30 აპრილი, 2015
მსახიობი დაკავების დეტალებზე გიორგი ნაკაშიძეს პოლიცია ''ჯიგრულად'' მოექცა
ჩვენდა გასაკვირად, ამჯერად მსახიობმა კომენტარის გაკეთება ისურვა
ცნობილი მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ბოლო დროს ახალი ამბების ერთ-ერთ გმირად იქცა. მკითხველს კარგად ახსოვს ქართველების მოგზაურობა ჰოლივუდში ''ოსკარის'' დაჯილდოების ცერემონიაზე.

გიორგი მიშა მესხსა და ია სუხიტაშვილთან ერთად სტამბოლის აეროპორტში დიდთოვლობის გამო სამი დღით ჩარჩა და კინაღამ ცერემონიის მიღმა დარჩა. მანამდე საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ნაკაშიძის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურის სამინისტრო მათ საკმარისად არ დაეხმარა. ზოგმა ამ გამოსვლის გამო გააკრიტიკა, სხვამ კი საქციელი მოუწონა.

ჰოლივუდი
დან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და ია სუხიტაშვილმა მედიასთან გულახდილად ისაუბრეს თავიანთი თავგადასავლების შესახებ, რასაც ნაკაშიძეზე ვერ ვიტყვით. ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, როცა ეკა ხოფერიას გადაცემაში ჩაერთო გერმანიიდან, სადაც მძიმე ჰოლივუდური დღეების შემდეგ მეგობარს დასასვენებლად ესტუმრა.

ზაზა ურუშაძის ფილმ ''მანდარინების'' ერთ-ერთი მთავარი გმირი პრესას სცენაზე გამოჩენის დღიდან არიდებს თავს. არ უყვარს ინტერვიუები, თუმცა მიზეზი პირადი ცხოვრება არ არის, რადგან არასოდეს გამხდარა ყვითელი პრესის მსხვერპლი და მშვიდად ცხოვრობს მეორე მეუღლესთან ერთად. პირველი ცოლი ასევე მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი იყო, მასთან ერთი ვაჟი ჰყავს.

8 აპრილს ღამის 11 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ნაკაშიძე პოლიციამ დააკავა. მიზეზი პოლიციისთვის წინაამდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა გახლდათ. ნასვამი მსახიობი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ვორონცოვზე დააკავეს. ბრალი 173-ე და 166-ე ადმინისტრაციული მუხლით წაუყენეს.

მეორე დღეს მსახიობმა წინასწარი დაკავების იზოლატორი სასამართლოს შემდეგ დატოვა, თუმცა მომხდარზე საუბარი არ ისურვა. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ დაკავების დეტალებზე სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთმა საიტმა ორი თვითმხილველის კომენტარი გამოაქვეყნა,

რამაც მსახიობის იმიჯზე არცთუ დადებითად იმოქმედა და მისი თაყვანისმცემლები გაანაწყენა.

''თვითმხილველი #1: ცოტა მოშორებით ვიდექი, როცა ვიღაც ნასვამი მობარბაცე მამაკაცის უშვერი სიტყვებით გინების ხმა გავიგე. ყვიროდა, გიორგი ნაკაშიძე ვარ და თუ ტრაკი გაქვთ, დამიჭირეთ, პატრულო, მე თქვენი ესე და ისეო. მერე ენდროთი მოვაჭრეს მივარდა და ენდროები სულ ძირს მოუბნია, თან იგინებოდა. იქვე იდგა პატრული და ამ მთვრალ მამაკაცს ამშვიდებდნენ. თავიდან გამიკვირდა კიდეც, რატომ არ აკავებენ-მეთქი, მაგრამ ახლოს რომ მივედი, ''მანდარინების'' მსახიობი აღმოჩნდა და ალბათ, ამიტომ არ დააკავეს მაშინვე, თუმცა პატრულს არ მისცა გასაქანი და მათ მანქანას მუშტებს ურტყამდა, თან ძალიან ცუდი სიტყვებით აგინებდა თანამშრომლებს. პატრულიც იძულებული გახდა დაეკავებინა, დიდი ბრძოლის შემდეგ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

თვითმხილველი #2:
ამაზრზენად იქცეოდა. აქაოდა, მსახიობი ვარ და ''ოსკარებზე'' წარმადგინესო, ასე უნდა იბლატაოს? საცოდავ ადამიანს ენდრო გადაუყარა და ყვიროდა, ბო-ზებო, დამიჭირეთო. თან, პატრულის ქალს კინაღამ სცემა – ისეთი სიტყვებით აგინებდა, ვერც გავიმეორებ. კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს და მაშინვე უნდა დაეკავებინათ ეგ უზრდელი'', - ვკითხულობთ საიტზე.

ამ ინციდენტიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ როგორც დასაწყისში ვწერდით, ნაკაშიძეს ამ თემაზე არ უსაუბრია. კიდევ ერთხელ ვცადეთ, უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობისთვის დაგვერეკა და გვეთხოვა გაეხსნებინა, რა მოხდა იმ ღამეს ვორონცოვზე. ჩვენდა გასაკვირად, ამჯერად მსახიობმა კომენტარის გაკეთება ისურვა.

- გიორგი, მართალია, ჟურნალისტები არ გიყვართ, მაგრამ თუ შეიძლება, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.
- არ მიყვარს რა, კაცთმოძულე კი არ ვარ, ღმერთმა დამიფაროს (იცინის). უბრალოდ, რაღაცების კონკრეტული მიმართულებები არ მომწონს.

- თქვენს დაკავებაზე მინდა გკითხოთ, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა ამ თემაზე.
- ამ თემაზე ლაპარაკის არანაირი სურვილი არ მაქვს. ნასვამი ვიყავი და პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულა. დამაკავეს და სანამ გამოვფხიზლდებოდი, იზოლატორში გავატარე ერთი დღე. ძალიან კარგად მექცეოდნენ, როგორც ქართველები იტყვიან, ჯიგრულად. მერე არაფერი, მოსამართლემ გაფრთხილება მომცა და გამომიშვა. ნასვამი კაცი ხომ იცით, რაღაც შელაპარაკება მოხდა და ვიღაცას გამოვექომაგე. მათი მოვალეობა იყო და წამიყვანეს.

- თქვენი დაკავების პერიოდში ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენდროს გამყიდველ ქალს ფეხი აუკარით და კონფლიქტიც ამას მოჰყვა.
- ტყუილია, საიდან მოიტანეს! რაღაც შელაპარაკება მოხდა და იმიტომ წამიყვანეს.

- ხალხი გულდაწყვეტილი იყო, როდესაც ეს წაიკითხეს, ვერ იჯერებდნენ ენდროს ინციდენტის ამბავს.
- რა ენდროს ინციდენტი, ასეთი რაღაც მართლა არ მახსოვს, უბრალოდ, რაღაც შელაპარაკება მოხდა. ჯერ ერთი, აღშფოთებულები რით იყვნენ, ადამიანები არ არიან, არ დამთვრალან, ან მამა არ ჰყავთ?.. აქ ვცხოვრობ, დღე და ღამე ქუჩაში დავდივარ, უამრავ გამყიდველს ვიცნობ და გამარჯობისა და კეთილი ჩახუტების მეტი არაფერი მესმის ხალხისგან. სისულელეა, მსგავსი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, გაუგებრობა იყო, ნასვამი ვიყავი. ყველაფერი ისე დაწერეთ, როგორც გითხარით. ძალიან ჯიგრულად მომექცა პოლიცია, ყველაფერი კანონის ფარგლებში დაიცვეს. ბოლოს რომ გამომიშვეს, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც, პირველ რიგში, ქართველებს ეკადრებოდათ. მინდა, რომ ეს აუცილებლად დაწეროთ. ვიღაც რომ ცუდად მომქცეოდა, ამასაც აუცილებლად ვიტყოდი.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა