26 აპრილი, 2013
როგორ დავიცვათ თავი ''ფეისბუქის'' საკუთარი გვერდის გატეხისგან
''გამოდის, რომ ექვს გვერდს იწონებ და ბოლოს გადადიხარ რომელიმე ინტერნეტგვერდზე, ამით ქართული გვერდების პოპულარიზაციას ''ეხმარები''. ასე ჩნდება 250 000-იანი გვერდები ''ფეისბუქზე''. დიდი ხანია, რაც ლაშა მებონია სხვადასხვა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ამიტომ კარგად იცის ყველა ის დეტალი, რომელიც განსაკუთრებულად ''ფეისბუქის'' აქტიურ მომხმარებლებს დააინტერესებს. ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში დიდი არეულობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ჯერ დათა ახალიას ''აღსარება'' წავიკითხეთ, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილის, თუმცა მოვლენები შემდგომ იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე დათა
ახალაია და ზურაბ ადეიშვილი დარეგისტრირდნენ და ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო.


- ''ფეისბუქი'' საქართველოში პოპულარული აგვისტოს ომის შემდეგ გახდა. ამ ტიპის სოციალური ქსელი ყველაზე კარგად მოერგო ქართულ აუდიტორიას, მაშინ როდესაც რუსები უფრო ''ტვიტერზე'' და ''ვ კონტაქტეზე'' აქტიურობენ. ქართველებისთვის ''ფეისბუქი'' სახლად იქცა. მოსახლეობის აქტიურობის შემდეგ უკვე პოლიტიკისთვის გახდა მიმზიდველი, რადგან სადაც მეტი ხალხია, საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებენ. მე პირადად 5000 მეგობარი მყავს და ჩემი ჰიპერაქტიურობის გამო, აქედან 80% თავად დამემატა.

- ''ფეისბუქი'' ძალიან ბევრ პირად ინ­ფორმაციას შეიცავს. რამდენად უსაფ­რთხოა ის მისი მომხმარებლებისთვის?
- ადამიანებმა უნდა გაიგონ, როდესაც სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერენ, ეს უკვე საჯარო ინფორმაციაა და თუ მისი გამოქვეყნების სურვილი არ აქვთ, თავი უნდა შეიკავონ. ყველა ქვეყანაში, არამარტო ჩვენთან, ''ფეისბუქი'' და ფორუმები ჟურნალისტებისთვის საბადოა, მაგრამ მისი გადამოწმების გარეშე გავრცელებაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება, ვიღაც ხუმრობდეს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ''ფეისბუქის'' მთავარი პრობლემა აპლიკაციებია, რომელსაც დეველოპერები თავიანთი საიტების გასავითარებლად იყენებენ, მაგრამ ამან შექმნა მეორე პრობლემა. აპლიკაციის გამოყენებით ადამიანები ცდილობენ, მომხმარებლის პირადი გვერდი გატეხონ, ამიტომ, თუ აპლიკაციას არ ენდობი, არ უნდა მისცე თანხმობა. ''ფეისბუქი'' პროფილის მონაცემებს არავის აძლევს, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ეკითხება მომხმარებელს, გავხადო თუ არა შენი პროფილი საჯარო, არის აფერისტობა და არ უნდა დაეთანხმონ. არის აპლიკაციები, რომლებიც სუფთაა, მაგრამ აფერისტობას უკავშირდება. მაგალითად, გამოქვეყნებულია ფოტო, გინდა, ნახო, მაგალითად, შიშველი შორენა ბეგაშვილი, მიჰყვები ლინკს, ბოლოს გამოდის, რომ ექვს გვერდს იწონებ და ბოლოს გადადიხარ რომელიმე ინტერნეტგვერდზე, ამით ქართული გვერდების პოპულარიზაციას ''ეხმარები''. ასე ჩნდება 250 000-იანი გვერდები ''ფეისბუქზე''. ეს უკვე იმხელა პარადოქსია, რომ 20-მდე გვერდი არსებობს საქართველოში 300 000 ''ლაიქით''. უმეტესად ეს არის 14-15 წლის ბავშვების გაკეთებული გასართობი გვერდები, ''სექსუალური პომიდორი'', ''ნუ იჯღანები'' და სხვა.
- ხშირად გამიგია ''ფეისბუქის'' მომხმარებლებისგან, რომ მათ არასოდეს მოუწონებიათ ამა თუ იმ პოლიტიკოსის გვერდი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ ''დალაიქებული'' აქვთ.
- ამას აპლიკაციების საშუალებით აკეთებენ, მაგრამ არის ერთი კანონიერი მეთოდიც, რომელსაც პროფილიდან გვერდზე მიგრაცია ჰქვია. მე შემიძლია, ერთ დღეს გავაუქმო ჩემი პროფილი, გადავაქციო გვერდად და ავტომატურად ჩემი ყველა მეგობარი ჩემი გვერდის ფანი გახდება. დაახლოებით 5000 ფანი ისე მეყოლება, რომ შეიძლება, არც იცოდნენ, როდის მოიწონეს ჩემი გვერდი.
- შეგიძლია, ყველაზე დიდი სკ­ა­ნ­დალი გაიხსენოთ, რომელიც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა...
- ყველაზე დიდი სკანდალი ციხის კადრებიდან არასრულწლოვნის გაუპატიურების ვიდეოს მოჰყვა. მაშინ დაინგრა ''ფეისბუქი''. ერთ საათში ადამიანების მობილიზება მარტივი არ არის, მაგრამ ამ კადრებმა ძალიან მალე შეკრიბა ხალხი. საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სკანდალებიდან ამას გავიხსენებდი.
- ივანიშვილსა და სააკაშვილს აქვთ ოფიციალური გვერდები, რომელი გვერდი უფრო ინფორმაციულია?
- პოლიტიკოსის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ოფიციალური ტონი. საჭირო არ არის, მუდმივად პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მომხმარებელთან, რადგან ეს დიდ დროს წაართმევს პირველ პირს, ამიტომ საინტერესო გვერდი ვერც ერთს ვერ ექნება. უცხოელ პოლიტიკოსებს უფრო ინფორმაციული გვერდები აქვთ, მათ უფრო იციან, სად გადის ზედა ზღვარი და სოციალურ ქსელს ზედმეტ ფუნქციას არ ანიჭებენ. მაგალითად, ამით ბარაკ ობამამ ძალიან დიდი მოგება ნახა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს საქართველოში იმდენად დინამიკურად ვითარდება პროცესები, რომ უბრალო პოლიტიკოსსაც მინიმუმ ათასი ფანი ჰყავს ''ფეისბუქის'' გვერდზე. მაგრამ მე მივიჩნევ, რომ ყველა გვერდს აკლია ურთიერთკავშირი. სასურველია, თუ გვერდის განვითარება სურთ, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებელთან.
- არჩევნების შემდეგ გაქცეული პოლიტიკოსებიდან პირველი ოფიციალური განცხადება ''ფეისბუქის'' საშუალებით დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.
- კომედიაა, რაც ჩვენთან ხდება. როდესაც პოლიტიკოსს დიდი ხანია, საკუთარი გვერდი აქვს, მაშინ შეიძლება, ნაკლებად შეიტანო ეჭვი მის მიერ გავრცელებული განცხადების სისწორეში, მაგრამ როდესაც გვერდი ერთი საათის შექმნილია და განცხადებას რომელიმე მაღალჩინოსანი აქვეყნებს, აუცილებლად უნდა გადაამოწმო. თუმცა ოფიციალურ გვერდზე დადებული განცხადების გადამოწმებაც სასურველია. ყველამ ვნახეთ, რომ წინასაარჩევნოდ ბერა ივანიშვილის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს და ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი მოწოდებები ვრცელდებოდა. არ მგონია, ჟურნალისტი, რომელიც წლებია მუშაობს ამ სფეროში, ვერ მიხვდეს რესპონდენტის წერის სტილს. დათა ახალაიას განცხადების გავრცელების შემდეგ შეიქმნა ახალი პროფილი, ისევ დათასი, სადაც წინა განცხადებას უარყოფდნენ. ამან კომედიის სახე მიიღო. საერთოდ, ექსმინისტრებმა განცხადებების უცნაური ფორმა აირჩიეს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე გვერდის უკან მართლა ის ადამიანი იმალებოდეს. ეს თემა უცებ აიტაცეს ფორუმზე და გააკეთეს ''ტროლი'' თემა, სადაც დაწერეს, რომ ამის შემდეგ როლანდ ახალაიამ ''ნაციონალური მოძრაობა'' დატოვა. ანკესზე წამოეგო ერთ-ერთი სააგენტო და საკუთარ საიტზე დაწერეს. სოციალურ ქსელში შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლოგის ფუნქცია, თუ რომელიმე პოლიტიკოსს საქართველოში ჩამოსვლის და ციხეში ჩაჯდომის სურვილი აქვს, ვურჩევდი, ვიდეობლოგები ჩაწერონ და ამ სახით გამოაქვეყნონ. ძალიან ადვილია ''ფეისბუქზე'' პროფილის შექმნა, ამ წუთას ტელეფონის საშუალებითაც შემიძლია, მიხეილ სააკაშვილის ხუთი პროფილი შევქმნა და განცხადებები გავავრცელო, მაგრამ ხომ არ დამეჯერება?!.. ადეიშვილის განცხადება უფრო არ ჰგავდა ადეიშვილისას, მაგრამ რაც შეეხება დათა ახალაიას, ის თემები, რაც მის განცხადებაში იდო, წინა დღეებშიც წამოიწია. თამარ ჩერგოლეიშვილსა და ბაჩო ახალაიას მეუღლეს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელსაც ონლაინრეჟიმში ვკითხულობდი.
- ეს იმ სტატუსს ეხება, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილმა ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი ''თაფლის'' აქცია დაიწუნა.
- დიახ, შემდეგშიც არაერთხელ გამოჟონილა მათგან ემოციები და გამოცდილი ადამიანი ხვდები, რომ რაღაც ხდება.
- თქვენი დაკვირვებით, რომელი პოლიტიკოსები იყენებენ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე კარგად საკუთარ პროფილს?
- ადრე ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ასე არ აქტიურობდნენ, დღეს კი მათი რიგითი მხარდამჭერიც კი დარეგისტრირდა. მთელი დღე იქ სხედან, სხვა რა საქმე აქვთ. რაც შეეხება ''ოცნებას'', არჩევნების შემდეგ შედარებით სუსტ პიარზეა გადასული, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და აქტიურობა შეინიშნება. ყოველთვის აქტიურობდნენ რესპუბლიკელები. რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ანტირეკლამას უფრო იკეთებს, რადგან ჩემთვის მისი სტატუსები კომიკურია, თუმცა თავისი ''მრევლი'' ჰყავს. დავით საყვარელიძემაც გააკეთა საკუთარი პროფილი, მაგრამ მეტ-ნაკლებად აქტიურობს. გოგა მინისტრობის დროსაც ასე იყო. მე მეგობრებიდან წამშალა, რადგან ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს, კიკვიძის პარკში ხეების გაჩეხვის შემდეგ, მომხმარებლებმა პატარა ფლეშმობი ჩაატარეს და ეს ინფორმაცია კედელზე გამოვუქვეყნე. იმის მაგიერ, რომ ეპასუხა, დამბლოკა. ეს მის ''კარგ კაცობას'' ადასტურებს, კამათისთვის კი არ არის მზად, მონოლოგის რეჟიმში იმყოფება.
- ''ფეისბუქი'' ძალიან დაეხმარა ''ქართულ ოცნებას'' გამარჯვებაში.
- რა თქმა უნდა, ''ფეისბუქი'' არის კარგი საშუალება, რომ ცოტა ხანს კომპიუტერთან დაჯდე, სოციალურ ქსელში დარეგისტრირდე და მოკლე ხანში შენი აზრები ყველას გააცნო. მარტივად შეგიძლია საზოგადოებრივი აზრის შექმნა, თუ ბევრ მხარდამჭერს მოიზიდავ. ''ოცნებამ'' საკმაოდ კარგი ინტერნეტპიარი ჩაატარა. თანმიმდევრულად გამოიყენეს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი.
- ლაშა, ისჯება თუ არა ''ფეისბუქის'' საშუალებით ადამიანის ლანძღვა, შეურაცხყოფის მიყენება და რა შეზღუდვები აქვს სოციალურ ქსელს?
- ლანძღვისა და შეურაცხყოფის მტკიცებულებებად გამოყენება რთულია, რადგან ბრალდებულს შეუძლია თქვას, რომ ეს მისი პროფილი არ არის და სხვამ შექმნა. საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი ინციდენტი ყოფილა. ''ფეისბუქმა'' განსაკუთრებით მაინც საქართველო მოიცვა. რუსებმა კოპირება გააკეთეს და შექმნეს ''ვ კონტაკტე'', რომელსაც დღეს, შეიძლება ითქვას, რუსული ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. რაც შეეხება აკრძალვას, არ შეიძლება სექსუალური ხასიათის ინფორმაციის, ძალადობის შემცველი ტექსტების გავრცელება. ყველას ვურჩევდი, აუცილებლად ''დაარეპორტონ'' მსგავსი შინაარსის აპლიკაციები და სურათები, თორემ შეიძლება, ვირუსი აიკიდონ და საკუთარი პროფილი დააზიანონ. აქვე გეტყვით, რომ პროფილის დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად უნდა წაშალოთ ყველა საეჭვო აპლიკაცია და შემდეგ პაროლი შეცვალოთ.
- ძველი ხელისუფლება რამდენად აკონტროლებდა ''ფეისბუქს''? შე­ეძლოთ, ნებისმიერი ადამიანის ''ფეისბუქის'' ინბოქსი წაეკითხათ?
- წაკითხვა ყველაფრის შეუძლიათ, თუკი პროვაიდერი ამის საშუალებას მისცემს. თუ პაროლი გატეხეს, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში წაიკითხავენ, მაგრამ ამის გარეშეც შეუძლიათ ''შპიონი'' პროგრამის საშუალებით. უნივერსიტეტში მოხდა ასეთი რამ. მაშინდელი თვითმმართველობის ოპონენტების მიმართ გამოიყენეს. სასწავლებლის ბალანსზე არსებულ კომპიუტერებთან ყველგან ეყენათ ეს ''ნაღმები'' და შემდეგ ოპონენტების საუბრები თვითმმართველობის გვერდზე გამოქვეყნდა.
- როგორ დავიცვათ თავი, საუბრის წაშლით?
- შეიძლება, იმ მომენტში იყოს დაინტერესებული პირი თქვენს პროფილზე შემოსული და თქვენს საუბარს კითხულობდეს, ამიტომ ეს გამოსავალი არ არის. პირველი - მთავარია, კომპიუტერის უსაფრთხოება უზრუნველყოთ და აუცილებელია ხარისხიანი ანტივირუსი დააყენოთ. მეორე - არ უნდა გადმოწეროთ ყველა ფაილი, შესაძლოა, ''შპიონი'' ფოტოშიც იმალებოდეს. გეჩვენება, რომ სურათია, მაგრამ ამ შემთხვევაში ''შპიონთან'' გვაქვს საქმე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS