16 აგვისტო, 2013
რუსა მორჩილაძე : გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს
ბებიაჩემის დაქალებიც დადიან საერთაშორისო კონკურსებზე, მაგრამ რუსა მორჩილაძის გაკეთებულ საქმეს კი არ აფასებენ
''ახალი ტალღის'' წლევანდელი კონკურსი გასაგები მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. სალომე ქათამაძის უდავო წარმატებას ერი ერთსულოვნად აღიარებს და ულოცავს. არ გვეზარება სალანძღავი სიტყვების გამოყენება იტალიელი მომღერლისა და ჟიურის წევრების ტოტო კუტუნიოს, ლეონიდ აგუტინისა და კუბელი კონკურსანტის მისამართით. ამ უკანასკნელმა სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა სალომეს და გამარჯვებაც მოიპოვა. მაპზე უკეთესის არ იყოს, ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს მეორე ადგილი იმ პირველს
სჯობდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სალომეს პროდიუსერს ამ პროექტში, რუსა მორჩილაძეს აკრიტიკებს. დიდი აქცენტი ასეთ დროს ეროვნულ ტურზე მოდის, სადაც სალომემ ''კინტოური'' შეასრულა. სწორედ ეს ტური აღმოჩნდა გადამწყვეტი მომღერლისთვის.
კონკურსის დეტალებზე, კულუარებზე სასუბროდ რუსა მორჩილაძეს ტელეკომპანია ''იმედში'' ვესტუმრეთ.

- რუსა, პირველ რიგში, მინდა სალომეს წარმატება მოგილოცოთ, როგორც მის პროდიუსერს.
- მადლობა და პატარა შესწორებას შევიტან. მე ვარ სალომეს პროდიუსერი ამ პროექტიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ''იმედის'' მუსიკალური პროდიუსერი გახლავართ და შესაბამისად, ყველა მუსიკალურ პროექტს ამ კუთხით ვკურირებ. რაც შეეხება ''ახალ ხმას'' , მე და დათო ოქიტაშვილმა მოვიტანეთ ეს პროექტი ''იმედში'' . ვინაიდან იყო სასიმღერო კონკურსი და კასტინგიდან დაწყებული ყველაფერი მე გავაკეთე, მომღერალიც ჩემი რეკომენდაციით აარჩიეს, გამოდის, რომ სალომეს პროდიუსერიც ამ კონკურსზე მე ვიყავი. ზოგადად მომღერლების პროდიუსინგით არ ვარ დაკავებული.
- რას ნიშნავს, მომღერალიც თქვენი რეკომენდაციით შეირჩა?
- ქართული კასტინგის ბოლოს ორი კონკურსანტი დარჩა - სალომე და ნინი ცნობილაძე. ორი მხარე ვისხედით, ქართული და რუსული. ნინიც ჩემი გოგოა, გამორჩეული წესიერებით, ზრდილობით, ნიჭიერებით, არაორდინარული ხმით. დიდ წარმატებას და თავისი ოცნებების ასრულებას ვუსურვებ, ყოველთვის ყველაფერში დავეხმარები. ჩემი სურვილი იყო, ორივე წასულიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, სალომე ვარჩიე. კარგად ვიცნობ ამ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არავინ წამიყვანია, ვიცი მათი გემოვნება. სალომეს ვოკალური მონაცემები ამ კონკურსისთვის უფრო მისაღები იყო.
- ანუ ის, რომ ქართულმა მხარემ დაბლოკა ნინი, ტყუილია?
- დაბლოკვა ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ამ შემთხვევაში. ქართული მხარე ორივეს უწევდა რეკომენდაციას. რევზინი ხუმრობდა კიდეც, ქართველებმა არ იცით, არჩევნები რას ნიშნავსო?!
- თუ შეიძლებოდა, რამდენიმე წარმომადგენელი ჰყოლოდა, მაგალითად, რუსეთს, რატომ არ შეიძლებოდა, რომ საქართველოდანაც ორი კონკურსანტი წასულიყო?
- თავიდან გვითხრეს, რომ შეიძლებოდა ორი მონაწილე. ამისთვის მეორე ტური კიევში შედგა. ამ შიდაშესარჩევ ტურს იგორ კრუტოიც ესწრებოდა. სალომე და ნინი იმდენად განსხვავებული მომღერლები არიან, დარწმუნებული ვიყავი, ორივეს გაიყვანდნენ, ორივე კარგი ფერი იქნებოდა იმ კონკურსისთვის. მე ორივეს ავიყვანდი, მაგრამ იქ ქართული მხარე არ ჩარეულა, ჩვენ მაყურებელი ვიყავით მხოლოდ. იქ ქათამაძე კრუტოიმ აირჩია.
- რუსა, მიუხედავად იმ წარმატებისა, რასაც მიაღწიეთ, კრიტიკოსებიც გამოგიჩნდათ. ამბობენ, რომ სალომე უყურადღებოდ დატოვეთ, რომ მისი პროდიუსერი არ ზრუნავდა სალომეს პიარზე, იმიჯზე, რომ ნაციონალური ტურის სიმღერა შესაფერისად არ იყო შერჩეული.
- ვინ თქვა ეს?
- მაია ყიფიანმა ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში.
- მაია ყიფიანი ვინ არის?
- მუსიკალური პროდიუსერია.
- არ არის მუსიკალური პროდიუსერი. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც მუსიკალური განათლება არ აქვს, მუსიკალური პროდიუსერი იყოს?!.. ასეთი სახელისა და გვარის მუსიკალურ პროდიუსერს მე არ ვიცნობ.
- მაიას არაერთი მომღერალი ჰყავდა წაყვანილი საერთაშორისო კონკურსებზე...
- შეიძლება გააკეთო ბიზნესგარიგება, მაგრამ ეს მუსიკალურ პროდიუსერობას არ ნიშნავს. ბებიაჩემის დაქალებიც დადიან საერთაშორისო კონკურსებზე, მაგრამ რუსა მორჩილაძის გაკეთებულ საქმეს კი არ აფასებენ?! ხშირად ხდება, რომ ადამიანებს ზედმეტი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და რისკავენ, რუსა მორჩილაძეს მუსიკალურ საკითხებში ჭკუა ასწავლონ. არაკომპეტენტური ადამიანების აზრი, რბილად რომ ვთქვა, ჩემთვის უმნიშვნელო და სასაცილოა.
- ანუ ის ბრალდებები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, თქვენთვის მიუღებელია?
- აბსოლუტურად მიუღებელი. ზოგადად ჟურნალებით პასუხების გაცემა არ მჩვევია, ეს არ არის ჩემი სტილი. ეს არის პირველი და უკანასკნელი კომენტარი, რომელსაც გაბოროტებული ადამიანების მისამართით ვაკეთებ. ასეთი გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანები ვაგონებით არიან, ვისაც სურს, ჩემს სახელსა და გვარს ჩირქი მოსცხოს, მაგრამ მე ჩემი საქმით, პროფესიონალიზმით იმდენი დავამტკიცე, რომ მეორე ცხოვრებაშიც ვერ დამეწევიან. მე რომ ყველა, სხვის სახელებზე გამომცხვარ ადამიანს პასუხი გავცე, მათსავით უსაქმური უნდა ვიყო. არადა, საქმე თავზე საყრელად მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა, ფრთხილად იყვნენ, თავს გაუფრთხილდნენ, ისე არ გასივდნენ ბოღმისგან, რომ ერთ მშვენიერ დღეს გასკდნენ! ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მაკრიტიკებს. მასე შეიძლება, ''კარბიურატორშჩიკმა'' თქვას რაღაც, მაგრამ კომპეტენტური იქნება, როგორ ფიქრობ? თუ შეიძლება, ჩემგან გადაეცით მაგ ''კეთილისმსურველს'' , რომ ''პუსტ ნი კარკუეტ'' ! კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიყვარს როცა ასეთი ეპითეტებითა და შედარებებით ''ვამკობ'' ადამიანებს, მაგრამ ზოგიერთი თვითონ აყენებს თავს ამ მდგომარეობაში.
- ამბობენ იმასაც, რომ პრობლემა იყო ფონოგრამასთან დაკავშირებითაც, რომ არ ისმოდა ხმა...
- ხმას რაც შეეხება, მე პროფესიონალი ვარ და ამის თქმის არ მეშინია, პრობლემები მართლაც იყო. ეს იყო ''ახალი ტალღის'' ბრალი. ნამდვილად ცუდი ბალანსი იყო სცენაზე. ქათამაძეს პირველი ორი ფრაზის დროს გამოურთეს მუსიკა, მერე ხმამაღლა ჩაურთეს. რატისა და მაკას მიკროფონებიც ჩაწეული იყო.
- სალომეს თავისი ქმარი დაჰყვებოდა სულ, პროდიუსერი არ ზრუნავდა მასზეო, ამბობენ.
- აბა, ჩემი ქმარი ხომ არ გაჰყვებოდა?! როცა ბავშვს ქმრის გვერდით უნდოდა ყოფნა, მე იქ რატომ უნდა ვყოფილიყავი?! რაღა უნდა მეზრუნა, ყველაფერი ათიანზე მქონდა მოგვარებული. კონკურსის დღეს მითითებები აღარ არის საჭირო, იქ მარტო შეძახილი უნდა, რომ მაგარი ხარ, რომ ყველაფერს შეძლებ. აკი შეძლო კიდეც. დაუნახავი არ უნდა იყო ადამიანი. მხოლოდ ბოროტ ადამიანს შეუძლია, ახლა რაიმე ცუდი თქვას.
- მეორე ტურის რეპერტუარი დაგიწუნეს, ზაზა ხუბუკელაშვილის კომპოზიცია, ''კინტოური'' . ამბობენ, რევზინმა სხვა სიმღერა გირჩიათ...
- მათემატიკა არ იციან?! სულ ჟიურის თერთმეტი წევრი იყო. აქედან ცხრამ 11 ქულა დაგვიწერა, ეს ნიშნავს, რომ სიმღერა არ მოეწონათ?! კუტუნიო როგორ უნდა გამეკონტრო-ლებინა?! თან ყველამ იცის, რატომაც დააწერინეს ეს რვიანი. სანამ რატი და მაკა ჩამოვიდოდნენ, სალომემ ეს სიმღერა მარტომ იმღერა. რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც სამ ხმაში. ამიტომ შემოგვთავაზეს ბაბაჯანიანის სიმღერა გვემღერა. მე, როგორც პროდიუსერმა, ჩავთვალე, რომ ეს არ იყო ის სიმღერა, რომელიც ეროვნულ ტურზე უნდა ემღერა სალომეს, ყველა ქვეყნის კულტურას პატივს ვცემ, მაგრამ ქართველმა თავისი ნაციონალური სიმღერა უნდა იმღეროს, ასე ვფიქრობ და მგონი, არ ვცდები. შემდეგ, როცა უკვე ''ჯორჯიაც'' შეუერთდა სალომეს და რევზინმა სამ ხმაში მოისმინა, გაგიჟდა, მათთან ერთად სცენაზე ადიოდა და კინტოურს ცეკვავდა. კომპლიმენტების მეტი არაფერი მიმიღია, გვაქებდა რევზინი, კრუტოი.
- მაშ, მაინცდამაინც მეორე ტურში რატომ დაგვაკლეს ქულები?
- იმიტომ, რომ ძალიან ადვილი ასახსნელი იქნებოდა ხალხისთვის ის, რომ იტალიელმა ვერ გაიგო ქართული ქალაქური სიმღერა. რეალობა მეორეა. მესამე ტურისთვის ისეთი სიმღერა მქონდა მომზადებული და ეს ჟიურის წევრებმაც კარგად იცოდნენ, რომ ცხრიანს ვერავინ დაწერდა. ვერც ბევრი ათიანი დაიწერებოდა. უნდა გაერისკა აგუტინს და კიდევ გაარისკინეს ჟიურის მეორე წევრსაც, რომ როგორმე ჩამოვრჩენილიყავით იმ ბიჭს. ლიდერი სიმღერა იყო, ჰიმნად იყო ქცეული კონკურსანტებში, ყველამ იცოდა უკვე. ბესიკ შპეტიშვილი მეუბნებოდა, გენიალური სიმღერააო. ამიტომაც აარჩიეს მეორე ტური სალომეს უკან დახევისთვის.
- აგუტინს რა სჭირდა?
- აგუტინს ასე სჭირს ყოველ წელს ქართველი კონკურსანტების მიმართ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
- სალომე ამბობს, რომ ''კინტოური'' მისი სტილი არ იყო.
- ნამდვილად არ იყო. სალომე ქათამაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებსაც ახლოსაც არ გაუვლიათ ამ ესთეტიკასთან. ქალაქური ფოლკლორი არ იციან, ეს მათი მინუსია. მაგრამ ეს არ იყო იმის საფუძველი, რომ უკან დამეხია. ორ-სამ თვეში ეს ესთეტიკა არ ისწავლება. ყველაფრის მიუხედავად, ნომერი კარგი გამოვიდა. მესამე ტურში რევზინმა სწორედ ეს სიმღერა ამღერა, მიუხედავად იმისა, რომ სალომეს ჩემი სიმღერის შესრულება უნდოდა. ''კინტოური'' რევზინის საყვარელი კომპოზიცია გახდა.
- სხვა კონკურსანტებზე რას მეტყვით, რომელიმე მათგანი თუ მოგეწონათ?
- არ ვიქნები სუბიექტური თუ გეტყვი, რომ სალომე ყველას სჯობდა, უდავო ლიდერი იყო, ეს პირველივე რეპეტიციაზე ვიგრძენი.
- კუბელ კონკურსანტს როგორ შეაფასებთ?
- ვერაფერს ვიტყვი. კარგი ბიჭია ძალიან (იღიმის), სასიამოვნო ადამიანი... რაც შეეხება დიზაინს, იმიჯს. ჩვენ აქედან ნაციონალური კოსტიუმი გვქონდა წაღებული ქართული ტურისთვის, მაგრამ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა სცენაზე სანახავად და ჩაცმის უფლება არ მოგვცა. სამივე ტურის სამოსი მათ შეარჩიეს. არც გაგვაკარეს დიზაინთან. ვარცხნილობა, მაკიაჟი - ყველაფერს ისინი აკეთებდნენ... იცი, რა არის საწყენი, 5 წელია არ ვყოფილვართ ამ კონკურსზე, წავედით, წამოვიღეთ მეორე ადგილი, თან ისეთი, პირველს რომ ჯობია, ეს ხომ ყველამ იცის და მადლობის მაგივრად გვაკრიტიკებენ?! ხომ ყველამ იცის, რას ნიშნავდა ის რვიანი. ძალიან უნდოდათ, უკან დავხეულიყავით, ეშინოდათ ჩვენი კონკურსანტის და ჩვენი რეპერტუარის.
- მაინცდამაინც კუტუნიოს ხელით რატომ გააკეთეს ეს?
- ეგ უკვე ჩემი თემა აღარ არის, სხვებმა ილაპარაკონ.
- არ გქონიათ მასთან საუბარი?
- კუტუნიოსთან?! რაზე უნდა მელაპარაკა მასთან?! ველაპარაკე ვალერიას, კრუტოის, რევზინს. მე და რევზინი ძალიან დავმეგობრდით, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
- დაჯილდოებაზე ბოდიშებს რომ უხდიდნენ ჟიურის წევრები სალომეს, ამაყი იყავით?
- იცი რა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონკურსით. ასეთი გამოსვლები და მეორე ადგილი არ არის პატარა ამბავი. სალომე რეიტინგებში სულ პირველი იყო. ბოროტები არ უნდა იყვნენ ადამიანები, უნდა მიულოცონ სალომეს და რუსა მორჩილაძეს წარმატება. გა-მარჯვებულებს ულოცავენ, თუ ღვთის გლახები არ არიან!

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ტარო
მაია ყიფიანს რაც შეეხება-რუსა სწორს ამბობს, ვეღარ ბლატაობს იურმალაზე, როგორც ველიკი პროდიუსერი და ეტყობა დაიბოღმა.. სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია-ეს ყიფიანის დამასახურება კი არა ამ მომღერლების წაემატებაა.. მუსიკას რაც შეეხება აქაც მართალი მგონია რუსა-ყიფიანს რომელსაც ერთი კლასის მუსიკალური განათლება არ აქვს, მგონი კომენტარს არ უნდა აკეთებდეს მუსიკასთან დაკავშირებით (ეს მართლაც დაბოღმილი, უსაქმური და არარეალიზებული ქალის საქციელს გავს) რაც შეეხება რუსას-ნამდვილად ნიჭიერი და თავის საქმის პროფესიონალი მგონია. მგონი დროა ადამიანებს-სალომეს და რუსას ერთად მივულოცოთ წარმატება, იმიტომ რომ ეს ორივეს და ქვეყნის წარმატებაა ერთად. P.S. მაიამ ყიფიანმა- ვურჩევ ცოტა წონაში დაიკლოს და ცოტაც მუსიკა ისწავლოს-მარტო ბაბაჯანიანის ცოლობა არ აძლევს პროდიუდერობის უფლებას LIKE LIKE LIKE
11:24 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
მაია ყიფიანს რაც შეეხება-რუსა სწორს ამბობს, ვეღარ ბლატაობს იურმალაზე, როგორც ველიკი პროდიუსერი და ეტყობა დაიბოღმა.. სოფო ხალვაში, დუეტი ჯორჯია-ეს ყიფიანის დამასახურება კი არა ამ მომღერლების წაემატებაა.. მუსიკას რაც შეეხება აქაც მართალი მგონია რუსა-ყიფიანს რომელსაც ერთი კლასის მუსიკალური განათლება არ აქვს, მგონი კომენტარს არ უნდა აკეთებდეს მუსიკასთან დაკავშირებით (ეს მართლაც დაბოღმილი, უსაქმური და არარეალიზებული ქალის საქციელს გავს) რაც შეეხება რუსას-ნამდვილად ნიჭიერი და თავის საქმის პროფესიონალი მგონია. მგონი დროა ადამიანებს-სალომეს და რუსას ერთად მივულოცოთ წარმატება, იმიტომ რომ ეს ორივეს და ქვეყნის წარმატებაა ერთად. P.S. მაიამ ყიფიანმა- ვურჩევ ცოტა წონაში დაიკლოს და ცოტაც მუსიკა ისწავლოს-მარტო ბაბაჯანიანის ცოლობა არ აძლევს პროდიუდერობის უფლებას
11:23 / 20-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
შეუდარებლები ხართ.ძალიან მომეწონა სამივე სიმღერა გემოვნებით იყო შერჩეული,სალომე კარგი მომღერალია რუსა კი ერთ-ერთი უნიჭიერესი კომპოზოტორი... შურიანებო რატომ გშურთ პირიქით არ უნდა გიხაროდეთ ქართველების წარმატება? სად გაქვთ ამდენი ბოღმა,არ გასივდეთ და არ გასკდეთ შურიანო ხალხო.
22:33 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რუსაზე უბრალო და გემრიელი,კომფორტული ადამიანი,ცოტა მინახავს...არ უყვარს ცბიერი ხალხი და არავის არ ელაქუცება....
02:58 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ეხ,რუსკა რუსკა რა აშარაშკა ჰყოფილხარ?ისე მართალია,მკვლელმა მიშამ გადაგიარათ მორალზე?ნუ ზოგს მორალზე ზოგს ისე და ასე............ფულის გულისთვის ყველაფერზე არ უნდა წახვიდეთ მონებო!რას შეეხება სალომეს,ნუ იწერ ქულებს ქალო სინდისიც კარგი საქონელია!სალომე,წარმატებებს გისურვებ!
23:30 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS