10 აგვისტო, 2013
„უახლოესი მომავალი დაადასტურებს , რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება“
მსახიობებს რომ უზარმაზარი პოტენციალი აქვთ და იციან, როგორ გააცინონ მაყურებელი, ფაქტია. სწორი მარკეტინგული გათვლების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან რეიტინგული სერიალი. რისკს კი ყველა ახალი წამოწყება შეიცავს მიშა მშვილდაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ რამდენიმე სერიაში გამოჩნდა. სერიალშიც პროდიუსერის როლი აქვს. ცდილობს, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ პროდიუსერი გახდეს. სეზონი ისე დამთავრდა, რომ რამდენიმე ინტრიგა დარჩა და მაყურებელი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის.

- სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ სამი წელია, ეთერშია და რეიტინგს არ კარგავს. ელოდით
სერიალის ასეთ პოპულარობას?
- თუ სერიალი გადის შაბათ-კვირას საღამოს 10 საათზე, ასეთი რეიტინგული უნდა იყოს. სხვანაირად არც შეიძლება.
- მაყურებლისგან კრიტიკასაც იღებთ, მაგრამ გიყურებენ. ყველაზე მწვავე კრიტიკა რა მოგისმენიათ, რომელმაც სერიოზულად ჩაგაფიქრათ და გული გატკინათ?
- კრიტიკამ გული რატომ უნდა გატკინოს? კრიტიკა საინტერესოა და რაღაც ახალს დაგანახვებს. გასაბრაზებელი და გასაღიზიანებელი კრიტიკაში არაფერია.
- სერიალზე გამოთქმული რომელიმე მოსაზრება გაგკვირვებიათ? გითქვამთ, 21-ე საუკუნეში ასეთ რეაქციას არ ველოდითო...
- 21-ე საუკუნეში, შეიძლება, რაღაც გაგიკვირდეს, მაგრამ ამ ორ სიტყვას საქართველოში რომ ვამატებთ, აღარაფერი გვაკვირვებს. ჩვენს ახლო წარსულში იმდენი რამ გვინახავს, ძნელია ჩვენი გაკვირვება. ძალიან კარგად ვიცნობთ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ. ჩვენთან არაფერი ისეთი არ ხდება, რაც გვაკვირვებს და გვაოცებს. ადვილად პროგნოზირებადია თუნდაც ყველაზე უცნაური კრიტიკა, რასაც სერიალზე ვკითხულობთ. ასეთი ქვეყანა ვართ, ყველანაირი გემოვნების ხალხი არსებობს. მთავარია, სერიალს რეიტინგი ჰქონდეს და მასში განვითარებული მოვლენები სალაპარაკო თემა გახდეს.
- „ფორმულა კრეატივზე“ ხშირად ამბობენ, რომ ცდილობთ, ქართული სტერეოტიპები დაამსხვრიოთ.
- ეს ცოტა გადამეტებული ნათქვამია. ჩვენ ვცდილობთ, სერიალი საინტერესო საყურებელი იყოს. იმისათვის რომ სერიალი საინტერესო გავხადოთ, მაყურებელს მუდმივად სიახლე უნდა შევთავაზოთ, უნდა ვაჩვენოთ ისეთი რამ, რაც ჯერ ტელევიზორში არ უნახავს. ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ისეთი თემები მოძებნო, ახალს მიაგნო და დააფიქრო მაყურებელი. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ სტერეოტიპების მსხვრევად აღიქმებოდეს. იმის განცხადება, რომ ტრადიციების მსხვრევა გინდა, ისეთივე გულუბრყვილოა, როგორიც ტრადიციების სკრუპულოზური დაცვა.
- ერთ-ერთ ბოლო სერიაში იყო მინიშნება, რომ არ არის აუცილებელი, ქელეხზე საჭმელად მიხვიდე.
- ამ შემთხვევაში ტრადიციის გაშარჟება იქნებოდა, ახალი სიტყვა გლოვაში მართლა ახალი სიტყვა რომ ყოფილიყო. არსებობს ისეთი შესისხლხორცებული ტრადიციები, რომელთა ხელოვნურად დამსხვრევა ისეთი-ვე დიდი გულუბრყვილობაა, როგორიც ჩვენი გმირების მოქმედება სერიალში. შენს საქმეს თუ კარგად აკეთებ, მისი გვერდითი ეფექტი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაცას სტერეოტიპი შემოემსხვრეს, ვიღაცას ცხოვრებაში მიზანი გაუჩნდეს, ვიღაც აღფრთოვანდეს და ვიღაც გაღიზიანდეს. ეს ყველაფერი გვერდითი ეფექტებია.
Rating
- თქვენ მოგწონთ ქელეხის სუფრა?
- ქელეხის სუფრას აქვს ღრმა ისტორიული საფუძველი. ძველად დიდ მანძილზე რომ მიდიოდნენ ჭირისუფალთან მისასამძიმრებლად, ბუნებრივია, მათ საკვებს სთავაზობდნენ. მერე ამ ყველაფერმა მიიღო ქელეხის ფორმა. ადამიანის სულს მოიხსენიებენ და ცოტას სვამენ. ალკოჰოლი ეხმარება მძიმე წუთების გადატანაში ადამიანს. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოსწონს და ვის - არა. ეს ისეთივე რეალურია, როგორიც ლარი, ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ. რა თქმა უნდა, მომწონს ქელეხის სუფრა. ყველაფერი, რაც მდგრადია დროსა და სივრცეში, მომწონს. ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და ფუნქცია. დღესდღეობით ქელეხს აქვს ფუნქცია, ადამიანს მძიმე წუთების გადატანაში ეხმარება.
- წერდნენ, ჟუჟუსთან ერთად შეიძლება, სერიალის რეიტინგი ჩაესვენოსო.
- არ ჩაესვენება, ეს ცალსახად ნათელია. უახლოესი მომავალი დაადასტურებს, რომ სერიალის რეიტინგი ჟუჟუს არ ჩაჰყვება.
- ცხელ ზაფხულში დაკრძალვის სცენების გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?
- საინტერესო იდეა იყო, განსხვავებული სერიები გამოვიდა და კარგი რეიტინგი ჰქონდა. ადამიანებმა ნახეს ის, რასაც არ ელოდებოდნენ.
- ერთ-ერთ სერიაში გმირები ვერა-ვაკეობის აღსანიშნავად წავიდნენ. ვერა-ვაკეობის აღნიშვნა ზოგიერთმა პეტრე-პავლობის აღნიშვნად მიიჩნია.
- ეს ჩანაფიქრი რომ გვქონოდა, გაცილებით უფრო მარტივად დაშიფრული იქნებოდა. ვერა-ვაკეობა არის გარკვეულწილად თბილისობის, ვიწრო, უბნური დღესასწაულების შარჟი. თუმცა საქართველოში ყველა დღესასწაული დაახლოებით ერთნაირად აღინიშნება. სუფრა უნდა გაიშალოს და ღვინო დაილიოს. ჭამა ყველას უყვარს.
- „ფეისბუქის“ გვერდზე ცოტა ხნის წინ აღნიშნავდით, რომ ხალხი სავაშის მსგავს გმირს ეძებს „ჩემი ცოლის დაქალებში“ . ქართველი ტიპაჟები აღარ მოსწონთ და სავაშის მსგავს დადებით, მდიდარ და კეთილ გმირს ელოდებიან.
- ჩვენი სერიალი სხვა ჟანრია, ის საპნის ოპერაა, რომელშიც ყოვლად მდიდარი, თანამედროვედ მოაზროვნე და იმავდროულად ტრადიციების დამცველი სავაში იყო, ქალებიც რომ მოსწონდა, მამასაც და დედასაც პატივს სცემდა, დისკოთეკაზეც მაგარი იყო და სახლშიც. დიდთან დიდი და პატარასთან პატარა - ასეთი დიმიტრი გელოვანი არ არის ჩვენს სერიალში და არც შეიძლება იყოს. გაცილებით დიდი შანსია, რეალობაში არსებობდეს ასეთი ყოვლად დადებითი ადამიანი, ვიდრე ჩვენს სერიალში.
- ცოტა ხნის წინ სერიალებს საფრთხე დაემუქრა. კობა დავითაშვილი ამბობდა, დღის განმავლობაში სერიალები ეთერში არ უნდა გადიოდესო.
- ძალიან პათეტიკური რეაქციაა თქვენი მხრიდან, თუ ამას ისე აფასებთ, თითქოს სერიალებს საფრთხე დაემუქრა.
- ყოველ შემთხვევაში, აქტიურად განიხილებოდა ეს თემა პარლამენტშიც და სოციალურ ქსელშიც.
- ტრაგიკული ისაა, რომ პარლამენტში უფრო აქტიურად განიხილებოდა ეს თემა, ვიდრე სოციალურ ქსელში. სოციალურ ქსელში სერიოზულად არ აღუქვამთ, რომ საქართველოში შეიძლება, სერიალი აიკრძალოს. ეს საფრთხე რეალობად არ მიმიჩნევია. ჩვეულებრივი ამბავია. ყველა რეიტინგულ პროდუქტთან დაკავშირებით ცდილობენ ხოლმე, რომ მასთან ერთად მოიაზრებოდნენ. რეიტინგულ თემებზე განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის იქნება. ამას ყველა უნდა შეეგუოს. მთავარი ისაა, რომ საღი აზრი იმარჯვებს. საღი აზრი აყალიბებს საკანონმდებლო ინიციატივებს. ყველა ინიციატივა, რომელიც საღ აზრს ეწინააღმდეგება, მკვდრადშობილია.
- თქვენ უყურებთ საპნის ოპერებს?
- საპნის ოპერებს არ ვუყურებ. ჩვენი სერიალი მიეკუთვნება კომედიურ სერიალთა ჯგუფს. „ჩემი ცოლის დაქალები“ ალბათ ყველაზე მეტად „სასოწარკვეთილ დიასახლისებს“ ჰგავს. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარისხიან სერიალებს იღებენ. ვცდილობთ, ჩვენი სერიალი ამ ფორმატის იყოს. ეს არაა ტელენოველა. გულის წასვლებით, კომაში ჩავარდნილი და გონებადაკარგული გმირებით, რომლებიც, გონზე რომ მოდიან, შეყვარებულებს ვეღარ ცნობენ. თუმცა ეს თემები სერიალისთვის ძალიან ახლობელია და მისი გაკეთება ახლებურად და საინტერესოდ შესაძლებელია.
- რომელიმე სერიალის ყველა სერია გაქვთ ნანახი?
- ძალიან ბევრი. „მეგობრები“ , „როგორ შევხვდი დედაშენს“ . „სოპრანოს კლანი“ , „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ . „სექსი დიდ ქალაქში“ . „მიწისქვეშა იმპერია“ . ბევრი მაგარი სერიალი არსებობს, რომლებიც „ფორმულა კრეატივის“ წევრებს ნანახი გვაქვს. ფეხბურთელები ხომ სხვის თამაშებსაც უყურებენ ხოლმე.
- „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრი რომ იყავით, ბევრს გაუკვირდა. ეს საქმე თქვენთვის რთული იყო?
- ძალიან რთული იყო გამომდინარე იქიდან, რომ ადვილი არაფერია. მთავარი სირთულე ის გახლდათ, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი იმ სიტუაციაში, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. უნდა ყოფილიყავი ზუსტი და გვეგრძნო ის ამინდი, რაც კონკურსში იყო. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, მეც და ზოგადად ჟიურის სხვა წევრებმაც ნორმალურად გავართვით თავი დაკისრებულ მოვალეობას. წარმატებული პროექტი იყო. საინტერესო კონკურსანტები იყვნენ, რომლებიც ბევრს დაამახსოვრდა.
- კიდევ რომ შემოგთავაზონ, იქნებით ჟიურის წევრი?
- სიამოვნებით. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც ხელს შემიშლის შემდეგში ჟიურის წევრობაზე დათანხმებაში.
- როგორც ვიცი, „ფორმულა კრეატივი“ ფილმის გადაღებას გეგმავს.
- უკვე დიდი ხანია, ფილმ „ოქროს საწმისის“ გადაღებას ვგეგმავთ. ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა. ზოგიერთი იდეის რეალიზება ხდება იმის მიხედვით, როგორია ჩვენი საწარმოო მასშტაბები კონკრეტული მომენტისთვის. ამჟამადაც რამდენიმე ფილმზე ვმუშაობთ ერთდროულად. კინოს გადაღება მშობიარობას ჰგავს. გადაღებების პროცესის დაწყებას მინიმუმ ერთთვიანი მასშტაბური მუშაობა სჭირდება.
- დასვენებას ფორმულა „კრეატივის“ წევრები ერთად ხომ არ გეგმავთ?
- ჩემი მეგობრები ყველანი ერთად მიდიან ევროტურში. მშურს, რომ მათ ვერ მივყვები, სამაგიეროდ, კარგი მიზეზითY ვრჩები და ეგ მახარებს. ძალიან ცოტანი ვრჩებით თბილისში. ვერ ვახერხებთ თბილისიდან გასვლას. ახალ პროექტს სექტემბრიდან ვიწყებთ, „ნათია და ნათია“ ახალი სერიალი იქნება. „ჩემი ცოლის დაქალების“ პარალელურად ამ ახალ სერიალსაც შევთავაზებთ მაყურებელს. ახალი სერიალიც კვირაში ორჯერ გავა ეთერში. მასში დაკავებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან მაგარი გამოცდილება. სხვადასხვა სერიალში მუშაობდნენ. სიტუაციური კომედია იქნება. მთავარ როლებში იქნებიან მსახიობები, რომლებიც დებ ღლონტებს თამაშობდნენ „შუა ქალაქში“ . ერთი ოჯახის რძლებს ასახიერებენ და დაძაბული ურთიერთობა ექნებათ.
- „შუა ქალაქის“ მსახიობების მონაწილეობით სერიალი „რუსთავი 2“ -ზე ვერ გახდა პოპულარული. კიდევ ერთხელ ამ მსახიობების ერთად დაკავება რისკს არ შეიცავს?
- ვფიქრობ, „ალუბლების ქუჩა 12“ -ის გადაღებების დროს კონკრეტული შეცდომები იყო დაშვებული. ჩვენც დაგვიშვია ანალოგიური შეცდომა. ვაკეთებდით სერიალს „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები“ , რომელიც ეთერში ცოტა ხანი გადიოდა. სერიალი ზედმეტად ფორმატიზებული იყო და საბოლოო ჯამში ქართული აღარ გამოდიოდა. ორივე ეს სერიალი ამერიკულ ფორმატს იყო მიმსგავსებული და ეს იყო მთავარი პრობლემა, თორემ ამ მსახიობებს რომ უზარმაზარი პოტენციალი აქვთ და იციან, როგორ გააცინონ მაყურებელი, ფაქტია. სწორი მარკეტინგული გათვლების შემთხვევაში ეს იქნება ძალიან რეიტინგული სერიალი. რისკს კი ყველა ახალი წამოწყება შეიცავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
შენ,მივსტირით წარსულს
მე უკვე ვთქვი,რომ შეჩვეული არ ვიყავი,კარგად წაიკითხე რაც დავწერე,შენ თუ იყავი ძველ კატოს მიჩვეული,იმას არ ნიშნავს,რომ მეც ვიყავი.მე არ გახვევ ჩემს აზრს შენ,მე მხოლოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს აქ,მე არ მოწონს ამ როლში ლელა მებურიშვილი,მსახიობი,რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში ერთნაირია სახლში,სამსახურში,მეგობრებთან და ასე შემდეგ,ერთი მიმიკით საუბრობს მის და მისი მეგობრის დედამთილთან,ქმართან თუ ქმრის მეგობართან...დიდი სიყალბეა.ასე რომ თუ მოგწონს ლელა მებურიშვილი,უბრალოდ მოგწონდეს,სხვა სხვანაირად ფიქრობს. რაც შეეხება შევარდნაძის ხსენებაორივე კომენტარში,მგონი ჩარჩი იმ დროში თუ რა არის,რას აიკვიატე
23:44 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მივსტირით წარსულს
შენ: კითხვის ნიშანო, "შეჩვეულები ვიყავით ძველ კატოს" -ესაა შენი ლოგიკა,ამიტომ ვამბობ შევარდნაძის დრო ჯობდა, დამიჯერეთ, შეჩვეულები ვიყავით. რაც შეეხება სულელსა და თავნებას,მინდოდა მეთქვა, რომ ლელამ განსხვავებული სახე შექმნა , კოპირება არ მოახდინა,რადგან კარგი მსახიობია,ისე როგორც ნინო.ვიმედოვნებ, რომ ნინო თქვენგან განსხვავებით წინ იხედება, ბევრ ახალ როლს შეასრულებს დიდი წარმატებებით
16:26 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მიშას
გევედრებით,დააბრუნეთ ნინო გაჩეჩილაძე,მითხარი რა გავაკეთოთ ამისათვის და კველაფერს ვიზამთ მე და ჩემი მეგობრები,გესმის მიშა? მართა გულით გთხოვ და გევედრებიიიიიიიიიიიი
09:27 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
???
სადაა ლოგიკა,სულელი და საყვარელი გოგო შეიზლება შეგიყვარდეს და ჯიუტი და თავნება არა ხომ? დაავადებული ნამდვილად არ ვართ,უბრალოდ შედარებაც არ შეიძლება ძველ და ახალ კატოს შორის,იმდენად ძლიერია ძველი და სუსტი ახალი კატო,ანუ ლელა მებურიშვილი,ამ როლზე არ ვარგა,სხვაგან კარგია,ერთიც,გამორიცხეთ,რომ შეჩვეულები ვიყავით ძველ კატოს,არანაირად,ნინო გაჩეჩილაძე მართლა შეუდარებელი იყო და იქნებ დაგვდონ პატივი და დააბრუნონ,სერიალი კვლავ ისეთი გახდება,როგორიც იყო ადრე
09:25 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზესტაფონელი
მიშა მაგარია!მწიფე მსხლის ქვეშ.
01:06 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS