12 ივლისი, 2013
რატომ დაშორდნენ ბუტა რობაქიძის მშობლები ''ჩვენ მხოლოდ შვილის საფლავი გვაერთიანებს''
ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს. ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. გაზაფხული რომ არ გიხარია, მზე და კარგი ამინდი რომ არ გიხარია, ასეთი ცხოვრება გამითენეს. ცხრა წელი გავიდა ბუტა რობაქიძის სიკვდილიდან. ოჯახის წევრები და მეგობრები დღემდე ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას. ბუტას დედა ია მეტრეველს სჯეროდა, რომ ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე მალევე შეიცვლებოდა. მართალია, ასე არ მოხდა, მაგრამ იმედს არ კარგავს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელოდება.

როგორ შეერქვა ამირან რობაქიძეს ბუტა

- სამი და თბილისურ, კარგ ოჯახში გავიზარდეთ.
ძალიან კარგი მამა გვყავდა, გარი მეტრეველი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება იყო. მწერალი და ჟურნალისტი გახლდათ. ''ნიანგის'' რედაქციაში მუშაობდა. მამა, ნოდარ დუმბაძე, კარიკატურისტი გიგლა ფირცხალავა, მხატვარი მალაზონია და ზაურ ბოლქვაძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. მათი შექმნილი იყო ჟურნალი ''ნიანგი'' , რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ფოტოზე მამა ''ნიანგელებთან'' ერთადაა. ძალიან ლამაზი ბავშვობა გვქონდა. ჩვენი ოჯახი სალონივით იყო, სადაც იმდროინდელი ყველასთვის სამაგალითო ადამიანები იკრიბებოდნენ.Ratingმწერლები, პოეტები, მხატვრები, მურმან ლებანიძე, გიორგი დანელია. მათი საუბრის მოსმენას არაფერი სჯობდა. რაც მთავარია, ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სიკეთეს გვასწავლიდნენ. დედა, მერი ქავთარაძე, საბედნიეროდ, ახლაც ცოცხალი გვყავს. დედა თბილისში სილამაზით ცნობილი ქალი იყო, ლამაზი და ჭკვიანი. რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. ლანა ღოღობერიძემ გადაიღო ფილმში ''თბილისი 1500 წლისაა'' , მონაწილეობდა ფილმში ''გზაჯვარედინი'' . ოჯახის პრინციპი იყო, მხოლოდ ჩვენი ოჯახით არ გვეცხოვრა. ჩვენ გარშემო თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, მათ გვერდით ვიდექით. დღესაც ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. ასე ვზრდიდით ბუტასაც. 
ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვმუშაობდი. პატარა რომ ვიყავი, მეთოდცენტში ვმუშაობდი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბავშვთა სოფელში ვმუშაობდი. ეს ორგანიზაცია დღესაც არსებობს. დიდი ბავშვთა სახლები დაიკეტა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები აშენდა. ამ ორგანიზაციის პრინციპი ისაა, რომ ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს. თორმეტი ოჯახი გვქონდა, სადაც მიუსაფარი, უდედმამო ან გაჭირვებული ბავშვები იზრდებოდნენ. ამ ორგანიზაციაში წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. წელს გადავედი სხვა სამსახურში. ახლაც ბავშვებზე ვზრუნავ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორგანიზაციის წყალობით ვარ ცოცხალი. დირექტორმა არ მომცა უფლება, სამსახურიდან წამოვსულიყავი. ყველანაირად მიწყობდა ხელს. ძალიან თბილ გარემოში ვიყავი. ბავშვებისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი.
- სურათი, როგორც ვხვდები, ბავშვთა სოფელშია გადაღებული.
- ფოტო იმ დღესაა გადაღებული, როდესაც ბავშვები ახალგაზრდულ სახლში გადადიოდნენ. 15 წლიდან ისინი ახალგაზრდულ სახლში გადაგვყავდა. გვერდით მიდგას გოგონა, რომელიც ჩემი ნათლულია. ის გოგონა მე აღმოვაჩინე. ფაქტობრივად, იღუპებოდა. დედა ლოთი ჰყავდა და გარდაეცვალა. გოგონა ბავშვთა სოფელში მოვათავსეთ და გადარჩა. შემდეგ მოღვაწეობა გავაგრძელე ''ქომაგში'' . მძიმე პერიოდში მოვახერხეთ და რამდენიმე პოლიტიკურად რეპრესირებულ ადამიანს დავეხმარეთ.
Rating
- მეუღლე როდის გაიცანით?
- 20 წლის გავთხოვდი. ეს ქორწინება ჩვენთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. ბუტა 2 წლის იყო, როდესაც სოსო რობაქიძეს ოფიციალურად გავცილდი. მომდევნო ფოტოზე ბუტა 2 წლისაა. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შევრიგდით, მაგრამ საბოლოდ მაინც დავშორდით. თხუთმეტი წელია, გაცილებულები ვართ.
Rating
- როდესაც ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ჩნდება და ყველა საინფორმაციო საშუალება აშუქებს, არ იგრძნობა, რომ ცოლ-ქმარი არ ხართ.
- ეს ჟურნალისტების დამსახურებაა. ცალ-ცალკე ჩაგვწერენ ხოლმე და ეთერში სიუჟეტი რომ გადის, ვერავინ მიხვდება, რომ დაშორებულები ვართ. თუმცა ნამდვილად არ ვართ ერთად.
- თითქოს ამ ტრაგედიამ გაგაერთიანათ.
- მთავარი მაკავშირებელი აღარ გვყავდა. ბუტას შემდეგ ჩვენ შორის არანაირი კავშირი აღარაა.
- მას აქვს მეორე ოჯახი?
- არა. ბუტა მისთვისაც ერთადერთი შვილი იყო. ჩვენ ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ და აღარ გვაქვს საერთო. ახლა მით უფრო არაფერი საერთო არ გვაკავშირებს სასაფლაოს მეტი. არ გვქონდა გამართლებული და წარმატებული ქორწინება. ბუტა ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა.
- თუმცა, როგორც მომდევნო ფოტოდან ჩანს, ბუტას მამასთანაც ჰქონდა ურთიერთობა.
- რასაკვირველია, ურთიერთობდნენ. ბუტა მეშვიდე კლასში რომ იყო, ჩვენ საბოლოოდ მაშინ დავშორდით.
Rating
- დაშორების მიზეზი რა იყო?
- ამაზე საუბარი არ მინდა, თუმცა მიზეზები, რასაკვირველია, იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ტყუილად ვინ ანგრევს ოჯახს?
- შვილს ამირანი ჰქვია. რატომ შეარქვით ბუტა?
- პუტკუნა იყო და ბავშვობაში მოფერებით ბუტას ვეძახდით. მერე შერჩა ეს სახელი. რომ გაიზარდა, არ მოსწონდა, ამირანს რომ ეძახდნენ. ერთხელ მასწავლებელმა მკითხა, ამ ბავშვს სხვა სახელი ხომ არ აქვს, ამირანს რომ ვეძახი, ხმას არ მცემსო. ვუთხარი, ბუტა ჰქვია-მეთქი. მას მერე სკოლაშიც ყველა ბუტათი მიმართავდა. სახელი ბუტა ძალიან მოსწონდა.

რა სთხოვა სიკვდილის შემდეგ შვილმა სიზმარში

- მომდევნო ფოტოზე მითხარით, რომ მოსკოვშია გადაღებული. რუსეთში ცხოვრობდით?
- ჩემს ბავშვობაში რაღაც პერიოდი მოსკოვში ვცხოვრობდით. მამა ჟურნალ ''კრაკადილის'' კორესპონდენტი იყო. ბუტა კი მოსკოვში უბრალოდ სასეირნოდ გვყავდა წაყვანილი, სურათიც იმ პერიოდშია გადაღებული.
- ბუტა რომელ სკოლაში სწავლობდა?
- 57-ეში სწავლობდა. ბუტას ბანკეტის ფოტოზე ის გოგონაცაა, ვინც უყვარდა. ბუტა თავის ასაკთან შედარებით ძალიან დინჯი და სერიოზული ბავშვი იყო. სულ მიკვირდა, ასეთი რატომ იყო. ზედმეტს არასდროს არაფერს ამბობდა. ჩემთანაც მორიდებული იყო. არ უთქვამს, ვინმე თუ უყვარდა. შემთხვევით ვნახე, გოგოს სურათი რომ ჰქონდა. დეიდისთვის გაემხილა, რომ ზაფხულში ცოლის მოყვანას აპირებდა. გოგოსთვის ნათქვამი არაფერი ჰქონდა. სულ ყვავილებს უგზავნიდა ძმაკაცების ხელით. ის გოგო ბიჭებს რომ ეკითხებოდა, ვისგანააო, ეუბნებოდნენ, ერთი კარგი ბიჭისგანო. ჩემი ტრაგედიიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, ბუტა სიზმარში ვნახე. მითხრა, დედა, იცი, ცოლი მომყავდაო. ვუთხარი, ვიცი-მეთქი. თიკო მომყავდა ცოლადო. მკითხა, ჩემი ცოლისთვის რაიმე ნივთი არ გქონდა, რომ მიმეცაო? ბუტას რა ნივთებიც ჰქონდა, ყველაფერი მის ძმაკაცებს დავურიგე. მინდოდა, ამ გოგოსთვისაც რამე მეჩუქებინა. მითხრეს, რომ გათხოვდება, მერე ან ეხსომება, ან არა, ისევ ბიჭებს მიეცი, ჯობია, ბიჭებს არ დაავიწყდებათ ბუტაო. სიზმარში მითხრა, რაღაცას მთხოვსო. ბეჭედი შევიძინე, იმ გოგოსთვის რომ მეჩუქებინა და დავიბარე. რომ მოვიდა, სანამ მე ვეტყოდი, რისთვის მინდოდა მისი ნახვა, მითხრა, თქვენთან ძალიან მინდოდა მოსვლა და მერიდებოდა. ბუტა სულ ყვავილებს მიგზავნიდა და მინდოდა, მისგან სამახსოვრო ნივთი მქონოდაო. მას მერე ბუტა სიზმარში ისე ცხადად არ მინახავს.
Rating
- ახლა იმ გოგოს ალბათ შვილები ჰყავს.
- გათხოვდა, როგორც გავიგე, ალბათ შვილებიც ჰყავს. ცხრა წელი გავიდა იმ ტრაგედიის შემდეგ. ბუტა ძალიან წესიერი ბავშვი იყო. მის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. სულ ვარჯიშობდა, სიგარეტს არ ეწეოდა, უნდოდა, ჯანმრთელი ყოფილიყო. ხან ტრენაჟორებზე დადიოდა, ხან ცურვაზე. არ უყვარდა ლექციების გაცდენა. გამოცდა არასდროს ჰქონია გადასაბარებელი. მათემატიკა იცოდა კარგად. უყვარდა მუსიკა და ადვილად იმახსოვრებდა ნოტებს. ამპარტავანი არ ყოფილა. თავის გამოჩენა არ უყვარდა. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა. დღემდე განიცდიან მისი მეგობრები ბუტას დაღუპვას. მესამე კურსზე იყო, ეს ტრაგედია რომ მოხდა. სტაჟირებას იწყებდა ბანკში ორშაბათიდან და ოთხშაბათს ეს საშინელება დაგვემართა. თან ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა. 2004 წლის 24 ნოემბერი იყო, გიორგობის მეორე დღე. დიდუბეში ეკლესიის წინ მოხდა ყველაფერი ნაციონალების მოსვლის წლისთავზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზვარაკად შეიწირეს ჩემი უმანკო შვილი. არ ვიცი, რიტუალი ჩაატარეს, თუ რა გააკეთეს. მას მერე სისხლი არ შეჩერებულა. თითქოს ნაციონალები იმიტომ მოვიდნენ, რომ ჩემი ოჯახი დაექციათ. მერე მთელი საქართველო დააქციეს. ჩემით დაიწყეს.
Rating
-  დღეს, როდესაც საქმის ხელახალი ძიება მიმდინარეობს, მეორე მხარე დღემდე თავს იმართლებს. გჯერათ, რომ საბოლოოდ გამარჯვებული თქვენ იქნებით?
- ჯერჯერობით საბოლოო შედეგებს ველოდები, მინდა დავიჯერო, რომ წარმოუდგენელია, ახალმა ხელისუფლებამ სამართალი არ დაადგინოს. უფლის სასამართლო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ამ ქვეყანაში ვერ აღდგება სამართალი. მაშინ ყველაფერი ტყუილი და ამაო ყოფილა. სასამართლო ჯერ სულ თავისუფალი არაა. ეს ყველასთვის გასაკვირია.
- გურამ დონაძე ბოლო დროს პირადად ნახეთ?
- არა, რასაკვირველია. მასთან შეხვედრა არანაირად არ მინდა. რომ ვხედავ, ცუდად ვხდები. მისი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანოს. დონაძეს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და ისეთი ნაძირალაა, არაფრით არ მინდა დავიჯერო, რომ დაუსჯელს დატოვებენ. ყველამ თავისი წილი სასჯელი უნდა მიიღოს. დონაძემაც და ფირცხალავამაც. ფირცხალავას საერთოდ არ ვიცნობდით და თურმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაძირალა ყოფილა. ვაზაგაშვილის საქმეც მას დაუგეგმავს. ოქტომბერში გამოჩნდება რეალური სურათი. თუ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ველოდით, ბრძოლას ახლიდან დაიწყებს ხალხი.
- მომდევნო ფოტო თქვენს პოლიტიკურ აქტიურობას ასახავს.
- სადაც პროტესტი იყო, ცხრა წლის განმავლობაში ყველგან ვიდექი. იმიტომ არა, რომ მე ასეთი რამე დამემართა. პოლიტიკური აქტიურობა არც ახლა და არც მაშინ არაფერს მიშველიდა. ჩემი ცხოვრება მათ დაამთავრეს, მაგრამ არ შემეძლო წყნარად მეყურებინა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ჩვენი ოჯახი ეროვნულ მოძრაობაშიც იყო ჩართული, ყოველთვის იქ ვიდექით, სადაც ერი იდგა. ვიბრძოდი გიორგი ზერეკიძის, გიორგი გამცემლიძის, იურა ვაზაგაშვილისთვის. იმიტომ ვაპროტესტებდი იმ ყველაფერს, რომ რამენაირად შემეჩერებინა საშინელება, რაც ქვეყანაში ტრიალებდა. ვერ ვიტყოდი, მე ხომ გამაუბედურეს და ახლა თავში ქვა უხლიათ, მე მაინც არაფერი მეშველება-მეთქი. დღემდე, სადაც ვინმე გაჭირვებულია, ვცდილობ, დავეხმარო.
Rating

რატომ არ გააჩინა მეორე შვილი

- თქვენს სახლში ბუტას ძალიან ბევრი სურათია...
- ბუტას გვერდით ყოფნას სულ ვგრძნობ. გამაუბედურეს, ერთადერთი შვილი, რომელსაც ცივ ნიავს არ ვაკარებდი, მომიკლეს. რთული გასაზრდელი ბავშვი იყო. სამი წელი ტანსაცმლით მეძინა. სულ ხელში უნდოდა ყოფნა... ძალიან კეთილი იყო. ერთხელ კარზე 12-13 წლის ბიჭმა დაგვიკაკუნა. ბუტამ კარი გაუღო. ბავშვმა ჰკითხა, ბოთლები ხომ არ გაქვთო. ბუტა ძალიან შეწუხდა და აივნიდან ყუთებით ბოთლები გამოუტანა. ბიჭმა კალკულატორზე დაიწყო იმის ანგარიში, რამდენი ფული უნდა მიეცა. ბუტამ უთხრა, წაიღე ეს ბოთლები, ფულს არ გამოგართმევო. მერე ის ყუთები ლიფტამდე მიატანინა. შემდეგ მთელი დღე იმ ბავშვზე დარდობდა. ამბობდა, ალბათ, როგორ უჭირსო... როდესაც ვმუშაობდი, დედაჩემი სულ მის გვერდით იყო, დედაჩემისგან ბუტამ ბევრი რამ ისწავლა.
- მითხარით, რომ მომდევნო ფოტო ძალიან გიყვართ.
- სამზარეულოში დილას ჩაის ვსვამდით და მაშინ გადავიღეთ. წარმოუდგენელია, ბუტა რომ ცოცხალი აღარაა.
- მეორე ბავშვის გაჩენაზე არასდროს გიფიქრიათ?
- არა, მყარი ოჯახი რომ არ მქონდა, გადავწყვიტე, არ ღირდა მეორე ბავშვის გაჩენა. ასე ინება უფალმა. ალბათ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. მგონია, ასეთი მისია ჰქონდა ბუტასაც და მეც. ბევრი ადამიანი მოდიოდა და მეუბნებოდა, ქალბატონო ია, თქვენ ვერ ამჩნევთ, რომ ბუტა რაღაცნაირად სხვანაირია და უფლის ნება იყო ყველაფერი. რამდენი ახალგაზრდა მომკვდარა, მაგრამ მათი სიკვდილი ამდენს გულთან არ მიუტანიაო. სრულიად უცხოებს ეცოდებათ ბუტა, იმიტომ, რომ მართლა აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. საოცრად ფრთხილი ბავშვი იყო. ღამე ფანჯრებს ამოწმებდა, ღია ხომ არააო. მერე ბაკს თიშავდა, ცეცხლი არ წაგვეკიდოსო. სულ ვეჩხუბებოდი ამის გამო. ვეუბნებოდი, დილით წყალი ცივია-მეთქი, მაგრამ მაინც თავისი გაჰქონდა. ძმაკაცები რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი სიფრთხილით. ერთხელ მთვრალები დაუტოვებია და მერე რატომღაც მიბრუნებულა. უნახავს, რომ ჩაიდანი გაზზე იდგა, ადუღებული წყალი გადმოსულა, გაზი ჩაუქრია და ვერ იგებდნენ, რომ იწამლებოდნენ. ბიჭები სულ ამბობენ, ბუტა რომ არ ყოფილიყო, გავიგუდებოდითო. ბავშვებს ჩააბარებდი და ისე მოუვლიდა, შეიძლება, ქალს ვერ მოევლო ისე კარგად.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბუტას რექტორს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რომელმაც გაბედა და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიაში, სადაც ბუტას ლექციები უტარდებოდა, მისი სურათი დადო და ყვავილებს უცვლიდნენ. სამწუხაროდ, რექტორი - გურამ თავართქილაძე გარდაიცვალა. უნივერსიტეტში გაიცნო ბუტამ ირაკლი მიქაბერიძეც. ჯგუფელები იყვნენ. ბუტას საბედისწერო დღეს კბილი სტკიოდა და მთელი დღე იწვა. ბევრი ურეკავდა, გიორგობას სადმე გავიდეთო, მაგრამ არ გავიდა.
Rating
ახალდამეგობრებულ ირაკლის დიდ პატივს სცემდა და რომ უთხრა, დიდუბელ მეგობრებს გაგაცნობო, წაჰყვა. ირაკლი დღემდე დათრგუნვილია, ბავშვებმა იმ ღამეს საშინელება გამოიარეს. ირაკლის უკვე ორი შვილი ჰყავს. ჩემთან სტუმრად ხშირად მოდის. თავის თავს აბრალებს ბუტას სიკვდილს. სულ ვეუბნები, შვილო, შენ რა შუაში ხარ. ასეთი ბედისწერა ჰქონდა, შენ თუ არ დარეკავდი, სხვა დარეკავდა-მეთქი... ხეს რომ დარგავ, რომ ზრდი, ნაყოფის მიღებაზე ოცნებობ და ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ასე დაგვემართა. დედ-შვილს დაგვიმთავრეს სიცოცხლე. ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვს. ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. გაზაფხული რომ არ გიხარია, მზე და კარგი ამინდი რომ არ გიხარია, ასეთი ცხოვრება გამითენეს. არც იმ ქვეყანაზე ვარ და არც ამ ქვეყანაზე. საშინელებაა. თავიდან ვერაფრით წარმომედგინა, ბუტას გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა. ახლა შევეჩვიე წამებით ცხოვრებას. ასე გადის დღეები. ალბათ ბრძოლაში რომ ვიყავი ცხრა წელი, იმან გადამატანინა ყველაფერი. თავიდან ვერ წარმომედგინა, ასეთ რამეს თუ გავუძლებდი. არავის არ ვუსურვებ იმის გადატანას, რა ტრაგედიის გადატანაც მე მომიხდა. საშინელებაა...

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 79 /
ზურაბი
მეც მინდა თაანაგრძნობის სიტყვები გადმოგცეთ, ძალიანაც კარგად მესმის თქვენი, მაგრამ... თქვენ ღირსეული ადამიანი ბრძანდებით
18:09 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
marven
gmertma natelshi amyopos butyas suli aseti axalgazrdebi ar unda igupebodes amnadzirlebis xelit gmertma gagazlebinos da samartali gapovninos
02:02 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ძალიან განვიცდი თქვენს ტკივილს ეხლაც ცრემლებით ვტირი,ვერაფერს გეტყვით ახალს უფალს ებარებოდეთ თქვენ და ბუტა
22:44 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცრუებს...
ია ხალხი დებილი გგონიათ? ყველამ კარგად იცის ყველაფერი და ნუ მოქმედებთ ტაშტი გატყდა ხმა გავარდას პრინციპით, მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობ და კარგად ვიცი იქ მყოფი ორი ბიჭის ბიოგრაფია-ბავშვობიდან ქუჩაში გაიზარდნენ,სულ მოპარვა და ნაძირლიბაში იყვნენ.დღეს წამალში იხრჩობიან, დაფიქრდით ვის და რატომ ამართლებთ,ადამიანებმა თქვენი შვილი რაზბორკაზე წაიყვანეს და მოაკვლევინეს,იმიტომ რომ წინა დღეს ერთერთი ზურგში დაჭრეს და წესიერები არიანო კიდევ ამბობთ?! აბა ორჯერ ნასამართლევები ეს ბიჭები რატომ არიან? თან ეგეც ბუტას სიკვდილამდე 2002 წელს იჯდნენ ციხეში.ჰო მიპასუხეთ რა-ძალიან კარგად ვიცი ვინ ვინ არის და გეყოფათ ხალხის დადებილება
20:00 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
4+1=5
ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ოქრუაშვილის დაჭერა არ აინტერესებთ და ამიტომ ამ საქმეს დასასრული არ ექნება გვირგვლიანის საქმისგან განსხვავებით, რა ძნელი მისახვედრია?
15:45 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS