27 აგვისტო, 2014
რას პასუხობს მამა ანთიმოზი მათ, ვინც სამღვდელოებას ჯიპების გამო აკრიტიკებს
მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი არქიმანდრიტი ანთიმოზი, ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი, რამდენჯერმე პრესის ფურცლებზე სკანდალური განცხადებების გამო მოხვდა. ის იმ ცნობილი მღვდლების რიცხვშია, რომელთა წინააღმდეგაც გვერდები კეთდება. თავადაც აქტიურია ''ფეისბუქზე''. დღეს არქიმანდრიტს მანქანებზე, საგზაო წესებზე ვესაუბრეთ, თუმცა სოციალურ ქსელში საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბარსაც ვერ ავცდით.

- 52 წლის ვარ და 18 წლიდან საჭესთან ვზივარ. მანქანის მართვა ჩემმა ძმამ, აწ გარდაცვლილმა გრიგოლმა მასწავლა. გრიშა აფხაზეთის ომში დაიღუპა. 22 წლის იყო, პირველად საჭესთან რომ
დამსვა, მე 18 წლის ვიყავი. კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი. ''011'' ჰყავდა, მის მანქანაზე ვისწავლე მართვა. მალე მამაჩემმა გრიშას ''06'' უყიდა და მისი მანქანა მე დამრჩა.
- მაშინ მართვის მოწმობის აღება არ იყო რთული, ფაქტობრივად იყიდებოდა...
- ჰო, ასე იყო, მაგრამ მე პატიოსნად ვიარე ერთი თვე და ვისწავლე პრაქტიკაც და თეორიაც. პირველ ხანებში ავტოსაგზაო შემთხვევებსაც ვერ ავცდი. ერთი-ორი მძიმე ავარიაც მომიხდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით. მაშინ შავი ''24'' მყავდა. გორისკენ მივდიოდი, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, ქვიშის გორა იდგა ხიდზე. დიდი სიჩქარით მივდიოდი და გვიან დავინახე. შემხვედრი მანქანისთვისაც უნდა ამეცილებინა და ამივარდა მანქანა ამ ქვიშის გორაზე. 100 მეტრიდან დავვარდით. მანქანა ბევრჯერ ამოტრალდა. საოცრად გადავრჩით. მაშინ ერისკაცი ვიყავი, დაახლოებით 28 წლის. გააჩერა ხალხმა მანქანები და ამოგვიყვანეს. სამშობიარო ყოფილა ყველაზე ახლოს (იცინის) და ეს სამი დაბეჟილი ახალგაზრდა ბიჭი სამშობიაროში მოგვათავსეს, გამაყუჩებლები გაგვიკეთეს. მერე მშობლებმაც ჩამოგვაკითხეს, ის მანქანა გადასაგდები გახდა.
- მალევე მიუჯექით საჭეს ავარიის მერე?
- კი, მაგრამ შიში მაინც მქონდა. მანამდე ძალიან სწრაფად დავდიოდი, ავარიის შემდეგ სიჩქარეს მოვუკელი. მერე თეთრი ''07'' ვიყიდე. მაშინ ''წითელ ხიდზე'' საბაჟოზე ვმუშაობდი. მამაჩემიც შეძლებული იყო, მშენებელი ინჟინერი გახლდათ. 60 სკოლა აქვს თბილისში აშენებული.
- ნასვამი მჯდარხართ საჭესთან?
- ძალიან ბევრჯერ. თუმცა ეს არასდროს გამხდარა ავარიის მიზეზი.
- მამაო, ხშირად გაკრიტიკებენ, ჯიპიან მამაოს გეძახიან...
- ჰო, სისულელეებს წერენ. ძვირად ღირებული ჯიპი ჰყავდაო, მერე ვიღაცას აჩუქაო, ასეთი ძვირად ღირებული მანქანით არ უნდა დადიოდეს მღვდელიო. არც ვიცი, რა მანქანაზე ლაპარაკობენ. დავით გარეჯაში რომ ვიყავი, მონასტრის მანქანით ვმოძრაობდი. თვეში ერთი დღე თუ ჩამოვიდოდი თბილისში. მონასტერში ჯერ ''ნივა'' გვყავდა და მერე ჯიპი. თბილისში რომ გადმოვედი, ორი თვე ფეხით დავდიოდი. ჩემი ფეხით სიარული არ შეიძლება, პრობლემა მაქვს ფეხებზე, მალე ვიღლები. ბანკიდან სესხი ავიღე და ''მერსედესი'' შევიძინე. ვისაც არ სჯერა ჩემი სესხის ამბავი, ადვილია ამის გადამოწმება. თვეში 120 დოლარს ვიხდიდი 2 წლის განმავლობაში. მთლიანად 3900 დოლარი დამიჯდა. მერე გამიფუჭდა, მარცხენა ''გიტარა'' გამიტყდა. ''მერსედესის'' ცენტრში მივიყვანე. მითხრეს, ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ვერ გაგიკეთებთო. ავდექი და ''მერსედესის'' ცენტრს ვაჩუქე ეს მანქანა.
- რატომ?
- არ ვიცი, მეწყინა, გავბრაზდი და ვაჩუქე. მეორე დღეს პასპორტიც მივუტანე, გაოცდნენ, რა უნდა ამ მამაოს, რას გვერჩისო. არაფერს გერჩით, გაჩუქეთ-მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს დამირეკეს, კლიენტი გამოჩნდა, გადაუფორმე და ბავშვთა ფონდში გადავრიცხავთ თანხას, ჩვენ ამ საჩუქარს ვერ მივიღებთო. გადავუფორმე. მერე ცოტა ხანს მეგობრის მანქანით დავდიოდი, შემდეგ ''მერსედესი'' მაჩუქეს და დღემდე ამით დავდივარ.
- ვინ გაჩუქათ?
- მაგას ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება. მარცხენასაჭიანია, კიდევ კარგი, თორემ დამღალა მარჯვენასაჭიანმა მანქანამ. 15 წლის ''მერსედესია''. ეტყობა, ჩემი მანქანა რომ გავაჩუქე, უფალმა საჩუქარი იმ ადამიანის ხელით გამომიგზავნა.
- და მაინც, არ განიცდით, როცა სამღვდელოებას სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ?
- სამღვდელოების წინააღმდეგ ორგანიზაციები მუშაობენ, მათ ფულს უხდიან იმისთვის, რომ შავი პიარი ააგორონ ჩვენ წინააღმდეგ, რომ ჩვენ ''მერსედესებით'', ჯიპებით დავდივართ, რომ ეს ფუფუნებაა და არ შეიძლება. თბილისში არიან მღვდლები, რომელთაც 12 შვილი ჰყავთ, მრევლი ჰყავთ და ეს ადამიანები უყვართ. როგორც მე მაჩუქეს, მათაც ჩუქნიან მანქანებს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რასაც ხალხი გვჩუქნის, მეტი შემოსავალი არ გვაქვს. ხელფასი მაქვს, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრიდან ვიღებ. ეს არის და ეს. მრევლი ცოტა მყავს, ვერიდები, ბერი ვარ და იმიტომ. მრევლით დაკავებულობა თეთრი სამღვდელოების საქმეა.
- ამას წინათ ტელეწამყვან ნატალი ტყეშელაშვილთან გადაღებული ფოტოს გამოც გაგაკრიტიკეს ''ფეისბუქზე''...
- (იღიმება) ჰო, ეს საოცრება იყო. ნატალი ჩემი ახლო მეგობარია. ''პალიტრა ტვ''-ის წამყვანია. ვმეგობრობ მასთანაც და მაკა შალიკაშვილთანაც, მართლა გულით ვმეგობრობ. ფოტო საპატრიარქოსთან, ''ქალაქურის'' წინ, ღია კაფეში გადავიღეთ. მაკა შალიკაშვილმა გადაგვიღო. ფოტოსთვის გვერდით მივუჯექი ნატალის. აბა, ცალ-ცალკე ხომ არ გადავიღებდით ფოტოს. რამდენი მღვდელია, მანდილოსანთან ფოტო რომ აქვს გადაღებული. რა სისულელეა, რისთვის ააგორეს ეს შავი პიარი, არ მესმის. ზუსტად ვიცი, ვინც მებრძვის. ეს არის ''ნაციონალური მოძრაობის'' ''ელგებეტე'' ფრთა. ამ პოლიტიკურ პარტიაში არიან კაცები, თბილისელები, კარგი ადამიანები და სულ მიკვირს, რატომ არ ემიჯნებიან ამ ''ელგებეტე'' ფრთას. გვერდებს აკეთებენ ჩემ წინააღმდეგ. პატრიარქს აქილიკებენ და მე ვინ ვარ, მამა ანთიმოზი, რომ ჩემი ლანძღვა გამიკვირდეს?
- თქვენი ოჯახის წევრები ალბათ განიცდიან, ასე რომ გებრძვიან...
- აღარავინ მყავს ოჯახში, მშობლები გარდაიცვალნენ, ძმაც, როგორც გითხარით, აფხაზეთის ომში დაიღუპა. სამოთახიან ბინაში სრულიად მარტო ვცხოვრობ. ჩემს საცხოვრებელში ჩაკეტილი სისტემაა, იშვიათად, რომ ვინმე შემოვიდეს. მწარე გამოცდილება მაქვს. ''ნაციონა-ლების'' დროს დამდევდნენ, მიღებდნენ, მისმენდნენ, კომპრომატებს ეძებდნენ ჩემ წინააღმდეგ.
- ნათესავები, მეგობრები ხომ გყავთ?
- როგორ არ მყავს, მაგრამ ამას სერიოზულად როგორ უნდა შეხედონ. იუმორით უყურებენ. ვინც მე მლანძღავს და მაკრიტიკებს, უსახელო ტროლები არიან. ლანძღავენ ეკლესიას და ''ქართულ ოცნებას''. მათ ხელფასებს უხდიან, რა უნდა ელაპარაკო.
- კარგი, მანქანას დავუბრუნდეთ, რამდენად კანონმორჩილი მძღოლი ხართ?
- ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო. პატრულისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 2 წელია რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, პატივს მცემენ. ''ნაციონალების'' დროს მქონდა ერთი შემთხვევა. სამი წლით ჩამომართვეს მართვის უფლება, მანქანა წამართვეს.
- რატომ?
- ღამის პირველი საათი იყო, რესტორნიდან გამოვედი, წინ მანქანამ უცბად დამიმუხრუჭა. ოდნავ მივარტყი. პატრულის 5 მანქანა მოვარდა. ერთ-ერთი მობილურით მიღებდა, ნუ მიღებ-მეთქი, ხელი ავუფარე კამერაზე. ავარიას დაუმორჩილებლობა დაამატეს და... ზოგადად საშინელება ხდება ქალაქში, ფეხით მოსიარულეებიც ძალიან ბევრს აშავებენ. 18 წლის გოგონები მართავენ მანქანას და ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნიან. ამ ასაკის გოგონები 80-ათასიანი მანქანებით დადიან. ეს შეიძლება და ეპისკოპოსი, რომელსაც მთელი რაიონი პატივს სცემს, რომ საჭეს უჯდეს, არ შეიძლება?! მდაბიო აზროვნებაა, კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთია.
- რა არის მთავარი კომფორტი თქვენთვის მანქანაში?
- მანქანა გადაადგილების საშუალებაა და არა მარიაჟობის. ესაა მთავარი კომფორტი, კარგად უნდა გადაადგილდებოდეს.
- მამაო, აქტიური ხართ ''ფეისბუქზე''...
- ეს სოციალური ქსელი ხალხთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. 1500 ვირტუალური მეგობარი მყავს, აქედან 100 უკვე რეალური მეგობარი გახდა. ვინც მოყვარესა არ ეძებს... ხომ გახსოვთ, რა თქვა შოთამ.
- აღსარებასაც ხომ არ იბარებთ ''ფეისბუქით'', როგორც ერთი ცნობილი მღვდელი?
- არა, ვინ იბარებს აღსარებას ''ფეისბუქით''?
- არის ერთი ცნობილი მამაო.
- შეეშალა ალბათ რაღაც, ეს როგორ შეიძლება, ''ფეისბუქით'' აღსარება სად გაგონილა, მაგრამ არ გავკიცხავ მაინც. ისიც ჩემიანია და ყოველთვის დავიცავ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
კაკო2013
თორნიკე,ნეტა შენ ვინ გეკითხება წმინდა სინოდის უფლება-მოვალეობები?
14:37 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
777
გადამრევს ეს ხალხი, ერთი ჯიპი გააჩუქა. ყველას ჯიპს ხომ არ გააჩუქებს? ბერია, ხან ტაძარშია ხან მონასტერში. ყველა მამაო ღვაწლშია, ჩვენთან შედარებით. უბრალო ადამიანები ასფალტზე 300 მეტრი, რომ გადაადგილდნენ 100 000 დოლარიანი ჯიპებით დადიან და რაღა მამაოებს დაეტაკეთ. დარწმუნებული ვარ, აქ უარყოფითი კომენტარების დამდები ხალხი, თავად დასეირნობენ ძვირადღირებული ჯიპებით. სანამ ქართველი კაცი "სხვის ჯიბეში ხელების ფათურს" არ შეეშვება, მანამ საქართველოს არაფერი არ ეშველება!
11:06 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დდდ
მამოს მეტი მოეთხოვება ვიდრე უბრალო ადამიანს, ამიტომაც სცემენ პატივს და არა იმიტომ რომ ჯიპში ზის. მეც მყავს შავი ბერი მოძღვარი მაგრამ მარშუტკით დადის, ისიც აიღებდა სესხს და იყიდდა მაგრამ არ უნდა არავის ნაჩუქარი და გადახდილი კრედიტები. ამიტომაც მიყვარს.სესხს თუ აიღებს იმდენ გაჭირვებას ისმენს აღსარებებში დარწმუნებული ვარ უკეთესად განკარგავს ვიდრე ჯიპიანი მამაოები.
19:33 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სახელი გვარი მამის სახელი
.არქიმანდრიტი ანთიმოზი.
19:03 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
კიკი ვაი შენს პატრონს უბედურს... რატო უნდა გაყიდოს მამაომ ჯიპი და დაეხმაროს მშიერს როცა ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია დახმარება. ვისაც ჯიპი ყავს რატო არყიდიან მაშინ? თუ მამაო რახანცაა არ ეკუთვნის მანქანა? უფალმ აშეგინდოთ თქვე ურჯულოებო. კიკი შენ კიდე ღმერთის გეშინოდეს შე იაღოველზე უარესო
21:18 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS