28 იანვარი, 2015
ჩოხიდან ეპილაციამდე როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა
ამ ერთი შეხედვით სახუმარო ფოტოს მნახველში ღიმილი უნდა აღეძრა ორი წლის წინ სოციალურ ქსელში ერთი სახალისო ფოტომონტაჟი გამოქვეყნდა. ერთ მხარეს ''გლამურულად'' ჩაცმული დიზაინერი ანზორ-ბიჭოლა თეთრაძე იდგა, მეორე მხარეს კი ჩოხასა და ''აზიაცკებში'' გამოწყობილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ფოტოს პათოსი მძიმე იყო - ''ვინ ვიყავით და ვინ ვართ დღეს, გვახსოვდეს წარსული''.

ამ ერთი შეხედვით სახუმარო ფოტოს მნახველში ღიმილი უნდა აღეძრა, მაგრამ ხალხი სერიოზულად აღშფოთდა. დღესაც ხომ ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნებასა და ღირებულებებს გვართმევენ. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ შეიცვალა
ქართველი მამაკაცის ჩაცმულობა ბოლო პერიოდში.

გულ-მკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები – ეს მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული მოდაა მამაკაცებისთვის.
ჩოხის შიგნით მამაკაცები სპეციალურ პერანგს იცვამდნენ, რომლის საყელოც დაფიქსირებული იყო. ცხადია, ჩოხა სხვადასხვა ღირებულების გახლდათ. მდიდარი და ღარიბი ერთნაირად ხარისხიანს ვერ ჩაიცვამდნენ. ჩოხა განსხვავდებოდა კუთხეების მხრივაც. მაგალითად, მთაში შედარებით მოკლე ჩოხას ატარებდნენ, გულმკერდზე ორნამენტებითა და ჯვრებით დაქარგულს.

მე-20 საუკუნე ქართველი მამაკაცისთვის ამ კუთხით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მოდა ბევრჯერ შეიცვალა. თუ თვალს ძველ ფოტოებს გადავავლებთ, მამაკაცებს ძირითადად ევროპულად აცვიათ. დომინირებს ე.წ. კიტელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ბოლომდე უარი თქვეს ჩოხაზე. მოდაშია გალიფე შარვლები, მამაკაცები არც კისერზე დამაგრებულ პეპელაზე ამბობენ უარს.

1960-იანი წლების შემდეგ მოდა რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვედ ჩაცმული მამაკაცები უკვე ეკრანიდანაც გვიმღეროდნენ. მოდაში შემოვიდა ბიჭებზე შლაქსი შარვლები, მოშვებული ბაკები, სხვათა შორის, გრძელი თმაც, რაც ზოგიერთს რატომღაც 21-ე საუკუნის ქართველი მამაკაცების აღმოჩენა ჰგონია.

რუსეთში 37 მანეთად გადაფრენილი ქართველი მამაკაცები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იწონებდნენ თავს ღია ფერის შარვლებითა და ხალათებით. არავის გაუკვირდებოდა, ქუჩაში შლაქსებში გამოწყობილი ხალათიანი მამაკაცი რომ შეხვედროდა - მოშვებული ბაკებითა და გრძელი თმით.

ნამდვილი ჯინსი კი არც ისე იოლი საშოვნელი სიამოვნება იყო, მაგრამ როგორც დღემდე შემონახული ამბებიდან ვიგებთ, საზღვარგარეთ წასული ქართული ანსამბლები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უცხოურ საქონელს ჩუმად ყიდდნენ და ეს ბედნიერება არც ისე იაფი ღირდა.

საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებლობის სიხარულს საქართველოში ბევრი უცნაურად ჩაცმული შეხვდა. საზღვრების გახსნას მოჰყვა ის, რომ უამრავი ქართველი ქალი სავაჭროდ თუ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა და ერთნაირი ტანსაცმლით ხელდამშვენებულები ჩამოდიოდნენ. დერმატინის დუბლიონკებში, ტყავის ქურთუკებში, განიერ ჯინსის შარვლებსა და თურქულ ჟაკეტებში გამოწყობილი მამაკაცები რთული საცნობები გახდნენ. შემდეგ კი ომმა და გაჭირვებამ თავისი კვალი დატოვა და ქვეყანა შავად შეიმოსა.

ქალი, კაცი, დიდი, პატარა წლების განმავლობაში შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა. შეიძლება, ქუჩაში რამდენიმე ათეული მეტრი ისე გაგევლო, რომ ფერადებში ჩაცმული ადამიანი არ შეგხვედროდა.

21-ე საუკუნემ ქართველების გემოვნებაში ბევრი რამ შეცვალა. გარდა იმისა, რომ ბევრი უცხოური ბრენდის მაღაზია გაიხსნა, ხშირად მოგზაურობენ საზღვარგარეთ და იქ იძენენ ტანსაცმელს. საზღვრების ბოლომდე გახსნამ ქართველებიც გახსნა.
სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ''მეორადი'' ტანსაცმლის გავლენა ქართველებზე. ამით უფრო გამრავალფეროვნდა ქართველების ჩაცმულობა და რაც მთავარია, უცხო გახდა.

დღეს ქუჩაში აღარ შეხვდებით ერთნაირად ჩაცმულ ასობით გოგონასა და ბიჭს. უფრო, მეტიც, არავის აღარ უკვირს ეპილაციის კაბინეტიდან ან სალონიდან გამოსული მამაკაცი, რომელიც ფრჩხილებს სისტემატურად იწესრიგებს და ზედმეტ თმას ეპილაციის საშუალებით იშორებს.

ქაქუცადან ბიჭოლამდე არ მივსულვართ, მაგრამ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში გადატანილმა ომებმა უბრალო ადამიანების ფსიქიკაში უამრავი ცვლილება შეიტანა და შესაბამისად, მათი ჩაცმულობაც გადაასხვაფერა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დათიკო48
დიდი ხანია დაიწყო საქართველოში ქართული სულის წაშლა,ამ შექანებულს რომ დაინახავ გამოწყობილს როგორვ"რაკლამას",მასში რომც გინდოდეს ვერასდროს ვერ მონახავ ქართველი კაცის სულს,ის უფრო ვირთხაა დაჩოქილი სატანა ამერიკის წინ!!!
05:28 / 28-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS