30 ოქტომბერი, 2014
ორდიპლომიანი ტრანსსექსუალი, რომელიც ვინაობას არ მალავს - ''მკერდის ოპერაციას დედა მიფინანსებს...''
ყველასგან განსხვავებული ვარ. შეიძლება, ბევრს არ მოვწონვარ და ზოგი მაკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ეს მათი პრობლემაა დაახლოებით სამი თვის წინ ''რეიტინგში'' საქართველოში მცხოვრები ტრანსსექსუალის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც წერდა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო აქ ცხოვრება არ უჭირდა, მაგრამ მაშინ სახე არ გამოაჩინა და როგორც თავად გვითხრა, მშვიდ ცხოვრებას არჩევდა. მაშინ პირობითად მარი დავარქვით. ახლა კი გადაწყვიტა, თავის ვინაობას ფარდა ახადოს და სახელი და გვარი საჯაროდ გაამჟღავნოს. მას ანნია კოვალენკო ჰქვია. ანნიას უკვე
დავიწყებული აქვს ის სახელი და გვარი, რომელიც ბიჭად ''ყოფნის'' დროს ჰქონდა. ის სურათების გადაღებაზეც დაგვთანხმდა.

- ანნია, ''რეიტინგში'' ანონიმურად გამოქვეყნებულ ინტერვიუში სახე არ გამოგიჩენია. ახლა რა შეიცვალა?
- ის შეიცვალა, რომ სრულყოფილი ტრანსსექსუალი ვხდები და არა ტრანსი, განსხვავება ესაა. თქვენს მკითხველს რომ ავუხსნა, ტრანსი ოპერაციამდე ჰქვია იმ მამაკაცს, რომელიც ქალური ჰორმონებით დაიბადა და რეალურად ქალია, მაგრამ მკერდი არ აქვს, ტრანსსექსუალი კი მაშინ ხარ, როდესაც მკერდის ოპერაციას გაიკეთებ.
- გზა, რომელსაც ტრანსსექსუალები გადიან მკერდის ოპერაციის წინ, შენ უკვე გაგივლია.
- მე არანაირი ფსიქოლოგი არ დამჭირვებია. დაბადებიდან ტრანსსექსუალი ვარ ჩემი ბუნებით და ვერავინ შემცვლიდა. ეს ოპერაცია კი მხოლოდ იმას შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, რომ სრულყოფილი ვიქნები, მეტი არაფერი.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? დედა რას ფიქრობს, ნათესავები, დედმამიშვილები თუ გყავს?
- ჩვეულებრივად შეხვდნენ, დედა მაფინანსებს. ჩემი დები მხარდაჭერას მიცხადებენ.
- შეგიძლია, უფრო მეტი გვიამბო შენს ოჯახზე?
- ორი და მყავს, დაოჯახებულები არიან. მყავს დედა, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემ გამო ბევრი რამ აქვს გაკეთებული და გადატანილი.
- წარმოშობით საიდან ხარ, პირველად რა ასაკში იგრძენი, რომ მამაკაცი არ იყავი?
- ნახევრად არაქართველი ვარ. სომხური, რუსული და ქართული სისხლიც მირევია. 11 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემში მეორე ადამიანი მებრძოდა. მას შემდეგ გავაცნობიერე, ვინ ვიყავი.
- გოგონა არასოდეს გყვარებია?
- არა, რადგან ვერ წარმომიდგენია თუმცა სქესობრივი ურთიერთობა ბევრჯერ მქონია.
- როგორ გაბედე აღიარება, რომ ტრანსსექსუალი ხარ იმ ქვეყანაში, სადაც არცთუ მარტივია განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ცხოვრება?
- გასაკვირი არაფერია. ყველასგან განსხვავებული ვარ. შეიძლება, ბევრს არ მოვწონვარ და ზოგი მაკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ქართველებს სისხლში აქვთ ეს თვისება. მე არავის ვაღიზიანებ, ყველაფერზე ჩემი შეხედულება მაქვს.
- სადმე თუ მუშაობ, სამსახურში მოსაწყობად პრობლემა არ გქონია?
- ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობ. ორი დიპლომი მაქვს, კოლეჯი და უნივერსიტეტი დავამთავრე. ამის გარდა, სხვა პროფესიებიც მაქვს. საკმაოდ განათლებული ვარ.
- ვინ არიან შენი მეგობრები, როგორ ატარებთ დროს?
- ბევრი მეგობარი მყავს, დროს ჩვეულებრივად ვატარებთ. როგორც ყველა, დავდივართ კლუბებში, რესტორანში.
- ტრანსსექსუალებს შორის გყავს მეგობრები?
- კი, ერთი, რომელიც ჩემი ანალოგია. ვიზუალურ მხარეს თუ არ ჩავთვლით. ერთნაირი გემოვნება გვაქვს.
- ანნია, შენს თაყვანისმცემლებზე მოგვიყევი, რა რეაქცია აქვთ, როდესაც იგებენ, რომ ტრანსსექსუალი ხარ?
- ზოგს ჩვეულებრივი, ბევრი იმედგაცრუებული რჩება ჩემი ორიენტაციის გამო, რადგან მაინც საქართველოა. უმეტესობა ჩვეულებრივად აღიქვამს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
- ახლა შეყვარებული ხარ?
- არა, ექვსი თვეა, ერთმანეთს დავშორდით და ახალ თავგადასავალს ველოდები.
- სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ ფოტოებს აქვეყნებ, როგორ ფიქრობ, ამით ხალხს არ გააღიზიანებ?
- არა მგონია, რადგან ნორმალური ადამიანი ამით არ უნდა გაღიზიანდეს. ამაზრზენ ფოტოებს არ ვაქვეყნებ და თან, ჩემ გარდა, ბევრი დებს დღეს თამამ ფოტოებს სოციალურ ქსელში. ამით მხოლოდ პათოლოგი თუ გაღიზიანდება.
- ამის გამო სალანძღავი მესიჯები არასოდეს მიგიღია?
- ხშირად არა, მაგრამ ძირითადად მაინც გაოცებულნი არიან. მწერენ, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ და ბევრ გოგოს ვჯობივარ, სამწუხაროა, რომ გოგოდ არ დაიბადე, შენისთანა მეუღლეზე ვოცნებობდიო.
- კოვალენკო შენი ნამდვილი გვარია? სახელი ანნია რატომ აირჩიე?
- ანნია მომწონს და იმიტომ, პირადობაში ასე მიწერია. გვარს რაც შეეხება, ჩემი ნამდვილი გვარი არაა.
- სახის გამოჩენისა და საჯაროდ აღიარების შემდეგ ბევრი გაგიცნობს, პოპულარობის არ გეშინია?
- არა, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც მოხდება. ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილს პირადი ცხოვრება არ აქვს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ და ამ დროს ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს, ეს ბუნებრივია.
- პირველი ქალი ტრანსსექსუალი, რომელმაც ეს საჯაროდ აღიარა, კესარია აბრამიძე იყო, კესო ძალიან პოპულარულია, იცნობ მას?
- კი, ვიცნობ. ძალიან საყვარელი და მეგობრული ადამიანია. კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით...
- კესარიას ძალიან აღიზიანებს ძველ სახელს, ბესოს რომ ახსენებენ, შენ შემთხვევაში როგორ არის, ძველი ნაცნობები რას გეძახიან, გაქვს სურვილი, ძველი სახელი გაგვიმხილო?
- უკომენტაროდ... ამ თემაზე საუბარი მაღიზიანებს.
- ბევრი ტრანსსექსუალია საქართველოში, მკერდის ოპერაცია შენი ერთადერთი ოპერაციაა, რომელსაც გაიკეთებ?
- კი, რადგან მეტი არ მჭირდება... ბევრი არ არის. ერთ განმარტებას გავაკეთებ. ტრანსვესტიტები არიან ბიჭები ქალის ფორმით, პარიკითა და გაპარსული წვერით. ისინი დღისით ჩვეულებრივი ბიჭები არიან და საღამოს იცვლიან. ჩემთვის ცნობილი ტრანსსექსუალი კესარიაა, რომელსაც მკერდი აქვს და მეორე მე ვიქნები. არ მინდა, მკითხველს მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს.
- როგორ ფიქრობ, რაში დაგეხმარება პოპულარობა?
- პოპულარობა ყველა ადამიანს მოსწონს, გააჩნია, რა კუთხით წარდგები საზოგადოების წინაშე.
- მახსოვს, ადრე ამბობდი, რომ გათხოვებას არ გამორიცხავ, როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი?
- ჯერ არ დამიგეგმავს, მაგრამ გათხოვებას არ გამოვრიცხავ. თუნდაც ერთი კვირით (იღიმის). ეს, ხუმრობით, რა თქმა უნდა. საქართველოში არ არის ჩემი ადგილი, აქ რთულია თავის დამკვიდრება, რადგან მართლმადიდებლური ქვეყანაა. თან, კანონიც არ არსებობს, თუ გავთხოვდები, ეს აუცილებლად უცხოეთში მოხდება.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა