29 მაისი, 2013
''დაგეშილები იყვნენ ბუმბულებიან და ტანგიან ბიჭებზე...''
როდესაც მახსენდება, როგორ მოდიოდა ეს ბრბო, ვფიქრობ, რამდენი წმინდანი და უცოდველი გვყოლია საქართველოში, ვინც იმ დღეს რუსთაველზე იდგა.
როდესაც პირისპირ ესაუბრები, ქრისტე აღარ აინტერესებთ, ტრადიციებზე, ვაჟკაცობასა და კაცობაზე გესაუბრებიან... 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ დაანონსებული აქცია საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების და მათი უფლებების დამცველების წინააღმდეგ ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. როგორ განვითარდა მოვლენები, მკითხველმა ღია ეთერში იხილა. აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ''იდენტობამ'' დააანონსა, მას რამდენიმე უფლებადაცვითი ორგანიზაცია შეუერთდა. დავით-მიხეილ შუბლაძე ''ლგბტ საქართველოს''
წარმომადგენელია. იმ დღეს რუსთაველზე თავადაც იმყოფებოდა, მაგრამ სხვებთან ერთად პოლიციამ სიტუაციას ისიც გაარიდა.

- დათო, ეს იყო ''იდენტობის'' მიერ დაანონსებული აქცია, თუმცა თქვენ ''ლგბტ საქართველოს'' წარმოადგენთ.
- დიახ, ''იდენტობამ'' დააანონსა, მაგრამ თანაორგანიზატორი რამდენიმე ორგანიზაცია გახლდით. ადრე იმიტომ დაანონსდა, რომ თემის წევრებს, ჟურნალისტებს გაეგოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია. ანონსში ეწერა, რომ ეს იქნებოდა აქცია ფლეშმობით და მანიფესტაცია. ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ეს იქნებოდა გეიაღლუმი, რაც, ცხადია, მოსახლეობაში აგრესიას გამოიწვევდა. მეორე საკითხია, რომ ჩვენი ჟურნალისტები უცხოეთში ჩატარებული აღლუმების შესახებ საოცარ კადრებს ავრცელებენ. მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის აღლუმი და მხოლოდ ბუმბულებიანი მამაკაცების მსვლელობა ჰგონია. რეალურად აღლუმი ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო აკორდია, რითიც აღლუმი მთავრდება. მას წინ უსწრებს კინოფესტივალი, ლიტერატურული საღამოები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. შესაბამისად, საქართველოში ეს ვერ ჩატარდება, რადგან ამის ორგანიზებას ბევრი ფული სჭირდება. 30 ივნისს სტამბოლში იქნება საკმაოდ მრავალპროფილიანი გეიაღლუმი. ცდილობენ, ამით მესიჯი მიიტანონ საზოგადოებამდე, რომ განსხვავებული ორიენტაციის გამო ადამიანის დაჩაგვრა არ შეიძლება. ბოლო აკორდია ''სიამაყის მსვლელობა'', მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, ჰომოსექსუალები ცუდი ადამიანები არიან, ამით ამბობენ, შემომხედეთ, მეც ისეთი ვარ, როგორიც თქვენ და მე ამაყი ვარ, რომ ვარ ადამიანი. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბუმბულებიანი ტანსაცმელი გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა.
- ყველაზე ხშირად უმცირესობის დამცველ ადამიანებს ადანაშაულებენ, რომ საზოგადოებას შესაბამისად ვერ აწვდიან ინფორმაციას.
- პარადოქსია, რომ რამდენჯერაც ტელევიზიით საგანმანათლებლო კუთხით მოვინდომეთ გამოსვლა, პროპაგანდაში დაგვდეს ბრალი. ამიტომ ვერ ხვდები, საით წახვიდე. ხალხი მზად იყო ამისთვის, მაგრამ გარკვეულმა ძალებმა შეუშალეს ხელი, აქ მარტო ეკლესია არ იყო ჩარეული, რადგან ბევრი ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში. რეგიონებიდან იყო ხალხი ჩამოსული. ფილარმონიასთან რომ გამოვიარე, ვერ მცნობდნენ ეს ადამიანები, დაგეშილები იყვნენ ბუმბულებიან და ტანგიან ბიჭებზე.
- ამ ყველაფრის ორგანიზატორად ვის მოიაზრებთ?
- იქ სხვადასხვა პოლიტიკური გუნდი იყო მობილიზებული. რამდენად ნორმალურია ქრისტიანი ადამიანისთვის სიძულვილის აღლუმის დაფინანსება, ეს ცალკე თემაა. რაც მთავარია, ეს ადამიანები არ იყვნენ ინფორმირებულნი. ჩემი მეგობარი რეპორტიორები, რომლებიც პუშკინის სკვერში დარჩნენ, შემდეგ მიყვებოდნენ, მასა გაიშალა და ყოველ კუთხე-კუნჭულში ბუმბულებიან მამაკაცებს ეძებდნენ და არა აქტივისტებსო. იმიტომ, რომ ჩვენი აქტივისტებიდან რამდენიმე დარჩა, ვინც დროულად ვერ წამოვიყვანეთ და ვერ იცნეს. ჩვენ არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ გვქონდა, უბრალოდ, იმ ძალადობის გასაპროტესტებლად გამოვედით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.
- ხშირად ამბობენ, რომ არავითარი ძალადობა არ ხდება. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ თავისთვის, სხვას ნუ შეაწუხებენო.
- დიახ, ამბობენ, ჩვენ საწოლში არავის ვუვარდებითო. თუმცა ნორმალური ადამიანები იმაზე თანხმდებიან, რომ ცხოვრება მხოლოდ საწოლისგან არ შედგება. როგორც კი ადამიანი საჯარო სივრცეში ჩნდება, აბრალებენ, რომ საკუთარ ორიენტაციას თავზე ახვევს სხვას. 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე ლგბტ მოქალაქე ძალადობის მსხვერპლია.
- გავრცელებული მოსაზრებით, ამ აქციის ჩატარების უფლება რომ მოეცათ, შემდეგი მოთხოვნა ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება იქნებოდა.
Rating- დიახ, ეს დაიხვიეს ხელზე, თუმცა მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ჯერჯერობით თემში არ არის ამაზე ლაპარაკი. ჯერ მინიმუმია გასაკეთებელი, საჯარო და საკანონმდებლო სივრცეში არსებობის უფლებაზეა საუბარი. თუ ვინმეს უნდაერთსქესიანი ქორწინება, ეს ცალკე თემაა, შეიძლება, მეც არ მომწონდეს, მაგრამ თუ თემს უნდა - თანახმა ვარ, თუ ჩემზე ვისაუბრებთ, მე არ მჭირდება.
- თვითონ ლგბტ საზოგადოების შიგნით რამდენად არის სოლიდარობა?
- პარადოქსამდე მივდივართ და რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, კონტრაქციაზე ბევრი იყო თემის წარმომადგენელი. თვითონვე გამოდიან ამის წინააღმდეგ. საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სულიერი სიმახინჯეა და ადამიანებს რცხვენიათ საკუთარი თავის. შესაბამისად, იმის გამო, რომ ვინმემ მათზე რამე არ იფიქროს, გამოდიან და აპროტესტებენ, ეს არის შინაგანი ჰომოფობია და ჩვეულებრივი თავდაცვითი მექანიზმი.
- ქვეყანაში, სადაც გეები არიან ჰომოფობები, რას ვთხოვთ დანარჩენებს? სად არის გამოსავალი?
- ათი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ქალაქის ცენტრში მსგავსი დემონსტრაცია გაიმართებოდა. შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზე არავის ერჩოდნენ, მაგრამ როგორც კი განაცხადებენ საკუთარი ორიენტაციისა და უფლებების შესახებ, საზოგადოების მხრიდან ნეგატივი მოდის.
- რას მოიცავს ეს უფლებები?
- კონსტიტუციაში დაფიქსირებული უნდა იყოს ორიენტაცია და თანაბრად უნდა იყოს ყველას უფლება დაცული. ამ დღეებში რაც ვნახეთ, ცალსახაა, რომ კანონის წინაშე ყველა არ არის თანასწორი.
- როგორ ხდება მათი დისკრიმინაცია, რით გამოარჩევენ, ჩაცმულობით, ვარცხნილობით?
- ყველაზე ხშირად ჩაცმულობით, თუ ტრანსგენდერ ადამიანზეა საუბარი, ისინი უფრო პერფორმატიულები არიან და სრული კომფორტისთვის სჭირდებათ, რომ საპირისპირო სქესის ჩაცმულობა მოირგონ. ჰომოსექსუალების შემთხვევაში, თუ ის ფემინურია, უფრო ქალური მანერები აქვს და მაშინვე ხდება დაცინვის, ზიზღის ობიექტი, სახლში, სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში.
- ხშირად ლაპარაკობენ, რომ დარბევა, დაჩაგვრა მათ უფრო აწყობთ, რადგან ამით მეტ გრანტს მოიზიდავენ.
- მე ჩემს სიცოცხლეს არასოდეს ჩავაგდებ საფრთხეში ფულის გამო. ბრბოს ჰქონდა ასეთი მომენტი, თუ ჩემთან არ ხარ - ჩემ წინააღმდეგ ხარ.
- პრემიერის და პრეზიდენტის შეფასებებზე ვისაუბროთ.
- პრემიერმა ერთი კვირით ადრე გააკეთა განცხადება, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია, თუმცა, როგორც ვნახეთ, ასე არ აღმოჩნდა. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე მგონი, მაგ კაცს თვითგანადგურება აქვს ჩართული. დასავლეთში ცნობილია, როგორც ადამიანის უფლებების აპოლოგეტი, დემოკრატიის შუქურა და უცბად აკეთებს ასეთ განცხადებას. ჰომოფობიის დღე ასევე გლოვის დღეა, რადგან ბევრ ადამიანს კლავენ ორიენტაციის გამო. რაც შეეხება ავღანეთში გარდაცვლილ სამხედროებს, იქ არ ესვენნენ ეს ადამიანები, იმ დღესვე გადაასვენეს. მე ვიყავი პანაშვიდზე და პატივი მივაგე მათ ხსოვნას. არ ვიცი, ამ თემით სპეკულირება რატომ აწყობთ. როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს არის ცოდვა, კარგი ბატონო, ვიცით, რომ ეს ცოდვაა, მაგრამ ყველა ხომ არ არის ეკლესიური. შეიძლება, ვიღაცისთვის ცოდვაა და ვიღაცისთვის - არა. ამის გადმოტანით საერო ცხოვრებაში ირანს მივიღებთ.
- რამდენიმე კვირით ადრე აქტიური კამპანია დაიწყო აქციის შესახებ, მალე დაანონსდა კონტრაქციაც. არ გიცდიათ გადაფიქრება ან აქციის სხვაგან გადატანა?
- ჩვენ არ ველოდით ამხელა მასას, პარასკევი იყო, 13 საათი და ყველა ნორმალური ადამიანი ამ დროს სამსახურში უნდა იყოს. ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, 11 საათიდან შეიკრიბნენ. 2005 წლიდან ეს დღე ყოველ წელს აღინიშნება, შარშანწინაც ჩავატარეთ, აბანოთუბანში სანთლები და ყვავილები გავუშვით მტკვარზე, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად, რომ დაერბია, რადგან ეკლესიის პიარის გარეშე მოხდა. რაც შეეხება გადატანას, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ამდენი ადამიანი დავინახეთ, გადატანაზე ისედაც დავთანხმდით. იმის თქმა, გასწიეთ ესენი, ჩვენ უნდა დავდგეთო, არანორმალური იყო. ჩვენთვის მთავარი იყო, აქცია ჩაგვეტარებინა. პოლიციამ მოგვცა იმის მყარი გარანტია, რომ ხელს არავინ გვახლებდა და შეასრულა. თემის წევრებიდან არავინ დაზარალებულა, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ დაზიანებებს, როდესაც ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა დაპირისპირება. როდესაც პოლიციას ვკითხე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ბრბო ჩვენკენ წამოვიდოდა, მიპასუხა, რომ კორდონით შეაჩერებდნენ, მაგრამ კორდონი გახსნეს.
- ამ აქციის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ჭინჭარი.
- ჭინჭარი და ''ტაბურეტკა''. წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, სასულიერო პირები უდგებოდნენ აქციას სათავეში. დავმშვიდდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ისინი აგვიმხედრდებოდნენ. მათ თქვეს, რომ ბუფერულ ზონაში დადგებოდნენ და მშვიდობას დაიცავდნენ, მეგონა, არ მისცემდნენ უფლებას, ვინმეზე ხელი აღემართათ, ბოლოს და ბოლოს, ეს არაქრისტიანულია. გასაგებია, რომ მეუბნება - ცოდვააო, ვთანხმდებით, მაგრამ ცოდვებს შორის არ არის განსხვავება. როდესაც მახსენდება, როგორ მოდიოდა ეს ბრბო, ვფიქრობ, რამდენი წმინდანი და უცოდველი გვყოლია საქართველოში, ვინც იმ დღეს რუსთაველზე იდგა. როდესაც პირისპირ ესაუბრები, ქრისტე აღარ აინტერესებთ, ტრადიციებზე, ვაჟკაცობასა და კაცობაზე გესაუბრებიან, ვერ ვხვდები, რით ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები.
- ამბობენ, რომ იქ იყვნენ მამაოები, რომლებიც წესრიგს ამყარებდნენ.
- ჩვენმა გოგონებმა მითხრეს, რომ ერთი მამაო იყო, რომელმაც გადაგვარჩინა. ავტობუსში ამოვიდა და ხალხს უთხრა, გაჩერდით, ნუ ურტყამთო და შემდეგ გაარიდეს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივნისში იგეგმება მსგავსი აქციის ჩატარება და გეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.
- ჩვენ დაგვპატიჟებენ (იღიმება)? მსგავსი არაფერი მსმენია. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ვაიპოლიტიკოსმა გაავრცელა. რისთვის სჭირდებათ ამ ადამიანებს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის თესვა, ვერ ვხვდები. მით უმეტეს ახლა, როდესაც ასეთი დაძაბული სიტუაციაა და ჰაერში დენთის სუნი დგას.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
m a aaaaa
vai shen mshoblebs ubedurebs
17:45 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დატა
ტატა სჰენ ხომ არ ხარ ლგბტ??? რას ქვია ისე იცხოვრონ,რყვიან საზოგადოებას, არასრულცლოვნებს
09:10 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მე ვიყავი მათ შორის ვისაც სტატიის ავტორი 'ბრბოს" უწოდებს.ვარ ოჯახის დედა და ბებია/გავზარდე წარმატებული შვილი და შვილიშვილები/.წარმატებით დავამთავრე სკოლა და უმაღლესი, მაქვს სამეცნიერო ხარისხი და წოდება,არასოდეს მქონია კომფლიქტი არავისთან..რატომ ვარ ბრბო?
21:17 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ყველამ ისე იცხოვროს როგორც უნდა!
11:45 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ნუ წაიღეთ ტვინი ამ მამათმავლების თემით რა... ისე მაგარი საინტერესო ვინმეა, პიროვნულად არაივის ერჩიანო, კარგი ბატონო ცოდვააო, თუ ამ ყველაფერს ამბობ და ეთანხმები ე.ი. შე დალოცვილო რაღას გამოდიხარ და თუ პიროვნულად არავის ერჩიან რას აპროტესტებ? და მეორეც თუ ცოდვაა და აღიარებ, რომ ცოდვაა რას ითხოვ ამ ცოდვის პროპაგანდის უფლება მივცეთ? ჯერ თქვენ გაერკვიეთ რა გინდათ და რას ემსაკურებით რა... კიდევ ერთი, თუ ვინმეს ღმერთი არ წამს ეს არ აძლევს უფლებას სხვისი რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს.
23:19 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS