24 თებერვალი, 2015
თეა წულუკიანი: ''ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში...''
ძალიან მიყვარს მიწა, მცენარეები, ცხოველები. მაქვს ეზო, ბაღი, სადაც ბევრი ყვავილია. ქალბატონ თეა წულუკიანს იუსტიციის სამინისტროში საღამოს ცხრა საათზე ვესტუმრეთ. დიდი ხანია, მასთან პორტრეტული ინტერვიუს ჩაწერა გვსურს, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოიცალა. როგორც თავად გვითხრა, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. ჩვენს შეკითხვებს საკმაოდ გულახდილად უპასუხა და ვფიქრობთ, მის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.

- თანამდებობაზე ყოფნა თავისთავად გულისხმობს ცხოვრების
წესის შეცვლას. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე, სადაც ძალიან ბევრი ინტერესისთვის იყო ადგილი?
- რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია ადრინდელისგან. ბევრს მინისტრობა ფუფუნება ან რაიმე ტიპის კომფორტი ჰგონია, მაგრამ სხვაა, თუკი ამას მხოლოდ საქმისადმი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებ და ეს ჩემი შემთხვევაა. დღეს, როგორც კერძო პირს, ერთ ინდივიდს, არ მაქვს არანაირი უფლება და თავისუფლება, ამის საპირწონედ კი მეორე მხარეს არის მხოლოდ ვალდებულებები და შეზღუდვები, ამიტომ ეს ძალიან დიდი ტვირთია. რასაკვირველია, ეს არ არის მხოლოდ უსიამოვნო ტვირთი. სასიამოვნოა, როდესაც ნახულობ შენი საქმიანობის შედეგს. მაგრამ თუკი ერთმანეთს შევადარებთ, ამ ცხოვრებაში არ მაქვს არაფერი, რაც პირადად მე მიკავშირდება. რეალურად სულ სამსახურში ვარ.

- დაახლოებით რომელ საათამდე გიწევთ აქ ყოფნა?
- კვირის დღეებში ყველაზე ადრე ღამის 11-დან 12 საათამდე წავსულვარ, დილას კი ცხრა საათზე ვიწყებთ. ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც იყოს ერთი შაბათ-კვირა, როდესაც სამსახურში მთელი დღე არ ვიქნები, რათა სხვა რამეებისთვის დამრჩეს დრო. თუმცა, ''სხვაში'' არ ვგულისხმობ არც გართობას და არც სხვა სიამოვნებას. ეს არის სარეცხი, უთოობა და სახლის საქმეები. მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ.

- ვერ წარმომიდგენიხართ ერთ ხელში სარეცხით და მეორეში - უთოთი.
- სხვათა შორის, უთო არ მიყვარს. ერთ შაბათს, როდესაც ძალიან ბევრი გასაუთოებელი დამიგროვდა, ამ საქმეს ორი საათი დავუთმე და მივხვდი, რომ ამდენი გასაუთოებელი ერთბაშად არ უნდა დაიგროვო (იცინის). ორი საათი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა, რადგან სულ ვფიქრობდი და უთოობის ბოლოს დეპრესიაში ჩავვარდი. ამ ორი საათის განმავლობაში მივხვდი, რომ არც პირადი ცხოვრება მაქვს, არც ოჯახი, 24 საათი სახლს გარეთ ვარ, საჯარო სამსახურში და რომ არ არსებობს არაფერი სხვა, ამიტომაც უთოობის სეანსი დამთავრდა ძალიან ცუდად. მომდევნო ორი დღე ცოტა მძიმე იყო. გამოსავალი ვიპოვე და ამდენ საუთოოს აღარ ვაგროვებ (იღიმის).

- საქართველოში მაინც არის ასეთი მიდგომა, რომ ქალს მამაკაცზე მეტად უჭირს მაღალი თანამდებობის მიღწევა. რას კარგავს ქალი ასეთ დროს და რას იძენს?
- საქართველოში ქალისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა არ არის ადვილი, ჯერ დაწყება და მერე თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მაგრამ პირველი-მეორე წარმატების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ თანაბარი მიღწევებისა და პროფესიული ღირსებების შემთხვევაში მამაკაცს ანიჭებენ უპირატესობას. არ მგონია, რომ ქალს ჩაგრავენ, მაგრამ აქამდე უნდა მიაღწიოს, კაცისთვის კი პოლიტიკაში ჩართვა უფრო ადვილია. წლებია, ვემხრობი და ვატყობ, ნელ-ნელა ამ იდეას აქვს მხარდაჭერა, რომ ქალებისთვის შეიქმნას კვოტები პარტიებსა თუ პარლამენტში, რაც ქალებს პოლიტიკაში ჩართვის პროცესს გაუადვილებს. ამ წესმა უნდა იმოქმედოს პირობების გათანაბრებამდე, მერე აღარ იქნება საჭირო.
მკითხეთ, რას კარგავს ქალი ასეთ დროს - გააჩნია პოზიციას, თუკი პოლიტიკურ პარტიაში მენეჯერის თანამდებობაა, იქ უფრო მეტს იძენს, ვიდრე კარგავს, რომელიმე სახელმწიფოში შუა რგოლის მენეჯერობისას ბევრსაც იძენს, მაგრამ ბევრსაც კარგავს, მაგალითად, შვილებთან, ოჯახთან ურთიერთობის დრო ნაკლები აქვს. ჩემი თანამდებობის შემთხვევაში კი ქალი კარგავს მთლიანად პირად ცხოვრებას. ჩემი პოზიციის პლუსი კი ის გახლავთ, რომ თუკი რაღაცას კარგად აკეთებ, ამით ბევრ ადამიანს აბედნიერებ და ეს ჯილდოა. ყველა პოზიციას აქვს პლუსები და მინუსები, მაგრამ რაც უფრო ზევით ადიხარ, მით მეტს კარგავ.

- ბოლო წლებში მეგობრები თუ შეგიძენიათ და დაგიკარგავთ?
- პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი მეგობარი შევიძინე. მეგობრები არ დამიკარგავს, უბრალოდ, მათთან ვერ ვურთიერთობ. ხანდახან ''ფეისბუქით'' ან მესიჯით თუ გავუზიარებთ ერთმანეთს რაღაცას. რა თქმა უნდა, რაც უნდა ახლო მეგობარი იყოს, ეს ბევრ ადამიანს ანაწყენებს და არ სიამოვნებს, თუმცა ნამდვილ მეგობარს ესმის პრობლემის არსი. ეს ასევე ანაწყენებს ოჯახის წევრებსაც, მშობლებს, რომლებსაც ხშირად ვერ ვხედავ.

- რა რეაქცია გაქვთ კრიტიკაზე?
- ჩემი მუშაობის მთავარი შემფასებელი არის საზოგადოება და ხალხი. თუკი მიიჩნევა, რომ საქმიანობის ნაწილში წარმატებული ვარ, ეს ჩემთვის დიდი მორალური კომპენსაციაა და მეტი აქტიურობისთვის მახალისებს. თუკი ვიგებ, რომ რაღაცის მიმართ უარყოფითი შეფასებაა, აუცილებლად ვითვალისწინებ და შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ გამოსწორებას, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამომისწორებია.
რაც შეეხება მედიიდან მომდინარე კრიტიკას, ის სამ კატეგორიად მაქვს დალაგებული - კრიტიკა, რომელიც რეალობას შეესაბამება, ასეთ დროს სამინისტროში მთელი სამსახური მუშაობს და ვითარების გამოსწორებას ცდილობს; მეორეა უსაფუძვლო კრიტიკა ან დაცინვა, პირველის შემთხვევაში მიკვირს, რაში ხარჯავს ხალხი დროს, რაც შეეხება დაცინვას, ზოგადად, ჩემს თავს ძალიან ბევრს დავცინი. თუკი ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა ჩემს გარეგნობაზე, ქცევაზე, ჟესტზე, ისეთ რაღაცაზე, რაზეც მეც გამიცინია, მეცინება. მესამე კატეგორია შავი პიარია, დაფინანსებული, შეკვეთილი. ამას უცბად ვხვდები. უცნაურია, რომ შავ პიარზე რეაქცია არ მაქვს, არც ჟურნალისტზე ვბრაზდები, რადგან ვიცი, რომ დაავალეს და ზუსტად ვხვდები, ვინ ან რა ჯგუფმა. ეს მეხმარება მივხვდე, ვინ არის ჩემი მტერი. ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ვიცი, ვინ ფლობს და ეს პოზიციონირებაში მეხმარება (იღიმის).

- მტრებისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- 40 წლის ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მტერი მყავს ან მყოლია ან შეიძლება, მე არ ვიცი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ როცა მტერი მებრძვის, არ დამჩაგროს და შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, არ მახსენდება შემთხვევა, ფარული თუ პირდაპირი ბრძოლა წამეგოს. როდესაც დაპირისპირების პერიოდი გადის, ამ ადამიანებს არ ვერჩი, არც მძულს. ხშირად რაღაცები მავიწყდება კიდეც. არის მხოლოდ ერთი-ორი შემთხვევა, რაც არ დამავიწყდა.

- თქვენი ოჯახის წევრებისთვის, როგორც ჩანს, უფრო რთულია თქვენი კრიტიკის მოსმენა, ვიდრე თქვენთვის.
- არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ ნებისმიერი ინფორმაცია ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში ხვდება. ისეთ რაღაცებს აქცევენ ყურადღებას, რაც მე არც კი მინახავს. როგორც ვატყობ, ნელ-ნელა მიეჩვივნენ, რომ საჯარო პირს აკრიტიკებენ. ვერ გეტყვით, რომ რაიმე ტიპის კრიტიკა ოჯახურ ტრაგედიად იქცევა ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეკითხებიან, ეს ასეაო?
რამდენიმე თვის წინ მიშა სააკაშვილი ''რუსთავი 2''-ზე ჩაერთო, მგონი, ამერიკიდან. ძალიან დიდი სისწრაფით უამრავი, გონებისგან შორს მდგარი რამ თქვა. ამ ეთერისთვის არ მიყურებია. დამირეკა დედაჩემმა და მკითხა, მიშას თუ უყურებო. უარყოფითი პასუხის შემდეგ ყურმილი გაბრაზებულმა დამიკიდა (იცინის). მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. დავრეკე და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მიშამ ლაპარაკისას სულ წულუკიანის მამა იძახა და მამაშენს სისხლისმსმელი უწოდაო. მე გავეხუმრე, შენზე ხომ არაფერი უთქვამს, რა ექსკლუზივი
განერვიულებს-მეთქი. არაფერი უპასუხია, მიხვდა, რომ ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. შემდეგ დავინტერესდი, რა რეაქცია ჰქონდა მამაჩემს. მითხრა, მამაშენი ბავშვებს ვაშლს უთლიდა, თავისი სახელი რომ მოესმა, ტელევიზორს შეხედა და თქვა, ''მიშა, ეს მამაძაღლიო'' (იცინის). მოკლედ, ყველაზე მეტად დედაჩემი ნერვიულობს, მაგრამ რომ შეხედავს ოჯახის სხვა წევრებს და ნახავს, რომ არავინ ღელავს, თვითონაც წყვეტს ნერვიულობას (იღიმის).

- მართლა სულ ეკონომკლასით მგზავრობთ?
- ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ეკონომკლასით ვმგზავრობ. ერთადერთხელ ვიმგზავრე ბიზნესკლასით, როდესაც გერმანიის მთავრობამ დააფინანსა ჩემი ბილეთი, ორი გზა, კონკრეტული პროექტის ფარგლებში.

- ქალბატონო თეა, საინტერესოა, უბრალო ხალხთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- სამწუხაროა, რომ უფრო მეტი დრო არ მაქვს ამისთვის, მაგრამ ხალხთან ურთიერთობას ვახერხებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისს გარეთ გავდივართ, საზოგადოებრივი ცენტრების გასახსნელად. ლენტის გაჭრის შემდეგ ხუთ წუთში არ მოვრბივარ. ვრჩები და ხალხს ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა. არასდროს დამავიწყდება გეგუთში საზოგადოებრივ ცენტრში სოფლის ხალხთან საუბარი, იქ მოვისმინე კრიტიკა, ბევრი გონივრული აზრი. ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა ჩემზე უკეთ იცოდა, პრესაში რა წერია და ვინ რა თქვა ტელევიზორში. პენსიაზე ვარ, იმის მეტი საქმე არ მაქვს, რომ დაგაკვირდეთ. რაც უნდა ლანძღოს მედიამ მთავრობა, მე არ შემძულდებით, მაგრამ ჩემნაირი ბევრი არ არის, ამიტომ იქნებ, მედიის საშუალებით ხალხთან კომუნიკაცია გააუმჯობესოთო. ვხედავთ, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ კარგად არ შუქდებაო. მერე ისიც დაამატა, თქვენ რა მთავრობა ხართ, ერთი ტელევიზია არ გაქვთო (იცინის).

- თქვენთვის ასეთი შეხვედრებისას უცნაური შეკითხვა თუ დაუსვამთ?
- უცნაურს ვერაფერს ვიხსენებ. ზოგადად, ხალხი ასეთი შეხვედრებისას საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ასაკოვან ქალბატონს უკითხავს, გათხოვილი ვარ თუ არა. რომ ვუთხარი, არა-მეთქი, დაიკივლა და თავში ხელი შემოირტყა. იქ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდადაა (იცინის).

- საქართველოში გამარჯობის მერე ეს შეკითხვაა აქტუალური.
- მე უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები, რადგან 40 წლის ვარ. თუმცა არც მანამდე აქტიურობდნენ ამ შეკითხვით. მე არ მივიჩნეოდი ისეთ ახალგაზრდად, რომელიც უცბად უნდა გათხოვილიყო ან საერთოდ გათხოვილიყო. ასეთი აზრი იყო შექმნილი, ვიცით, რომ სწავლობს, მუშაობს და ამას გინდა ელაპარაკე, გინდა - არაო.

- თქვენს ინტერესებზე ვსაუბრობდით და დანანებით თქვით, რომ ამისთვის დრო აღარ გრჩებათ. რა გაკლიათ დღეს?
- ქუჩაში სიარულიდან და მაღაზიებში შესვლიდან დაწყებული ისე, რომ არავინ არ დაგაკვირდეს, მოგზაურობით დამთავრებული. მოგზაურობას დიდი სახსრები სჭირდება. როცა ამის საშუალება მქონდა, ჩემი ევროპული ხელფასი 17 000 ლარს უტოლდებოდა, ახლა კი, თავისი ყბადაღებული დანამატებიანად თვეში 5000 ლარს ვიღებ, რაც არ არის საკმარისი ნეპალში გასამგზავრებლად და მერე ტანზანიაში, რაც მანამდე გავაკეთე. თუმცა ასეთი მოგზაუ-რობისთვის დროც არ მაქვს.

- ალბათ, დადგება დრო, როდესაც არ იქნებით ამ თანამდებობაზე და პირველს რას გააკეთებთ?
- ერთი-ორი კვირა ბევრს დავიძინებ. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. არ მიყვარს ბევრი ხალხი გარშემო. ასე რომ, ვიქნები სახლში მარტო და ესაა ჩემი პირველი სურვილი. შემდეგ კი წავალ სტრასბურგში, სადაც ბინა მაქვს. ის სტრასბურგში მუშაობისას შევიძინე, კრედიტით და დიდი ნაწილი მალევე დავფარე. ახლაც ვიხდი ამ კრედიტს, მაგრამ ბინას ვაქირავებ და თავის თავს თვითონ ინახავს, ცოტა თანხაც მრჩება. როდესაც წლის ბოლოს ოთხი-ხუთი დღით ჩავდივარ, გარკვეული თანხა დაგროვებულია.
რაც შეეხება იმას, რა იქნება ამის მერე, ნამდვილად არ ვიცი. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, დიდ თანამდებობებზე დიდხანს ყოფნის სურვილი მაქვს-მეთქი, მაგრამ საქმიანობისას ძალიან ხათრიანი ვარ. როცა ხელმძღვანელობა მეტყვის, ეს არის გასაკეთებელიო და ამ დროს სხვა რამ მაქვს გადაწყვეტილი, პირადულზე ადვილად ვამბობ უარს და საქმეს ვაკეთებ. თუკი დამავალებენ, აქ აღარ იქნები და ახლა სხვა პოზიციაზე უნდა გადაინაცვლოო, არ არის გამორიცხული, დავემორჩილო, მაგრამ შინაგანად მაქვს სურვილი, იუსტიციაში დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანო, რეფორმები, სისტემის, სერვისების განვითარება თუ ბევრი სხვა რამ. ამისთვის ერთი წელი, წელიწად-ნახევარი მჭირდება. შემდეგ კი გააჩნია, რა დავალება იქნება.

- არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?
- ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

- თუ გაქვთ წარმოდგენილი ალტერნატიული თეა წულუკიანი, დღევანდელი პროფესიისა და პოლიტიკის გარეშე. ვთქვათ, ბევრი შვილით და სამზარეულოში.
- ძალიან მხიბლავს სოფელში სკოლის მასწავლებლობა. ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლება შემიძლია, ფრანგულის, სამართლის საფუძვლების. ძალიან მინდა, მქონდეს საშუალება, ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დავეხმარო და ჩამოვუყალიბო მოვლენების სწორი ხედვა, რომ ტაბუებისა და სტერეოტიპების ტყვეები არ იყვნენ. ალტერნატიული ''მე'' შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრი შვილით სამზარეულოში, დიასახლისი, მასწავლებელი ან ფერმის დირექტორის მოადგილე, რადგან ფერმის დირექტორი აუცილებლად კაცი უნდა იყოს (იცინის). ერთადერთი, ვინც ვერ ვიქნებოდი, არათავისუფალი ადამიანია. გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ, ვისმენ ადამიანების აზრს, მაგრამ ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ.

- ფერმაში თავი როგორ წარმოგიდგენიათ?
- ძალიან მიყვარს მიწა, მცენარეები, ცხოველები. მაქვს ეზო, ბაღი, სადაც ბევრი ყვავილია. მიყვარს სოფელი და ვცხოვრობ სოფელ დიღომში. ვცხოვრობ ისე, როგორც ჩემი ნებისმიერი მე-ზობელი. მაგალითად, ამას წინათ წყალი შეწყდა და ძალიან ცუდად მოვიხსენიე ''ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი'', მაგრამ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია, რასაც მე ვუყურებ (იცინის), თუმცა ბევრი პრობლემა რჩება.

- სამზარეულოში გაქვთ ძალები მოსინჯული?
- რაც მინისტრის თანამდებობაზე ვარ, სამზარეულოში მხოლოდ ჩაის ან ყავის დასალევად ვახერხებ შესვლას, თუმცა ძალიან კარგად აღჭურვილი სამზარეულო მაქვს, თიხის ლამაზი ქვაბებით და ა.შ. რაც უნდა სასაცილო იყოს, ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა. ამას წინათ ოფიციალურ ვახშამზე გვერდით ერთი ადამიანი მეჯდა, არ დავასახელებ და გაოცებას ვერ მალავდა. მეორე ვახშამზე ისევ იმავე ადამიანთან ერთად აღმოვჩნდი და მითხრა, ნახე, რა ცოტა საჭმელი მოგვიტანეს, კი არ იციან, რომ შენ ვეშაპი ხარო (იცინის). მიყვარს ხორცი, ხინკალი და კუპატი ჩემი საყვარელი კერძებია. ხინკლის მომზადებაც შემიძლია და კუბდარისაც. ზოგადად, შემიძლია კერძების მომზადება.

- მშვენიერ ფორმაში ხართ. თავის მოვლასა და შოპინგზე რას გვეტყვით?
- შოპინგზე, დროის დეფიციტის გამო, იძულებით მივდივარ, როცა ტანსაცმელი გამიცვდება (იღიმის). სალონში მისვლას ვახერხებ თმის შესაჭრელად და შესაღებად. როგორც ყველა ჩინოვნიკს, მაწუხებს ზურგის ტკივილი და როცა ცოტა დრო მაქვს, იოგას ვარჯიშებს ვაკეთებ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა