18 ივნისი, 2013
„საქართველოში ჩემი ფულით ღია ცის ქვეშ კონცერტს არ გავმართავ“
„ბეზპრიდელი“ იყო ქუჩაში, ვინ ვის სცემდა და ვინ ვის ჰპარავდა, ვერ გაიგებდი. ხელი უნდა გაგექნია შენც, მხოლოდ თავის დასაცავად კი არა, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ავლაბარში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა. დედისგან მტვრის საბერტყი ჯოხი ახსოვს მწარედ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველაზე პატარა იყო და გათამამებაც არ აკლდა, უზრდელობასა და ცელქობას შორის ზღვარს ყოველთვის ხედავდა. თავადაც თვლის, რომ „შვილი მტრად უნდა გაზარდო, მოყვარედ რომ გამოგადგეს“ . მისი შვილი ჯერ სულ სამი წლისაა. მეუღლეს დაშორდა და მას მერე
სიყვარული აღარ სწვევია.
„ფლეშისა“ და „სახის“ სოლისტ დათო ხუჯაძეს თაყვანისმცემელი გოგონები დღეს არც მოსკოვში აკლია. ერთი პერიოდი პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ვარდების რევოლუციამ გეგმები აურია და კარიერის გასაგრძელებლად დიდ რუსეთს მიაშურა. იყო გაჭირვებაც, მძიმე დღეებიც. დღეს ქართველი მომღერალი რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია.
- ჩვეულებრივ ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. კულტურასა და ზრდილობას მასწავლიდნენ. სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს. ხშირად გაიგონებთ ჩემი სახლიდან სიმღერის ხმას. მამა პროფესიით მხატვარია, იუველირი. დედა პროფესიით ლაბორანტია, თუმცა სიმღერა და ცეკვაც არ არის უცხო მისთვის. ჩემი და, თეა, ფარმაცევტი გახლავთ. მე პროფესიით შეუმდგარი სტომატოლოგი ვარ.
- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?
- დარიგება არა, უფრო კარგად მტვრის საბერტყი ჯოხი მახსოვს. თუ რამეს დავაშავებდი, ამ ჯოხით მომდევდა დედა.
- რას აშავებდი?
- ყველაფერს, რასაც ბავშვები აშავებენ. არ ვმეცადინეობდი, ვამტვრევდი, ვურევდი ყველაფერს, ზოგჯერ უკითხავად გავდიოდი სახლიდან და მერე ვაგვიანებდი. მამას ყურამდე თუ მივიდოდა ჩემი უსაქციელობის ამბავი, მაშინ უფრო რთულად იყო საქმე.
- დათო, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდი თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით.
- ავლაბარში დავამთავრე სკოლა. ხომ იცით, ეს რა უბანია. ქუჩა აუცილებელი გარემოა ბიჭის ცხოვრებაში, თუმცა ყურადღება სჭირდება. ქუჩის ცხოვრება მარაზმში არ უნდა გადაგეზარდოს. ქუჩამ შეიძლება კარგიც გასწავლოს და ცუდიც. ბევრი თავად ხვდება, რა არის სწორი და რა - არა, მაგრამ ეს ისეთი ასაკია, მაინც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.
- შენ შემთხვევაში როგორ იყო?
- ძალიან რთული პერიოდი იდგა. ომი, აურზაური, მხედრიონი, „ბეზპრიდელი“ იყო ქუჩაში, ვინ ვის სცემდა და ვინ ვის ჰპარავდა, ვერ გაიგებდი. ხელი უნდა გაგექნია შენც, მხოლოდ თავის დასაცავად კი არა, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ეს მარტო იმ ასაკს არ უკავშირდება. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ პრინციპით უნდა იცხოვრო. უმეტეს შემთხვევაში ხელი უნდა გაიქნიო, რამე რომ დაამტკიცო.
- ძალიან რთულ პერიოდში გაიარა შენმა თინეიჯერობამ, ნარკოტიკი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ეს ყველაფერი ქუჩაში ხდებოდა. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?
- ნარკოტიკთან შეხება არასდროს მქონია. ჯერ ერთი, პათოლოგიურად მეშინოდა და ახლაც მეშინია ნემსის. სხვაგვარად კი როგორ გავიკეთებდი წამალს?
- მამაკაცებს კბილის ექიმის უფრო ეშინიათ, ვიდრე ზოგადად ნემსის.
- კბილის ექიმისაც მეშინია.
- სტომატოლოგობა რომ გინდოდა?
- იმიტომ მინდოდა, სხვები რომ შემეშინებინა (იცინის)... იმ თაობაში ვიზრდებოდი, რომლის 30% ცუდ გზას ადგა. საბედნიეროდ, მე სხვა სიამოვნებები მქონდა: მანქანა, გოგონები, „გულიანკები“ . ამან მიშველა, იმ სიბინძურეში რომ არ შევტოპე. ვფიქრობ, ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის. ცუდი ის იყო კიდევ, თუ არ აჰყვებოდი ვიღაცას ცუდ საქმეში, ტეხავდა. რისკი დიდი იყო. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, აღზრდის მეთოდს და ყურადღების ხარისხს.
- სკოლაში პოპულარული ბიჭი იყავი?
- ვიყავი, ოღონდ არა სიმღერით და არც კარგი სწავლით. ნორმალურად ვსწავლობდი, უბრალოდ, „აბოიმაში“ ვიყავი სულ. თუ საჩხუბარი იყო, ვჩხუბობდი, გასაღიმი იყო, ვიღიმოდი.
- გოგონას გამო გიჩხუბია?
- როგორ არ მიჩხუბია, რამდენჯერაც გინდა.
- პროფესია როგორ აირჩიე?
- სტომატოლოგობას თუ გულისხმობთ, ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის შემდეგ ქიმია-ბიოლოგიური კოლეჯი დავამთავრე. პათანატომიის კათედრა მაინტერესებდა ძალიან (იღიმება). მერე სიმღერა დავიწყე. მივხვდი, ექიმი თუ ხარ, ბოლომდე ექიმი უნდა იყო. შენს ხელშია ადამიანების სიცოცხლე. აქ სხვა პასუხისმგებლობაა, პარალელურად სხვა საქმეს ვერ გააკეთებ და ამიტომ სიმღერისკენ გადავიხარე.
- და ამან გაამართლა. უამრავი თაყვანისმცემელი გაგიჩნდა. თავში არ აგვარდნია?
- კი, რაღაც მომენტში იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე მოვედი აზრზე, მიწაზე დავეშვი. მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია იქნებოდა, რომ ეს არ იყო გართობა, რომ სცენაზე „ნაშების“ „აყრის“ გამო არ ვიდექი და უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს.
- შეგცვალა პოპულარობამ?
- ეს ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. გარკვეულწილად ძალაუნებურად იცვლები. მეტ შეზღუდვას უწესებ საკუთარ თავს. ყველაფრის უფლებას ვეღარ აძლევ თავს.
- საკმაოდ რთულ პერიოდზე ვსაუბრობდით. ფინანსურად როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი შენს ოჯახზე?
- 15 წლამდე საკმაოდ ფულიანი ოჯახის შვილი ვიყავი. მერე ომმა, ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ოჯახზეც ისე იმოქმედა, როგორც ყველა ქართულ ოჯახზე. ყველაფერი გამოვიარეთ. მხედრიონის ეპოქა, პროცენტიანი ვალები. მერე, როცა ვნახე, სიმღერა შემეძლო, ამით ფულს ვშოულობდი, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი.
- გახსოვს პირველი ჰონორარი?
- ფესტივალი ჩატარდა თბილისში „ბელანშარო“ , რომელზეც გავიმარჯვე. თეონა კონტრიძე გამოდიოდა კიდევ ამ ფესტივალზე. ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. მაშინ მილიციელს 15 ათასი კუპონი ჰქონდა ხელფასი, მე - 22 ათასი. პრემიებსაც მაძლევდნენ.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, მას მერე, რაც ქალის აღქმა ვისწავლე. ცალმხრივადაც ვიყავი შეყვარებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რატომ არ შეიძლება ვინმემ მეც დამიწუნოს. ყველასთვის სასურველი და საყვარელი ვერ ვიქნები. თუ მიღირდა ეს სიყვარული, ფარ-ხმალს იოლად არ ვყრიდი.
- ოჯახი რა ასაკში შექმენი?
- მეუღლეს გაშორებული ვარ, ალბათ იცით, ასე რომ, ამაზე ნუ ვისაუბრებთ.
- მაგრამ ეს შენი ბიოგრაფიის ნაწილია...
- 2007 წელს დავოჯახდი. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. გვყავს შვილი მელანო, მალე 4 წლის გახდება. ურთიერთობა გვაქვს, ზოგადად, ვფიქრობ, რომ შვილსა და მშობლებს შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებაც არ ვარგა. სიმკაცრე აუცილებელია, გათამამებული, უზრდელი ბავშვები არ მიყვარს.
- ათი წელია მოსკოვში ცხოვრობ და მოღვაწეობ, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში შენში?
- ბევრი რამ. აზროვნება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფასეულობები. სხვაგვარად ვუდგები საქმეს, მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები, ცივი გონებით ვუდგები. არანაირი ემოცია, ემოცია სცენაზეც მყოფნის.
- ემოციაზე გამახსენდა, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გაიჩინე მოსკოვშიც...
- ბევრი... ავტოგრაფებსაც მთხოვენ, ფოტოებსაც იღებენ ჩემთან, საჩუქრებსაც მჩუქნიან, მაგრამ ეს რა სალაპარაკოა?!
- საქართველოდან რატომ წახვედი?
- მთავარი მიზეზი ვარდების რევოლუცია იყო. მაშინ მე პარლამენტში შევედი „აღორძინების“ სიით, რა უნდა მექნა. მედროვე არ ვარ, არც ის გასაღები, ყველა საკეტს რომ ერგება. ვერავის „შევუძვრებოდი“ . მქონდა პროფესია და სხვა რამის კეთებაც შემეძლო.
- პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მალე მიიღე?
- პარლამენტში შესვლაზე არავინ ფიქრობს დიდხანს, დამიჯერე. შეიძლება, ვიღაცები მკიცხავდნენ ამის გამო, მაგრამ ეს შანსი მათაც რომ ჰქონოდათ, ხელიდან არ გაუშვებდნენ, დარწმუნებული ვარ.
- არასდროს გინანია ეს ნაბიჯი?
- რატომ უნდა ვინანო?! შეიძლება ვინანო ქურდობა, მკვლელობა და მრუშობა. პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება რატომ უნდა ვინანო. ცხოვრება ასეთია, შეცდომებით სავსე. თუ არაფერი შეგეშალა, რისთვის მოგავლენს ღმერთი ამ ქვეყანაზე, ეს ხომ გამოცდაა, მაშინ პირდაპირ სამოთხეში მოვხვდებოდით ყველა... რევოლუციის შემდეგ ძალიან მალე გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არ დამედგომებოდა, რომ თავს ვერავის დავუხრიდი და წავედი. ორი წელი მაგრად მიჭირდა. მეგობრები და ნაცნობები კი მყავდა, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, შენთვის ვის სცხელა, ვინ შეგინახავს მთელი ცხოვრება. ჭირდა ძალიან, არ იყო კონცერტები, ელემენტარულ საარსებო ფულს ვერ ვშოულობდი, მაგრამ გავუძელი. არავინ დამხმარებია. თუ დღეს რამეს წარმოვადგენ მოსკოვში, მხოლოდ ჩემი და ჩემი პროდიუსერის, გელა ბობოხიას დამსახურებაა.
- ბოლო დროს ხშირად სტუმრობ თბილისს...
- პირადი საქმეები მაქვს. ოჯახს ვნახულობ. სახლში რემონტს ვაკეთებ.
- თბილისელი გოგონაც ხომ არ შეგიყვარდა ამასობაში?!
- (იღიმება) ჯერ არა, თუ შემიყვარდა, წავიყვან.
- რუს გოგონებზე რას გვეტყვი?
- ლამაზები, კარგები, მოხდენილები და მოვლილები არიან, სხვა რა გითხრათ.
- თუ შეგიყვარდა, რუს ქალს მოიყვან ცოლად?
- სიყვარული ისეთი რამეა, თუ შეგიყვარდა, რუსი კი არა, შეიძლება ზიმბაბვედან წამოიყვანო ქალი. თუ სიყვარული შემეყარა...
- ბოლოს როდის შეგეყარა?
- არ მახსოვს. მგონი, ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ შემეყარა ბოლოს.
- ჩვენს მკითხველს ალბათ დააინტერესებს, საქართველოში თუ იგეგმება შენი კონცერტი?
- არის ამაზე ლაპარაკი, აგვისტოსთვის ვგეგმავთ. ვნახოთ, კომპანიები მიკავშირდებიან და ვინც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, მის კონცერტზე ვიმღერებ. ეს ბიზნესია, სუფთა ბიზნესი.
- ქართველი მაყურებელი არ მოგენატრა?
- როგორ არ მომენატრა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ფულით ღია ცის ქვეშ კონცერტს გავმართავ. გამისწორეო, ვიღაცები მეუბნებიან, კონცერტი ჩაატარეო. ერთი კითხვა მინდა დავუსვა მათ: თავის დროზე თქვენ გამისწორეთ, როცა მიჭირდა?! არ გამისწორეთ. აბა, რატომ გაგისწოროთ მე. ეს არის ბიზნესი. თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება, ჩამოვალ და ვიმღერებ.
- ინტერვიუს ბოლოს შეცდომებზეც გკითხავ. ერთი და მთავარი, რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებ და ნანობ, რომელია?
- საქართველო და ოჯახი რომ მივატოვე, მშობლებს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, ამას დღემდე ვნანობ. შეიძლება ისინი სხვაგვარად თვლიან, მაგრამ მე მგონია, რომ დავაკელი ყურადღება. დღეს ვინაზღაურებ, ძალიან ვცდილობ, ეს დანაკლისი შევუვსო. დავლაგდი, ღვთის წყალობით, ისე აღარ მიჭირს, როგორც პირველ ხანებში მიჭირდა მოსკოვში, გავიზარდე, ასაკი მემატება და ტვინიც (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნენუ
ძალიან კარგი მომღერალი და რაც მთავარია არაჩვეულებრივი ადამიანი!!!!!
10:00 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მელანო
ძალიან კარგი მომღერალია. უბრალოდ უფრო ხშირად რო გვთავაზობდეს კლიპებს და სიმღერებს უფრო კარგი იქნებოდა ..დათო წარმატებები და ველოდებით შენს კონცერტს!
21:24 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
Olegi
დათოს კლიპები გადის რუსეთის წამყვან მუსიკალურ არხებზე! BRIDGETV,RUTV, RUSONGTV, MUSICBOX,MUZTV MTV.... და ამას ქაეთველმა მომგერალმა მიაგწია ქართული სიმღერებით და კილოც დარჩა,ქართული არ შეცვლია კილო, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ და არ უნდა დავუფასოდ ჯობია ვაგინოთ და ვაგინოთ სამწუხაროთ!
13:47 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კახი
მე რუსეთში ვცხოვრობ და მინდა გითხრათ რომ ყველა კონცერტშია დათო თითქმის! ცენტრალურ არხებზე და რადიებში დიდი სიხშირით ტრიალებს. ვერ ვხვდები საქართველოში რატო ხართ ასეთი დაბოღმილები ან რატომ არ გახარებთ სხისი წარმატება ? მწყინის ქართველების ასეთი დამოკიდებულება !
22:23 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სულმკიდიაყველა
კაშკაშა ვარსკვლავი საიდან? რამდენ კონცერტი ვნახე რუსების, იქ არსად იყო? ჯანაიას გარდა, რაა? :0
19:50 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS