23 აპრილი, 2015
შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და
ერთმანეთი მაშინ აღმოვაჩინეთ, როცა ის დაიჭირეს ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ, რომ უცნაური ცხოვრების წესი ჰქონდა. მისი საცხოვრებელი საკანს ჰგავდა, მკვლელებზე წიგნებს კითხულობდა, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მიდიოდა ტყეში, სადაც საკვები არ მიჰქონდა. მისი თქმით, ამ დროს მწერებითა და კენკრებით იკვებებოდა. შალვას ჰყავს და, სალომე აბულაძე, რომელთანაც ურთიერთობა ცხრა თვის განმავლობაში არ ჰქონია. სალომეს ძმის შესახებ ვესაუბრეთ.

- შალვა აბულაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მას რაიმე გამამართლებელი
საბუთი ჰქონდეს?
- თუ ასე იქნება, მე მხოლოდ გამიხარდება. დაამტკიცოს, რომ უდანა- შაულოა. თქმა მარტივია. მთავარი დამტკიცებაა.

- რატომ არ გაქვთ ძმასთან ცხრა თვის განმავლობაში ურთიერთობა?
- ამ თემაზე ხმამაღლა არასდროს ვილაპარაკებ.

- ამბობენ, შალვას ბორჯომში 2,5 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი აქვსო. თქვენ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია?
- სისულელეა, ამდენი ქონება მას არ აქვს. მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემაც კი უაზრობა მგონია.

- სხვა დედმამიშვილი გყავთ?
- არა.

- შალვა თქვენზე უფროსია?
- მასზე ორი წლით პატარა ვარ.

- რთული ბავშვი იყო?
- ბავშვობაში განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია. ისეთივე ცელქი და მოუსვენარი იყო, როგორიც ბევრი მისი თანატოლი.

- ბევრს კამათობდით?
- ბავშვობაში ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ ისე არა, რომ ერთმანეთთან თვეების განმავლობაში არ გვესაუბრა. მასთან ყველაზე მეტად ვმეგობრობდი და ერთმანეთი მაშინ აღმოვაჩინეთ, როცა ის დაიჭირეს. ციხეში ხშირად მივდიოდი და გვერდით ვედექი. ვცდილობდი, გამემხნევებინა, მაგრამ მაშინ ის სრულიად სხვა შალვა აბულაძე იყო. მერე რადიკალურად შეიცვალა და ამიტომაც აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა.

- მშობლების პოზიცია ამ ყველაფერზე როგორია?
- მშობელი სულ სხვა ფენომენია, შვილი ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს. მაგრამ დღეს შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენს ოჯახს მისთვის ადვოკატი არ აუყვანია.

- შალვას ჰყავს ფეხმძიმე საცოლე, ქრისტინე ციხელაშვილი. იმ გოგონასთან ურთიერთობა გაქვთ?
- წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა. ეს ამბავი ტელეეთერიდან შევიტყვე. უბრალოდ ვიცოდი, რომ ვიღაც გოგო ფეხმძიმედ იყო, რომელსაც ახლა მან საცოლე დაარქვა. პირადად ერთხელაც არ მყავს ის გოგო ნანახი.

- ახლა, როცა გაიგეთ, რომ მალე ძმისშვილი გეყოლებათ, გოგონას გაცნობის სურვილი გაგიჩნდათ?
- არანაირად. ჩემს ძმას ჰყავდა ორი ცოლი და ჰყავს სამი შვილი, მათ ვიცნობ და მაქვს ურთიერთობა. ისინი ჩემთვის მისაღები არიან და ეს გოგო ვინაა, წარმოდგენა არ მაქვს.

- შალვა პირველად როდის დაოჯახდა?
- პირველად 20 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი, მასთან ერთი ბიჭი ეყოლა, მეორე ქორწინებიდან კი ბიჭი და გოგონა ჰყავს.

- ციხიდან გამოსვლის შემდეგ შალვას შვილებთან ჰქონდა ურთიერთობა?
- შალვა ციხიდან რომ გამოვიდა, პირველ მეუღლესთან შეძენილი შვილი რამდენჯერმე ნახა, მეორე ქორწინებისას შეძენილი ბავშვები, ისე შებრუნდა ციხეში, რომ არ უნახავს, თუმცა ამის მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ძალიან პირადული თემაა.

- ბევრს ლაპარაკობენ მისი პოლიტიკაში ჩართვის დეტალებზე. თქვენ გჯეროდათ, რომ ის გულწრფელი იყო, როდესაც ბორჯომში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა?
- იმ დროისთვის მასთან ურთიერთობა უკვე აღარ მქონდა. შალვა ძალიან ნაკითხი იყო, ამიტომაც არ გამიკვირდებოდა, რომ პოლიტიკის კეთების სურვილი ჰქონოდა, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა ჩვენ ერთად ვიყავით, არ მახსოვს, პოლიტიკაში ჩართვის თემაზე გველაპარაკა.

- შალვას რა პროფესია აქვს?
- ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და უცხო ენებზეც სწავლობდა, ოღონდ არ ვიცი, დაამთავრა თუ არა.

- გიწევთ ბორჯომში იმ პოლიციელის ოჯახის წევრებთან შეხვედრა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი ძმის სროლის შემდეგ გარდაიცვალა?
- ბორჯომი პატარა ქალაქია. თითქმის ყველა ყველას იცნობს. გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლე ტელევიზიით რომ ვნახე, მეცნო. მისი ნახვა, ალბათ, ძალიან გამიჭირდება. ამ საკითხზე, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია. მინდა, ეს ფიქრები თავიდან საერთოდ მოვიშორო. გარდაცვლილების ოჯახზე საუბარს ჩემი მხრიდან უდიდესი სამძიმრითა და ტკივილით ვიწყებ. ბორჯომში მომხდარი ფაქტის შემდეგ ჩემს ოჯახს უნდოდა სამძიმარზე მისვლა, მაგრამ გავიგეთ, რომ ჩვენ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი. შალვა აბულაძე თავის საქციელზე თავად აგებს პასუხს. ფაქტია, რომ ის ადამიანები შალვას იმდენად განიკითხავენ, რომ ჩემს ოჯახსაც სხვანაირად მოიხსენიებენ, თუმცა იმას არ კითხულობენ, რა გაგვიკეთებია, რას ვემსახურებით და რა არის ჩვენი იდეალები. მათი მხრიდან დიდი აგრესიის გამო სამძიმარზე მისვლა არ გვირჩიეს. თბილისში გარდაცვლილი პოლიციელის მეუღლეს რომ მოვუსმინე, გავოცდი. მე რა უნდა შევაფასო. საოცარი რამ თქვა იმ გოგონამ, მე მივუტევე, ღმერთმა მიუტეოს, მან თავისი დედაც გაამწარაო. ასეთი სიტყვების მთქმელი, როდესაც ორი დღის წინ მეუღლეს დაასაფლავებ, უდიდესი სულის ადამიანი უნდა იყო. მადლობა მას, რომ ამდენად ადამიანურია. ამ სიტყვების უბრალოდ თქმაც კი რთულია და იმ გოგონას სიტყვებში დიდი გულწრფელობა იგრძნობოდა.

- ამბობენ, რომ აქტიურად ეწეოდით ჟურნალისტურ საქმიანობას.
- ჟურნალისტი არასდროს ვყოფილვარ, ადვოკატი ვარ, უბრალოდ, 2012 წელს ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა გადაცემა. კოტე ინაშვილის თანაწამყვანი გახლდით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ფონდი, რომელიც პატიმრების საკითხებზე მუშაობდა, მის შექმნაში მონაწილეობა შალვა აბულაძემაც მიიღო. იმ დროს უანგაროდ დავეხმარე დაახლოებით 200-მდე პატიმარს. ჩემი ჟურნალისტობა ამ საქმიანობას უკავშირდებოდა. ჩემი მეგობრების დახმარებით, საპატრიარქოში პატიმრების გამოფენა გავაკეთე, არანაირი გრანტი არ მქონია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა