24 აგვისტო, 2015
ირმა ნიორაძე ქმარზე, შვილზე და კარიერაზე - „ცრემლები არავისთვის მიჩვენებია. წყენას გულში ვიკლავდი...“
ერთი ოჯახური ტრადიცია გვაქვს, რომელსაც ბევრი ვერ იგებს ირმა ნიორაძის სახელი და გვარი არა მხოლოდ საქართველოში იციან. მისი სცენაზე ნახვა ერთი სიამოვნებაა. თავად ამბობს, რომ წარმატებას შრომა ქმნის, თუმცა, ამასთან ერთად, ბალეტის ღმერთებმა ნიჭიც უხვად მისცეს და იღბალიც, ვინაიდან მის პედაგოგებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანი, სერაფიმა ვეკუა, ლუდმილა საფრონოვა, ნინელი კურგეპკინა იყვნენ.

საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მაინც გვიჩნდება მასთან შეკითხვა, რომ არა ბალერინა, ვინ იქნებოდა „სხვა ცხოვრებაში“ ? „არ ვიცი“ , გვეუბნება ღიმილით, - „ვიოლინოზე დავდიოდი. ეს
ინსტრუმენტი ძალიან მიყვარდა. ახლაც მაქვს ძვირფასი ვიოლინო და ხანდახან ვიხსენებ, ბავშვობაში როგორ ვუკრავდი“ .

ირმა ნიორაძე 1992 წლიდან სანქტ-პეტერბურგის პრიმაბალერინაა. კარიერაში საკმაოდ რთული გზა აირჩია. ლიდერის ხასიათი ჰქონდა და უყვარდა ცეკვის საკუთარ თავზე მორგება. „დედა კალმახს მეძახის. კალმახი ხომ დინების საწინააღმდეგოდ ცურავს. დღემდე ასეა“ .

Rating

პროფესიული საიდუმლო ლეგენდისგან

„ბატონ გოგი ალექსიძეს სულიერ მამად მოვიხსენიებ. როგორც ხელოვანი ძერწავს ქმნილებას, ისე „გამომძერწა“. პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა.

ვახტანგ ჭაბუკიანმა ძალიან ბევრი საიდუმლოება შემასწავლა. ამიხსნა, როგორი უნდა ყოფილიყო გედის ხელები... ყველაფერს, რაც მითხრა, დიდი ყურადღებით მოვუსმინე. მისი ლექციების მერე ან შედგებოდი, როგორც ხელოვანი, ან დაიკარგებოდი. ზომიერად მკაცრი, ზომიერად მომთხოვნი გახლდათ. ბედის საჩუქარია, რომ ამ უნიჭიერეს ადამიანთან ოთხი წელი ვმეცადინეობდი“ .

ყველა ხელოვანს საკუთარ პროფესიაში მწვერვალების დასაპყრობად თავგანწირვა სჭირდება. ბალერინებისთვის ფორმაში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ქალბატონი ირმა ამბობს, რომ არ შიმშილობენ, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვები აქვთ.

„ბალეტის მოცეკვავე ყოველთვის ათასი ვოლტით უნდა იყოს დამუხტული. არ მიყვარს პური, რადგან მისი ჭამის შემდეგ წამოწოლა და დასვენება გინდება. სპექტაკლის წინ ზედმეტი სითხის მიღება არ შეიძლება, პარტნიორსაც შეაწუხებ და საკუთარ თავსაც. ყოველთვის მეგონა, რომ ხორცი მავნებელი იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა და ამ ბოლო დროს ნელ-ნელა დავიწყე ჭამა, თუმცა მხოლოდ ხბოს ხორცს გეახლებით.

Rating

განსაკუთრებულ დიეტას არ ვიცავ, მაგრამ ყოველთვის შიმშილის გრძნობით დავდივარ. მიყვარს რძის პროდუქტები. აღფრთოვანებული ვარ აღმოსავლური სამზარეულოთი. მიყვარს ცხარე და არ მიყვარს ტკბილეული, მეუბნებიან, რომ ძალიან გამიმართლა.

არ ვეწევი და ალკოჰოლს თითქმის არ ვეკარები, მაგრამ ახლახან მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი სახელობის ღვინო გამოუშვა. მცირე რაოდენობით გაიყიდება. გადავწყვიტეთ, გაყიდვით მიღებული თანხა 13 ივნისს დაზარალებულების ფონდში გადავრიცხოთ.

ჩემი სახელობის ღვინო ძალიან მომეწონა. მეუღლემ მას „მუზა“ დაარქვა. დეგუსტაცია საფრანგეთში მოვაწყვეთ, სადაც სომელიეების გარდა, მხატვრებსაც იწვევენ, რომ ღვინის დალევის შემდეგ შეგრძნებები დახატონ. მხატვარმა დახატა სხივები, რომლებიც უსასრულობაში გრძელდება. მითხრა, თქვენს ღვინოს ტილო არ ეყოფა, ის ერთგვარი გაგრძელებააო“ .

ყარაჩოხელების გარემოცვაში

„სუხიშვილებთან ერთად პირველად ვიცეკვე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. კიდევ ერ-თხელ დავრწმუნდი, რომ თუ ცეკვაში კლასიკური განათლება გაქვს, აბსოლუტურად ყველანაირი ცეკვის შესრულებას შეძლებ. ძალიან მომეწონა ყარაჩოხელებთან ურთიერთობა, რომლებიც გარს მევლებოდნენ. არ მომერიდება სუხიშვილების წინაშე ქედის მოხრა, რადგან ძალიან განსხვავებულები არიან“ .

ყველაზე მძიმე პერიოდი

„ყველაზე მტკივნეული დღეები 2008 წლის აგვისტოში მქონდა. მამა ომის დაწყებამდე გახდა ავად, მერე რაც მოხდა, ძალიან განიცადა და გარდაიცვალა. დატოვა ანდერძი, უნდოდა, მამა-პაპის გვერდით დაესაფლავებინათ, იმერეთის ულამაზეს სოფელ ძირულაში.
რიგაში ვცეკვავდი, როცა მამის გარდაცვალების ამბავი ჩემმა დამ, მზიამ, შემატყობინა. მეორე აქტის მერე
დამირეკა,… ისტერიკული ტირილი ამივარდა, სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ვერ ჩამოვედი. გზები გადაკეტილი იყო.

მზიამ დანაპირები შეასრულა და მამა იმერეთში გადაასვენეს. საშინელი გზა განვლეს. მათმა მატარებელმა გაიარა და რამდენიმე წუთში ხიდი აფეთქდა...

ჩემს დას და მამას ცხედარს მთელი სოფელი დახვდა. მოგვიანებით, როდესაც რესტორანში შეიკრიბნენ, რუსები ტანკით მიადგნენ. ბალერინები იმპულსურები ვართ და მე ავღელდებოდი. ჩემი და მომღერალია. ჯარისკაცებს უთხრა, მამა გარდამეცვალა, რომელმაც სამამულო ომი გამოიარა და თქვენთვის იბრძოდაო. როგორც ჩანს, ამან იმოქმედა, გაბრუნდნენ.

ჩემთვის ეს ყველაფერი დიდი ტრავმა იყო. დავმუნჯდი. გასტროლებზე უარი ვთქვი. დიდხანს ვიწექი და ჭერში ერთ წერტილს ვუყურებდი. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. რუსეთშიც ბევრი განიცდის ამ სიტუაციას. ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, დიდ და პატარა ქვეყნებსაც უნდა ეყოთ იმდენი დიპლომატია, რომ უფსკრულამდე არ მივიდნენო. მინდა, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, თავისი ძირძველი მიწები დაიბრუნოს და მუდამ გაბრწყინებული იყოს“ .

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბალერინა შვილთან ერთად საფრანგეთში, ზღვისპირა ქალაქში გადავიდა. პეტერბურგში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის ის დღემდე რევოლუციამდელი ქალაქია, სადაც ცხოვრობდნენ დოსტოევსკი, ტოლსტოი, პუშკინი, ჩეხოვი, ლერმონტოვი, რომელთა შემოქმედების კითხვა უსასრულოდ შეუძლია.

თავისი გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთში არასდროს შეჰქმნია პრობლემები. პეტერბურგის ოპერის თეატრში დღემდე საშვის გარეშე შედის. კარისკაცი ეუბნება, რომ მათი თეატრის ძვირფასი სამკაულია. მათი თხოვნით, პეტერბურგში ყოფნისას გაკვეთილებს ატარებს. სამწუხაროდ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე წლის წინ საშვი მოსთხოვეს, თუმცა არ სწყენია. „თუ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს აუცილებელი იყო, მათ საქციელს ვამართლებ“ , - მშვიდად აღნიშნავს ბალერინა.

პირადი ბედნიერება

ბევრი მოცეკვავე პირად ცხოვრებას რთულად იწყობს, რადგან ხშირად გასტროლებზე არიან. ირმა ნიორაძეს კი იღბალმა ამ მხრივაც არ უღალატა და აქვს ოჯახი, ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე, რომელიც ღვინის კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელია, და შვილი – ილია.

„პეტერბურგში შევხვდით ერთმანეთს და ხშირად ვამბობ, „ეს იყო პეტერბურგში“ . გოჩა ძალიან კარგი ადამიანია. რთულია, ბალეტის სფეროს წარმომადგენელს გაუგო, რადგან სულ სცენაზეა. მიხარია, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით ჩემი - მეუღლე და შვილი.

Rating

ჩვენი ვაჟი, ილია, 14 წლისაა. არ ვიცი, რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ ორი ფილმი გადაიღო, ტექსტების გარეშე და საინტერესო მუსიკალური გაფორმებით. ფილმების გადაღების ჩემი ვერსია შევთავაზე. მომისმინა, მაგრამ თავისებურად გადაწყვიტა.

ერთი ოჯახური ტრადიცია გვაქვს, რომელსაც ბევრი ვერ იგებს. ახალ წელს ყოველთვის გურიაში ვხვდებით. ბევრი მეგობარი გაოცებულია, ხალხი საზღვარგარეთ მიდის ახალი წლის შესახვედრად და თქვენ გურიაში მიდიხართო? ჩვენ ასე მოგვწონს. ძალიან მიყვარს გურულების სიმღერის მოსმენა. წლების წინ ტყეში პატარა ნაძვის ხე ვნახეთ და ჩვენს ეზოში დავრგეთ. ახლა უკვე გაიზარდა, ძალიან დიდია. გვყავს ძაღლი, რომელსაც ბუბუ დავარქვით…

ახლახან მონაკოში საქველმოქმედო ფონდში გავერთიანდი, რომლის ერთ-ერთი წევრი მონაკოს პრინცია. პრინცი ძალიან უშუალო ადამიანია. მსიამოვნებს ასეთ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ არანაკლებ მსიამოვნებს გურიის სოფლის მცხოვრებლებთან საუბარი. ბუნება ძალიან მიყვარს. ჩემი შემოქმედების ოცი წლის განმავლობაში შვებულება არ მქონია. ბუნებაში ყოფნა მაძლევდა ძალიან დიდ ენერგიას“ .
წარმატების რეცეპტი

„წარმატების ფორმულა ნამდვილად არსებობს. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ სრულყოფი-ლებას მიაღწიო. არ უნდა გაჩერდე, თორემ, როგორც ხელოვანი, მოკვდები. ყოველთვის მოსწავლედ უნდა დარჩე. რა თქმა უნდა, დგება მომენტი, როდესაც პროფესიონალიზმს იძენ, მაგრამ მას ყოველდღიურად სჭირდება გამყარება. რეპეტიცია არ უნდა დაგეზაროს. პირადად მე იოლი გზებით არასდროს მიცხოვრია, დასვენების დღესაც კი მიყვარდა თეატრში მისვლა და მეცადინეობა. დღემდე მიყვარს განცალკევებით მეცადინეობა.

Rating

არასოდეს უნდა დაგეუფლოს სურვილი, რომ სხვას მიჰბაძო და სხვის მსგავსად იცეკვო. როგორც ადამიანები არ ჰგვანან ერთმანეთს, ისე არ ჰგავს ბალერინების ცეკვა ერთმანეთს. შენ შენი უნდა მოიხდინო, რაც დიდი შრომის ხარჯზე მოხდება. თუ ეს არ დაგეზარა, მაშინ ინდივიდუალური და ძალიან ძლიერი იქნები.

სხვისი წარმატების არასდროს უნდა შეგშურდეს. ეს დამანგრეველი გრძნობაა. ყოველთვის ასე ვცხოვრობდი. არავისთვის არაფერი მითხოვია. ხანდახან ყოფილა მომენტი, როდესაც ჩემთვის უწყენინებიათ, მაგრამ ცრემლები არავისთვის მიჩვენებია. წყენას გულში ვიკლავდი.

შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო... ცხოვრება რთულია, ხან აღმაფრენაა, ხან ტრავმები, მაგრამ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს“ .

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“

ბეჭდვა