12 სექტემბერი, 2014
''წესით, შვილიშვილი უნდა მყავდეს, მაგრამ გულს არ ვიტეხ''
მგონი, ასეთი პატარა ბავშვი მანამდე არც ჰყავდა ნანახი მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლე სალომე ბუკია მუსიკოსია. წყვილი წლების წინ ერთმანეთს სწორედ მუსიკამ შეახვედრა, თუმცა გაცნობისთანავე არ დაქორწინებულან. ორი თვის წინ ბიჭი შეეძინათ. ბავშვს თეიმურაზი დაარქვეს. ცოლ-ქმარი ბავშვის მოვლაში ერთნაირად მონაწილეობს. ირაკლის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, დიმიტრი.
ყველა ერთად მივდივართ ჩემს დასთან კოჯორში. უამრავი ბავშვი იკრიბება, ჩემი დის და ჩემი შვილები, და არის ხოლმე დიდი ჟრიამული

- ირაკლი, მეუღლის მშობიარობას დაესწარით?
- არა. მშობიარობაზე დასწრების სურვილი არ
გამჩენია. მგონია, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
- როგორი ხასიათი აქვს თეიმურაზს?
- ცოტა უცნაური ბავშვია. რომ ვეუბნები, გამიცინე-მეთქი, იცინის. არ გამიგია, რომ ბავშვები ასე თხოვნით იცინოდნენ. სხვა რამესაც თუ ასე დამიჯერებს, ძალიან მაგარი იქნება.
- ბავშვს თეიმურაზი რატომ დაარქვით?
- პაპაჩემის სახელი ჰქვია.
- სხვა სახელი ოჯახში არ განიხილებოდა?
- როცა სქესი არ ვიცოდით, მაშინ სხვა სახელიც განიხილებოდა.
- ''ფეისბუქზე'' ორივე შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეთ კომენტარით, ''თუ ასე გაგრძელდება, მალე მთელი ფეხბურთის გუნდი ვიქნებით''. გინდა, მესამე შვილიც ბიჭი შეგეძინოთ?
- ამ შემთხვევაში ჩემი დისშვილებიც ვიგულისხმე. ჩემს დას ტყუპი ბიჭი ჰყავს. ბიჭი ბიძაშვილ-მამიდაშვილები უკვე ოთხნი არიან. ერთი-ორიც თუ კიდევ შეემატება, შეიძლება, ოჯახურ სპორტზე ვილაპარაკოთ.
- სპორტის გარდა გიფიქრიათ, რა პროფესიის შეიძლება, იყოს თეიმურაზი?
- ასე სიცილი თუ გააგრძელა, ნამდვილად არ ვიცი, რა იქნება. ჯერ მის პროფესიაზე საუბარი ძალიან ადრეა.
- ვის ამსგავსებენ თეიმურაზს?
- ყველა ამბობს, რომ მე მგავს. ძალიან ჰგავს ჩემს დისშვილ გოგონას. მის სურათებს რომ ვათვალიერებთ, ვერავინ არჩევს და ასევე ჰგავს თავის ძმას, დიმიტრის. ძმები ერთმანეთს უკვე გავაცანით.
- როგორი იყო ძმების შეხვედრა?
- დიმიტრი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მგონი, ასეთი პატარა ბავშვი მანამდე არც ჰყავდა ნანახი. თეიმურაზი ჯერ ორი თვის არაა და ვერც ის გაერკვა, რა ხდებოდა. ფოტოზეც გაკვირვებული სახე აქვს. ერთმანეთს ხშირად ვახვედრებ. დიმიტრი თეიმურაზს გოგოს ეძახის. ზოგადად, გოგონები ძალიან მოსწონს, რადგან თეიმურაზიც ძალიან მოსწონს, ამიტომ ეძახის გოგოს.
- მეუღლეს თეიმურაზის მოვლაში ეხმარებით?
- სხვა გზა არ არის. რაღაცნაირად ვმორიგეობთ. ვერ ვაჭმევ, თორემ სხვა დანარჩენის გაკეთების პრობლემა არ მაქვს. დედამისი რომ ჩადგეს გრაფიკში, ძირითადად, ჩემს თავზე ვიღებ დარტყმას. ღამე რიგ-რიგობით ვიღვიძებთ, გამთენიისას კი ჩემთან არის. დაახლოებით ექვს საათზე იღვიძებს და ვერთობით მე და თეიმურაზი.
- მითხარით, ძმები ერთმანეთს ხშირად ხვდებიანო. ყოფილი მეუღლე, ნინო იოსელიანი, ესწრება ხოლმე შეხვედრებს?
- არა. ნინო თეიმურაზს არ იცნობს. შეიძლება, მისი ფოტოები ინტერნეტში ნახა, არ ვიცი. ჩემი მეუღლე ესწრება. ყველა ერთად მივდივართ ჩემს დასთან კოჯორში. უამრავი ბავშვი იკრიბება, ჩემი დის და ჩემი შვილები, და არის ხოლმე დიდი ჟრიამული.
- თქვენსა და ნინოს შორის, როგორც ვხვდები, არაა დაძაბული ურთიერთობა...
- შევეცადეთ და რაღაცნაირად დავარეგულირეთ ურთიერთობები.
- ამბობენ, მამობა ადამიანს ძალიან ცვლისო. თქვენ როგორ შეიცვალეთ?
- თეიმურაზი მეორმოცე დღეს მოვნათლეთ. მეგობრები შევიკრიბეთ და დავაფიქსირე, რომ ჩემ თავს ახალგაზრდა მამად აღვიქვამ. არადა, ამ დროს ჩემი კლასელებიდან ერთი-ორი უკვე ხუთი წელია, ბაბუაა. ერთ-ერთი მათგანი ჩემზე ერთი კვირით უმცროსია და ბაბუაა. ჩემი შვილი მათ შვილიშვილებზე პატარაა. ისინი რომ ვნახე, მაშინ მივხვდი, რომ მაინცდამაინც ყოჩაღად არ ვარ. წესით, შვილიშვილი უნდა მყავდეს, მაგრამ გულს არ ვიტეხ. იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.
- რამდენი წლის ხართ?
- ორმოც წელს გადავაბიჯე, 42 წლის ვარ.
- გეგმავთ, რომ თქვენს ოჯახში მალე გოგონა გაჩნდეს?
- მე კი მინდა ბევრი შვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენად ობიექტური ვიქნები, არ ვიცი. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ცოტა რთულია მრავალშვილიანობაზე ფიქრი... ბავშვებს ხომ უნდა გაზრდა და განათლების მიცემა. მეუღლეს ხომ არ შევატოვებ. მეორე მხრივ, შეიძლება, ღირს კიდევ შვილზე ფიქრი, არ ვიცი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ბანკში რომ მიდიხარ, პირველ რიგში ხომ ასაკს გეკითხებიან? აინტერესებთ, კიდევ რამდენ ხანს გაქაჩავ, ანუ იმაზე ფიქრობენ, დაახლოებით რამდენ ხანს იცოცხლებ, რომ სესხი მოგცენ.
- მგონია, რომ პესიმისტურ განწყობაზე ხართ.
- პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს მეუღლეს შევატოვო შვილები და იმან მარტომ იმტვრიოს თავი შვილების სწავლა-განათლებაზე. რაც უფრო ბევრი შვილი გყავს, პასუხისმგებლობაც ხომ მეტია.
- ახერხებთ მამობისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას?
- ჯერჯერობით მე თავისუფალი ვარ. ჩემი მეუღლე უფრო დაკავებულია. ის დადის სამსახურში. მალე ფესტივალი ეწყებათ და სულ რეპეტიციები აქვთ. მგონია, რომ ცოტა მოგვიანებითაც არ გაგვი-ჭირდება. სალომე ისეთი დატვირთული არაა, რომ გაგვიჭირდეს. დღეში 3-4 საათს რეპეტიციობს. მეც დილით სამი-ოთხი საათი მაქვს თეატრში რეპეტიცია. ერთმანეთს ვენაცვლებით. ასეთი გრაფიკით ერთი შვილის მოვლა შესაძლებელია.
- თქვენი მეორე პროფესია დირიჟორობაა, მუსიკა ძალიან გიყვართ. მეუღლეც მუსიკოსია, ერთობლივ პროექტზე არ გიფიქრიათ?
- ჩვენს ურთიერთობაში მუსიკამ დიდი როლი შეასრულა. წლების წინ ერთმანეთი ბორჯომში ლიანა ისაკაძის ფესტივალზე გავიცანით. მაშინ ანსამბლიდან ფესტივალში ვმონაწილეობდი. შემდეგ ოპერის თეატრში კერძო პროექტით მიმიწვიეს. ორკესტრში სალომე უკრავდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა თანამშრომლობა მოვახერხეთ, მაგრამ მაშინ ოჯახის შექმნა არ იგეგმებოდა. თანამშრომლობა შეკვეთით არ გამოდის, მაგრამ ვნახოთ, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. სალომე ხშირად მეხმარება, გამოცდილი მუსიკოსია და როდესაც რაიმე ნაწარმოების დირიჟორობას გადავწყვეტ, მისი რჩევები ძალიან მეხმარება. ძალიან დამეხმარა ფალიაშვილის ოპერა ''ლატავრაზე'' მუშაობისას. მთელი ტექნიკური შავი საქმეების გაკეთებაში გვერდში მედგა, ნაწარმოებს ერთად ვშიფრავდით.
- თქვენი მუსიკალური გემოვნება, როგორც ჩანს, ემთხვევა.
- ძალიან განსხვავებული არაა.
- თეიმურაზს უყვარს მუსიკა? ამოჩემებული მუსიკა ხომ არ აქვს, რომელზეც ადვილად იძინებს?
- ამ შემთხვევაში მშობლები ''იავნანას'' ირჩევენ ხოლმე, ''შალახოს'' არავინ ასმენინებს.
- ზოგჯერ მუსიკის მოყვარული მშობლები კლასიკურ მუსიკასაც ასმენინებენ შვილს ძილის წინ...
- თეიმურაზს ძალიან ბევრი მუსიკა აქვს მოსმენილი. სალომე მთელი ცხრა თვის განმავლობაში სულ რეპეტიციებზე დადიოდა. ხომ ამბობენ, ბავშვი მუცელში როცა არის, ბევრი უნდა ელაპარაკო, ჩურჩულიც კი ესმისო. ხომ წარმოგიდგენიათ, ცხრა თვის განმავლობაში ბავშვი რა დღეში იყო, სულ ისმენდა, რა იყო სწორი და რა არა. სალომე ამბობდა, თუ რამე არ მოეწონება, მირტყამსო. ახლა თეიმურაზს მუსიკა რომ ესმის, ჩერდება და უსმენს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანია
გაიხარეტ და გამრავლდიტ, ერტი კიდევ 3 ბიჭი და გოგო მოგველოცოს
11:10 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS