05 მარტი, 2015
როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''
ჩემს საქმეს ვაგრძელებ და ღმერთმა იცის, რა იქნება წლების განმავლობაში რატი დურგლიშვილმა მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ ''ჯორჯიას'' შემადგენლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ''ახალ ტალღაზე'' გაიმარჯვა. მსმენელისთვის მოულოდნელი იყო დუეტის დაშლა, ამის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდებოდა, რომ ხმები დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მცირე ხნის წინ კი რატიმაც და მაკამაც ცალ-ცალკე გზა აირჩიეს.

- დუეტი ''ჯორჯია'' არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაში.
მინდა მადლობა გადავუხადო მაკას, მაია ყიფიანს, ლელა წურწუმიასა და ბიძინა ბარათაშვილს. მე რომ მხოლოდ მომღერალი ვიყო და არა სიმღერების ავტორი, დავკმაყოფილდებოდი ჯგუფით, დუეტით, მაგრამ შემოქმედი ადამიანისთვის რთულია, წლები ერთი და იგივე აკეთო. დუეტი სპეციფიკურია, აუცილებელია ტონალობის, სიმღერის შერჩევა. ჩემი და მაკას ხმები ცოტა არ ეთავსებოდა ერთმანეთს და ჩვენი ძლიერი შრომის შედეგი იყო, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სიმღერა კარგად ჟღერდა, ხან მე მივდიოდი დათმობაზე, ხან - მაკა. დუეტს აქვს ერთი ხაზი, პარტნიორთან მუშაობა. ძალიან მიყვარს ''ჯორჯიას'' რეპერტუარი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საკუთარი 65 სიმღერა დამიგროვდა, გარდა ამისა, კლიპისთვის უამრავი იდეა და ზოგადად, შემოქმედებითი იდეები. ძალიან ბევრი კარი გამეხსნა ჩემი შემოქმედების ჩვენებით. ავტორ-შემსრულებელი ცოტა სხვა მიმართულებაა.

- ვიცი, რომ უცხოელ პროდიუსერებთან თანამშრომლობ.
- ამერიკელებთან ვმუშაობ. საბედნიეროდ, ისინი ჩემი შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემლები გახდნენ. კინომუსიკა რომ მოვასმენინე, რითაც ცალკე ალბომის გამოცემას ვაპირებთ, მიხვდნენ, რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო (იღიმის). თანაც, მნიშვნელოვანია, რომ მე არა მხოლოდ ვწერ სიმღერას, არამედ არანჟირებასაც თავად ვქმნი, შემდეგ კი მასალას, ე.წ. ''ბალვანკას'' ვაგზავნი და უცხოურ ხმის ჩამწერ სტუდიაში მზადდება კომპოზიცია.
ჩემი ახალი სიმღერის ''ქაღალდის ნავის'' პრეზენტაციისას ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ძალიან მიყვარს, საოცარი კომპლიმენტებით შემამკეს. ''ფეისბუქზე'' ისეთი მესიჯები მომწერეს, რომ ერთხელ ცრემლებიც კი წამომივიდა, სიმღერის ენერგეტიკაც კი გაშიფრეს. უცხოელებს კი მოსწონთ ინდივიდუალიზმი, რაც მე გამაჩნია. აპრილში გამოვა ალბომი, სახელწოდებით ''შვიდი'', და შევა შვიდი კომპოზიცია. სხვადასხვა მეგაინტერნეტსაიტზე უკვე ატვირთულია ჩემი რამდენიმე სიმღერა და ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან უკვე დაიწყეს ჩამოტვირთვა. სამ ევროპულ რადიოშიც ტრიალებს, ინტერნეტრადიოთიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართულენოვანია, დადებითი კომენტარები იწერება და მივხვდი, რომ მუსიკას ენა არ აქვს.

- ''ქაღალდის ნავის'' კლიპში ''ვიცე მის იტალიამ'' მიიღო მონაწილეობა.
- რეჟისორებმა გამომიგზავნეს 20-30-მდე გოგონას ფოტო და ყველაზე ეფექტურად ეს გოგონა მივიჩნიეთ. რამდენიმე ქართველი ლამაზმანის ფოტო გავუგზავნე და ძალიან მოეწონათ, თუმცა თავად ცოტა სხვა რამ სურდათ და რადგან გადაღებები იტალიაში იყო, იტალიელი ქალი აარჩიეს. მინდა, საქართველოშიც გადავიღო კლიპი, სადაც ლამაზი, საამაყო ქართული ადგილები გამოჩნდება.

- მაინტერესებს შენი კოლეგების დამოკიდებულება, როცა გაიგეს, რომ ''ჯორჯიადან'' მიდიოდი.
- ყველამ მითხრა, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ისე ვერ იცხოვრებ, როგორც სხვას სურს. მთავარია, გქონდეს შენი აზრი და სწორი გათვლა გააკეთო. დუეტიდან წასვლა არ არის სწორი ნათქვამი. მე და მაკა მეგობრები ვართ.

Rating

- ხალხს არ სჯერა, რომ ჩხუბის გარეშე დაშორდით.
- არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ალბათ, რადგან ერთად აღარ ვმღერით, გამოიტანეს დას-კვნა, რომ ვიჩხუბეთ. საერთოდ აღარ მაქვს დრო. ძირითადად, სულ დავფრინავ. ეს აღარ არის სახუმარო საქმე და თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. მაკაც დაკავებულია, მუშაობს. ეს ძალიან კარგია. მაკას ყოველთვის ვეუბნებოდი, კარგია, რომ ერთად ვმღერით, მაგრამ არ შეიძლება, ერთიმეორეზე ასე დამოკიდებული ვიყოთ-მეთქი. ცალ-ცალკე აღარაფერი გვქონდა. მესმის, რომ თავიდან მსმენელმა შესაძლოა, ეს ვერ გაიგოს.

- ვერც კოლეგებს გაუგიათ.
- თავიდან იყო ცოტა ცინიკური კომენტარები, რატი ღრუბლებში დაფრინავს, რა ევროპა, რის ევროპაო. თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. მე პასუხი არ გამიცია. ჩემი პროდუქტით გავეცი პასუხი, მანამდე რა უნდა დამემტკიცებინა.

- შური ხომ არ იგრძენი?

- ამისი დრო არ მაქვს. ჩემს კოლეგებს როგორც ვეფერებოდი, ახლაც ისე ვეფერები. ჩემს საქმეს ვაგრძელებ და ღმერთმა იცის, რა იქნება. მთავარი მიზანია, რომ ალბომი გამოიცეს და ჩემი სიმღერების კრებული მქონდეს.

Rating

- იყო პერიოდი, როდესაც ''ჯორჯიას'' არავინ ეხმარებოდა საქართველოში.
- სამწუხაროდ, ასეა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ვიცი, რომ უამრავ ნიჭიერ ადამიანს სჭირდება დახმარება. სახელმწიფო ალბათ მომღერლებს იმით უნდა დაეხმაროს, რომ პროდუქცია საზღვარგარეთ გაიტანოს. ბიზნესმენებმა კი ფინანსებით უნდა შეუწყონ ხელი.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარინა
ორივეს წარმატებას ვუსურვებ. ერთადაც კარგები იყვნენ და ცალკეც კარგები არიან. ძირს ბოღმა!
14:42 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მერაბ
აუფ ....წალეკა? გეგონება რახან სოლო დაიწყო ვარსკვლავებს დაუწყებს შეთამაშებას :D რა გინდა დუეტი იყავი, გინდა კვარტეტი და გინდა სექსეტი , არ არის შოუბიზნესი და არ არის ფული. თუ რაღაცა გინდა გამოგივიდეს მაინც უნდა იმღერო დარდიმანდული ბაიათები და შესაძლებელია რაღაცა გამოგივიდეს .... თორე ამისი სოლო კარიერა კარგით რააა...
12:18 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძლივს არ დაიძვრინა ამ ბიჭმა თავი ამ ზამბახიძისგან??ჭკვიანურად მოიქცა,წალეკა ამ გოგომ რა...:))
01:55 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS