01 ივნისი, 2015
რას ჰყვება მაქს რიჟიკოვი სალომე ჭაჭუაზე ''მგონია, საერთოდ არც სძინავს''
ახალი წყვილი ვართ და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერ მიგვეღწია სალომე ჭაჭუა და მაქს რიჟიკოვი საქართველოს ჩემპიონები არიან. გამარჯვების მოსაპოვებლად ორივემ ბევრი იშრომა. წყვილს უკრაინელი მწვრთნელი რუსლან ვისოცკი ამეცადინებდა, მათი სასცენო კოსტიუმებიც უკრაინაში შეიკერა. წყვილს გამარჯვების მოპოვებიდან რამდენიმე დღეში შევხვდით.

- ელოდით, რომ საქართველოს ჩემპიონები გახდებოდით?

მაქსი:

- სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ახალი წყვილი ვართ და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, წარმატებისთვის ვერ მიგვეღწია, მაგრამ გამარჯვება ძალიან გვინდოდა და მიზნის მისაღწევად ბევრს ვშრომობდით.

სალომე:
- ვერ გეტყვით, ძალიან გამიკვირდა-მეთქი გამარჯვება. ბევრი იმიტომ ვივარჯიშეთ, რომ კარგი შედეგი მიგვეღო. ვფიქრობ, პირველი ადგილი დამსახურებულად ავიღეთ.

- ეს ტურნირი პირველად მოიგე?
- საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული ვარ. ბოლო წელიწად-ნახევარი მეწყვილე არ მყოლია და შეჯიბრებებში ვერ ვმონაწილეობდი. საქართველოში რთულია კარგი მეწყვილის მოძებნა.

- მაქს, უკრაინაში რა წარმატებები გაქვს?
- უკრაინის ჩემპიონი არასდროს ვყოფილვარ. ვიცე-ჩემპიონი გავხდი, ანუ მეორე ადგილი ავიღე. ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ნახევარფინალისტებს შორის მოვხვდი.

სალომე:
- საქართველოში წარმატების მოპოვება უფრო მარტივია, რადგან ცოტა მოცეკვავე ვართ, უკრაინაში ძალიან ბევრი და ძლიერი მოცეკვავეა.

- უახლოეს მომავალში კიდევ აპირებთ კონკურსში მონაწილეობას?
მაქსი:

- ახლა, პირველ რიგში, შეკრებებზე უნდა წავიდეთ. ლუბლიანაში გვყავს მწვრთნელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები არიან. ჩვენი მიზანია, ცეკვის დონე ავიმაღლოთ და მსოფლიო რეიტინგის 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოვხვდეთ.

- მაქს, სალომე ძალიან შრომისმოყვარეა და ბევრს მუშაობს. მასთან ერთად ცეკვა რთული არაა?
- რთული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მე ზარმაცი ვიქნებოდი. ცეკვა ძალიან მიყვარს და შემიძლია, ისევე ვივარჯიშო, როგორც სალომე ვარჯიშობს. სალომე თითქმის არასდროს ისვენებს და მგონია, რომ საერთოდ არც სძინავს, სულ ვარჯიშობს.

სალომე:
- მხოლოდ ვარჯიშს არ ვუთმობ ჩემს დროს. დიდი სტუდია გვაქვს და ბევრი ჯგუფი მყავს, რომლებსაც ვასწავლი და ცოტა არ იყოს, დავიღალე. დასვენება მჭირდება, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ.

- მაქს, უკვე რამდენი ხანია, საქართველოში ცხოვრობ?
- უკვე ნახევარი წელია, თბილისში ვარ.

სალომე:
- პირველად გასული წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. სინჯი გვქონდა, ანუ შევეწყობოდით თუ არა ერთმანეთს. მერე ჩამოვიდა და დარჩა თბილისში, რადგან მე ვთქვი უარი, რომ უკრაინაში წავსულიყავი. ჩვენს სტუდიაში ასწავლის ბავშვებს ცეკვებს.

- მაქს, რას ფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე?
- სიმართლე გითხრათ, თბილისი ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ამ ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა დადის და ძალიან ბევრი ხალხია. თქვენთან მძღოლები როგორც ატარებენ მანქანას, ამასთან შეგუება არაფრით არ შემიძლია. ყოველთვის, როცა საჭესთან დაჯდები, შესაძლოა, სახლში ჭაღარა დაბრუნდე. მე არ მიყვარს დიდი ქალაქები, ისეთი, როგორიცაა კიევი და მოსკოვი. დავიბადე ზღვისპირა ქალაქ ოდესაში. ცოტა ხნის წინ ვიყავი ბათუმში, თბილისს თუ შევადარებთ, ჩემთვის ბათუმი ბევრად კარგი ქალაქია. შეიძლება იმიტომ, რომ ის ჩემს მშობ-ლიურ ქალაქს ჰგავს. ზოგადად, საქართველო ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი თქვენი სამზარეულოთი ვარ მოხიბლული.

- ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
- ცოტა ხნის წინ გავსინჯე შქმერული, უგემრიელესი იყო. მეგრული ხაჭაპური მომეწონა ძალიან. გავსინჯე კუპატი, რომელიც უკვე ყველაზე მეტად მიყვარს საჭმელებს შორის. ღომი და ელარჯიც მიყვარს.

- ოჯახისგან შორს ცხოვრება არ გიჭირს?
- თავიდან იყო რთული ახალ ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ახლა უკვე დროც არ მრჩება, რომ ვიდარდო.

სალომე:
- საქართველოს ჩემპიონატზე დედამისი იყო ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოსული.

- მოეწონა თქვენი ცეკვა? როგორი შთაბეჭდილებებით დატოვა საქართველო?

მაქსი:

- დედას რომც არ მოსწონებოდა, არ იტყოდა. დედებს ჰგონიათ, რომ მათი შვილები საუკეთესოები არიან.

სალომე:
- დედაჩემზე იმავეს ვერ ვიტყოდი (იცინის). ყოველთვის კრიტიკულადაა განწყობილი შვილების მიმართ.

მაქსი:
- დედა ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი წარმატებით. მოეწონა სალომე, როგორც მოცეკვავე და როგორც ადამიანი.

- გყავს შეყვარებული, რომელიც უკრაინაში გელოდება?
- პირადზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინაში შეყვარებული არ მყავს.

- ქართველი გოგონები მოგეწონა?
- ვცხოვრობ, როგორც ამბობენ, პატარძლების ქალაქში, ოდესაში, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი გოგონაა. ლამაზი გოგონების გარემოცვაში ყოფნას მიჩვეული ვარ, მაგრამ ქართველი გოგონების სილამაზე ძალიან მომწონს. ის არ ჰგავს უკრაინულ სილამაზეს.

- სალომეს შესახებ ბევრი რამ ვიცით, შენზე გვიამბე.
- 22 წლის ვარ, ოდესაში გასულ ზაფხულს იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ გამოდის, რომ მხოლოდ დავამთავრე ეს სასწავლებელი და არ მიმუშავია. საქართველოში ჩამოვედი, ჩემი პროფესიით რომ მემუშავა, დროც არ მქონდა. მაინცდამაინც ამის სურვილიც არ მაქვს. როდესაც მოგზაურობას ეჩვევი, მერე ერთ ოფისში მთელი დღე ჯდომას ვერ მოახერხებ.

- ცეკვა რა ასაკში დაიწყე?
- 10 წლის ასაკიდან ვცეკვავ. ჩვენს სპორტში ეს საკმაოდ დიდი ასაკია.

- საქართველოში რომ ჩამოხვედი, სალომეს წყალობით მაშინვე ყველამ გაგიცნო. პოპულარობას მიეჩვიე?
- როდესაც სალომეს გვერდით ხარ, რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას გრძნობ. ერთ-ერთ თოქშოუში მივიღეთ მონაწილეობა, მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და გამყიდველი დაახლოებით ხუთი წუთი გაოცებული მიყურებდა, შენ ის არ ხარ, გუშინ ტელევიზორში რომ იყავიო, მკითხა და მერე დანარჩენ გამყიდველებს დაუძახა. უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ისინი დიდხანს მიყურებდნენ, როგორც მაიმუნს და ამის გამო მაღაზია დავტოვე.

- სალომე, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' კვლავ მიიღებ მონაწილეობას?
- არ ვიცი, ეს პროექტი როდის იწყება, ჯერ ჩემთვის არავის დაურეკავს. შეიძლება, არც დავთანხმდე მონაწილეობას, რადგან ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე, მეწყვილე მყავს და სხვადასხვა კონკურსში მინდა მონაწილეობა. პროექტს ძალიან ბევრი დრო და ენერგია მიაქვს.

- ამ პროექტის მოგების მუღამი გაქვს?
- ადრე მქონდა მოგების მუღამი, მაგრამ ახლა აღარ მაქვს ამის დიდი სურვილი. პროექტი ჩემი სამსახურია და არა შეჯიბრება, სხვადასხვა ტურნირის მოგების მუღამი მაქვს.

- მაქს, უკრაინულ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიგიღია მონაწილეობა?
- უკრაინაში მხოლოდ ორი წელი ჩატარდა ეს პროექტი და მაშინ მე ასაკით პატარა ვიყავი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მარი
როგორ მინდა და ბევრს უნდა სალო და გიო ისევ შერიგდნენ.ცეკვებში დალიან უხდებიან ერტმანეტს და ისედაც. მაქსი დალიან ყვირის სალომესტან დიდი კონტრასტია ერტმანეტის შორის.ვიზუალში.
22:15 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ამ ჟანრის ცეკვებში მეწყვილეები ან ცოლქმარია ან შეყვარებულები.ამიტომ არცაასასურველი სხვა პროფესიის ადამიანზე იქორწინო. 100%_დან მხოლოდ 5%-მა შეიძლება გაამართლოს.
05:43 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ვხედავ მაქსმა დააწერა გიორგის სალომეე ისევე როგორც გიორგიმ დააწერა სალომე გიგის.ამბობენ სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობოოო და აგერაა მაგალითიიიი.....
18:59 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
უმაგრესი წყვილია,შრომისმოყვარე და მიზანდასახული,შრომა ნამდვილად დაუფასდათ და ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს
12:18 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
მეტი ასაკის მეგონა ეს ბიჭი,... წარმატებები... შრომა ფასდება მაინც სადღაც, უმეტესწილად.
09:51 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS