12 აგვისტო, 2013
მელორ ვაჩნაძემ შეყვარებულს პირველად მანქანის საბარგულში აკოცა
ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, ნინი, ერთადერთი გოგო ხარ, ვისზეც შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ არ გეტყვიო მელორ ვაჩნაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. პოლიტპატიმარი ციხის დატოვების შემდეგ უფლებადამცველის სტატუსით მუშაობს და ამბობს, რომ ბევრ ადამიანს ეხმარება. ხშირად პრესკონფერენციებსაც მართავს, თუმცა `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერებისა და დეპუტატებისთვის ყველაზე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვეთ, რომ მელორი შეყვარებულია. უფლებადამცველს პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს. მისი ახალი რჩეული 21 წლის სტუდენტი ნინი გოგოტიშვილი აღმოჩნდა. მელორმა ინტერვიუს დაწყებამდე გვითხრა, რომ
მისთვის ეს მდგომარეობა უჩვეულოა, რადგან პირად ცხოვრებაზე ინტერვიუებში საუბარს ერიდება.

- მელორ, სად გაიცანით ერთმანეთი შენ და ნინიმ?
- საერთო სამეგობრო წრეში, დაახლოებით ხუთი თვის წინ. პირველი შეხვედრისას არც გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს. დაახლოებით სამი თვის წინ უბრალოდ მეგობრობა დავიწყეთ. მაშინ არც მე ვიყავი თავისუფალი და არც ნინი. კარგად აგვეწყო ურთიერთობა. შემდეგ ყველაფერი სიმპათიაში გადაიზარდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვეუბნებოდით.
ნინი:
- მელორს ტელევიზიით რომ ვხედავდი, ძალიან მომწონდა. ჯერ კიდევ 2005 წლიდან მახსოვს. გაცნობისას სიმპათია გამიჩნდა, მაგრამ სულ სხვადასხვა გოგონასთან ერთად ვნახულობდი. ამის გამო ისეთი ბიჭი მეგონა, სერიოზული ურთიერთობები რომ არ აინტერესებს. სხვათა შორის, სიყვარული ორიგინალურად ამიხსნა. ერთ დღეს სახლში მომაკითხა, დამირეკა, სადარბაზოში გამოდიო და ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, ნინი, ერთადერთი გოგო ხარ, ვისზეც შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ არ გეტყვიო (იცინის). ასე დაიწყო ყველაფერი და მას შემდეგ ერთად ვართ.
მელორი:
- ერთი თვეა, რაც შეყვარებულები გვქვია, მანამდე სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდით ბუნებაში. სულ ვხვდებოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ვერთობოდი, ნერვებს ვუშლიდი და ესეც არ ტყდებოდა. ერთხელ ქალაქგარეთ ვიყავი მეგობრებთან ერთად. მანქანის გასაღები კოსტიუმის ჯიბეში ჩავიდე და საბარგულში ჩავდე. მერე მივხვდი, რომ საბარგული ჩამეკეტა. ნინი ყველაზე გამხდარი იყო და ვთხოვეთ შემძვრალიყო, მაგრამ დიდხანს მოუნდა სიბნელეში, ვერ იპოვა. არადა, ვეღარ მივდიოდით. მითხრა, შემოდი და შენ ნახეო. როგორღაც მეც შევძვერი და სახე რკინას გავარტყი. სისხლი მომდიოდა, ნინის შეეშინდა და სახეზე ტელეფონით მანათებდა. პირველად საბარგულში ვაკოცეთ ერთმანეთს (იცინიან). მერე დიდხანს ვიცინოდით ამ ამბავზე და ეს კოცნა სერიოზულად არ მიგვიღია. ამ დღიდან დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ გამოვუტყდით ერთმანეთს გიორგი ზერეკიძის ქორწილში. ჩემთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობა იყო. ამდენი წელი ციხეში ვიყავი. მანამდეც ცოლი ძალიან ცოტა ხანს მყავდა და მაინც ახალი გრძნობა იყო. ნელ-ნელა ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. ხანდახან ვჩხუბობთ, მერე ვრიგდებით. თითქმის 24 საათი ერთად ვართ.
Rating
- ნინი, შენი ოჯახის წევრები როგორ ხასიათზე დადგნენ, როცა გაიგეს, რომ მელორი შეგიყვარდა?
- მამამ ჩვენი მეგობრობის შესახებ რომ გაიგო, ამიკრძალა მასთან ურთიერთობა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მისი პირადი საქმე ნახა და მითხრა, რომ საბუთებში ჯერ კიდევ ჰყავდა ცოლი. გული გამისკდა. ამაზე მე და მელორმა ვიჩხუბეთ. ამ ამბიდან დაახლოებით ორ კვირაში უკვე შეყვარებულები ვიყავით და მამამ მთხოვა, რომ სახლში ამეყვანა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლოს დამეგობრდნენ.
მელორი:
- ნინის მამა პოლიციელია და მე ხომ პოლიციელებთან კარგად გამომდის ურთიერთობა (იცინის).
- გავიგე, რომ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტს ერთ-ერთ რესტორანში სტუმრობა არ აცალე. - ეს დაახლოებით ორი-სამი თვის წინ მოხდა. პრეზიდენტი, როგორც ყოველ საღამოს, ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდა და არც მაშინ ვაცალე, როგორც ადრე ვა კეთებდი. მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, სადაც იყო. რუსთაველზე სწრაფად მოვდიოდი მანქანით, რომ მისთვის მიმესწრო. სავალი ზოლი გადაკეტილი იყო და საპირისპირო მხარეს ერთი დაცვის პოლიციელი იდგა. ეგონა, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი, ვერ მივხვდი, რომ გზა დაკეტილი იყო, შეეშინდა, არ გამიტანოსო და გზა გამიხსნა. რესტორანთან რომ მივედი, მივხვდი, რომ მოვლენათა ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ჩემი მანქანა უფრო წინ იდგა, ვიდრე პრეზიდენტის ავტომობილი და ისე გამოვიდა, რომ ჩავხერგე. ჩვენი ფანჯრები დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე იყო და პრეზიდენტი ავტომობილში ჯდებოდა. დამწუხრებული სახით შემომხედა, ეტყობოდა, რომ აღარ ჰქონდა ძალაუფლება და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში არ დაავიწყდება.
- რა უთხარი?
- სერიოზული ჩავარდნა იყო დაცვის მხრიდან, ისე ახლოს აღმოვჩნდი პრეზიდენტთან. მისი დაცვის მანქანებს დაჯახების უფლება ჰქონდათ და კიდევ კარგი, რომ ეს არ გააკეთეს. მიცნეს და მეც ხელები მაღლა ავწიე, ძმებო, არ გინდათ-მეთქი. ჯიპებიდან 50-მა კაცმა მაინც გადმოყო ავტომატი. პრეზიდენტი სწრაფად გააცილეს. საოცარი ადრენალინი იყო, ნებისმიერ ატრაქციონზე მეტი. სააკაშვილის ახლობლები მოვიკითხე და პირადად მას ჯალათი ვუწოდე. თუ რაიმეთი შევლახე მისი უფლება, შეეძლო ეჩივლა, მაგრამ როგორც ვხედავ, მას თავმოყვარეობაც არ შერჩენია.
- თქვენი სიყვარულის ამბავს დავუბრუნდეთ. რამდენად ხშირად ხვდებით ერთმანეთს?
ნინი:

- სულ ერთად ვართ. მაგრამ ყველაზე საშინელი თვისება ის აქვს, რომ ყოველთვის მალოდინებს. თავის საქმეს პირველ ადგილზე აყენებს, ეს მომწონს, მაგრამ გოგონასთვის ძნელია. მირეკავს და მეუბნება, ნინი, გაემზადე, ხუთ წუთში მანდ ვარ. მშვიდად ვემზადები, ვიცი, რომ ხუთ წუთში არასოდეს მოვა.
- მელორ, რამდენიმე დღის წინ ნინის დაბადების დღე ჰქონდა და როგორ მიულოცე?
- (იცინის) ერთ საათს დავაგვიანე. სერიოზული საქმე მქონდა. პაბში იყვნენ გოგონები და რომ მივედი, უკვე დაშლას აპირებდნენ, ნინი გაბრაზებული დამხვდა, მაგრამ მალე შევრიგდით. პაბში მის დაბადების დღეს ორი დღის განმავლობაში აღვნიშნავდით, საჩუქარი ეს იყო ჩემგან.
ნინი:
- ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, არ ვიცოდი, მელორი რომ ციხიდან გამოვიდა, იმ პერიოდში გამოცდები მქონდა და ტელევიზორს თვალს ვერ ვადევნებდი. ერთ დღეს ჩემი 17 წლის და სახლში მოვიდა და მითხრა, ნინი, ძალიან მაგარი ბიჭი ვნახე შარდენზე, ძალიან მომეწონა, არ ვიცი, ვინ არისო. სახეზე ვერ იცნო. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მელორს უკვე ვიცნობდი. ერთ საღამოს მე, მამა და ჩემი და ტელევიზორს ვუყურებთ და ვხედავთ, საინფორმაციოში მელორის ინტერვიუ გადის, უცებ ჩემი და ყვირის, აი, ნინი, ეს ბიჭია (იცინიან). საშინელი სახით ვიდექი, ვფიქრობდი, როგორ მეთქვა დისთვის, რომ ამ ბიჭს უკვე ვიცნობდი და მომწონდა. მას შემდეგ ერთმანეთი გაიცნეს და დღეს საუკეთესო მეგობრები არიან.
- მელორ, რა შეცვალა ნინისთან ურთიერთობამ შენში?
- სხვა ფაზაში გადავედი. დღეს, როგორც უფლებადამცველი, ისე ვმუშაობ და იმ ადამიანებს ვეხმარები, რომლებიც სამართალს ეძებენ. ეს პროცესი დამღლელია და რთული დღის შემდეგ ნინის ვხვდები. ცხოვრება გამიხალისა, სულ მინდა ვნახო. თან, ჩვენ პოლიტიკაზე საუბარი აკრძალული გვაქვს. 28 წლის ციხეში გავხდი, ისე გავიდა 4 წელიწადი, ვერ ვიგრძენი და როცა დამიჭირეს, ისევ იმ ასაკში მგონია თავი. ძალიან მსიამოვნებს ეს ურთიერთობა. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია.
- ნინის შენი შვილი თუ გააცანი?
- ბავშვთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, ამაში ხელს ისიც მიწყობს, რომ ახლოს ცხოვრობს. ხან დედასთან არის და ხან ჩემთან. უკვე რვა წლისაა. ნინის არ იცნობს. დასასვენებლად არის წასული და რომ ჩამოვა, აუცილებლად გავაცნობ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გაუგებენ, რადგან ნინის წლინახევრის ძმა ჰყავს და კარგად გამოსდის პატარებთან ურთიერთობა.
- მართალია, თქვენი სიყვარულის ამბავი მხოლოდ ერთ თვეს ითვლის, მაგრამ მაინც გკითხავთ, როგორი წარმოგიდგენიათ მომავალი?
მელორი:

- გადაწყვეტილებებს მყისიერად არ ვიღებ. არსად გვეჩქარება. ჩემს ცხოვრებაში ეგ ეტაპი ერთხელ უკვე იყო. 18 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი და იმ ქორწინებიდან შვილი მყავს. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და ვფიქრობ, მეორედ ბევრად მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდო. ახლა რთული პერიოდი მაქვს. ბევრი საქმე დამიგროვდა და თან ციხეში ოთხი წელი დავკარგე. ამ წელიწადს ნამდვილად არაფერს არ უნდა ველოდო და შემდეგ წელს ვნახოთ.
ნინი:
- ახლა ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი. 21 წლის ვარ და მინდა, კარიერაც მოვიწყო. იურიდიულზე ვსწავლობ და გარდა ამისა, ვმონაწილეობ კონკურსში - ''სტუდენტური სახე'', ჩემს უნივერსიტეტს წარვადგენ. კონცერტებიდან და საღამოებიდან შემოსული თანხა მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალთა ფონდში გადაირიცხება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
asdf
ეეეჰ, რა კარგი გოგო ჩანს
15:56 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
არვიცნობ მაგრამ მახსოვს ჯეო-ბარიდან და არ მევასება. ვერ გავიგე რა კაცია არც პოლიტიკოსია და არც ძველი ბიჭი :))
15:52 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
???
რომელი იცნობთ ერთი ამ მელორს პირადად, მე ვიცნობ და ამის კაი კაცობა და პოლიტპატიმრობა არ გაიშვას :))) ფიზიკურად კი ბატონო, მაგრამ იმის იქით 0-ია.
12:04 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
მელორი კაი კაცია ხალხო./ქუთაისი/
23:23 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ძალიან ცდებით, ძალიან კარგი ბიჭია, ვაჟკაცური სული აქვს.....
16:58 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS