11 ივლისი, 2013
მაკა ცინცაძე სიმშვიდეს ვერ უძლებს

ამ მოგზაურობიდან ფლომასტერები, სათამაშოები და საჩუქრები მახსენდება, საღამოს რესტორანში სიარული დიდად არ მსიამოვნებდა, რადგან ვერ ვერთობოდი ''მაესტროს'' მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ზაფხულის სიცხის გამო შვილთან ერთად მალე წყნეთში გადაბარგდება და სამსახურშიც იქიდან ივლის. როგორც თავად ამბობს, მზისა და ზღვის ნაკლებობას ყველა სეზონზე განიცდის, მაგრამ შვილის გამო წელს მთაში დასვენებას გეგმავს, თუმცა თუ დრო დარჩა, ზღვასაც ესტუმრება.

- ყველა სეზონს აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები, მიუხედავად ამისა, გაზაფხული-ზაფხული ზამთარზე მეტად მიყვარს. ზამთარში ცივა, მაგრამ, სამაგიეროდ, გვეძლევა თხილამურებით
სრიალის საშუალება, ზაფხულში ცხელა, მაგრამ მაინც ვპოულობთ სხვადასხვა საშუალებას გასართობად და გასაგრილებლად.
- დასვენებაზე ფიქრსა და მზადებას როდიდან იწყებ? ზოგი დათბობასთან ერთად შეუდგება ხოლმე ამაზე ზრუნვას, ზოგს კი შვებულებამდე ერთი კვირით ადრე ახსენდება...
- სიმართლე გითხრათ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, მაგაზე ფიქრის დროც კი არ მაქვს, თან დასვენება მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული? გააჩნია, შვებულება როდის მექნება, როცა მე სამსახურში არ ვიქნები, ჩემ მაგივრად სხვამ უნდა იმუშაოს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩემი წასვლით ვინმე არ დაზარალდეს. მოკლედ, ბევრი დეტალია მოსაგვარებელი, სანამ დასასვენებლად წავალ.
- ახლა შვილის გამო მთაში დასვენებას ამჯობინებ, მაგრამ როდესაც ამ მხრივ სრული თავისუფლება გქონდა, მაშინ რას ანიჭებდი უპირატესობას - მთას თუ ზღვას?
- რასაკვირველია ზღვას, მზე და ზღვა არის ის, რის ნაკლებობასაც ყველა სეზონზე განვიცდი. გარდა იმისა, რომ მზე ვიტამინით გვამარაგებს, ასევე დადებითი ემოციით მავსებს, რომ არაფერი ვთქვათ ნამზეურზე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ზღვაზე ყოფნისას სანაპიროზე ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თავგადაკლული მოცურავე და წყალზე გადარეული არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად დროს სანაპიროზე ვატარებ.
- ხელოვნურად თუ ირუჯები, სოლარიუმს ვგულისხმობ...
- კი, სოლარიუმში დავდივარ, მაგრამ მისი უარყოფითი თვისებების გამო გადაჭარბებული დოზით არ ვიყენებ, გარდა ამისა, როდესაც არ ხარ 18 -20 წლის და ყოველდღიურად გიწევს გრიმის გაკეთება, კანს უფრო მეტად უნდა მოუფრთხილდე, ამიტომ ბოლო ხუთი წელია, შედარებით ნაკლებად დავდივარ სოლარიუმში, ძირითადად მხოლოდ გაზაფხულზე მივდივარ, სანამ აუზზე სიარული და ბუნებრივად გარუჯვა გახდება შესაძლებელი.
- ხომ არ გეგმავ, თბილისის სიცხეს გაერიდო?
- წყნეთში ავალ ბავშვთან ერთად, წყნეთის ჰაერი დიდად არ გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, მაგრამ თბილისას სჯობს, ამიტომ ცოტა ხნით წყნეთში გადავალთ და იქიდან ვივლი სამსახურში, შემდეგ კი ვეცდები, კესო ბებიასთან ერთად მაღალმთიან კურორტზე გავუშვა, თუ მოვახერხებ, მინდა, ზღვაზეც წავიყვანო, მაგრამ ეს უკვე ჩემს შვებულებაზეა დამოკიდებული.
- სანამ დასასვენებლად წახვალ, ბარგის ჩალაგებას დიდ დროს უთმობ?
- როდესაც ბავშთან ერთად მიდიხარ, ბევრი რამ გჭირდება, ამიტომ წინასწარ ვწერ იმ ნივთების სიას, რაც არ უნდა დამავიწყდეს და ამით პრობლემა გვარდება. ადრე ჩემი ქმარი მეჩხუბებოდა, რა ამბავია ამდენი ბარგი, მთელი სეზონის სამოსი რატომ მოგაქვს, როცა ორი კვირით ხარ წამოსულიო. ახლა ამას გადავეჩვიე, ბავშვთან ერთად რომ მივდივარ, უფრო მასზე ვარ ორიენტირებული და ძირითადად ის მიმაქვს, რაც ყოველდღიურად დამჭირდება.
- კესო რა ხნისაა?
- კესო ივლისში ხდება 2 წლის, ბევრი რამ ისწავლა და ბევრსაც მასწავლის. ჰიპერაქტიურია, 24 საათის განმავლობაში დარბის და დახტის, მაგრამ ამის გამო არანაირ დამამშვიდებელს არ ვაძლევ. დღის პირველ ნახევარში ძირითადად სულ მცალია და ვასეირნებ ხოლმე, ისედაც მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვთან მეტი დრო გავატარო.
- რაც შეეხება საზღვარგარეთ დასვენებას, თუ გახსოვს, პირველად როდის გასცდი საქართველოს ფარგლებს?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი ოჯახის წევრებმა მოსკოვსა და პეტერბურგში წამიყვანეს, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით, ამ მოგზაურობიდან ფლომასტერები, სათამაშოები და საჩუქრები მახსენდება, საღამოს რესტორანში სიარული დიდად არ მსიამოვნებდა, რადგან ვერ ვერთობოდი, განსაკუთრებული განწყობით ველოდი თვითმფრინავში ჩაჯდომას, მაგრამ ამისგანაც დიდი ემოცია ვერ მივიღე.
- ქვეყანა, სადაც დიდი სიამოვნებით დაისვენებდი და იმოგზაურებდი...
- ძალიან მინდა ინდოეთში მოგზაურობა, ჩემი ქმარი საკმაოდ დიდი ხნით იმყოფებოდა ამ ქვეყანაში და საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. ჩემი განსაკუთრებული ემოციები ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპას უკავშირდება, ვიმედოვნებ, კესოსთან ერთადაც მოვახერხებ ევროპის დათვალიერებას. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში ჩასული ღირსშესანიშნაობების ნახვით და აქეთ-იქით სიარულით იღლები, ბევრს მოძრაობ, გადაადგილდები, გიწევს მტანჯველ და დამქანცველ რიგებში დგომა, მაინც იმხელა სიამოვნებას იღებ, რომ დაღლა არაფრად მიგაჩნია. ვისურვებდი, საქართველოში ისეთი სოციალური ფონი შეიქმნას, რომ ევროპელების მსგავსად, ჩვენს მოსახლეობასაც მიეცეს საშუალება, მთელი წლის განმავლობაში მოაგროვოს თანხა დასვენებისთვის და მისთვის სასურველ სეზონზე ისე დაისვენოს, როგორც თავად ისურვებს.
- შენ თუ აგროვებ წინასწარ თანხას დასვენებისთვის?
- საქართველოში თუ უნდა დავისვენო, წინასწარ არ ვაგროვებ ფულს, მაგრამ თუ ევროპაში გადავწყვეტ წასვლას, მაშინ მიწევს შეგროვება. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ისე საქმე, რომ ერთი თვის ხელფასით საზღვარგარეთ დასასვენებლად წახვიდე და სურვილები დაიკმაყოფილო.
Rating
- დასვენების დროს საყიდლებზე სიარული გიყვარს?
- კი, შეიძლება ითქვას, რომ შოპოჰოლიკი ვარ და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესისგან, მაგრამ ამ ბოლო დროს მაღაზიებისთვის დროც არ მრჩება, თან კესოსთან ერთად მაინცდამაინც კომფორტული არ არის მაღაზიებში სიარული, ამიტომ თავის შეკავება მიწევს.
- ექსტრემალი თუ ხარ, წყლის პარაშუტი და მსგავსი გასართობები თუ გიზიდავს?
- წყლის პარაშუტით არ მიფრენია, ალბათ ვერც გავბედავ, თუმცა მომწონს და ვიცი, რომ ეს დიდ ემოციებთან იქნება დაკავშირებული, ხმელეთის გასართობები კი, შეიძლება ითქვას, ათვისებული მაქვს.
- რაც შეეხება გართობას დასვენების დროს...
- მოგატყუებ, რომ გითხრათ, ოდესმე კლუბში ვიძინებდი და ვიღვიძებდი-მეთქი, ცეკვა, არყის თუ კოქტეილების დალევა ჩემი სტილი არ არის და დიდად არ მიზიდავს. ადრე, სანამ პატარა ვიყავი, რასაკვირველია, დავდიოდი და ვერთობოდი ხოლმე, მაგრამ დღესდღეობით არ მივეკუთვნები იმათ კატეგორიას, პარასკევს ან შაბათს, მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ კლუბში რომ მიდიან გემრიელად გასართობად. ამ ბოლო დროს ხალხმრავლობა დიდად არ მსიამოვნებს, სიმშვიდეში ყოფნა მირჩევნია.
- ველურ ბუნებასთან კონტაქტი, კარვები და ლაშქრობები თუ გიყვარს?
- არ მიყვარს, თუმცა ამბობენ, რომ ამით დიდი სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი. მე კი არ ვიცი, როგორ უნდა დავიძინო კარავში, სადაც არ არის ჰიგიენის პიროებები, საშხაპეც კი არ არის, კარავს ხუთვარსკვალავიანი სასტუმრო მირჩევნია, ხმამაღალა ვაღიარებ, რომ კომფორტის მოყვარული ვარ.
- ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებ, დასვენებისას ხომ არ ცდილობ, ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცე, რომ ყველაფრისგან განიტვირთო?
- ვცდილობ ხოლმე, გავთიშო ტელეფონი, არ მივეკარო ინტერნეტს, მაგრამ ეს ყველაფერი მაქსიმუმ გრძელდება ორი საათს, მეტს ვერ ვძლებ, ორი საათის შემდეგ მეწყება ფორიაქი, არ მომწონს მშვიდი გარემო, მე ასეთი სიტუაციისთვის არ ვარ დაბადებული, ვერ ვუძლებ სიმშვიდეს, ჩემ გარშემო უნდა იყოს სრული ქაოსი, მაშინ ვარ კარგად და თავს ვგრძნობ კომფორტულად... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა ძალიან დამღლელია, მხოლოდ რამდენიმე საათი მჭირდება მოსადუნებლად და სარეაბილიტაციოდ, რომ საქმე ისევ აქტიურად ვაკეთო.
- დასასრულ, დაუვიწყარი ზაფხულის შესახებ გკითხავ.
- უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მეგობრებთან ერთად მარტო წავედი დასასვენებლად ზღვაზე და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მარტო გამიშვეს დასასვენებლად, ის ზაფხული მაინც დაუვიწყარი გახლდათ, რადგან მას შემდეგ ყველას ერთად აღარ დაგვისვენია, ერთი მაინც გვაკლდა ხოლმე, ჩემი მეგობრები მიხვდებიან, რას ვგულისხმობ, სამწუხაროდ, მერე ერთი მეგობარი გარდაგვეცვალა და გული გვატკინა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ეკა
ცოდოა მაესტროსთვის
15:38 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდოშკა
მოსკოვზე გამეცინა... ალბათ სხვა ბავშვობას გულისხმობა.. და წყნეთი კი მართლა საუკეთესოა ბავშვებისათვის. :)
15:35 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
მაკა უფალი ფარაავდეს თქვენს ლამაზ ოჯახს. გისურვებთ ყველაფერს კარგს
11:44 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გეთანხმები მაკა, თბილისს კი ჯობია წყნეთის ჰაერი. ფილტვებით სუსტ ბავშვებს კი უშვებენ სხვადასხვა მთიან კურორტზე, რომელიც მრავლადაა ღვთის წყალობით საქართველოში, და არა წყნეთში. უკვე მერვე წელია ბავშვებს ბახმაროში ვასვენებ ზაფხულობით და ამიტომაც ზამთრის ვირუსებს ადვილად ვუმკლავდებით :)
10:00 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
რაო? წყნეთის ჰაერი დიდად არ სჯობს თბილისის ჰაერსო ? ფილტვებით სუსტ ბავშვებს წყნეთში უშვებენ ...
21:40 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS