26 მაისი, 2015
როდის გვიჩვენებს მარიტა როხვაძე ვნებიან პერფორმანს - ''ლაპარაკობენ და გულზეც მხვდება, მაგრამ რა ვქნა...''
ყველა გამარჯვებისთვის არის მოსული, მაგრამ ერთმანეთთან კარგად ვართ მარიტა როხვაძემ''ერთი ერთში'' გამოსვლით ჟიურის წევრებიც მოხიბლა, მაყურებელიც და მედეა ძიძიგურის ოჯახიც. სწორედ ცნობილი ქართველი მომღერლის განსახიერება მოუხდა და თავი ძალიან კარგად გაართვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მედეა ძიძიგურის ხმის მიმსგავსება სცადა და თავად ჯემალ სეფიაშვილმაც აღიარა, რომ მარიტა უფრო ჰგავდა მედეა ძიძიგურს, ვიდრე თავად - ჯემალ სეფიაშვილს. მარიტას ამ თემის გარდა, ზოგადად პროექტებზე და პოპულარობაზეც ვესაუბრეთ.

- ალბათ, ინერვიულე, ქალბატონი მედეას განსახიერება რომ გიწევდა.
- ძალიან
გახარებული ვარ, რომ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ჯერ მხოლოდ ორი ნომერი იყო, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ქალბატონი მედეას როლი ისე კარგად მოვირგე, რომ მისი ოჯახის წევრებმა მითხრეს, მედეა გაგვიცოცხლეო. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური მომენტი იყო. ქართველი მომღერლის განსახიერება, მით უმეტეს, როდესაც ის ჩვენ გვერდით არ არის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მეორე მხრივ, ძალიან გამიხარდა, რადგან ქართულ სიმღერას ვასრულებდი. ქალბატონი მედეა ხალხს მონატრე-ბული ჰყავს, საზღვარგარეთიდანაც გამომეხმაურნენ, წერილები მივიღე, დიდი მადლობა, რომ მედეა ძიძიგური''გააცოცხლეო''. მით უმეტეს, ბატონი ჯემალი მედგა გვერდით. ეს ჩემთვის დიდი აღიარება და წარმატებაა.

- ელოდი, რომ ქეთი დოლიძე იტირებდა და ყველას თვალზე ცრემლი მოადგებოდა?
- ნამდვილად არ ველოდი. გრიმითაც ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მადლობა ვოკალის, სამსახიობო ოსტატობის პედაგოგებს და გრიმის ავტორებს.

- თუმცა გარეგნობაზე მეტად, როგორც აღნიშნეს, ხმით ჰგავდი.
- იმიტომ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მოვინდომე, ვუყურებდი მის ჩანაწერებს, ხმის მიმსგავსებას ვცდილობდი და ბოლოს გამოვიდა... არ მინდა, რომ ტინა ტერნერის და მედეა ძიძიგურის სუპერგამოსვლების შემდეგ, სხვა ნომრები ჩამორჩეს. მინდა, უფრო და უფრო მაგარი ნომრები მქონდეს და ამისთვის შრომას არ დავიშურებ.

- კონკურენციას როგორ უყურებ? არის დაძაბულობა?
- შიშის ფაქტორს ვერ დავარქმევ, უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, რადგან ყველამ ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. კონკურენტები ვართ და ყველას თავისი ძლიერი მხარე აქვს, მაგრამ რომ გითხრათ, დაძაბულობა იგრძნობა-მეთქი, ასე არ არის. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ყველა გამარჯვებისთვის არის მოსული, მაგრამ ერთმანეთთან კარგად ვართ. თანაც, ეს არ არის კონკურსი, საიდანაც მონაწილე მალევე ვარდება.

- აშკარად ძალიან მოგწონს და აზარტულია კონკურსებში მონაწილეობა.
- 18 წლისამ მივიღე მონაწილეობა''ჯეოსტარში'' და გავიმარჯვე. მას მერე არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ კონკურსში, რომელიც ახალბედა მომღერლებისთვის ეწყობა. შემდეგ ვიმღერე''ბრავოში'', რომელსაც უყოყმანოდ დავთანხმდი, ისევე, როგორც პროექტს''ერთი ერთში''. ძალიან მინდა მონაწილეობა''ცეკვავენ ვარსკვლავებში''. ეს მართლა ის პროექტებია, რომლებზეც ვოცნებობდი - ''ერთი ერთშისა'' და''ცეკვებს'' ვგულისხმობ.

- პირველი პოპულარობიდან მოყოლებული ბევრი რამ შეიცვალა შენს ცხოვრებასა და გარეგნობაში. არის რაიმე, რასაც ნანობ?
- არაფერს ვნანობ. ყველგან უნდა მიმეღო მონაწილეობა. ძალიან მომწონს ჩემში მომხდარი ცვლილება, ფიზიკურს ვგულისხმობ. ყოველთვის იმას ვაღწევ, რაც გულით მინდა.

- რა მოაქვს დადებითი და რა უარყოფითი პოპულარობას?
- ყველას ვერ მოეწონები და ყველა არ იტყვის, რა მაგარიაო. დადებითი ისაა, რომ ხალხის მხრიდან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაძლიერებენ და სცენაზე გამოსვლისთვის სტიმულს მაძლევენ. უარყოფითი კი ისაა, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ რაღაცები, ამას ხმამაღლა ლაპარაკობენ და გულზეც მხვდება, მაგრამ რა ვქნა. ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ყველას მოსაწონს.

- პირად ცხოვრებაზე მოქმედებს?
- ვისთვის როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახსა და პროფესიას, პოპულარობას ერთმანეთთან ათავსებენ. ჯერ არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში როგორ იქნება.

- საქართველოში პოპულარობას ფული თუ მოაქვს?
- შოუბიზნესის ბაზარი იმდენად პატარაა, რომ ამით ვერ გამდიდრდები, დისკის გაყიდვით დიდ შემოსავალს ვერ მიიღებ. რაც მიყვარს და რასაც მთელი გულით ვცდილობ, სიმღერა და სცენაზე გამოსვლაა. მაყურებელი როგორ შემაფასებს, ამით ვარ ბედნიერი. მთელი ჩემი ცხოვრება ესაა. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდას, როცა აპლოდისმენტები და შეძახილები გესმის. რაც შეეხება ფულს, ვერ ვიტყვი, რომ სულ არაფერი მოაქვს. თუ იქნება, გამიხარდება, რადგან საქართველოში მინდა ვიყო წარმატებული მომღერალი.

- წარმატებას პოპულარობა სჭირდება...
- უნდა იყო პოპულარული, მაგრამ არა რაღაცის ხარჯზე, გარდა სიმღერისა. მინდა, მიცნობდნენ, როგორც კარგ მომღერალსა და კარგ ადამიანს (იღიმის).

- პოპულარობის მოსაპოვებლად ისიც ქმედითი ნაბიჯია, როდესაც გამოსვლისას ძალიან გამჭვირვალე კაბას იცვამ ხოლმე და მერე ამაზე ლაპარაკობენ.
- როდესაც''ბრავოში'' გამოვდიოდი, მეცვა კაბა, რომელიც იმ პერფორმანსს სჭირდებოდა, ვასახიერებდი მიუზიკლის პერსონაჟს და ასეთი ჩაცმულობა სჭირდებოდა. სცენაზე უნდა იყო თავისუფალი და არ უნდა გქონდეს შეზღუდვები. კლუბზე არ ვამბობ, სადაც მღერი, დიდ სცენას ვგულისხმობ. ამას, რა თქმა უნდა, ხვდებიან მაყურებლები და მსმენელები და ჯერჯერობით ამის გამო პრობლემა არ შემქმნია.

- მთელ მსოფლიოში მიღებულია გულახდილი კოსტიუმებით პოპულარობის ხელშეწყობა.
- სწორედ ამას ვამბობ. სცენაზე უნდა იყო ისეთი, როგორიც კონკრეტულად იმ სიმღერას შეეფერება, რასაც ასრულებ.

- ვასიკო ოდიშვილმა თაკო გაჩეჩილაძეს მადონას განსახიერებისას უთხრა, ცოტა სექსი დამაკლდაო. შენ რომ მოგიწიოს, გვიჩვენებ ვნებიან პერფორმანსს?
- თუ შემხვდება სექსუალური მომღერალი, აუცილებლად, რადგან ეს არის პროექტი''ერთი ერთში''.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ტატა
აი ეს ძალით სექსუალური გამოხედვები და ქართულად კაბის აწევები არ შემიძLია რაა, რა ძალა გადგას რო იჭირვებ, გამოდი იმღერე, ვის ჭირდება შენი ბაყვების ყურება, წესიერ სიმღერას თუ იმღერებ.
11:35 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS