04 აგვისტო, 2013
რატომ დადის სამოგზაუროდ მარტო „ჩემი ცოლის დაქალების“ სანდრექსა
დრო მენანება, რომ ვიდგე და ვიღო ფოტოები, ეს მოგონილი რაღაცაა, რადგან ტვინში ბევრი რამ მრჩება, ფოტოს ალბათ იმისთვის იღებენ, რომ ასი წლის მერე შვილიშვილებს აჩვენონ ან დღეს „ფეისბუქზე“ დათაგონ სანდრო კაკულია უცნაური მოგზაურია, ასე საკუთარ თავს ახასიათებს და ძნელია, არ დაეთანხმო. მის ფოტოალბომში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის ნამყოფი, მოგზაურობის ამსახველ ვერც ერთ ფოტოს ვერ ნახავთ. მიზეზზე თავად მოგახსენებთ.

- მოგზაურობა არის ფენომენი, რომლის გარეშეც, მე მგონია, ადამიანი სრულყოფილი ვერ იქნება. ეს არ ეხება მოგზაურობას შოპინგისთვის,
მხოლოდ გართობისთვის, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოგზაურობა გახლავთ ახალი გამოცდილების შეძენა. ადამიანისთვის არსებობს ცხოვრებისეული შთაგონების რამდენიმე ტიპი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოგზაურობაა. ეს არის ჩემთვის როგორც შთაგონება, ასევე გაქცევა რაღაცისგან. საქმესთან დაკავშირებული გასვლებიც მქონია და უბრალოდ, თუკი ასე დავარქმევთ, გაქცევა შთაგონების ახალი წყაროს საძებნელად.
- პირველი ასეთი გაქცევა გახსოვს?
- თუ ჩვენ ჩემს მოგზაურობებს დავყოფთ ადგილობრივად და საზღვრებს გარეთ გასვლად, პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბზე უნდა ვისაუბროთ. 12 წლის ვიყავი, როცა სკოლიდან ქვათახევში წავედით, პირველი კარავი, პირველი მიტოვებული, დამწვარი მონასტრის კედელი, ღამის თევა მინდორში. ზოგადად, არაკომფორტული მოგზაურობა მძულს. ამ ლაშქრობაში კი ვიყავი პატარაობისას, მაგრამ მას შემდეგ ლაშქრობაში არ ვყოფილვარ. ვერ ვიტან დისკომფორტს, იმას, რომ ღამით უნდა დავწვე დასაძინებლად ისე, რომ არ ვიბანაო, როგორ უნდა ვიცხოვრო, თუკი მუდმივად არ მოდის წყალი, არ მაქვს საჭმელი და მძინავს მიწაზე. ჩემი მოგზაურობების დაგეგმვას კომოფორტის მიხედვით ვცდილობ. მოკლედ, გავიხსენე, როგორი იყო პირველი მოგზაურობა საქართველოში, ახლა კი გავიხსენებ საზღვარგარეთ პირველ გამგზავრებას - 15 წლის ასაკში, სპორტული ტრავმის გამო, მუხლის სამკურნალოდ ავსტრიაში წავედი. აქ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს, ავსტრიაში კი სხივური თერაპიით მკურნალობდნენ. ავსტრიაში ჩემმა ახლობელმა ოჯახმა წამიყვანა. ჩემი ძმაკაციც მახლდა და კიდევ ერთი მათი ახლობელი ოჯახიც. ზაფხული იყო, ჯერ ვენაში ჩავედით. ტური შემდეგნაირად იყო დაგეგმილი, 20 დღის განმავლობაში უნდა გვენახა ვენა და ასევე კურორტი, ფუშელ ამზე, რაც ნიშნავს ტბასთან ახლოს. ვენაში ექიმის მონახულების შემდეგ, როცა ერთი კვირის განმავლობაში დამინიშნეს სხივური თერაპია, გადაწყდა, რომ ჯერ ზემოხსენებულ კურორტზე წასვულიყავით და მერე დავბრუნებულიყავი ვენაში სამკურნალოდ.
კურორტზე ერთი კვირა გავატარე და პირველივე დღეს ველოსიპედზე დავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ამიკრძალა (იღიმის). ძალიან მიყვარს მოგზაურობისას მარტო სიარული. ეს არის, რის გამოც მიყვარს სხვაგან წასვლა. თუკი ჩემს მოგზაუ-რობას არ ახლავს თავგადასავლები, მაშინ ვთვლი, რომ იმ მოგზაურობით ვერაფერი მივიღე. ისტერიკაში ვვარდები ერთ შემთხვევაში - თუკი მოგზაურობამდე ინტერნეტში არ დავგუგლავ და არ მოვიძიებ საინტერესო ინფორმაციას იმ ადგილის შესახებ, სადაც წასვლას ვგეგმავ. იქ ჩასულმა აუცილებლად უნდა დავიწყო მარტო ხეტიალი და ახლავე გეტყვი რატომ - რაიმე რომ მოხდეს, ხომ უნდა ვიცოდე, სად არის ახლოს აფთიაქი, სუპერმარკეტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ასევე საავადმყოფო? ფეხით დავდივარ და პირველ რიგში, ამ დაწესებულებებს ვეძებ. ფობიასავით მაქვს, რომ ცივილიზაციის გარეშე დიდხანს ვერ ვჩერდები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება მაქვს მოგზაურობისას - არ მიყვარს, სხვა ქვეყანაში ყოფნისას თავს რომ ტურისტად ვგრძნობ. ამიტომ ორი დღის ჩასული ისე ვიქცევი, თითქოს იქ ვცხოვრობ. არ ვარ გაოცებული ღირსშესანიშნაობებით, ფეხითაც იმიტომ დავდივარ, რომ თავი შინაურად ვიგრძნო და მესამე დღეს უკვე ისე დავდივარ, გეგონება, იქ ვცხოვრობ. ჩემთვის ტურისტი დაბალი სტატუსის მატარებელი მოგზაურია. აი, ტიპური ტურისტები არიან იაპონელები, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, მხოლოდ 20 დღე აქვთ შვებულება, ამიტომ ვისაც ნანახი გყავთ იაპონელი ტურისტები, აუცილებლად გაიხსენებთ, რომ ეს არის ჯარი, „მანიაკების“ ჯგუფი, ბოლო მოდელის ფოტოაპარატებით და რას შვრებიან იცი დროის უქონლობის გამო? დარბიან და ყველაფერს იღებენ. მათ აქ აქვთ იმის დრო, რომ ერთი დღით მაინც წამოწვნენ და ჩემსავით გარემოთი ისიამოვნონ. მოგზაურობას გემოს ვერ ატანენ. სახლში დაბრუნებულები თავიდან იწყებენ ფოტოების დათვალიერებას, რადგან არაფერი ახსოვთ.
- შენ, როგორც მივხვდი, არ ხარ ასეთი მოგზაური.
- ჩამოვთვლი, რაც გამახსენდება და სადაც ვარ ნამყოფი - ვენა, ზალცბურგი, მიუნხენი, პრაღა, სტამბოლი, ბარსელონა, კრაკოვი, საოცარი ქალაქი... კიდევ პატარ-პატარა ქალაქებში ვარ ნამყოფი თითო-თითო დღით და მათ აღარ ჩამოვთვლი.
ახლა, ინტერვიუსას ვცდილობ გავაანალიზო და სახელი დავარქვა, რა ტიპის მოგზაური ვარ და დასკვნა ასეთია, რომ ვარ უცნაური მოგზაური. იმის გამო, რომ ვცდილობ, თავი შინაურად ვიგრძნო, დაგეგმილად არ ვნახულობ იმ ღირსშესანიშნაობებს, რაც აუცილებელი სანახავია. მაგალითად, ვენაში რომ არ ნახო შტეფანსდომი, პარიზში - ეიფელი. ვენაში რამდენიმე დღის ჩასული ვიყავი და სპეციალურად არ მივდიოდი შტეფანსდომის სანახავად, სანამ იქ შემთხვევით არ მოვხვდი. მე არ ვყიდულობ კიოსკში ტურისტულ რუკას, სადაც დატანილია ტურისტული მარშრუტი. ამის გამო თითქმის არ მაქვს ფოტოები, სადაც მოგზაურობისას ვარ გადაღებული. თუკი ადამიანი თავს ტურისტად არ აღიქვამს, რატომ გადაიღებს ფოტოს ღირსშესანიშნაობასთან?!. დრო მენანება, რომ ვიდგე და ვიღო ფოტოები, ეს მოგონილი რაღაცაა, რადგან ტვინში ბევრი რამ მრჩება, ფოტოს ალბათ იმისთვის იღებენ, რომ ასი წლის მერე შვილიშვილებს აჩვენონ ან დღეს „ფეისბუქზე“ დათაგონ.
- ყველაზე მეტად რით აღფრთოვანებულხარ?
- კრაკოვით. 2007 წელს რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტთან ერთად საოცრად გრძელი სახელის მნიშვნელოვან სემინარზე გახლდით პოლონეთში, რომელიც მედიის საკითხებს ეხებოდა.. მაშინ 23 წლის ვიყავი. ძალიან მაგარ სასტუმროში გავჩერდით. პოლონეთის ერთ-ერთი ძალიან კარგი და ცნობილი კურორტი იყო, რომელიც რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული კრაკოვს. სამი ღამე უნდა დავრჩენილიყავით იმ კურორტზე, სახელად ზაკოპანე, სადაც იოანე-პავლე მეორემ ილოცა და ეს კათოლიციზმის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილია, სადაც ოდესმე რომის პაპს აღუვლენია მესა. მესამე დღეს, როდესაც სემინარმა ჩაიარა და მეორე დილას უკვე უნდა გამოვფრენილიყავი, დავფიქრდი იმაზე, რომ კრაკოვის ნახვა ვერ მოვასწარი. ეს ის ქალაქია, რომლის დაბომბვაზე ჰიტლერმაც კი უარი თქვა, მაშინ, როდესაც ვარშავა მიწასთან გაასწორა. ჰიტლერს დაენანა კრაკოვი დასანგრევად. იქ ულამაზესი სასახლე და ციხესიმაგრეა, უმაგრესი ებრაული უბნები, პატარ-პატარა მოკირწყლული ქუჩები. მოკლედ, ძალიან პატივსაცემ ადამიანებთან ერთად დავიარებოდი მიღებებზე, ვესაუბრებოდი ხალხს და დავიღალე. გული მიჩქარ-დებოდა, რომ ასეთი ლამაზი ქალაქის ახლოს ვიყავი და ვერ ვნახულობდი. ვინც მე მიცნობს, იცის, თბილისშიც, თუ რამემ შემაწუხა, ისე დაგეკარგები თვალთახედვიდან, რომ ვერც გაიგებ. იმ საღამოსაც ასე მოვიქეცი, ავედი ნომერში, ჯინსი და კედები ჩავიცვი და ჩუმად ჩავიპარე მისაღებში, ქალს ვკითხე, კრაკოვში როგორ მოვხვდე-მეთქი. მიმასწავლა ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი, მეც დავადე თავი და წავედი. საღამოს გავემგზავრე. დამიღამდა, ასევე ჩუმ-ჩუმად დავბრუნდი უკან, უბედნიერესი ვიყავი, რომ კრაკოვი დავათვალიერე, ამ სტატიას ალბათ ის ადამიანებიც წაიკითხავენ, რომლებთან ერთადაც ვიყავი და ახლა გაიგებენ, სად წავედი (იცინის).
- როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადიხარ, სამზარეულოს აგემოვნებ?
- არიან ადამიანები, რომლებიც სულ მეკითხებიან, იქ რატომ არ ჭამე ხარის ნაწილი და აქ ირმის კანჭიო. საერთოდ არ მაინტერესებს, მე ვარ „მაკდონალდსის“ კლიენტი. ქალაქში ხეტიალის დროს ჩემთვის მთავარია, შიმშილით არ მოვკვდე. ასევე ვჭამ თურქების, ინდუსების ან ირანელების გაკეთებულ ფასტფუდს. არაფერი განსაკუთრებული არ დამიგემოვნებია, დამილევია ჩინური არაყი, რომელიც მოთავსებული იყო სამლიტრიან კოლბა-ქილაში, სადაც იყო მკვდარი გველი, ხვლიკი და არაყში ჩაწვეთებული იყო ირმის სისხლი. გვითხრეს, ძალიან ათრობსო. არ ვიცი, ფსიქოლოგიურად დამემართა თუ რა მოხდა, მაგრამ ასმა გრამმა ისე დამათრო, გავილეშე.
- ვისთან ერთად გიყვარს მოგზაურობა?
- სადაც ვყოფილვარ, სულ მარტო მიმოგზაურია. ასე ემთხვეოდა, მე არ დამიგეგმავს.
- ნუცასთან ერთად არ ყოფილხარ?
- როგორ არა, სტამბოლში და საკურორტო ქალაქებში ერთად ვართ ნამყოფი. სულ ვგეგმავთ, რომ ევროპაში ერთად წავიდეთ და გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ.
- თვითმფრინავში თავს როგორ გრძნობ?
- აქამდე საერთოდ არ მეშინოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდია აღარ მიფრენია და უცბად დამეწყო შიში. ამას ვაბრალებ „დისქავერის“ გადაცემას, რომელსაც ამას წინათ ვუყურე - „ბოლო საათი“ და ეხება ავიაკატასტროფებს, დაფუძნებულია რეალურ ამბებზე. ძალიან საინტერესო სანახავი კი იყო, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ცაში ვართ გამოკიდებული რკინაში, შეიძლება ჩიტი შევარდეს ფრთაში და ყველა დაიხოცოს. მეშლება ნერვები, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში ვერანაირი დახმარების საშუალება ვერ მოიფიქრეს. გემი რომ იძირება, ვიცით, რომ ნავებია, სადაც ჩაჯდები და გაცურავ. თვითმფრინავში ამიერიდან რომ ჩავჯდები, ვიფიქრებ იმაზე, რაც გადაცემაში ვნახე და აუცილებლად ავფორიაქდები პატარა ხმაზეც კი.
- საინტერესო შემთხვევებზე მოგვიყევი.
- ბარსელონაში შემემთხვა ძალიან საინტერესო რამ - ეს ქალაქი ძალიან მაგარი ხალხის თავყრილობაა, რომელიც ესპანეთის სხვა ქალაქებისგან სრულიად განსხვავდება. ბარსელონაში ჩასულს ჩემი კლასელი დამხვდა, ერთად წავედით სადღაც და ქუჩას ვერ ვაგნებდი. ერთ ადამიანს ვკითხეთ, რომელიც წამოგვყვა, თან გადაგვყვა და სანამ ადგილზე არ მიგვიყვანა, მანამდე არ და-გვემშვიდობა. ალბათ მიხვდი, როგორი კარგი ადამიანი იყო. საღამოს კლუბში აღმოვჩნდი, მარტო, ძალიან ბევრ ხალხში. აღარ მახსოვს, რა დრო იყო გასული, რომ ძალიან მოსიყვარულე წყვილი მომიახლოვდა, ერთმანეთს კოცნიდნენ, ეფერებოდნენ, ცეკვავდნენ. ერთმა წყალი მომაწოდა. ერთმანეთისთვის სიტყვაც კი არ გვითქვამს, ისე. ექვსის წუთები იყო, როცა მომიახლოვდნენ ისევ და მითხრეს, ძალიან დავიღალეთ და აბა, სახლში წავედითო. კარგი-მეთქი, ვუპასუხე და მითხრეს, შენც წამოდიო. ეს ალბათ იმის დამსახურება იყო, რომ ტურისტივით არ გამოვიყურებოდი. მეც წავყევი ორ სრულიად უცნობ, ერთი საათის ნანახ ადამიანს. მათთან მისულები წამოგორდნენ, მეც დავჯექი, ესპანური საინფორმაციო ვნახეთ, არაყი მოვწრუპეთ და ბოლოს დაიძინეს. დილის ექვს საათზე დავრჩი მარტო ბარსელონაში, ორი ძალიან კარგი ადამიანის ბინაში. ვიფიქრე, რა მოხდა, დავრჩები-მეთქი, მაგრამ ფრენა მქონდა დღის 12 საათზე. ვიფიქრე, ის, რასაც მე ვაკეთებ, არ არის ნორმალური-მეთქი - რატომ ვზივარ უცხო ადამიანების ბინაში, საერთოდ ვინ არიან ესენი და რატომ ვუყურებ ესპანურ საინფორმაციო გამოშვებას-მეთქი. არც გამიღვიძებია, გამოვიკეტე კარი და წამოვედი.
- „ჩემი ცოლის დაქალები“ შვებულებაშია და შენ გაქვს დასვენების გეგმები?
- ახლა მაქვს საქმით სავსე ზაფხული. ოთხი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ ლუდის ფესტივალი, წელს კი საქართველოს შვიდ ყველაზე დიდ ქალაქში ჩაგვაქვს. ეს საქმეც არის და ცხადია, მოგზაურობაც. თან, გადაღებებია, მაგრამ არ ვიღლები, ვიცი, რომ სექტემბერში სასწაულად უნდა დავისვენო, რადგან ორი წელია საერთოდ რა დამისვენია. მინდა, საზღვარგარეთ წავიდე, ოღონდ ჯერ არ ვიცი - სად.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
კატო
საწყალი იაპონელები.
02:35 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რიან ადამიანები, რომლებიც სულ მეკითხებიან, იქ რატომ არ ჭამე ხარის ნაწილი და აქ ირმის კანჭიო. საერთოდ არ მაინტერესებს, მე ვარ „მაკდონალდსის“ კლიენტი. ქალაქში ხეტიალის დროს ჩემთვის მთავარია, შიმშილით არ მოვკვდე. ასევე ვჭამ თურქების, ინდუსების ან ირანელების გაკეთებულ ფასტფუდს. არაფერი განსაკუთრებული არ დამიგემოვნებია, დამილევია ჩინური არაყი, რომელიც მოთავსებული იყო სამლიტრიან კოლბა-ქილაში, სადაც იყო მკვდარი გველი, ხვლიკი და არაყში ჩაწვეთებული იყო ირმის სისხლი. გვითხრეს, ძალიან ათრობსო. არ ვიცი, ფსიქოლოგიურად დამემართა თუ რა მოხდა, მაგრამ ასმა გრამმა ისე დამათრო, გავილეშე უკომენტაროდ
21:37 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლექსო
კაი ბიჭი ხარ გეტყობა მაგრამ ვერ გამიგია ამ გულის ამრევ გარყვნილ სერიალში რატომ მონაწილეობ
20:00 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
---ეეეჰ - კარგი ადამიანი ჩანხარ, მაგრამ ცოტა განვითარება გინდა ჩემო, ძმაო-- ეხლა აღმოვაჩინე არვიცოდი ტურისტი თუ დაბალი სტატუსი იყო,-- შენ ამბობ ,რომ მოგზაურობა გიყვარს და არგინდა ტურისტივით გამოიყურებოდე-- რა საკუთარ თვს უმალავ ტურისტი ,რომ ხარ--რაღაც აკვიატებული გაქვს უზომოდ უშნოდ ეტყობა რაღაც კომპლექსი გაქვს , თორემ ადამიანი როცა მოგზაურობს არის მხოლოდ და მხოლოდ ტურისტი და არა სხვა რამ ,და ამით ყველა ამყობს ,რაც შეეხება სურათის გადაღებას --სურათის არგადაღება ისეთ დიდებულ ადგილებში სადაც მე ვყოფილვარ მაგარი ქაჯობა იქნებოდა, ცხოვრება ხანმოკლეა და 2-ჯერ და 3-ჯერ იმ ადგილებში ნამდვილად ვერ წავალ ამიტომ მაქვს უმაგრესი და ალბომები- და ამით ბევრი ადამიანი იღებს სიამოვნებას ჩემს ირგვლივ,ისე სადაც შენ ხარ ნამყოფი ამჟამად ,მაგას რაიონებში გასეირნებას დავარქმევდი და არ დიდ მოგზაურობას
11:32 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS