22 აპრილი, 2014
''სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს''
კარიერის ამით გაკეთება ისეთივე ცუდი საქციელია, როგორც ზემოხსენებული ანგარებიანი ქორწინება მსახიობი ნინო მუმლაძე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მეოჯახე დათოს საყვარლის როლს თამაშობს. იქაც არღვევს სტერეოტიპებს და რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლად უყურებს ისეთ თემებს, რაც პირად ცხოვრებას და არა მარტო ამ საკითხს ეხება...

- საერთოდ მივიჩნევ, რომ ადამიანს სტერეოტიპი აბრკოლებს და ხელს უშლის განვითარებაში. როცა ერთი ადამიანია სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, ეს მისი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ როცა მთელი ერი ამასაა აყოლილი, ეს უკვე სერიოზული პრობლემა და ეროვნული ტრაგედიაა. ტრადიცია
კი ისეთი რამაა, თუ სწორად გამოიყენებ, შეიძლება, ყოველდღიურობა გაილამაზო, თორემ თუ შენს განვითარებას ბებიის ტრადიციად ქცეული ქმე-დების გამეორების გამო ხელს უშლი, ეს უბრალოდ უგუნურებაა. თუ ტრადიცია დღევანდელობას აღარ ეხმიანება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დაჟინებით მხოლოდ იმიტომ უნდა შევასრულოთ, რომ წარსულში ამას ჩვენი წინაპარი აკეთებდა. მთავარია, ორიენტირებულები ვიყოთ განვითარებაზე და არა ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებაზე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეც მაქვს ოჯახში გარკვეული სასიამოვნო ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ერთმანეთს ვასაჩუქრებთ, ეს დადებით განწყობას უფრო გვიმაღლებს.
ჩვენს ინტერვიუს 9 აპრილს ვწერთ. ამ დღეს ადამიანები შეეწირნენ ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი ვერ იქნება, სანამ ინდივიდები ვერ ან არ იქნებიან თავისუფალნი. თავისუფლება ანარქიას კი არ ნიშნავს, არამედ სრულ დამოუკიდებლობას. რეალურად, დამოუკიდებლობას ვერც ერთი ადამიანი ვერ ვაღწევთ, რადგან ყველა ერთმანეთს ვუყურებთ, ყველა ფიქრობს იმაზე, რას იტყვის მეზობელი, ახლობელი და ა.შ. საბოლოოდ კი ერთმანეთის შეხედულებებს ეწირება ჩვენი პირადი თავისუფლება. ხშირად ითმენენ ქმრისგან შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ არ თქვას, ქმარს გაშორებულიაო.
- ალბათ გსმენია ბავშვისთვის ''მამის შენარჩუნების'' საკითხიც, რის გამოც ხშირად ქალები არ ანგრევენ ოჯახს.
- თუ ქალი მხოლოდ იმიტომ იტანს შეურაცხყოფას, რომ შვილებს მამა სჭირდებათ, ის ან უთავმოყვარეოა, ან არ აქვს საკუთარი თავის იმედი, რომ დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას და ეს მხოლოდ გასამართლებელი საბუთია. ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს სიყვარულს, თუკი ამის ნაცვლად უყურებს სკანდალებს და ისმენს, როგორ აყენებს მამა შეურაცხყოფას დედას, უფრო დაუზიანდება ფსიქიკა, ვიდრე ცივილიზებულად დაშორებული მშობლების შემთხვევაში.
- როგორ ფიქრობ, დღეს ქალი კიდევ არის სუსტი სქესის წარმომადგენელი?
- თუ გლობალურად შევხედავთ, მაშინ - არა. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა ქალი მამაკაცზე ბევრად მაღალ ანაზღაურებას იღებს, ამასთანავე უვლის ოჯახს, შვილებს, მაშინ, როცა კაცი ძირითადად კარიერაზეა ორიენტირებული. ვინ არის უფრო ძლიერი, თავად გადაწყვიტეთ. მართალია, ფიზიოლოგიურ დონეზე დამტკიცებულია, რომ ქალი უფრო მეტ რაღაცას უძლებს და იტანს, ვიდრე მამაკაცი, მაგრამ ქალის ხიბლი მაინც ისაა, რომ სუსტია. შეიძლება, ხანდახან განგებ ისუსტებს თავს, რადგან მამაკაცის მხარდაჭერა სჭირდება.
- შეხედულება კაცისა და ქალის ღალატის შესახებ ხშირად განსხვავებულია, ანუ კაცის ღალატი შეიძლება გამართლდეს, ქალის – არა…...
- ეს სტერეოტიპი საიდან მოდის, ნამდვილად არ ვიცი. რელიგიური კუთხითაც რომ შევხედოთ, ორივეს მხრიდან დიდ ცოდვად ითვლება. გარდა ამისა, სისულელეა იმის თქმა, რომ მამაკაცს უფრო ხშირად უნდა სექსი, ვიდრე ქალს, ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა და საერთოდ არ ვეთანხმები, რომ მამაკაცი უნდა იყოს პოლიგამიური არსება და ქალი – მონოგამიური. ეს ყველაფერი შეგნებიდან და მეორე ნახევრის პატივისცემიდან მოდის.
- შენი გმირიდან გამომდინარე გამიჩნდა შეკითხვა, ქალი, რომელიც მისთვის საყვარელი, მაგრამ ცოლიანი კაცისგან აჩენს შვილს, სწორად იქცევა?
- ჩემი აზრით, ჩემმა პერსონაჟმა შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა მიხვდა, რომ დათო არ აპირებდა მეუღლესთან დაშორებას და მაინც გააგრძელა მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება ბავშვს, სცენარში ნათია განზრახ არ დაორსულებულა, მონასტერში ყოფნისას გაიგო ამის შესახებ და ვფიქრობ, ბავშვი არ უნდა მოეშორებინა.
- ნინო, როგორ ფიქრობ, რატომ თვლიან იმ გოგონას არასრულფასოვნად ან უბედურად, რომელიც გათხოვილი არ არის?
- (იცინის) მეც არ ვიცი. 29 წლის ვარ და დამღალა შეკითხვებმა, რატომ არ თხოვდები, როდის გათხოვდები და ა.შ. რატომღაც საქართველოში სრულფასოვნად არ მიიჩნევა ქალი, რომელიც არ არის გათხოვილი, რაც სერიოზული პრობლემაა. როდესაც პატრიარქატი მძვინვარებდა, ქალს არ ჰქონდა მუშაობის საშუალება და მისი ერთადერთი ფუნქცია იყო, რომ გამხდარიყო ვინმეს დედა და ცოლი, გასაგებია, მაშინ რატომ მიიჩნეოდა პრიორიტეტად გათხოვება; მაგრამ ჩვენს რეალობაში რატომაა ეს ტენდენცია კიდევ აქტუალური, ვერ ვხვდები. სამწუხაროდ, დღეს გათხოვილის სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალურად ბედნიერად ცხოვრება. თუ ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, გავყვები მხოლოდ ისეთ მამაკაცს, რომელთანაც ვიგრძნობ, რომ ვიქნები ბედნიერი. უბრალოდ სახელისა და სტატუსისთვის, რომ მერქვას გათხოვილი, არ მინდა ოჯახის შექმნა.
- ხშირად ამ სტატუსს, განათხოვარის სახელს, არაჯანსაღად იყენებენ...
- სიმართლე გითხრათ, სტატუსის გამოყენება მართლა არ მესმის. თუ ადამიანს მეუღლესთან პრობლემა აქვს, ვერ კმაყოფილდება სექსუალურად და უნდა, საყვარელი გაიჩინოს, ჯობს, ჯერ დაშორდეს ქმარს და მერე იფიქროს ამაზე. თუ უკვე დაშორებულია, ბუნებრივია, ეყოლება ვიღაც, აბა, ხომ არ ამოიკერავს?
მართალია, მე გვერდი ავუარე ამას, მაგრამ ჩემს თაობაში ძალიან ხშირი იყო ადრეული ქორწინებები, იმის გამო, რომ გოგონები უფრო ადრე მწიფდებოდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას იღებდნენ, უჩნდებოდათ სქესობრივი ცხოვრების ინტერესი, ამ ნაბიჯის გადადგმას ოჯახის შექმნის გარეშე ვერ ბედავდნენ და დაუფიქრებლად თხოვდებოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ჰქონოდათ სექსი, რაც დიდი შეცდომა იყო. ამას კი მოჰყვებოდა ნაადრევ ასაკში შექმნილი ოჯახების დანგრევა.
- რამდენად მნიშვნელოვანია, წყვილს ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება ოჯახის შექმნამდე?
- ოჯახის შექმნა იმდენად სერიოზული ნაბიჯია, რომ ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ, ძალიან კარგად უნდა გაიცნო. ისევე, როგორც უნდა გაიგო მისი ხასიათი, ჩვევები, გემოვნება, ინტერესები, ასევე უნდა შეიტყო, რამდენად კომფორტული იქნება შენი სექსუალური ცხოვრება იმ ადამიანთან. ხშირად ოჯახები სწორედ ამ მიზეზით ინგრევა, სექსუალური უთანხმოება ღალატის მიზეზი ხდება. თუ არ ხარ მეუღლისთვის სასურველი სექსუალური პარტნიორი, ის აუცილებლად გიღალატებს, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა წა-ვიდე რისკზე და ეჭვქვეშ დავაყენო თანაცხოვრების საკითხი. ჩემი აზრით, თვალდახუჭულმა შექმნა ოჯახი უფრო არასწორი საქციელია, ვიდრე ის, რომ შენს რჩეულთან გაიარო ყველა ეტაპი და მერე გადადგა ეს ნაბიჯი.
- გავრცელებული შეხედულებით, XXI საუკუნის გოგონები უფრო ხელმისაწვდომნი არიან, ეთანხმები ამას?
- აქამდე ძალიან ''ხმამაღლა'' იქნევდნენ ქალიშვილობის დროშას და დღეს ეს სტერეოტიპი დანგრევის პირასაა, შეიძლება ითქვას, რომ ასეა, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა შეფასება - ხელმისაწვდომი გოგონა, ცოტა უხეშად ჟღერს, ხელმისაწვდომი გოგონები ყველა დროში არსებობდნენ, თუ ხარ ადამიანი, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვა, მარტივად ''იძლევი'', მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ და რომელ საუკუნეში ცხოვრობ. ქალმა არ უნდა დაკარგოს ღირსების შეგრძნება და რაც მთავარია, ყველაფერი უნდა აკეთოს თავისი სურვილიდან გამომდინარე. ჩემთვის კახპაა ის ქალი, რომელიც თხოვდება მამაკაცზე მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობების გამო და არა ის ქალი, რომელსაც ქორწინების მიღმა სექსუალური ცხოვრება ადამიანთან გრძნობებისა და სიამოვნების გამო აქვს.
- ქალური ფორმები არის თუ არა მცირე წარმატების მომტანი თუნდაც საქმეში...
- მე მსახიობი ვარ, ბევრი როლი მიმიღია ვიზუალიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს პროფესიაში. ადამიანი როგორი ტიპაჟიცაა, ისეთ გმირებს არგებენ, თუმცა კარიერის ამით გაკეთება ისეთივე ცუდი საქციელია, როგორც ზემოხსენებული ანგარებიანი ქორწინება.
- დასასრულ, სექსუალურ უმცირესობაზე მინდა გკითხო, ალბათ, შენ ირგვლივაც იქნებიან ასეთი ადამიანები, რა ურთიერთობა გაქვს მათთან და როგორ აფასებ საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ?
- რასაკვირველია, მყავს ასეთი ნაცნობები და ნორმალური ურთიერთობა მაქვს მათთან. ჩემი საქმე არ არის, ვის ვისთან სძინავს და რა სახის სექსუალური ინტერესები და ცხოვრება აქვთ, ეს ძალიან პირადი თემაა და ამაში ცხვირი არავინ უნდა ჩაყოს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
=
კარგი გოგოაწ
13:59 / 22-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS