24 ივლისი, 2013
ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი
ცნობადობამ უკვე სცადა, ჩემს ცხოვრებაში უარყოფითი კორექტივები შეეტანა, მაგრამ ეგ დრო დაძლეულია და მომავალში ნამდვილად ვეღარ შემიშლის ხელს ხატია სიჭინავამ ტელევიზიიდან ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა და დღეს სილამაზის სალონის მფლობელია. როგორც თავად ამბობს, ქმარმა საქმიანობისთვის ისეთი სფერო შეურჩია, რაც მასთან ყველაზე ახლოსაა. ხატია ოჯახზე, შვილებზე, ქმართან რომანტიკულ ურთიერთობაზე თავად გაიმბობთ.

დილა

- დილის ძილს დიდი ხანია დავემშვიდობე, არადა იყო დრო, როცა ჩემი დილა პირველიდან ორ საათამდე იწყებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა დილის კი არა, ღამის ძილიც
სანატრელი გამიხადეს, ჩემი ცხოვრება გადაეწყო და დილა რვა საათზე ფაფებით, კარაქიანი პურითა და ბაღით იწყება, შემდეგ მოდის ჩემი სამსახური და ყავა. ორი წელია ამ განრიგს გემო გავუგე. დღესდღეობით გამოფხიზლება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ადრე კედლებს ვეჯახებოდი, ისე მიჭირდა გაღვიძება.Pპატარების დღის რეჟიმით ცხოვრობს ჩემი ქმარიც, რომელიც დილაობით ვარჯიშობს. შესაბამისად, მისი კვებაც მკაცრად დაცული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მეც სპორტულ-ბავშვური დღის წესრიგით ვცხოვრობ.

თავის მოვლა...

... შეზღუდული დროის მიუხედავად, დილით სარკის წინ ტრიალს მაინც ვახერხებ. არა მგონია, არსებობდეს ქალი, ვისი საუკეთესო მეგობარიც სარკე არ იქნება, თუმცა არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ძალიან დიდხანს თუ აჩვენებ სარკეს შენს თავს, სილამაზეს გართმევსო. მქონია შემთხვევები, სარკის წინ იმდენი მიტრიალია, კაბა, რომელიც თავიდან ძალიან მომწონდა, ბოლოს გამომიცვლია.
ვარცხნილობასა და მაკიაჟს სალონში ვიკეთებ, რადგან მაქვს იმის საშუალება, რომ საკუთარ სალონში მოვწესრიგდე. ხალხური მეთოდების შესახებ მსმენია, თუმცა ერთადერთხელ გამოვიყენე და საშინელ დღეში აღმოვჩნდი. მაიონეზი დავიდე თმაზე, რომელმაც საღებავი სულ „შეჭამა“ და დავრჩი წიწილასავით ყვითელი თმით. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამის შემდეგ აღარ მიმიმართავს ხალხური მეთოდებისთვის.

შოპინგი

... მე და ჩემი მეუღლე შოპინგს ძირითადად ევროპაში ვიწყობთ ხოლმე. ყიდვისას ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ, ვეკითხებით, რა უფრო გვიხდება, თორემ მე ტანსაცმლის ისეთი ხამი ვარ, შეიძლება ისიც ვიყიდო, რაც არ მიხდება. ერთადერთი, რის ჩაცმასაც ქმარი კატეგორიულად მიკრძალავს, გრძელი კაბა და დაბლებია.
Rating
საქმიანობა

... მას შემდეგ, რაც ორ წელიწადში ორი შვილი გავაჩინე, სამსახურისთვისაც მოვიცალე. არ ვიქნები ამპარტავანი და ვიტყვი, რომ ტელევიზიებში ჩემი ადგილი აღარ აღმოჩნდა... ამიტომ ჩემმა ქმარმა მაქსიმალურად იზრუნა იმაზე, რომ სახლში არ ვმჯდარიყავი, მხოლოდ სამზარეულოში არ მეფუსფუსა და მიყიდა სილამაზის სალონი. ჩათვალა, რომ ეს ბიზნესი ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. მართალია, ჩემთვის ბიზნესი ზოგადად უცხო ხილი იყო, მაგრამ ალღო მალევე ავუღე და კარგად გავართვი თავი. მთელ დღეს სალონში ვატარებ, რადგან მგონია, რომ თუ საქმე არ გიყვარს, არაფერი გამოგივა. ვხვდები ყველა მომსვლელს და ვცდილობ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა, რათა მეორედაც გაუჩნდეთ ჩვენთან მოსვლის სურვილი. ეს თითქმის იგივეა, რაც ეთერში ჯდომა, უბრალოდ, აქ ხალხს „ლაივში“ ვეკონტაქტები, ხოლო ეთერში ყველას ვირტუალურად ვიცნობდი. ჩემი სამსახური არ მღლის, პირიქით, მუდმივად მოწესრიგებული ვარ, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მეც და ჩემი ქმარიც ძალიან ნასიამოვნები დავრჩით ამ საქმიანობით. სამსახურის შემდეგ, რა თქმა უნდა, მივდივარ ბაღში, საღამოს კი ჩემი განტვირთვა ჩემი შვილებია...

ოჯახი და დიასახლისობა

... საოჯახო საათები ძირითადად საღამოს დგება. სამზარეულო ძალიან მიყვარს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ბავშვებს მივაძინებ. მოგეხსენებათ, გათხოვებამდე სამზარეულოში ტრიალით არ გამოვირჩეოდი, ახლა კი ყველაფერს ვაკეთებ წიგნიდან, რომელიც ჩემმა დედამთილმა მაჩუქა. ხშირად ვაკეთებ წვნიანებს, კარგად გამომდის რუსული ბორშჩი. წვნიანი ჩემს ოჯახში ყოველდღიურად კეთდება, რადგან ყველას უყვარს. ჩემი საზაფხულო საჭმელი კი აჯაფსანდალია, რომელსაც ჩემებურად ვაკეთებ. ვწვავ კარტოფილს, ბადრიჯანს, ყაბაყს, ხახვს, ბულგარულს, მერე ყველაფერს პომიდორში ვთუშავ, ვასხამ ძალიან ცოტა წყალს, გემოვნებით მარილს, ვურევ და ვაყრი ცოცხალ მწვანილს. ოღონდ ეს ყველაფერი ცივი ბევრად გემრიელია, ვიდრე ცხელი. რაც შეეხება ოჯახის მომარაგებას, მე და ჩემი მეუღლე ერთად დავდივართ ბაზარში და ძირითადად ტომრებით ვყიდულობთ ყველაფერს, რადგან მთელი თვის მარაგი ერთ წასვლაზე მოგვაქვს, ამის გამო ბაზარში გამყიდველები ხშირად გვეკითხებიან – მეორედ მოსვლა ხომ არ იწყებაო (იღიმის).

გართობა

... იმდენი დამხმარე მყავს, რომ ნებისმიერ დროს სახლიდან გარეთ გასვლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მეხმარება ჩემი და, უფროსი გოგონა მისი გაზრდილია. ასევე მყავს 24-საათიანი ძიძა, რომელიც პირველი შვილიდან მომყვება და ძალიან უყვართ ჩემს გოგონებს. დედამთილი ნახევარი კვირა თავისთან იტოვებს უფროს გოგონას, დედაჩემი ზაფხულობით ჩემს შვილებთან ერთად მიდის კურორტებზე. ასე რომ, ყოველთვის მაქვს იმედი, რაც უნდა შორს წავიდეთ, ჩვენი შვილები სრულ კომფორტში იქნებიან.

ცოლ-ქმრის ურთიერთობა

... ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა შეყვარებულობის ეტაპიდან ჯერ არ გადასულა. უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ თვეში ერთხელ ქალაქიდან გასვლა. ხშირად ვაწყობთ რომანტიკულ ვახშამს, ფანტაზია არც ერთს არ გვაკლია. სიურპრიზებზე ორივე ვგიჟდებით, ხშირად დამხვედრია ბალიშის ქვეშ სასურველი კაბა. მეორე შვილზე ორსულად რომ ვიყავი, სასეირნოდ გამიყვანა და ქვემოთ ახალი მანქანა დამახვედრა. ყოველ წელს, ქორწინების წლისთავზე, სვაროვსკის სამკაულს მჩუქნის, დათქმული აქვს, რომ სვაროვსკის კოლექცია უნდა გამიკეთოს... არც ერთი თარიღი არ გვავიწყდება.
...დღის განმავლობაში ყოველ ერთ საათში მესიჯებით ვუხსნით ერთმანეთს სიყვარულს, დღეში მილიონჯერ ვეუბნებით ერთმანეთს სიტყვას „მიყვარხარ“ ... მოკლედ, რომანტიკის არც ერთი დეტალი არ დაგვიკარგავს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს იმაში, რომ იდეალური ოჯახი შევინარჩუნოთ. რამაზი ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა, გოგონებსაც ანებივრებს სიურპრიზებით
და ბავშვებს უზომოდ უყვართ, პატარა ჯერ არ ლაპარაკობს, უფროსი კი ჩვენ რომ არ ჩამოგვრჩეს, ხშირად გვეუბნება „მიკვალხალთო“ . საღამოობით დაუჯდება ლოგინთან და თავის მოგონილ ზღაპრებს უყვება. ჩემმა მეუღლემ სპორტს თავი დაანება და ბიზნესმენობას მიჰყო ხელი, რაც ძალიან წარმატებულად გამოსდის. საერთოდ, ორივე ძალიან მორწმუნეები ვართ, ჩვენს წარმატებას ყოველთვის ღმერთს ვუკავშირებთ და თითქმის ყოველდღე ვუხდით მადლობას.
Rating
შვილები

... გაბრიელა 2 წლისაა, ოლი - ერთის. უფროსი გაჩენამდე ბიჭი მეგონა და მამა გაბრიელის სახელს ვარქმევდი, გოგო რომ დაიბადა, აღარ გადავიფიქრე და გაბრიელა დავარქვი. პატარას ჩემი მულის სახელი ჰქვია, რომელთანაც ვდაქალობ და ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი გოგოც მისნაირად წარმატებული იქნება. მართალია, მკაცრი დედა არ ვარ, მაგრამ ვერასოდეს ვიტანდი უზრდელ ბავშვებს. ჩემს შვილებსაც არ მივცემ უფლებას, გაუზრდელის შთაბეჭდილება დატოვონ. ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს ორივესთან და ისინიც „ბროშკებივით“ სულ კისერზე მყვანან ჩამოკიდებული. ვინაიდან ორი გოგონა მყავს, კიდევ ორი ბიჭის გაჩენას ვაპირებ, მაინტერესებს, ბიჭები როგორი გასაზრდელები არიან. არ მინდა, ჩემი გოგონები დამცველების გარეშე დავტოვო, მამამისს და საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია. ახლა ბავშვები ბაკურიანში არიან დედაჩემსა და ძიძასთან ერთად, დღეში 50-ჯერ ვურეკავ და ვუმესიჯებ. გამოგიტყდებით, ცოტა „ისტერიჩკა“ დედა გამოვდექი (იღიმის). რაც შეეხება ჩვენს საზაფხულო გეგმებს, რამდენიმე დღით მე და ჩემი ქმარი ესპანეთის რომელიმე კუნძულზე გავემგზავრებით. სამოგზაუროდ ყოველთვის მარტოები დავდივართ, რადგან ძალიან გვიყვარს ერთმანეთის კომპანიაში ყოფნა. ყოველ სეზონზე ვიწყობთ ტურებს და ყოველთვის ემოციებით დატვირთულები ვბრუნდებით. ჩვენთვის ეს საქორწილო მოგზაურობასავით არის, ვერთობით, ვშოპინგობთ და კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. ჩვენ-ჩვენი ბიზნესის გამო ჯერ თბილისს ვერ ვტოვებთ, მაგრამ საღამოობით ვსეირნობთ, მივდივართ კინოში, მეგობრებს ვსტუმრობთ ან რესტორანში ვვახშმობთ. ღამის ცხოვრება როდის მიყვარდა, აღარ მახსოვს, რადგან დღეს ჩემთვის კლუბური ცხოვრება ხმაურსა და თავის ტკივილთან ასოცირდება. სასმელს ადრე თუ დაუფიქრებლად ვსვამდი, დღეს 50 გრამსაც ვერ ვსვამ, „მოჰიტოც“ კი ჩემთვის სუპერალკოჰოლია. იმდენად შევეჩვიე სიმშვიდეს, რომ ფხიზელიც აქტიურად ვერთობი. ცნობადობამ უკვე სცადა, ჩემს ცხოვრებაში უარყოფითი კორექტივები შეეტანა, მაგრამ ეგ დრო დაძლეულია და მომავალში ნამდვილად ვეღარ შემიშლის ხელს.
Rating
წიგნი... ტელევიზორი... კომპიუტერი

... ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა და შემდეგ განხილვა. ვერც ერთი ფილმი ვერ მაძლევს იმ ემოციას, რასაც წიგნი. ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მივხვდი, რომ ახალი ამბების მოსმენა ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება კომპიუტერს, მივესალმებოდი, ვინმემ სოციალური ქსელების გაუქმება რომ მოითხოვოს, რადგან მთელი სამყარო მასზე გახდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, „ფეისბუქის“ ხშირი მომხმარებელი ვარ, თუმცა დღემდე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გასართობია და სისულელედ მიმაჩნია პოლიტიკური განცხადებების კეთება „ფეისბუქით“ . მიმდინარე მოვლენების კურსში ყოველთვის მაყენებს „ფეისბუქი“ . მე და ჩემი ქმარი დღეს რამე საინტერესო ფილმის ნახვით ვასრულებთ. ორივეს ძალიან გვიყვარს ფილმები.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS