21 ივლისი, 2013
სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები
ქუდი, სათვალე, ჩუსტები, საცურაო კოსტიუმი და მინიმალური რაოდენობის ტანსაცმელი. სისულელეა დიდი ჩემოდნით გამგზავრება, რადგან მაინც ერთი და იგივე მაცვია - შორტი და მაისური ქართულ კურორტებზე დასვენება რომ იაფი სიამოვნება არ არის, ამის შესახებ დიდი ხანია ლაპარაკობენ. ბოლო წლებში აჭარაში სასტუმროების ფასი, რეტორნებში სმა-ჭამა და სანაპიროზე შეზლონგისა თუ ქოლგის დაქირავება იმდენად გაძვირდა, რომ აშკარაა, ეს ყველაფერი ქართველების საშუალო ხელფასზე გათვლილი არ არის. როგორც ჩანს, აჭარაში გათვლებს არა თანამემამულეებზე, არამედ უცხოელ ტურისტებზე აკეთებენ. ტურისტები უცხოეთიდან, რა თქმა უნდა,
ძალიან კარგია, თუმცა, ალბათ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამშობლოში დასვენება. 

როდესაც ცნობილ სახეებთან დასვენების თემაზე გასაუბრება გადავწყვიტეთ, არ გვეგონა, თუ ეს გახდებოდა ჩვენი საუბრის მთავარი თემა, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა მათგანი დასვენებას საზღვარგარეთ ამჯობინებს, ოღონდ არა იმიტომ, რომ სქელი ჯიბე აქვთ, პირიქით, ეს მათთვის თანხის სწორად გამოყენების საუკეთესო საშუალებაა. როცა ხარჯავ, გინდა, შესაბამისი სერვისი მიიღო, რაც საქართველოს კურორტებზე, სამწუხაროდ, ასევე დიდი პრობლემაა.

თიკა ფაცაცია:

- 26 ივლისს მთავრდება ჩვენი ეთერი და იწყება ჩემი შვებულება.
- ტელევიზიის მუშაკებს მთელი აგვისტო გაქვთ შვებულებით ტკბობის ბედნიერება?
- (იცინის) დიახ, ასეა. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ დავგეგმო, რადგან აგერ „ნიჭიერიც“ იწყება უკვე და ვერაფერს ვგეგმავ ამ პროექტის გამო. ძალიან მინდა, ქმარსა და ბავშვებთან ერთად ზღვაზე მოვხვდე, მაგრამ დამოკიდებული ვარ ტელეპროექტზე. არავინ იცის, როდის დაიწყება ჩაწერები, გუშინ გავიგე „ნიჭიერის“ ამბავი. როგორც წესი, ეთერში პროექტი გვიან გადის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩაწერასა და მუშაობას გაცილებით ადრე ვიწყებთ.
- ქართულ კურორტს მიაშურებ?
- არ ვაპირებ და არ ვანიჭებ უპირატესობას ქართულ კურორტებს, რადგან ძვირია და ნაკლები სერვისია ამ ფასად. მირჩევნია, უცხო ქვეყანა ვნახო და ამასთანავე, უფრო კომფორტულად დავისვენო. მეუბნებიან, პატრიოტი არ ხარო, მაგრამ რა ვქნა, როცა მთელი წელი ველოდები დასვენებას და ფული უნდა დავხარჯო. ორი წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას. უკვე ჩამოყალიბებული ვარ, საბერძნეთში მინდა გამგზავრება.
- თიკა, „ნიჭიერი“ მოგენატრა?
- ძალიან. დიდი ხანია მე და ვანიკოს ერთად არ გვიმუშავია და განსაკუთრებულად ვემზადები.
- ამას წინათ „პროფილში“ ფანტასტიკურად გამოიყურებოდი. როგორ ინარჩუნებ გარეგნობას?
- არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ზაფხულია და ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ალბათ იცით, რომ ფიზიკური აქტიურობაც მიყვარს, ცურვა, და ესეც ეფექტურია. ამასთანავე, სახეზე არ ვიკარებ მზეს და წელსაც არ ვაპირებ ზღვაზე გარუჯვას. დილიდანვე ქოლგის ქვეშ ვიქნები. უბრალოდ, ზღვა თავისი მონაბერი ნიავით ძალიან სასიამოვნოა და ამიტომაც მიყვარს.
- რატომ ამბობ რუჯზე უარს?
- სამი წელია, აღარ ვირუჯები. თავად შევატყვე ჩემს კანს, რომ მზისგან დასვენება სჭირდებოდა. წლებმა, როცა მზე ჭარბი რაოდენობით მივიღე, ძალიან ცუდი ხელი დაატყო ჩემს კანს. მივხვდი, რომ პაუზა უნდა ამეღო. მომწონს რუჯი, ოღონდ ზომიერი და უსაფრთხო. თანაც, ახლა მოდურიც არ არის.
Rating
სალომე გოგიაშვილი:
- კურორტს ვეძებდი. მინდა, შევცვალო მარშრუტი და რაიმე ახალი ვცადო, მაგალითად, საზღვაო კურორტი, სადაც ბავშვებთან ერთად არ დამისვენია. ჯერ კიდევ ვეძებ. უფრო ევროპა მინდა.
- რა კრიტერიუმით არჩევ დასასვენებელ ადგილს, ბავშვებისთვის რაც საინტერესო იქნება?
- ზაფხულში არ მიყვარს ქალაქებში სიარული, დათვალიერება, როცა მცხელა, დისკომფორტი მექმნება, ამიტომაც უფრო შემოდ-გომაზე მიყვარს ახალი ადგილების მონახულება და დათვალიერება. შესაბამისად, როცა დასასვენებელ ადგილს ვარჩევ, ვითვალისწინებ, რომ იყოს კარგი სასტუმრო, ზღვა და ეს ორი რამ ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს მდებარეობდეს, რათა ბავშვებთან ერთად დასვენება გამიადვილდეს. რთულია, როდესაც პატარები მიგყავს და კომფორტი არ არსებობს.
- ქართულ კურორტებზე რას იტყვი? წელს არ აპირებ, ესტუმრო? და თუ ეთანხმები მოსაზრებას, რომ ძვირია და შესაბამისი სერვისი არ არის.
- ბათუმში ამას ყველა სასტუმროზე ვერ ვიტყვი, რადგან არის რამდენიმე სასტუმრო, სადაც კარგი ნომრებიც არის და შესაბამისი მომსახურებაც, უბრალოდ, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ძალიან ძვირია. თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს ხარ დაზღვეული, რომ კარგი ამინდი იქნება. შეიძლება, გადაიხადო ძვირი, წახვიდე ქართულ კურორტზე ორი კვირით და მთელი დასვენების განმავლობაში წვიმდეს, ამიტომაც დასასვენებლად აჭარაში არასდროს მივდივარ. რამდენჯერმე ვცადე და წყალში გადავყარე თანხა, არადა, შემეძლო, თურქეთში წავსულიყავი და გარანტირებულად კომფორტულად და კარგ ამინდში დამესვენა. ასე რომ, მაინც ვცდილობ, საზღვარგარეთ წავიდე. როცა მარტო ვიყავი, ოჯახი არ მქონდა, ბავშვები არ მყავდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას კურორტზე წვიმდა თუ არა, დიდად არ მანაღვლებდა, ახლა კი ამინდი ერთ-ერთი მთავარია.
- საუკეთესო კურორტი შეგიძლია გაიხსენო?
- საუკეთესოდ შემიძლია დავასახელო სენ-ტროპე. განუმეორებელია ჩემთვის, ალბათ, არის უკეთესი ადგილებიც, თუმცა მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სეიშელის კუნძულებზეც ვყოფილვარ, მაგრამ, ჯერ ერთი, ერთმანეთისგან ეს ორი ადგილი ძალიან განსხ-ვავდება და მეორე, სენ-ტროპეთი უფრო მოვიხიბლე. რაც ძალიან მიყვარს, არის თეთრი ქვიშა, ანუ ისეთი ოქროსფერი, რომ სითეთრეში გადადის. გამჭვირვალე, წყნარი, მარილიანი ზღვაა. იქ საოცარ რუჯს იღებ, ძალიან სასიამოვნოა იმ ზღვაში ბანაობა და მაგარი გარუჯულიც ჩამოვედი. არის ფანტასტიკური სასტუმროები, ერთმანეთზე უკეთესი. მთელი დღე შეგიძლია სანაპიროზე გაატარო. პლუს ამას, ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ჩადიან და ისვენებენ, რადგან იქვეა მონაკო, მონტე-კარლო... ქუჩებში მოძრაობენ ფანტასტიკური მანქანებით, არაჩვეულებრივად ჩაცმული ხალხი დადის, დისკოთეკები, მაღაზიები, ბარები 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ისეთი დროსტარებაა, ვერ აგიწერთ. მე ალბათ მთლად ისეთი დრო ვერ გა-ვატარე, როგორიც იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ქალაქი იცი, მაგრამ მაინც დაუვიწყარი დღეები იყო.
- სენ-ტროპეში მეუღლესთან ერთად იყავი?
- არა, მშობლებთან ერთად, 12 წლის წინ. ძალიან დიდი დრო გავიდა. ალბათ, ახლა გაცილებით უკეთესი კურორტია.
Rating
ნინუცა მაყაშვილი:
- შვებულებაში ვარ უკვე. „მაღვიძარას“ საზაფხულო არდადეგები აქვს. ჯერ თბილისში ვარ, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, გარდა ამისა, ბავშვის დასვენების ამბავიც უნდა გადავწყვიტო. სავარაუდოდ, ივლისში ბათუმის ჯაზფესტივალზე წავალ. შემდეგ ბავშვთან ერთად წავალ სადმე. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს.
- ზღვა თუ მთა?
- (ფიქრობს)... ზღვა!.. ძალიან მიყვარს ცურვა. ზაფხული ჩემთვის იდეალური პერიოდია.
- სხვა ჩემმა რესპონდენტებმა ქართულ კურორტებზე მითხრეს, ძვირიაო.
- მეც ვეთანხმები, ძვირია. გადასარევი ზღვა გვაქვს და არ უნდა გვიწევდეს ამდენი ფულის გადახდა ჩვენსავე ქვეყანაში. თუმცა ზოგადად საზღვარგარეთ წასვლა ნებისმიერს უნდა.
- უცხოეთში დასასვენებლად ყოფილხარ?
- არ ვყოფილვარ. სიამოვნებით წავიდოდი კანარის კუნძულებზე, გოაზე ან ბორა-ბორაზე.
- მშვენიერი გემოვნება გქონია. თუ გაიხსენებდი საუკეთესო ზაფხულს?
- ასე ვერ გავიხსენებ, შემოდგომა და ზამთარი უფრო დასამახსოვრებელია ხოლმე (იცინის). ზაფხული იმით არის კარგი, რომ კარგი ამინდია, მზეა, მეგობრებს ნახულობ, ისვენებ...
- გარუჯვა გიყვარს?
- არა, შეზლონგზე გასარუჯად არ ვწვები. ძირითადად, ცურვის დროს ვიღებ „ზაგარს“ . შეზლონგზე რომ დავწვე, ცუდად გავხდები, ამიტომ წყალში მირჩევნია ყოფნა. ასე უკეთესადაც ირუჯები. ცხოვრებაში არაფერი წამისვამს გასარუჯად, ზეთიც კი.
- ზღვის განუყრელი ატრიბუტები რა არის შენთვის?
- ქუდი, სათვალე, ჩუსტები, საცურაო კოსტიუმი და მინიმალური რაოდენობის ტანსაცმელი. სისულელეა დიდი ჩემოდნით გამგზავრება, რადგან მაინც ერთი და იგივე მაცვია - შორტი და მაისური. ერთი თბილი ზედაც მიმაქვს ხოლმე ისეთი შემთხვევისთვის, როცა აცივდება.
Rating
ნანუკა გოგიჩაიშვილი:
- 2 აგვისტოს გავდივარ შვებულებაში. მანამდე შაბათ-კვირას ალბათ ბათუმში გავატარებ, მათ შორის ჯაზფესტივალზე. აგვისტოს შუა რიცხვებში კი პარიზში მივდივარ ემინემის კონცერტზე.
- როგორც ჩანს, ოცნება აისრულე. ვიცით, რომ ემინემი ძალიან გიყვარს და მასთან შეხვედრაზე ოცნებობდი. ბილეთი ინტერნეტით დაჯავშნე?
- 8 მარტს მოულოდნელად მაჩუქეს ორი ბილეთი.
- თაყვანისმცემელმა თუ მეგობარმა?
- მერიდება, თაყვანისმცემელი დავუძახო, ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ბილეთები ინტერნეტით შეიძინა და ყველაფერი დაგეგმა (იღიმის). ჩემს მეგობართან, ირინასთან ერთად მივდივარ, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოდის. დიდი ხანია არ მინახავს.
- სცენასთან ახლოს ისხდებით?
- კონცერტი სტადიონზეა, ჩვენი ბილეთები კი - ვიაიპი ზონაში, რაც ძალიან მიხარია.
- პარიზიდან რომ დაბრუნდები, სადმე წასვლას კიდევ გეგმავ?
- წელს ძალიან გადავიღალე, ამიტომ ალბათ, მეგობრებთან ერთად წავალ იქ, სადაც ისინი დააპირებენ გამგზავრებას. საერთოდ, ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ სიამოვნებით ვესტუმრებოდი მთას, მაგალითად, წავიდოდი ყაზბეგში. პირველი მაინც ზღვა არის, თუმცა მთასაც თავისი პლუსები აქვს, ოღონდ პენსიონერული დასვენება არ მიყვარს. მთაში მხოლოდ რამდენიმე დღეს გავატარებდი.
Rating
ნანიკო ხაზარაძე:
- მე უკვე ვისვენებ. ურეკში ვარ შვილთან ერთად. კურორტი ერთად ავარჩიეთ. ასე ვარჩევთ ხოლმე ერთად, სად გვინდა წასვლა. პირველად ვარ ურეკში.
- როგორ მოგწონს?
- დღეს ჩამოვედი და ახლა გამოვედი სანაპიროზე. სულ ახალი შთაბეჭდილებები მაქვს. მიკვირს, რომ ხალხი შუა ზღვაში დგას და წყალი წელამდე სწვდებათ.
- ურეკში ზღვა სწორედ მაგით არის განთქმული.
- ცოტა დაბნეული ვარ და ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს. ახლა ჩემი შვილი წყალშია, პირველი გავარდა, მე კი ვზივარ და ვაკონტროლებ. თავადაც ვცურავ. ალბათ ბავშვობისას ვისწავლე, მაგრამ ვინ მასწავლა, აღარ მახსოვს.
- ურეკის ფასებით კმაყოფილი ხარ?
- ურეკში წამოვედი იმიტომ, რომ ყველაზე იაფი საზღვაო კურორტია, რაც ამ ეტაპზე შეგიძლია მოიძიო და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა.
- საზღვარგარეთ დაგისვენია?
- რა თქმა უნდა. შარშან მე და ჩემი შვილი ჟენევაში, ბერლინსა და ბოლოს თურქეთის კურორტზე ვიყავით. ლილუ ძალიან ბედნიერი იყო, რადგან, ჩემგან განსხვავებით, მისთვის ეს საზღვარგარეთ პირველი გასვლა გახლდათ.
- შვებულება გაქვს უკვე?
- სექტემბრამდე თავისუფალი ვარ. ათი დღით ურეკში ვარ და შემდეგ გეგმებზე ჯერ არ დავფიქრებულვარ.
Rating
ნოდიკო ტატიშვილი:
- ბოლო ოთხი წელიწადია, „ჯეოსტარის“ მერე ვერასდროს ვგეგმავ ჩემი დასვენების გრაფიკს. შეიძლება, ორი დღით ავიდე წყნეთში მეგობართან ან სადმე ქალაქგარეთ. შესაძლოა, აგვისტოში რამდენიმე დღით ბათუმსაც ვესტუმრო პროექტებისთვის. რომ გითხრა, ვზივარ და ვგეგმავ, სად დავისვენო-მეთქი, მოგატყუებ. ერთდროულად ორ პროექტზე ვმუშაობ, ალბათ, ივლისის 20-25-მდე ერთი უნდა დავასრულო და მერე მეორე დავიწყო. სამუშაო პროცესში ვარ და სიმართლე გითხრა, ეს ყველაზე კარგად მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე. ბევრად მირჩევნია, ვიმუშაო, ვიდრე სადმე წავიდე და ერთი კვირა უსაქმურად ვიყო. უსაქმურობა არ მიყვარს. ხუთ დღეზე მეტი უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები და მინდა, რაღაც გავაკეთო ხოლმე. აგვისტოში შეიძლება საზღვარგარეთ წასვლამ მომიწიოს, ასე რომ, ახლა აქტიურად ვმუშაობ.
- დასვენება არც ადრე გიყვარდა, სანამ შოუბიზნესში აქტიურად გამოჩნდებოდი?
- ბოლოს დავისვენე, რასაც მართლა დასვენება ჰქვია, ბარსელონასა და რომში რომ გახლდით. იქაც საქმიანი შეხვედრები მქონდა, მაგრამ მეგობრები ვნახე, ჩემს დაბადების დღესაც იქ შევხვდი. ეს იყო ნოემბერში, ათი დღე საკუთარ თავს მივუძღვენი. მას მერე კლიპი გადავიღე, შემდეგ კი „ევროვიზიისთვის“ მზადება დავიწყე რამაც მთელი ექვსი თვე ყველანაირი ენერგია წაიღო. ამდენი თვე სასიამოვნო საგიჟეთში ვიყავით.
- როგორც აღმოჩნდა, დასვენებას არ აღიარებ...
- ჩემთვის მავნებელია. ორი დღეც მყოფნის და დამუხტული ჩამოვდივარ. თანაც, რეალურად რომ გითხრა, სასწაულები არ ხდება და ისეთი დატვირთულიც არ ვარ, რომ ძალიან დავიღალო. ზუსტად მაქვს დალაგებული, როდის უნდა ვიყო კონცერტზე, როდის სტუდიაში და ა.შ. „ევროვიზიის“ გიჟური გრაფიკი აღარ მაქვს.
- სხვა ცნობილმა სახეებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული კურორტების სიძვირეზე. შენ რას იტყვი?
- მინდა გითხრა, რომ თურქეთში ნორმალურ თანხად შეგიძლია წასვლა და დასვენება მაშინ, როდესაც ეს თანხა ქართულ კურორტზე ერთი კვირაც ძლივს გეყოფა. საერთოდ, სულ ვკითხულობ - არის თუ არა ქართველ დამსვენებელზე გათვლილი, მაგალითად, ბათუმის სასტუმროების ფასები? ბათუმი ძალიან მიყვარს და რომ გადავხედე სასტუმროების ფასებს, ასეთი შეკითხვა გამიჩნდა. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ის თანხა ძალიან ძვირია. ამას გირჩევნია, მეზობელ ქვეყანაში წახვიდე, დასვენება იმის ნახევარი დაგიჯდება, რაც აქ უნდა გადაიხადო და თან ქვეყანასაც ნახავ. თუკი ვინმე ბათუმში წავა, სახლს იქირავებს და სახლში გაიკეთებს საჭმელს, შეიძლება იაფი დაუჯდეს. ცოდოები არიან ქართველები, ვისაც სურს დასვენება და ამას ვერ ახერხებს.
Rating
ნიკა წულუკიძე:
- გახლდით ლონდონში, ჩემო ბატონო. დავესწარი ლაშა ბუღაძის პიესის პრემიერას „როიალ ქორთის“ თეატრში. ასევე დავესწარი თავისუფალი თეატრის გასტროლებს ჩელსის თეატრში. მოგეხსენებათ, ლონდონში როგორი ტრიუმფი აქვთ ქართველებს და როგორი მნიშვნე-ლოვანია შექსპირის ქვეყანაში წარმატება. ლონდონში ათი დღით გახლდით, თუმცა ჩემთვის უცხო ქალაქი არ არის, წელს მეექვსედ ვიყავი. იქ ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობენ. თან, სპექტაკლებზე დავდიოდი, თან ნაციონალურ მუზეუმში და თან, მეგობრებს ხინკალს ვუკეთებდი. მოენატრათ... ლონდონის შემდეგ გახლდით ბულგარეთში, „ნანუკას შოუს“ გადაღებაზე. კარგად დავისვენეთ, გადაცემაც გადავიღეთ. არაჩვეულებრივი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი გახლდათ იქ. ჩვენგან კი ეკა კახიანი და შორენა ბეგაშვილი იყვნენ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
- პატრისია კაასის გაცნობის საშუალება გქონდა?
- მე არა, მხოლოდ ნანუკას და ოპერატორებს. ასევე გახლდით ბათუმში ხუთი დღით და მიხარია, რომ ტურისტებით სავსეა იქაურობა. ბევრი უცხოელია და კარგად ისვენებენ. ახლა თბილისში ვარ, ყვარლის ტბაზე მინდა წასვლა და შემდეგ საბერძნეთში მივემგზავრები.
- საბერძნეთი ძალიან მოდური გახდა ქართველ ცნობილებს შორის.
- ეგვიპტესა და თურქეთში არეულობაა და დარჩა საბერძნეთი.
- მახსოვს, ბინის ყიდვას აპირებდი ბათუმში.
- ყიდვას არა, გაცვლას ვაპირებდი, ერთი თბილისური ბინის, ბათუმის ბინაზე, მაგრამ ახლა სხვა იდეა გამიჩნდა და იქნებ, ის განვახორციელო. ვნახოთ...
- ბათუმში იაფად ისვენებ ხოლმე?
- საკმაოდ ძვირია. წინა წელს მეგობრებთან ერთად ლისაბონში გახლდით, შემდეგ მადეირაზე გადავფრინდით. საოცარი კუნძულია, ასეთი საოცრება არ მინახავს. 12 დღე დაგვიჯდა 700 დოლარი. ისე იაფად დავისვენეთ, თავად გაგვიკვირდა. საქართველოშიც დაისვენებ ამ თანხად, მაგრამ საქართველოში უფრო იაფი არ უნდა დაგიჯდეს, როცა გადაფრენა-გადმოფრენა არ გჭირდება? არ გამაგიჟოთ!.. სასტუმროს ნომერი 180-200 ლარი ღირს და რომ შედიხარ, საწოლზე „გუბკაა“ და ზეწარია გადაფარებული... დას-ვენებას რომ დავუბრუნდეთ, მინდა დროის გამონახვა და საირმეში წასვლა. ახლად გარემონტების შემდეგ ვერ მოვახერხე ჩასვლა და წელს მინდა ძალიან, რადგან ხშირად ვისვენებდი საირმეში.
- მოკლედ, წელს კარგი დასვენება გამოგდის.
- იხაროს ქართულმა თეატრებმა და ფესტივალებმა.
- სასექტემბროდ რაიმე გეგმები გაქვს საქმიანობასთან დაკავშირებით?
- ხომ იცით ჩვენი სფერო? ამ წუთში ხუთი შემოთავაზება მაქვს და ხუთიდან ერთი თუ გამოვიდა, კარგია, თუმცა ახლა 11 საქმე მაქვს და ვეღარ ავუდივარ მათ გაკეთებას (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
გური
თიკა და ნოდიკო მაგრები ხართ.
18:05 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალიკო
ყველა მიყვარხართ. ნოდიკოს იტს ოკზე ვგიჟდები. მიყვარხარ
02:54 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ნოდიკო მიყვარხარ. უბრალო და გამორჩეული ადამიანი ხარ.
02:39 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
აჭარას რომ მიადექით და აჭარის კურორტებს, ბაკურიანში ან მთის სხვა კურორტებზე რა ღირს დასვენება იმას რატომ არ კითხულობთ.განა ეს კურორტები ქართველ მოსახლეობაზე გათვლილი არის და ყველასათვის ხელმისაწვდომია?. იქ არ არის კატასტროფული ფასები სასტუმროებზე და კვებაზე?
12:03 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გრიშა
თიკა ფაცაცია და სალომე გოგიაშვილი გამიგია და ვიცი. ეს გოგიჩაიშვილი საიდან გაჩდა რას წარმოადგენს და რატომაა იგი ე.წ. ვარსკვლავთა შორის დასახელებული. მექანიკური შეცდომა ხომ არაა?
10:41 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS