11 აგვისტო, 2013
გააგრძელებს თუ არა დუეტი „ჯორჯია“ კარიერას რუსეთში
საქართველოში ცხოვრება ხელოვანი ადამიანისთვის მით უმეტეს რთულია. კარიერის გაკეთება აქ ძალიან დიდ სახსრებს უკავშირდება, გინდა ალბომი, რეპერტუარის განახლება, ჩაცმა დუეტმა „ჯორჯიამ“, შეიძლება ითქვას, იურმალის კონკურსის მაყურებელი ხელმეორედ მოაჯადოვა და ქართველებსაც სიამაყის გრძნობა დამსახურებულად გაგვიჩინა. მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სცენაზე საუკეთესოები იყვნენ. სალომე ქათამაძესაც ღირსეულად დაუმშვენეს გვერდი და ლეონიდ აგუტინის შემოქმედებით საღამოზე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე კარგები იყვნენ. იურმალადან დაბრუნებულებს მათ მეორე დღესვე შევხვდით და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს კონკურსის კულუარების შესახებ.

- მიიღეთ კომპლიმენტები თქვენს გამოსვლებთან
დაკავშირებით იურმალაში.
რატი:

- (იღიმებიან) ძალიან დიდი მადლობა. იმით დავიწყოთ, როდის მივიღეთ მიწვევა. თითქმის ყოველ წელს დუეტ „ჯორჯიას“ აქვს მოწვევა, ასე ვთქვათ, თავისი სახლიდან. იქ რომ ჩავდივართ, შვილებივით გვეპყრობიან. მოგეხსენებათ, დუეტი „ჯორჯია“ საქართველომაც და სხვა ქვეყნებმაც სწორედ „ახალი ტალღის“ მეშვეობით გაიცნეს. კასტინგამდე უკვე ვიცოდით, რომ კონკურსზე უნდა გვემღერა, აგუტინის საღამოზე. სიმღერაც უკვე გამოგზავნილი ჰქონდათ. ცოტა შოკში ჩავვარდით, რადგან არც ერთ მონაწილეს არ მიეცა საშუალება, რომ ვარსკვლავის საიუბილეო საღამოზე ემღერა. ჩვენ შემთხვევაში დაუშვეს ძალიან დიდი გამონაკლისი და „ა“ კატეგორიაში გაგვიყვანეს.
მაკა:
- თან, იცი, რა იყო ყველაზე საინტერესო დეტალი? 2008 წელს, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობდით კონკურსში, სამივე დღის განმავლობაში ლეონიდ აგუტინი ათიანებს გვიწერდა. გაგვიკვირდა, რომ პატივი გვხვდა, მის საღამოზე შეგვესრულებინა სიმღერა. მის ათიანებს არაფერს მივაწერთ. ეს პირადი აზრი იყო და არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვწონდით. ზოგადად, მკაცრი შემფასებელია და ფიქრობს, რომ მისი მაქსიმუმი ქულა შეიძლება იყოს ათიანი.
რატი:
- ახლაც რეპეტიციებზე თითოეულ ფრაზაზე გვაჩერებდა და გვეუბნებოდა, როგორ უნდოდა გვემღერა.
მაკა:
- მახსოვს, ერთ-ერთ რეპეტიციაზე ვიფიქრე, ერთ მომენტს სხვანაირად შევასრულებ და თუ მიხვდება-მეთქი. წარმოიდგინე, სამი დღის განმავლობაში 31 ნომერს რეპეტიციობდა და ყველას საგულდაგულოდ უსმენდა. ზუსტად იმ ადგილას გაგვაჩერა და გვკითხა, ჩვენ ხომ ამას სხვანაირად ვაკეთებდითო?!.
- მოსამზადებლად რამდენი ხნით ადრე ჩახვედით?
- ათი დღე დავყავით იურმალაში. სამი რეპეტიცია გვქონდა და ვერ გეტყვი, რომ სიმღერის „დაღეჭვის“ საშუალება გვქონდა.
რატი:
- თავიდან ჩვენებურად შევასრულეთ, მაგრამ არ მოეწონათ, რადგან მაკა მღეროდა პირველ ხმას და აგუტინმა გვითხრა, მელოდია გვეკარგებაო. ვიფიქრეთ, რა გავაკეთოთო და ერთი ტონით შევცვალეთ, მაგრამ მე დავიწყე ჯუჯღუნი, რადგან ძალიან დაბალი იყო ჩემთვის. ამ დროს მოვიდა ვალერია და გაოცებული გვიყურებდა, ესენი რას მღერიანო (იცინიან). თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ვინაიდან ძალიან დაბალი იყო, რომ გამოვედი, პირველი ორი ნოტი ვერ გავარტყი. თანაც, როცა ემოცია ჭარბად არის...
მაკა:
- არადა, რატის დაბლებზე იქ გიჟდებოდნენ, ეს კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.
- ნერვიულობდით?
- ზოგადად - არა, იმაზე ვნერვიულობდით, რომ აგუტინის იმედები არ გაგვეცრუებინა. კაცმა ამხელა რამ გააკეთა ჩვენი გულისთვის. მისთვის ეს არაფერს ნიშნავდა ალბათ, ჩვენთვის დიდ ნაბიჯს ნიშნავდა. ეს გამოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ იმიტომ ვღელავდით, აგუტინს არ ეთქვა, კონცერტში სულ ტყუილად ჩავსვიო. რეპეტიციებზე სულ ვეკითხე-ბოდით, როგორიაო და გვპასუხობდა, ბავშვებო, რატომ ნერვიულობთ, ფანტასტიკურიაო. შემდეგ მისი თანაშემწეები მოვიდნენ და გვთხოვეს, ისე მოსწონხართ, ძალიან გთხოვთ, ნუ გადასდებთ თქვენს ნერვიულობასო. ძალიან მშვიდად არის და თქვენ გამო ნერვიულობსო.
Rating
რატი:
- არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მანამდე როგორ გვექცეოდა. მაკას სადაც დაინახავდა, ეხუტებოდა და დიდ სითბოს გამოხატავდა. იგორ კრუტოი არის ჩვენთვის კიდევ ასეთი ადამიანი, საოცარი პიროვნებაა და აგუტინმაც დიდი სითბო გამოხატა. წელს ყველა ვარსკვლავთან უკვე სხვა ტიპის ურთიერთობა დავიწყეთ. მაშინ კონკურსანტები ვიყავით, ახლა უკვე სხვა სტატუსით ჩავედით.
- ვიცი, რომ კრუტოიმ ძალიან გაქოთ ტელეკამერის წინ და ეს ეთერში ვერ მოხვდა.
მაკა:
- „იმედმა“ იგორ კრუტოის ჩამოართვა ინტერვიუ სალომესთან დაკავშირებით. გვერდით შვილი ედგა და იმანაც აღნიშნა, რომ სალომე საუკეთესო იყო. უცბად კრუტოიმ დამინახა და ხელი დამიქნია, აქ მოდიო. არადა, ის არავისთან მიდის, პირიქით ხდება სულ. ინტერვიუ დამთავრებული არ ჰქონდა და აქცენტი ჩემზე გადმოიტანა, ჩამეხუტა. რატი იმ დროს იქ არ იყო. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მიუბრუნდა ჩართულ კამერას და თქვა, მაკა ჩემი საყვარელი მომღერალიაო (იღიმის).
რატი:
- ასევე ეთერში არ მოხვდა აგუტინის ინტერვიუ, სადაც ჩვენზე ლაპარაკობდა. სულ დუეტ „ჯორჯიას“ ახსენებდა. აგუტინმა კონცერტის შემდეგ გვითხრა, ათი თავით მაღლა იდექით კონცერტზეო. რეპეტიციაზე რაღაცები გვეშლებოდა და კონცერტის მერე გვითხრა, თქვენ ნამდვილი არტისტები ხართო.
მაკა:
- მან ამ სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა. გვითხრა, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს სიმღერას ჩაწერთო. ვაპირებთ, ჩავწეროთ და გავუგზავნოთ. აუცილებლად იმავე სტილში უნდა ჩა ვწეროთ. მომღერლებს თავიანთ რეპერტუარში ჰიტები არ უყვართ, „პრაშჩაი“ არ არის ჰიტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის, მისი აზრით, საუკეთესო სიმღერა.
რატი:
- რაც ჩვენ გვამღერა, ის ყოფილა მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა. სხვების გადაკეთების უფლება მისცა და ამის - არა.
- სალომესთან ერთად ნაციონალურ ტურში გამოხვედით. რას ფიქრობთ სიმღერაზე, რომელიც საქართველოში გააკრიტიკეს?
- მე გეტყვით, რა ხდებოდა ამ სიმღერის შესრულების შემდეგ. იქაური ემოციები იყო შემდეგნაირი - მეტი რომ არ შეიძლება, ისე მოეწონათ. მთავარი მიზანი ის იყო, რომ იქ მოსწონებოდათ. აკანკალებდათ, ისე მოსწონდათ სამხმოვანი შესრულება.
მაკა:
- ჩვენებმა რატომ ვერ გაიგეს, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. ჟიურიში რომ ყოფილიყო ვინმე საქართველოდან, შესაძლოა, ხუთიანი აეწია (იღიმება). ტოტო კუტუნიომ თუ ვერ გაიგო, რა გაუკვირდათ?!. შესაძლოა, ეს სიმღერა არ იყო იდეალური ვარიანტი, მაგრამ დამ-დარა-დამ-ს ღიღინებდა ყველა იქ.
რატი:
- ერთ-ერთმა მეგობარმა მოგვაწოდა ძალიან კარგი იდეა, რითაც იწყებდით, ანუ დამ-დარა-რამით, მოდულაცია რატომ არ გააკეთეთო. ეს იყო რუსა მორჩილაძის გაკეთებული და ზაზა ხუბუკელაშვილის არანჟირება. სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სიმღერებს რომ ვისმენ, მეც ვერ ვიგებ ხოლმე. მაგრამ მაინც, უმაღლესი შეფასებები მივიღეთ. უამრავი 11 ქულა. მადლიერები ვიყავით, რომ ასეთი ქულები დაგვიწერეს და ერთი ათიანი და ერთი რვიანი იყო. საქართველოში რომ ვერ გაიგეს, ველო-დებოდი ამას, რადგან რთული კომპოზიცია იყო.
მაკა:
- მე უფრო ის მეგონა, რომ იქ ვერ გაიგებდნენ. თავიდან სალომემ ერთ ხმაში უმღერა რეჟისორს, რადგან ჩვენზე ადრე ჩავიდა და რევზინს არ მოეწონა, შემდეგ, როცა სამ ხმაში მოისმინა, ძალიან მოეწონა. ფინალშიც კი ეს გვამღერა მეორედ.
რატი:
- ზოგადად, ეს სიმღერა სალომესთვის იყო დაწერილი ერთ ხმაში, შემდეგ კი იურმალის კონკურსის ფორმატი შეიცვალა და დუეტებთან ერთად უნდა შეესრულებინათ ნაციონალური ტური. ჩვენც გვიან გავიგეთ, რომ სალომესთან ერთად უნდა გვემღერა.
- კუბელი კონკურსანტი მოგეწონათ?
მაკა:

- რეპეტიციიდან რომ დავბრუნდით, მე და რატი ვამბობდით, რომ გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო. ძალიან მაგრად მღეროდა. პირველ დღეს იდეალური იყო, მაგრამ რეპერტუარი არ ჰქონდა კარგად შერჩეული და ამგვარ კონკურსზე რეპერტუარი წარმატების 60%-ია. იურმალის მაყურებელი ტყუილად ფეხზე არ დგება და პირველ ტურზე ფეხზე წამოუდგნენ, მეორე დღეს კი ჩაუვარდა გამოსვლა და მესამე არ მინახავს, მაგრამ ამბობდნენ, არ იყო კარგიო. კუბელს ისეთი ყელი აქვს და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ბევრს არ გამოსდის.
რატი:
- მუსიკოსი თუ ხარ და ამას არ აღიარებ, როგორ მღერის ეს კუბელი ბიჭი... თუმცა ამასთანავე ვამბობთ, რომ სალომე ჩვენი ფავორიტი იყო.
- სალომე დაიჩაგრა?
- ვერ ვიტყვი, რომ დაიჩაგრა. ალბათ ამაზე სალომემ უნდა ილაპარაკოს. დაჩაგვრა რომ მოენდომებინათ, რვიანებს აუწევდნენ და თავისუფლად შეეძლოთ ეს, რადგან ბევრი კარგი მომღერალი, როცა არ მოსწონებიათ, ასე „გაუფუჭებიათ“ . დაუწევდნენ ქულებს და სამეულს მიღმა დატოვებდნენ.
მაკა:
- დაჩაგვრა სხვა რამეა. ჩვენ გვაქვს უბრალოდ ასეთი ხასიათი, ქართველებს, თუ პირველი ადგილი არ ჩამოიტანე, მაშინ წარუმატებელი ხარ. ჩვენ კმაყოფილები ვიქნებოდით, „ახალ ტალღაზე“ მეორე ადგილზეც რომ გავსულიყავით. პირველ ადგილზე პრეტენზია არ გვქონია. ასეთი მიდგომა, რომ ყველა პირველზე უნდა გავიდეს, პრობლემურია.
- ჩაცმულობაზეც გკითხავთ. სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, რატი მეუბნებოდა, საქართველოში თქვენი ჩაცმულობა გაუკრიტიკებიათ.
მაკა:

- ძალიან ბევრს მოეწონა, მაგრამ უთქვამთ, რას გვახარბებს, მკერდი სულ არ ჰქონია ამ გოგოსო (იცინის). აგუტინის კონცერტზე დათუნა სულიკაშვილის კაბა მეცვა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის ვთხოვე რაიმეს შექმნა. დათუნამ იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს.
რატი:
- დათუნა ძალიან ნიჭიერი ადამია ნია და დიდ მადლობას ვეტყვი. შარვალიც მან შემიკერა და ერთი პიჯაკიც, კიდევ ერთი პიჯაკი სხვაგანაც შევაკერინე, მესამე პიჯაკი მზა შევიძინე და იქ გადაირივნენ, ძალიან მოეწონათ.
- მოკლე შარვლის გამო გაგაკრიტიკეს.
- შლაქსებს ვერ ამოვიცვამდი. როცა ევროპაში მიდიხარ, ცოტა მოდურად ხომ უნდა გეცვას?
მაკა:
- ეს რატის სტილია. ვისაც მოსწონს, მოსწონს. რატი თავს კარგად გრძნობს და უხდება.
რატი:
- არა უშავს, ეს ნაკლებად მაღელვებს.
მაკა:
- მეორე ტურში რაც მეცვა, სიმართლე გითხრა, უკეთესიც შეიძლებოდა. დიზაინერი მოგვამაგრეს - ესტერ აგნერი და ჩემს მეორე ტურის ჩაცმულობაზე მან იზრუნა. სტილი მიხდებოდა, მაგრამ ფერმა სატელევიზიოდ ვერ მოიგო. მესამე დღეს შავი კაბა მეცვა, გადაჯვარედინებული გულით და ის სხვა დიზაინერმა მომარგო იურმალაში.
- მაია ყიფიანმა გაგვიმხილა, რომ რუსეთის ბაზრისთვის გამზადებთ და ბევრი რამ იგეგმება. 2008 წელს ამაზე თავად თქვით უარი.
რატი:

- საქართველოში ცხოვრება ხელოვანი ადამიანისთვის მით უმეტეს რთულია. კარიერის გაკეთება აქ ძალიან დიდ სახსრებს უკავშირდება, გინდა ალბომი, რეპერტუარის განახლება, ჩაცმა. დღეს ვკითხულობდი ზუსტად, რატომ გარბის ყველა მუსიკოსი აქე-დან? 60% უკვე აღარ ცხოვრობს საქართველოში. ამ ერთ წელიწადში ბევრი წავიდა. ნუთუ ეს ქვეყანა არ არის იმის ღირსი, რომ შემოქმედი ადამიანები აქ ჰყავდეს? რატომაც არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო ახლობლებსა და მეგობრებთან და აქ მქონდეს კარიერა?!..
მაკა:
- მხოლოდ ხალხის სიყვარული გვაძლებინებს.
- არის შემოთავაზებები?
რატი:

- არის შემოთავაზებები სამი პროდიუსერისგან და ალბათ უახლოეს მომავალში შეხვედრას დაგვინიშნავენ.
მაკა:
- წინასწარ რაც ვილაპარაკეთ, არაფერი გამოგვივიდა. ზოგადად, ამ კონკურსზე წასვლით კმაყოფილები ვართ, რადგან რაც გვინდოდა, უფრო მეტიც კი მივიღეთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის უამრავი კომპლიმენტი. ეს იყო მთავარი. ჩვენი პირველი ადგილი გავამართლეთ!..
რატი:
- აქაური მუსიკოსებისგან როგორი გათამამებულიც ვართ, ზუსტად ისეთივე სითბო მივიღეთ იქაც. სულ ვფიქრობდი და კვლავაც დავრწმუნდი, რომ მუსიკოსების ენა საერთაშორისოა და ერთნაირად აზროვნებენ.
- „ევროვიზიაზე“ არ ფიქრობთ?
- რამდენჯერაც ვიფიქრეთ, არ აღმოვჩნდით ფორმატში (იღიმის). აღარ გვინდა, 4 წელი გვინდოდა. რაც იურმალის კონკურსიდან დავბრუნდით, სულ გვსურდა წასვლა. მაკას დიდად არა, უფრო მე. ახლა ჩემთვის ეს კონკურსი განულებულია. „ახალი ტალღა“ ბევრად წინ დგას თუნდაც იმით, რომ მუსიკოსები გაფასებენ. სხვა ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, სავარაუდოდ, გაგვიშვებდნენ „ევროვიზიაზე“ ...
მაკა:
- წერტილი დავსვით. ხომ უნდა მიგიწევდეს გული? რამდენჯერაც გაგვიწია გულმა, იმდენჯერ არგუმენტები წაგვიყენეს, რატომ არ უნდა წავსულიყავით ჩვენ... „ევროვიზიაზე“ აღარ ვფიქრობთ.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
Gეორგე
კიდევ კარგი სააკაშვილი რომ "მოხსნეს" თორემ რუსეთზე ასე ლაღად ვინ გაჭიკჭკიკებინებდათ ან ვინ გაგასუნინებდათ :D
03:19 / 23-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
წადით რატი და მაკა შანსი არ გაუშვათ ხელიდან, ნეტა შემეძლოს ამ დამყაყებული ქვეყნიდან გაღწევა, აქ ხალხს უანგაროდ რომ ემსახურო მაინც წიხლს დაგაჭერენ და ტალახს გესვრიან. იქ წადით სადაც მეტად ეყვარებით და მეტად დაგაფასებენ.
13:10 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
წადით რუსეთში და ისიამოვნეთ თქვენი შემოქმედებით ამ ტვინ ნაღრძობ ხალხს ნუ უსმენთ
14:02 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივად მღერიხართ,ძალიან უხდებით ერთმანეთს.... როგორ მინდოდა...გულით გისურვებთ წარმატებებს,გაიხარეთ
19:21 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა -ს
რუსეთი შეიძლება არ უყვარდეს ქართველს ამის ბევრი მიზეზი გვაქვს,მარგრამ იქ რომ შოუს და ფულის კეთება იციან და დაფასებულია თითოეული მომღერალი,საშულაო დონისა მომღერალსაც კი მაღალი შემოსავალი აქვს,ისე ჩვენ არც დაგვესიზმრება იქ სააკაშვილის და ლელა კილაძიგან განსხვავებით,არც პუტინი,არც მედვედევი და მათი ცოლები განაგებენ რუსულ შოუბიზნეს
14:32 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS