11 დეკემბერი, 2014
''ნიჭიერი'' ინდირა ჭაობიდან საყვარელმა მამაკაცმა ამოიყვანა
''ახალი ხმის'' შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი ''ნიჭიერის'' სცენაზე ინდირა ჯგერნაიას გამოჩენამ ჟიურის წევრებისა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. მომღერლის შეფასებისას ნიკა გვარამიამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ნანუკა ჟორჟოლიანი ინდირას ცოტა გაუბრაზდა კიდეც, პროექტიდან პროექტამდე ნუ ცხოვრობ, ჩაწერე სიმღერა, მოიტანე ჩემს გადაცემაში, მაია ასათიანთან მიიტანე და ამოქმედდიო.

- მართლაც პროექტიდან პროექტამდე ვცხოვრობდი, ჯერ იყო ''ჯეოსტარი'', მერე - ''ახალი ხმა'' და ახლა - ''ნიჭიერი''. დანარჩენი დრო ვიკარგებოდი, ჩემს სტიქიაში ვიყავი.
- როგორია შენი სტიქია?
-
ჩვეულებრივი, დატვირთული, სულ ვმუშაობდი. შრომისმოყვარე ვარ, ვამეცადინებდი ბავშვებს, ვმღეროდი რესტორანში, სადაც დღემდე ვმღერი. დეპრესიული ადამიანი არ ვარ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეებიც იყო. ''ახალი ხმის'' შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი. ამ გადასახედიდან მივიჩნევ, რომ მენტორი არასწორად ავირჩიე, მან პროექტიდან უსამართლოდ გამომიშვა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა და დღემდე არ მაქვს პასუხი ამ კითხვებზე.
- ნინო ჩხეიძეს გულისხმობ? რას ითხოვდი მისგან, რა არ გააკეთა შენთვის?
- არაფერი არ გააკეთა. თითქოს უხაროდა, მის გუნდში რომ ვიყავი და საპირისპიროს აკეთებდა. სხვას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. ჩემთან სიმღერა არავის უნდოდა, სიმღერა კი არა, ურთიერთობა არ უნდოდათ და მაგრად ''მიტყდებოდა''.
- რატომ არ უნდოდათ შენთან ურთიერთობა?
- პირდაპირი ადამიანი ვარ და შეიძლება, ვიღაცას ეს ჩემი პირდაპირობა არ მოეწონა. ნაკლებად მაინტერესებდა თბილისური შოუბიზნესის ჭორების მოსმენა რეპეტიციაზე, მე იქ სამეცადინოდ მივდიოდი და არა საჭორაოდ. ბოლოს ნინოსთან აღარ მივდიოდი, რუსა მორჩილაძე მამეცადინებდა. ეს ალბათ ვიღაცას არ ესიამოვნა და მომისროლეს.
- პირადად პრეტენზია გითქვამს ნინოსთვის?
- არა, რა საჭირო იყო, ნათელი იყო ყველაფერი. რეპერტუარს რომ ვიწუნებდი, არც ამას ითვალისწინებდა.
- მას მერე ერთმანეთს არ შეხვედრიხართ?
- რომ გამოვვარდი, ამავე პროექტში სტეფანემ და მაიამ ერთ-ერთი ნომრისთვის გვამღერა. მაშინ, მახსოვს, მთელი სიმღერის განმავლობაში ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის. არ ვიცი, ალბათ ის ეწყინა, რომ გამოვარდნის დღეს ყველას დავემშვიდობე, ნინოს გარდა. ბუნებრივი იყო, ნაწყენი ვიყავი. ნინო ამბობდა, ჯვარს მაცვეს ინდირას გაშვებისთვისო. ასე თუ განიცდიდა ამ ამბავს, ერთი სიტყვით მაინც მომწერდა პასუხს, ''ფეისბუქზე'' იმხელა წერილი რომ მივწერე და ახსნა-განმარტებას ვთხოვდი. ჩავიკეტე, საშინელი დეპრესია დამემართა.
- როგორი იყო შენი დეპრესია, დიდხანს გაგრძელდა?
- ნევროზი დამემართა. ავად ვიყავი, სუსტად, უხასიათოდ, არაფრის ძალა და ხალისი არ მქონდა. მერე იმაზე ვნერვიულობდი, ცუდად რატომ ვარ-მეთქი. შემეშინდა. წავედი ნევროპათოლოგთან, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, სიგარეტს თავი უნდა დაანებოო…... მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ვერ ვიძინებდი, გადავედი საძილე აბებზე. დღე და ღამე მეძინა. სარკეში რომ ვიხედებოდი, სხვა ადამიანს ვხედავდი. 10 კილოგრამი დავიკელი. ერთი აბი რომ აღარ მშველოდა, ორს ვსვამდი. მერე უფრო ძლიერ პრეპარატზე გადავედი. არავინ იცოდა, საძილე საშუალებებს რომ ვიღებდი.
ჩემი საყვარელი ადამიანი მეუბნებოდა, ღამე იოფლები, ცუდად გძინავს, რა გჭირსო. მერე ჩემს უჯრაში აბები იპოვა და მიხვდა, რაც მჭირდა. ''გუგლში'' ჩაწერა სახელი და გაიგო, რას ვსვამდი. მე ფულს ვიხდიდი ამ წამლებში, ის ყრიდა. მან გადამარჩინა, ასეთი არ მომწონხარო, მეუბნებოდა, აღარ მეპრანჭები, ერთად არსად აღარ დავდივართო. ძალიან ივაჟკაცა, ძლიერი ნერვები აღმოაჩნდა, თვეების განმავლობაში უყურო გაგიჟებულ ქალს, რომელიც გიყვირის, წამალი მომეციო, დამეთანხმები, რთულია. ბოლოს სუსტი წერტილები მიპოვა, რომლითაც ჩემზე გავლენა მოახდინა. მისი დაკარგვის შემეშინდა და ნელ-ნელა დავიბრუნე ადამიანური სახე.
- როდის გაიცანით ერთმანეთი?
- 10 წლის წინ, მაგრამ ჯერ ჩვეულებრივი ნაცნობობა იყო, მერე მეგობრობა. მე ყოველთვის მომწონდა. აღმოჩნდა, რომ მასაც მოვწონდი. მეგობრები ამჩნევდნენ ამას, ხუმრობდნენ, თქვენი ერთად ყოფნა სახიფათოაო. სამი წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს მასთან, საერთოდ არ მაინტერესებს, რა გვქვია, ცოლ-ქმარი თუ მეგობრები. ყველაფერი ესმის ჩემი.
- რა გიშლით ხელს, ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეთ?
- დრო, ის რთული ეტაპები, რაც ერთად გამოვიარეთ. ვიცნობთ ერთმანეთის ოჯახებს, უბრალოდ, არ უნდა, მისი ვინაობა ვთქვა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ისედაც ბევრმა იცის ჩვენს ქალაქში, ქუთაისში და არ უნდა, ყველამ გაიგოს. თავიდან ქუთაისელები სხვაგვარად აღიქვამდნენ ჩვენს ურთიერთობას. მერე, რომ ნახეს, ერთად ვართ, გაჩუმდნენ. ეს ხმები ჩემი ოჯახის წევრებზე მოქმედებდა. სახლიდან გარეთ აღარ მიშვებდნენ, მასთან ურთიერთობა ამიკრძალეს. მაინც ვიპარებოდი და ვხვდებოდი, ბევრჯერ სიცხიანი გავსულვარ გარეთ, რომ მენახა. მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა და თავი დამანებეს.
- რატომ გიკრძალავდნენ მასთან ურთიერთობას?
- ზედმეტად ვეჩხირებოდით ხალხს თვალებში, სულ ეს იყო. ხალხი რას იტყვის, სახელი გაგიფუჭდებაო, მეუბნებოდნენ.
- რას საქმიანობს შენი რჩეული, მუსიკასთან შეხება აქვს?
- სმენა აქვს, უბრალოდ, სიმღერის კომპლექსი აქვს. თუ მუსიკა ხმამაღლაა ჩართული, იმ შემთხვევაში აჰყვება. მსაყვედურობს, ჩემთვის არ გცალია, რომ მამეცადინოო. მაღალია, შავგვრემანი, სიმპათიური. ლამაზი კაცები მე არ მომწონს. მასთან ბედნიერი ვარ. მან ამომიყვანა ჭაობიდან და ამისთვის მადლიერი ვარ.
- შვილებზე არ ფიქრობთ შენ და შენი საყვარელი ადამიანი?
- ჯერ თავად ვარ ბავშვი (იცინის).
- რამდენი წლის ხარ?
- 23-ის. ის ხუთი წლით არის ჩემზე უფროსი. დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
- ვის მიიჩნევ ''ნიჭიერში'' მთავარ კონკურენტად?
- ამბიციური ნათქვამი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მე ამ პროექტში მომღერლებს შორის კონკურენტი არ მყავს. მგონი, ამ ამბიციის უფლება მაქვს (იღიმება).

ნინო მჭედლიშვილი  
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნინო
ინდირა შენ შეგიძლია ადამიანებს დიდი სიამოვნება მიანიჭო შენი სიმღერით.ხოდა ნუ გაჩერდები.
01:25 / 11-01-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ჩხეიძემ რა სიმღერა იცის არ მაცინოთ რა ინდირასავით ხმა რომ ქონდეს რა უჭირს ისეთი უვიცი და უნიჭო მენტორების გამო არ უნდა ჩავარდეს დეპრესიაში ვერ ვიტან ჩხეიძეს
23:32 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისელი
ინდირა მე ხშირად მომისმენია შენთვის რესტორანში, სიმართლე გითხრა გული მწყდებოდა რომ ჩრდილში იდექი, წარმატებებს გისურვებ, ნიჭი გაქვს, მთავარია მოინდომო და ყველაფერს მიაღწევ, რაც შეეხება მენტორს ნამდვილად შეცდი, არც მოველოდი
21:36 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგო ხარ. მომწონს როგორც მღერი. ყველაფერი გააკეთე იმსათვის რომ გაიმარჯვო, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა ძალიან გთხოვ წამლებს ნუღარ დალევ და დადეპრესიაში ნუ ჩავარდები.დეპრესია სუსტი ადამიანების ფუფუნებაა. შენ მაგ ფუფუნებისთვის ნამდვილად არა გცალია.
20:18 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
შენ რომ გაგიშვა უსამართლოდ პროექტიდან, იმ დღიდან მეჯავრება ნინო.მაგარი გოგო ხარ და მაგრადაც მღერიხარ. წარმატებები....
17:53 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS