02 აგვისტო, 2013
თანამედროვე ქართველი მოძღვარი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს
ტაძარს მივაშურებდი, ჯვარცმის უკან გამათბობელს დავემხობოდი და მოვითქვამდი სულს. ეს იყო ჩემთვის რომანტიკაც, პოეზიაც, მისტიკაც, ბავშვობაც, სიყვარულიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ. ტერენტი გრანელზე შეყვარებულ პოეტს 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც- ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა. ახლა რომანზე მუშაობს, რომელსაც საკმაოდ სკანდალური სახელწოდება ექნება,-''აღსარება ''ფეისბუქით'' . პეტრე კოლხს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ხშირად
მსმენია მეგობრებისგან, რომ უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ, ამას საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი. ჩემი ბავშვობა არც შემდგარა. ვფიქრობ, ბავშვი ახლა უფრო ვარ. ჩემს შვილებთან ერთად გავდივარ ამ წლებს ხელახლა. მაკლდა ეს წლები ნამდვილად, ეს კარგიც არის და ცუდიც. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, თუ არ იქნები ბავშვი, ვერ შეხვალ ცათა სა-სუფეველში. არ შეიძლება მისტიროდე იმას, რაც არასდროს გქონია და შეიძლება არც არასდროს გქონდეს.
- რა არ გქონიათ, რა გაკლდათ?
- განა რამე მაკლდა, უბრალოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. ან ყველაფერი უნდა მქონოდა, ან არაფერი. ეს ხასიათი გამომყვა დღემდე. ჩემი ბავშვობის წლები არაფრით ყო-ფილა გამორჩეული. დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, მამა- სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი. წალენჯიხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის ვამაყობ ჩემი რაიონით. თუკი რამ კარგი არის ჩემში, იმ კუთხის დამსახურებაა. თქვენ რასაც ბავშვობას უწოდებთ, იმ ასაკში გავეცანი ტერენტი გრანელის ცხოვრებას. დღემდე აჩრდილივით დამყვება მისი შემოქმედება. ტერენტი წალენჯიხიდან იყო. ის მისტიკოსი პოეტი გახლდათ და იმ ადამიანებთან იყო ახლოს, რომლებიც მისტიკით შეპყრობილნი და მუდმივად უკმაყოფილონი არიან. ახლა ვაჟა-ფშაველას სიტყვები მახსენდება: ''მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული'' . აი, ასეთი ბავშვობა მქონდა, მუდმივად შეწუხებული, მუდმივად უკმაყოფილო, რაღაცის ძიებაში ვიყავი. ამ ძიებაში ტერენტი გრანელი მეხმარებოდა. ''მე მინდა გაფრენა, მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი'' ან ''არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა'' . ეს ''რაღაც სხვა'' ჩემთვის იყო საკრალური, ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი, რის გამოც დაავადებული ვიყავი. ამ პოეტმა დამაავადა. ამისთვის მას დიდი მადლობა. ბევრისთვის ტერენტი პესიმისტი, ღმერთის მგმობელი, სევდის, მელანქოლიის, სიკვდილის მომცემი პოეტი იყო, მაგრამ ეს მათთვის, ვინც ზედაპირულად იცნობს მის პოეზიას. ჩემთვის ტერენტი არის პოეტი, რომელმაც ღვთის გზაზე დამაყენა, შემაძლებინა მეფიქრა ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სულის ცხონებაზე.
- მშობლებზე რას გვეტყვით?
- მამასთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა. მკაცრი, კოლხური გარეგნობისა და ბუნების ადამიანი გახლდათ. არასდროს მიგრძნია მამის სითბო, მკაცრად და ასკეტურად გავიზარდე. ვერც ვეფერებოდი და ვერც მისგან ვგრძნობდი სიყვარულს. ეს უკვე დიდი სასჯელი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, ამან დადებითად იმოქმედა ჩემზე. თუ ვინმე იტყოდა ჩემზე, ნიჭიერი, წიგნიერი და ყოჩაღიაო, გულში ალბათ ამაყობდა, მაგრამ საჯაროდ ამას არ შეიმჩნევდა. შეეძლო სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფაც კი მოეყენებინა. დედამ წიგნი შემაყვარა. თავადაც უყვარს კითხვა. ღამეებს ათენებდა ბუხართან წიგნის კითხვაში. სარკმლიდან მზის პირველი სხივი რომ შემოიჭრებოდა, მერეღა ხვდებოდა, რომ ალიონი იყო, საქმე იწყებოდა. მისგან ვსწავლობდი, რა წიგნი უნდა წამეკითხა და შემდეგ ერთად ვარჩევდით ამა თუ იმ წაკითხულ წიგნს.
- როგორ ცხოვრობდით, გაჭირვება გინახავთ?
- არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, არაფრით გამორჩეული. არც მე მქონდა დიდი მოთხოვნები. მას მერე, რაც ტერენტის ვეზიარე, რომელმაც სიცოცხლე დალია იმის გამო, რომ ლუკმაპური ენატრებოდა, რა მოთხოვნები უნდა მქონოდა.
- იმ ასაკშიც იცნობდით ტერენტის შემოქმედებას?
- ვიცნობდი და არა მხოლოდ ვიცნობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში ტერენტი შემოვიდა... 10 წლიდან ქალაქში ვიზრდებოდი, შესაბამისად, მიწასთან მუშაობაც არ ვიცოდი. მამაჩემი ამბობდა, ეს არ შემოიყვანოთ ყანაში, ბალახის ნაცვლად სიმინდს ან ლობიოს მოგლეჯსო.
- თბილისში რატომ ცხოვრობდით მშობლების გარეშე?
- აქ ბიძასთან ვიყავი. ბავშვობიდან ასთმა მქონდა და იქაური ჰაერი სიკვდილი იყო ჩემთვის. იმდენად მიყვარს თბილისი, არასდროს გამიჩნდება სურვილი, მისგან შორს ვიყო, ერთი კვირაც კი ნოსტალგიას იწვევს ჩემში. თბილისში წიგნებს ვკითხულობდი, ეკლესიაში დავდიოდი. მერე ჩავდიოდი წალენჯიხაში და ექსტერნად ვაბარებდი კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს.
- ალბათ რთული იყო ქალაქთან შეგუება, ახალი მეგობრები, მეზობლები...
- არასდროს ვყოფილვარ განებივრებული მეგობრებით. ჩაკეტილი ვიყავი, მხოლოდ წიგნებთან და ტერენტისთან ვმეგობრობდი. მისი ნებისმიერ წელს გამოცემული წიგნი რომ გადაშალოთ და ლექსის სათაური მითხრათ, ზეპირად გეტყვით. დავდიოდი პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში, სადაც ტერენტი დაკრძალეს. ის საფლავი დღემდე პირღიაა. ამაზე ვხუმრობდი, საფლავშიც კი არ დარჩა, იქიდანაც გაიქცა-მეთქი. ეს ხუმრობა იყო, სინამდვილეში კი იქიდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. იქაც დავდიოდი.
- პროფესია როგორ აირჩიეთ? ალბათ ტერენტი გინდოდათ გამხდარიყავით...
- (იღიმება) სასულიერო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ მშობლებმა ამის ნება არ მომცეს. ჯერ ერთი, არაეკლესიურად ცხოვრობდნენ თვითონ და მეორეც, დედა მეუბნებოდა, ასეთი სიმპათიური, ნასწავლი, ნიჭიერი ხარ, რატომ უნდა გახდე პაპაო. სამეგრელოში მღვდელს პაპას ეძახიან. მერე თეატრალურში გადავწყვიტე ჩაბარება, არც ეს უნდოდათ ჩემს მშობლებს, ოჯახი დაგენგრევაო, მეუბნებოდნენ. ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვე, უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- რა უცნაურია, სასულიერო აკადემიიდან თეატრალურისკენ როგორ გადაიხარეთ?
- ასეთი კონტრასტული ვარ. ალოგიკურია, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ლოგიკაა. უნივერსიტეტიდან სხვა სამყარო დაიწყო ჩემთვის. იქ მეგობარი უნდა გყავდეს, გინდა თუ არა.
- გაიხსენით?
- გახსნა არასდროს მიჭირდა. უბრალოდ, არ მინდოდა. მერე მომინდა, უამრავი მეგობარი მყავდა. აუდიტორიებში პოეზიის საღამოებს ვმართავდით, გვქონდა შეხვედრები.
- პირველი ლექსი ალბათ ტერენტის მიუძღვენით.
- რა თქმა უნდა, 12 წლის ვიყავი მაშინ. მას მერე ასამდე ლექსი მაქვს მისთვის მიძღვნილი და არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს. წიგნი გამოვეცი ტერენტის შესახებ, მის შთა-მომავლებსაც ვიცნობ. წინადადებით გამოვდივარ, რომ ეს პოეტი წმინდანად შეირაცხოს.
- ტერენტი და პოეზია გასაგებია, რომანტიკა როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?
- რომანტიკა და მისტიკა ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან, წლების შემდეგ ჩემზე ალბათ იტყვიან, რომ რომანტიკოსი პოეტი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ რომანტიკოსი. თხემით ტერფამდე მისტიკოსი პოეტი ვარ. მიყვარდა ბუნება, ყვავილებიც, პროცესიც, როცა გოგონას ყვავილებს ვჩუქნიდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის მთავარი. კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა სუსხიანი ზამთრის მოწყენილ საღამოს სიონის საკათედრო ტაძარს მივაშურებდი, ჯვარცმის უკან გამათბობელს დავემხობოდი და მოვითქვამდი სულს. ეს იყო ჩემთვის რომანტიკაც, პოეზიაც, მისტიკაც, ბავშვობაც, სიყვარულიც და ყველაფერი საერთოდ.
- არავინ გყვარებიათ?
- ჩემი მეუღლე, რომელიც სტუდენტობისას შემიყვარდა. უამრავი ლექსი მაქვს დაწერილი მისთვის.
- რთულია თქვენი ცოლობა?
- ძალიან. მეუღლე ყოველთვის მისვამდა კითხვას, შორენა თუ სვეტიცხოველი? ''შორენასთვის სული არ დარჩენია მას, რამეთუ სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს იგი'' . სულ მეუ-ბნება ნინო- ''ერთ მშვენიერ დღეს შენ მაინც პოეზია გაგიტაცებს, თეთრი მარხილებით ცაში'' ... ექვსი შვილი გვყავს.
- სასულიერო ცხოვრებას როდის შეუდექით?
- ღვთისთვის და ეკლესიისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია, მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, პოეზიის საღამოების მერე სუფრებს ვშლიდით, ჩემზე ყველა ამბობდა, ეს მარხვაზე იქნება, იმიტომაა ასე მდუმარედო. უკვირდათ, ასეთი გარეგნობისა და ბუნების ადამიანი მარხვას როგორ იცავო. იმდენად მძაფრი იყო ჩემში სურვილი უფალთან ყოფნის... როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, გვერდით უფალი მედგა, როგორ შემეძლო ზურგი მექცია?! ეს ანგარებითი დამოკიდებულება იქნებოდა. მე მივდიე მას. ის მარადიული სატრფოა ჩემთვის. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა ჟურნალისტად. პირველი სიუჟეტი ეკლესია-მონასტრებზე მოვამზადე. 60 ლარი მომცეს პირველი ჰონორარი. წიგნები ვიყიდე მთელი ფულით, მაშინ ''მერანში'' ფასდაკლება იყო. სულხან-საბას ლექსიკონი 60 თეთრად ვიყიდე. 22 წლის ასაკში სკოლაში ''ფესვები'' ისტორიის პედაგოგად ვმუშაობდი. ოთხი წელი ვიმუშავე, ბავშვებთან ერთად ვიზრდებოდი მეც. ამის შემდეგ გამოვაცხადე, რომ სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და მაინც ჩავაბარე. 24 წლის ვიყავი, ცოლი უკვე მყავდა. ნინოს არ გაჰკვირვებია, ჩემგან არაფერი უკვირს. იცის, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ორი წელი ვისწავლე, ერთ მშვენიერ დღეს სახლში კაბით- ჩოხით მივედი.
Rating
- ნინო რა პროფესიის არის?
- ძალიან განათლებული მეუღლე მყავს, ნიჭიერი, ფილოლოგი გახლავთ. ჩვენ სკოლა გვაქვს ბოლნისში. მე სკოლის დირექტორი ვარ, ნინო პედაგოგი გახლავთ.
- დიდი მრევლი გყავთ, არაერთ აღსარებას იბარებთ, საკუთარ შეცდომებზე რას გვეტყვით, რას ნანობთ?
- ყველა შეცდომას დღემდე ვნანობ. ჩემი სტატუსი, მღვდლობა და სასულიერო პირობა რომ მომწონდეს, ძალიან სასაცილო იქნებოდა. არ მომწონს. დაღვინება, გამოცდილება მაკლია. ძალიან პრეტენზიული ვარ ყველაფრის მიმართ და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ერთად-ერთი, რაც ჩემს თავში ამ სტატუსით მომწონს, ის არის, რომ ძალიან უანგარო ვარ, ერთგული, მოსიყვარულე და მიმტევებელი. ეს ყველა ჩემმა სულიერმა შვილმა იცის. სწორედ ამიტომაც მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამის გამო ზოგჯერ განკითხვაში ვარ. როგორი უშუალოა მრევლთან, როგორი თამამები არიან მოძღვართანო- ჩვენზე ამბობენ. განგვიკითხონ, რაღაცით მაინც ხომ უნდა ვცხონდეთ.
- უშუალობაში რას გულისხმობენ?
- თუნდაც იმას, ''ფეისბუქით'' რომ ვურთიერთობ ჩემს სულიერ შვილებთან. სხვათა შორის, ვწერ რომანს ''აღსარება ''ფეისბუქით'' , ძალიან სკანდალური იქნება.
- აღსარება ჩაგაბარეს ''ფეისბუქით'' ?
- არაერთმა და ამან რომანის დაწერა შთამაგონა. რა თქმა უნდა, კონკრეტულ ისტორიებს არ მოვყვები წიგნში, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო იქნება. ხომ არ შეიძლება, ყველაფერში ეშმაკის ხელი დავინახოთ. ''ფეისბუქიც'' შეიძლება სასიკეთოდ გამოვიყენოთ. თუ ადამიანის სულისთვის მანუგეშებელი იქნება აღსარება, რა მოხდა მერე, იყოს ''ფეისბუქით'' . სულის სიმშვიდისთვის ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. კონსტანტინე გამსახურდია ამბობს,- ''სიმართლისა და რწმენისათვის ადი კოცონზე, იარე შენი გზით, დაე, ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა'' .

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 78 /
მარიამი
აღსარება ინტერნეტით ჩააბარო? ეს რა სისულელეა. ეს საშინელებაა ჩემი აზრით. ჩემთვის პირველი აღსარების თქმა მღვდელთან საშინლად ძნელი იყო. ძლივს ამოვთქვი სათქმელი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ჩემს თავს ვებრძოლე ამისთვის. შეიძლება ინტერნეტით იოლია მაგრამ მართმადიდებელი იოლ გზას არ ეძებს. ეგრე კათოლიკეებსაც აქვთ პატარა ოთახები აღსარებისთვის. ინტერნეტიც ხომ მაგას ჰგავს, რაღაც კედლის მაგვარია. თუ რამე არ მოგეწონა ადვილად გაიქცევი კიდეც. თუ ქრისტიანმა მღვდელთან ურთიერთობა ვერ ისწავლა ნეტა ღმერთთან როგორ უნდა მოიქცეს. იქ ხომ ინტერნეტი ვერ დაგეხმარება.
18:03 / 17-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ღმერთი შეგეციოს...ამინ
20:23 / 19-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
თუ თავის ისტორიას მოგწერს მრევლი ფეისბუქით რატომ მომწერეო ხომ არ იტყვი.იქნებ ადამიანს უჭირს რამის პირისპირ თქმა.შემდეგ მაგ თემაზე როცა მოძღვარს უშუალოდ ნახავ მაშინაც დაელაპარაკები.
05:26 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სულ ცუდი წერო ადამიანზე არ შეიძლება!!!მიუღებელია ადამიანის განკითხვა ვინც არ უნდა იყოს ის , რა სტატუსის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ადამიანი ყველა ინდივიდვალურია და ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს, უბრალოდ ყველაფრის აგდებულად აღქმა არ შეიძლება , რომელი თქვენთაგანია ერთი ისეთი უნაკლო რომ ხმას ესე იმაღლებთ ან რა უფლებით?
02:28 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
კიდევ ერთი მოტლინკავე მამაო)))
10:25 / 02-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS