28 ნოემბერი, 2014
გიორგი ყიფიანი: ''თემურ ქეცბაიამ მტრად მომიაზრა''
პროფესიონალი ჟურნალისტი არ შეიძლება მეწოდოს თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა. პოლონეთის ნაკრებთ-ან სამარცხვინო მარცხის შემდეგ მან თავისი სურ-ვილით დატოვა თანამდებობა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში თემურ ქეცბაია, ალბათ, ყველაზე სკანდა-ლურ მწვრთნელად შევა. მისი ბოლო სატელევიზიო ეთერიც სკანდალური იყო. გიორგი ყიფიანის გადაცემაში შეკითხვის დასმისთანავე დატოვა სტუდია. ჩვენს რესპონდენტთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- გიორგი, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ შენი გადაცემა დატოვა?
- საერთოდ არანაირი გაგრძელება არ ყოფილა. ადგა და გავიდა ეთერიდან.
- ბოდიში არ მოუხდია?
- საბოდიშო პრინციპში არც არაფერი ყოფილა. მომხდარზე ძალიან ვინერვიულე, რადგან მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. წლე-ბია, ოჯახებით ვმეგობრობთ. ჯერ კიდევ კვიპროსში გავიცანით ერთმანეთი. კვი-პროსში 1993 წელს ერთად ვცხოვრობდით და ბევრი ფასეული კვეთაა ჩვენ შორის. ვინერვიულე, რომ ინციდენტი მოხდა პოლონეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე. რეალურად, მინდა თუ არ მინდა, უნდა ვაღიარო, რომ მე გავხდი ნერვების მოშლის მიზეზი და ძალიან ვწუხვარ. ჩემთვის არც თემურ ქეცბაია და არც კონკრეტული სუბიექტი არაფერს ნიშნავს, როდესაც საუბარი ნაკრებზეა.
- შენი გადაცემიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის კადრები რამდენიმე საფეხბურთო მიმოხილვაში გაიმეორეს, თუმცა გაუგებარი დარჩა მიზეზი.
- ვერც მე მივხვდი, და არ მგონია, რომ მომხდარში ვინმე გაერკვეს. რატომ მოიქცა ასე, ალბათ, მხოლოდ თვითონ იცის. ჩემი ვარაუდით, მას ჩემდამი ზუსტად ისეთი დამოკიდებულება გაუჩნდა, როგორიც ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა. ანუ მეც მტრად მომიაზრა. არადა, ვინც მიცნობს, პირადად ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ ძალიან კარგად იცის. ეს ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც ბოლომდე შემიძლია, თავი დავდო, სანამ პირში სული მიდგას.
- სპორტულ ჟურნალისტიკაში რამდენი ხანია, რაც ხარ?
- პროფესიონალი ჟურნალისტი არ შეიძლება მეწოდოს, რადგან არც შესაბამისი განათლება მაქვს და არც დიდი გამოცდილება. ჩემი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 2010 წელს, როდესაც რამ-დენიმე თვე სპორტულ კორესპონდენტად ვიმუშავე ''პირველ არხზე''. შემდეგ ჰოლანდიაში გავემგზავრე სასწავლებლად. რომ ჩამოვედი, მეგობარ კოტე ჯორბენაძესთან ერთად, რომელიც ახლა გადაცემის პროდიუსერია, ფეხბურთის შესახებ გადაცემის მომზადება გადავწყვიტე. ჩემ გარდა სხვა წამყვანებიც მოიაზრებოდნენ, მაგრამ გადაცემის ფორმატში ვერავინ ჩაჯდა. კოტეს თხოვნით და დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამყვანი მე ვყოფილიყავი. რასაკვირველია, არ ვარ იდეალური წამყვანი და ბევრად უფრო კარგად შეიძლება, გადაცემა გაკეთდეს. ჩვენი გადაცემის მთავარი ''ფიშკა'' სიმართლე და გულწრფელობაა. ვცდილობთ, ფეხბურთის საჭირბოროტო თემებზე აქტიურად ვისაუბროთ და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი.
- ალბათ, ბევრს უკვირს, დათო ყიფიანის შვილებიდან არც ერთმა რომ არ მოისურვეთ, ყოფილიყავით პროფესიონალი ფეხბურთელი. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?
- ლევანმაც, ნიკუშამაც და მეც ვითამაშეთ ფეხბურთი. ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ მერე ტრავმა მივიღე. ორი რთული ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც ვეღარ შევძელი თამაშის გაგრძელება, თორემ მე ბოლომდე ორიენტირებული ვიყავი, რომ პროფესიონალური ფეხბურთი მეთამაშა. ჟურნალისტიკაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ. ჩემი გეგმაა, პროფესიონალი მწვრთნელი გავხდე. ვავარჯიშებ ბავშ-ვებს. ჩემი მიზანია, ვიყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.
- დანარჩენ ორ ძმაზე რას გვეტყვი?
- ლევანი თამაშობდა ''შევარდენში'' და თბილისის ''დინამოს'', რომლის მწვრთნელიც მამა იყო, ყველა დროის საუკეთე-სო გოლი გაუტანა. ნიკუშასაც მოუწია თა-მაშმა თბილისის ''დინამოში''... ზოგადად, ძალიან რთულია ცნობილი მამის შვილობა. პირადად მე ძალიან მიჭირდა ფეხბურთის თამაში. მინდოდა ფეხბურთელობა და ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. შეიძლება ითქვას, დავიტანჯე, ყველა რომ მიმეორებდა, მაგარი მამის შვილი ხარ და მასზე უკეთ უნდა ითამა- შოო. ვიცოდი, როგორ თამაშობდა მამა ყველაზე უკეთ, მაგრამ დაუსრულებლად მიმეორებდნენ და ამ ყველაფერმა ჩემზე უარყოფითად იმოქმედა.
- მითხარი, ჩემი მიზანია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდეო. როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ეშველოს?
- მგონია, რომ ფეხბურთი მძიმე სიტუაციიდან გამოვა, თუ ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაბალანსდება. ამ ორი სუ-ბიექტის გარეშე გამორიცხულია რაიმე შედეგებზე საუბარი. საჭიროა გეგმა, რაში უნდა ჩავდოთ თანხა, რომ კონკრეტული შედეგი მივიღოთ.
- საქართველოს ნაკრების ცუდი თა მაშის მიზეზი რა არის? ზოგი მწვრთნელს ადანაშაულებს, ზოგიც ფეხბურთელებს.
- არ მიყვარს კონკრეტული ადამია-ნებისთვის რაიმეს დაბრალება, მაგრამ ნაკრების ბოლოდროინდელი გამოსვლები ჩემს საფეხბურთო გემოვნებას აცდენილი იყო. ბევრად მეტის გაკეთება შეეძლოთ და ბევრი მოტივაცია შეიძლება ჰქონოდათ. ''ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან უყვართ საქართველო და ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს'' - ასეთი არგუმენტების მოტანა თანამედროვე ფეხბურთში აბსურდულია, რადგან ეს აპრიორი ასე უნდა იყოს. დამატებით სხვა რაღაცები უნდა გააკეთო, რომელიც უკვე პროფესიულ საკითხებს უკავშირდება და არა ქვეყნის სიყვარულს. დამატებითი განცხადებები და მადლობის გადახდა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბიჭებს თავიანთი ქვეყანა უყვართ. როდესაც შენი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობ, აშკარაა, რომ შენი ქვეყანა ძალიან გიყვარს.
- როგორც აღნიშნე, ტრავმამ შეგიშალა ხელი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაში. ახლა ახერხებ სპორტულად ცხოვრებას?
- სიგარეტსაც ვეწეოდი და არც ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო. სიგარეტს არ ვეწევი და არც ვაპირებ დაწყებას. ვვარჯიშობ. ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და ვვარჯიშობ კრივში.
- რამდენიმე წლის წინ პრესაში ხშირად იწერებოდა შენი და რუსკა მაყაშვილის სიყვარულის ამბავზე. მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდით. რუსკასთან მეგობრობას ახერხებ?
- რუსკა ძალიან კარგი ადამიანია. დღეს არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. ქუჩაში თუ შემთხვევით ვხვდებით ერთმანეთს, გამარჯობას ვეუბნებით.
- გყავს შეყვარებული?
- მყავს გოგო, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა