26 იანვარი, 2015
''კარგად იციან, ვისი ბრალია, რომ ''მანდარინები ''ოსკარზე'' საქართველოს სახელით არ წარადგინეს''
შოკშია ყველა, მშვიდი პანიკით შეხვდნენ ამ ყველაფერს მსახიობ ია სუხიტაშვილს ნაახალწლევს შევხვდით. ვესაუბრეთ ახალ სპექტაკლზე, ახალი წლის ტრადიციებსა და სხვა თემებზე. მათ შორის შვილზე, ლუკაზე, რომელიც შვიდი წლისაა და ინტერვიუზე დედასთან ერთად მოვიდა. თავიდან ფოტოები გადაიღო, მშვიდად გვისმენდა, შემდეგ კი აქტიურობა დაიწყო. იამ გაგვიმხილა, რომ ლუკა არც ისე წყნარი ბავშვია.

- ვიცი, რომ საახალწლო სპექტაკლზე, ბატონ რობიკო სტურუასთან ერთად, ღამეები ათენეთ.
- მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ და საახალწლო ორომტრიალს ყოველ ჯერზე
ავცდი, წელს კი გამონაკლისია (იღიმის). ვერ გეტყვი, ამას სიხარულით ვამბობ თუ არა. ახალი წელი ის პერიოდია, როცა დრო უნდა გამონახო ახლობლებთან გასატარებლად. დეკემბრის დასაწყისიდან 12 იანვრამდე რუსთაველის თეატრში დილიდან გვიანობამდე ვიყავით. რაღაც ეტაპზე მსახიობებიც გავერთეთ, მაგრამ ღამის რეპეტიციებმა ძალიან დაგვღალა. ჩვეულებრივ პერიოდებში არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ახალი წლის წინ ყველას სახლში ეჩქარება, სახლის დალაგება, საჩუქრები, საცივის გაკეთება. ბევრმა ჩვენგანმა ბევრი რამ ვერ მოასწრო, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ავისრულე სურვილი და ამ სპექტაკლში ტანგო ვიცეკვე. მერე რობიკომ ჩემი და სანდრო მიკუჩაძის ცეკვა, რომელიც კოტე ფურცელაძემ დადგა, თავის არგენტინელ მეგობრებს გაუგზავნა. მათ ტანგოს კლუბი აქვთ და რობიკოს მოსწერეს, ძალიან მაგარიაო. ჩვენ მართლა ძალიან მოვინდომეთ (იღიმის), საახალწლოდ ეს პატარა ნატვრა ავისრულე.
- სახალისო ამბებიც გექნება მოსაყოლი.
- დაღლილობისგან ნელ-ნელა ყველამ ''გააფრინა''. უფროსმა თაობამაც კი, რომელიც აქამდე საკმაოდ დინჯი მეგონა. ყველას თავისი ოფოფები ჰყოლია (იღიმის).
- ახალ წელს გადაქანცული შეხვედრიხარ.
- სულ ოთხი ჭიქა ღვინო დავლიე და ძალიან მთვრალი ვიყავი, პირველი იანვარი ძილში გავატარე და ორი იანვრიდან საქმეს შევუდექი. ახალი წელი არ მქონია, რაც პირველად მოხდა.
- ტრადიციები გაქვს?
- მაქვს ტრადიცია, რომ ახალ წლამდე ყველა პრობლემა უნდა გადავწყვიტო, თუკი რაიმე მოუწესრიგებელი მაქვს ურთიერთობაში, მეგობართან თუ სხვასთან, უნდა მოვაწესრიგო. ბედობის ძალიან მჯერა, ეს, ალბათ, უფრო თვითდარწმუნების ამბავია, მაგრამ გინდა, ამ დღესასწაულს მაქსიმალურად კარგ ხასიათზე შეხვდე. ძალიან ბევრს, ალბათ, გაეცინება, მაგრამ ფურცელზე ვწერ ხოლმე სურვილებს, შემდეგ კი ვწვავ, შამპანურში ან სხვა სასმელში ვაზავებ და ვსვამ. ზოგადად, მაქვს რაღაც ცრურწმენებიც. არ ვგულისხმობ იმას, რომ კატის გადარბენისას შოკში ვვარდები, ახალ წელს პატარ-პატარა ცრურწმენები უხდება.
- 2014 როგორი იყო შენთვის?
- ძალიან კარგი, ცხენური, ჯანმრთელი, ჯიგრული წელი იყო (იცინის). თუმცა, რატომღაც მეჩქარებოდა ამ წლის გასვლა, მინდოდა ბეკეკოს წელი, მგონია, რომ სუფთა ტიპია და ბევრ კარგს ველოდები.
- ამ წელს რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში?
- თებერვლის ბოლოს მეწყება ორი გადაღება, სექტემბერშიც ასევე გადაღება მაქვს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რას ვიღებთ (იღიმის), იმედია, მაყურებელს გაუხარდება.
- შენთვის, ალბათ, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ''მანდარინები''წარდგენილია ''ოსკარზე''. შენი მეუღლე ასახიერებს ერთ-ერთ მთავარ როლს.
- პირველი შეხება ''მანდარინებთან''მაშინ მქონდა, როდესაც მიშამ სცენარი მოიტანა და მთხოვა, ხმამაღლა წამეკითხა, ასე უფრო კარგად აღვიქვამო. როგორც კი კითხვა დავასრულე, ზაზა ურუშაძეს დავურეკე და ვუთხარი, ძალიან მაგარ ფილმს გადაიღებ, რადგან ასეთი კარგი სცენარი ჯერ არ წამიკითხავს-მეთქი. ყველას ისე აუხდეს ყველაფერი კარგი. მიგრძნობდა გული, რომ ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდოდა და დღეს ''ოსკარზეა''ნომინირებული. მე და მიშა ვაპირებთ დაჯილდოებაზე გამგზავრებას, რამდენიმე თვის წინ ამერიკის ვიზები ჩაგვირტყეს. ხომ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მინდა რამდენიმე ვარსკვლავის ნახვა,… მათ შორის, შარლიზ ტერონის და, რა თქმა უნდა, მერილ სტრიპის.
- მიშას რა ემოციები აქვს?
- შოკშია ყველა, მშვიდი პანიკით შეხვდნენ ამ ყველაფერს. ძალიან მინდა, რომ ''მანდარინებმა''ოსკარი''აიღოს, ჰყავს კონკურენტი ბრიტანული ფილმის სახით, მაგრამ გვგონია, რომ ეს ქანდაკება უკვე ხელში გვიჭირავს. სადღაც გურიის სოფელში გადაღებული ფილმი ახლა ასეთ პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი. იმისთვის, რომ ეს გაგიხარდეს, არ არის აუცილებელი, შენი ოჯახის წევრი მონაწილეობდეს. უბრალოდ, ძალიან მიხარია. ეს არის ქართველების დიდი გამარჯვება. ქართულ კინოს ისეთი ისტორია აქვს, რომ სადღაც უნდა გაესროლა.
- სოციალურ ქსელში დაიწერა კრიტიკა, რატომ არის წარდგენილი ესტონეთის სახელით ''მანდარინები''ოსკარზე''.
- მიაკითხონ კულტურის სამინისტროს, კინოცენტრს და იქ გაარკვიონ. ამ ფილმთან უშუალოდ არ ვარ დაკავშირებული, ვიცი შიდა სამზარეულო, მაგრამ თავს ზედმეტი ლაპარაკის უფლებას ვერ მივცემ. ვინც ამ კრიტიკას წერს, ჩემზე უკეთ იცის, ვის უნდა მოჰკითხოს პასუხი. აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახელით წარდგება - ამ ფილმზე იმუშავეს ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა, მსახიობებმა, ქართული შემადგენლობის ''სტაფმა''. უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი. სამწუხარო თემაა, მეც გული მწყდება და ცოტა ვბრაზობ, მაგრამ ეს ზაზას ბრალი არ არის და კარგად იციან, ვისი ბრალიცაა. მიიღონ ეს გამარჯვება და ჩვენთან ერთად იზეიმონ, ეს უფრო მეტად გაგვიხარდება.
- საქმიდან პირადულზე გადავინაცვლოთ. ლუკა შენი და მიშას ფილმებს თუ ნახულობს, სპექტაკლებზე თუ დაგყავთ?
- არ დამყავს არც სპექტაკლებზე, არც ფილმებზე. ჯერ შვიდი წლისაა და მგონია, რომ არ არის საჭირო.
- გინდა მისი მსახიობობა?
- არ მინდა, ჩემი შვილი მსახიობი იყოს. მამაკაცისთვის ძალიან დეპრესიული პროფესიაა. ლუკას ფეხბურთელობა უნდა. რაც შეეხება მსახიობობას, თუკი მივხვდი, რომ აქვს მონაცემები და გაიგიჟებს თავს მსახიობობაზე, ხელს არ შევუშლი.
- რატომ არის მსახიობობა დეპრესიული?
- ქალი თხოვდება, შვილს აჩენს, სხვა საზრუნავიც აქვს, მამაკაცი კი უფრო რთულად აღიქვამს იმას, რომ როლზე არ გაანაწილეს და ა.შ. შეიძლება, ''ვახურებ'', მაგრამ ასე მგონია (იღიმის).
- ამ გადასახედიდან, ორი მსახიობი ერთ ოჯახში, როგორია?
- სულ ისმის ეს კითხვა, რთულია თუ არა ორი მსახიობის ერთად ცხოვრება. მე და მიშა, ბოდიში რუსული სიტყვისთვის, მაგრამ უფრო ''პადდელნიკებად''ჩამოვყალიბდით. ძალიან ბევრ ეჭვიან მამაკაცს ვუყურებ, რომელსაც მსახიობი ცოლი ჰყავს და როლზე უარსაც ათქმევინებენ ხოლმე. ჩვენ შორის ეს თემა არ არსებობს. ერთად განვიხილავთ სცენარებს. არც ეჭვიანობაა. წარმოიდგინე, სცენაზე ან კინოში რამდენი საყვარელი, შეყვარებული ან ცოლი მითამაშია, ყოველ ჯერზე რომ გრძნობა მქონოდა, კარგად იქნებოდა ჩემი საქმე. კინოგადაღებებზე როგორ ყალიბ-დება ურთიერთობა, სულ მიკვირს. მე და მიშა ''ყარაბაღის''მერე დავახლოვდით და არა გადასაღებ მოედანზე. გრძნობა მეგობრობა-მეგობრობით ჩამოყალიბდა.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''


ბეჭდვა