გვერდით სოფელ ახალდაბაში ვახერხებ. 800 კვადრატული მეტრი ეზო გვაქვს. კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ყველაფერი ჩემი ხელით მომყავს. ახლა ერთი სული მაქვს, საქათმეს როდის გავაკეთებ, ცოლი მეწინააღმდეგება, უსიამოვნო სურნელი იქნება ეზოშიო, მეუბნება.
- მგონი, დავიჯერე, 48 წლის რომ ხარ.
- (იცინის) ჰო, მიყვარს ასეთი რაღაცები. ამ ზაფხულს ჩემს შვილს იხვები ვუყიდე, ხელოვნური ტბა გავაკეთე ეზოში. ეს პრაქტიკა ევროპაში არსებობს. ძალიან მარტივად კეთდება, იყიდება რეზინის ''პადონები''. ნიჩბით შეგიძლია ამოთხარო მიწა, ჩადო ეს რეზინი და მორჩა - ტბაა. ისეთი ლამაზი გამოდის, ბუნებრივი ტბა გეგონება. ისე მიყვარს იქაურობა, ზამთარშიც ავდივარ. ვაზიც მაქვს ჩაყრილი. ახლა რამდენიმე ძირი დავამატე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანა
კარგი ბიჭი ხარ, ზაზა!
00:38 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ბონდი
ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი ქართულ პოლიტიკურ ტელე-სივრცეში. დასანანია, რომ ჩამოშორდა ამ საქმიანობას... თუმცა, მუსიკოსიც უდაოდ ნიჭიერია
21:27 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გურამ ლომკაცი
ძალიან მომეწონა ინტერვიუ. თქვენ გადაცემებს მაესტროზე დიდი ინტერესით ვუსმენდი. საინტერესო იყო გადაცემები ნადირობაზეც. თქვენი ბებო, ქალბატონი თამარი ჩემი დამრიგებელი იყო დაწყებით კლასებში. მამათქვენი ჩემზე პატარა იყო, კარგად ვიცნობდი, უფრო ახლო ვიქნებოდით, მე რომ არ გადავკარგულიყავ რუსეთში. სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა. გისურვებთ მიღწევებს.
13:53 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS