27 მაისი, 2013
„ერთი-ორმა ისიც მითხრა , ოხ , შე საზიზღაროო...“
მე რომ სპექტაკლს ვთამაშობდი, ამასობაში სამშობლო გამიყიდეს.
სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მუსიკის მასწავლებლის როლს ირაკლი ჩოლოყაშვილი ასრულებს. ცნობილ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში ვესტუმრეთ, რომ მის ახალ როლზე გვესაუბრა. სერიალიდან და სამსახიობო ცხოვრებიდან ისე გადავინაცვლეთ პოლიტიკაზე, ვერც კი მივხვდით.

- გადაცემის წამყვანობაზე მივედი სინჯებზე და საბოლოოდ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი. ვიცნობდი ჯგუფის წევრებსაც, მსახიობებსაც, ასე რომ, სამუშაო პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდა. სერიალს ვუყურებდი კიდეც. ჩემს პერსონაჟს საინტერესო განვითარება მისცეს, რასაც არ ველოდი. თურმე მაყურებელს ცოტა უნდა ენერვიულა (იღიმის).
- აქ რომ მოვდიოდი, ერთმა-ორმა ადამიანმა დამაბარა, რა ნერვების მომშლელი სიმღერის მასწავლებელიაო.

- (იცინის) მართალი გითხრათ, ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებ, შესაბამისად, არ მაქვს ნანახი, რა ვითამაშე. ამ სერიალის პოპულარობა საკუთარ თავზე გამოვცადე. ერთმა-ორმა მეც მითხრა, ოხ, შე საზიზღაროო. ხალხი თურმე განიცდის პერსონაჟების ბედს. მირეკავენ, მერე რა მოხდებაო, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.
- პოპულარობა თქვენთვის პიროვნულად რამდენად მნიშვნელოვანია?
- მაინც ხარ ამაზე დამოკიდებული. თავადვე გრძნობ, ხარ თუ არა იმ მომენტში რეიტინგული. როდესაც ერთხელ შეეჩვევი, რომ ქუჩაში გიცინიან და გცნობენ და მერე ეს ყველაფერი ქრება, კითხულობ - რატომ? პირველ ეტაპზე ალბათ ეს სასიამოვნო იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მერე და მერე ცხოვრების ნაწილი გახდა, გინდა თუ არა, ასეა.
- როდესაც როლს ქმნით, ვისი აზრი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- ჯობია, გადაამოწმო, როგორ ითამაშე, მაგრამ თუკი კინოში ან სერიალში შეცდომა მოგივიდა, ის საშვილიშვილოდ დარჩება და მერე შვილიშვილებთან უნდა აგო პასუხი (იცინის). როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ ამ პროფესიით, ნებისმიერის აზრი უნდა მოისმინო. უფრო მეტად მაინც ჩემი პედაგოგის, ლევან წულაძის შეხედულებები მაინტერესებს.
- თქვენი და ნინას პერსონაჟები უნდა გადაკვეთილიყო თითქოს, მაგრამ ნინას ღალატი არ შედგა...
- ამ ეტაპზე (იცინის). ბევრი ელოდებოდა, მაგრამ არავის უნდოდა, ეს უცნაურია. ამიტომაც აქვს ამ სერიალს მაღალი რეიტინგი, არ აძლევს მაყურებელს მოდუნების საშუალებას. არ ვიცი, როგორ შეტრიალდება ჩემი გმირის ცხოვრება, ამას მაყურებელი ნახავს. სცენარს მიგზავნიან ხოლმე წინასწარ მეილზე, მაგრამ ვერ ვნახულობ. ისე მოხდა, რომ როცა გადაღებაზე მივედი, არ ვიცოდი, სიუჟეტი როგორ განვითარდებოდა. წავიკითხე ერთი საათით ადრე და მოვკვდი სიცილით. მერე შევეცადე, იმ ეპიზოდში, სადაც ნინას კაფეში ხვდება, რაღაც გამეთამაშებინა. საინტერესო იყო და მგონია, რომ რაღაც გამოვიდა.
- ოჯახის წევრები ახალ როლს როგორ შეხვდნენ?
- სიუჟეტზე მეკითხებიან ხოლმე. ჩემ გარშემო ხალხი ენაძლევება ერთმანეთს, როგორ გაგრძელდება ჩემი და ნინას პერსონაჟების ურთიერთობა და მთხოვენ, სანამ ეთერში გავა, ვუთხრა, როგორ განვითარდება მოვლენები (იცინის).
- თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა აკრძალული ურთიერთობა?
- ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, მაგრამ გარშემო მსმენია. ნინას გადაწყვეტილება ალბათ ქმრის საქციელმა განაპირობა, მაგრამ იქ დახვდა ჩვენი ათი ათასი ლარი (იცინის).
- თეატრში ახალი რა არის?
- ახლახან გვქონდა პრემიერა. თანამედროვე დრამატურგის, მარტინ მაკდონახის პიესა დავდგით. გურამ ვაშაკიძე გახლავთ დამდგმელი რეჟისორი. ჩემთვის ამ პიესაზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმ თემებს ეხება, რომელიც ჩემთან ახლოს არ არის. ოთხი გაუბედურებული ადამიანის ცხოვრებაა, როგორ წვალობენ, ვერ ამბობენ სათქმელს... საინტერესო და მძიმე სამუშაო იყო. არიან მსახიობები, რომელთაც უყვართ რთული როლები, მე კი მსუბუქი ჟანრი მირჩევნია, თუმცა გამოცდილების თვალსაზრისით ნამდვილად კარგად ჩაიწერება ჩემი როლების ჩამონათვალში.
- ირაკლი, დეპრესიულობა თქვენთვის უცხოა?
- ასე ვერ გეტყვით. საქართველოს ისტორიის ისეთი პერიოდი გამოვიარე 16-17 წლის ასაკში, რომ მეგონა, მიზანს მივაღწიეთ და თავისუფლება მოვიდა, უცბად აღმოჩნდა, რომ ერთ წელიწადში ეს დამოუკიდებლობა სხვისი ხელით, მაგრამ ქართველთა დახმარებით, ისევ უკან ჩავაბარეთ, ვისაც წავართვით. ჯერ მქონდა ბრძოლის ჟინი, შემდეგ ნელ-ნელა ავუწყვე ფეხი იმ ცხოვრებას, რომელიც არ მომწონდა. როცა კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, მე სცენაზე შეყვარებულ ბიჭს ვთამაშობდი. მაშინ ამბობდნენ, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ქვეყანას ეშველებაო, რაც არ არის სწორი. მე რომ სპექტაკლს ვთამაშობდი, ამასობაში სამშობლო გამიყიდეს.
- დღეს რას ფიქრობთ?
- დღესაც წარსულში დავბრუნდით, სამწუხაროდ... აქ ლაპარაკია პოლიტიკურ კურსზე. მე დასავლეთს ვირჩევ, საქართველოს რუსეთისგან არასდროს უხეირია და დამთავრებულია ის დრო, როდესაც ამ ქვეყნისადმი ლოიალური უნდა იყო. ყველას თავისი გზა აქვს, შეიძლება მსახიობი, მომღერალი რუსეთში წავიდეს და თავისი სახელით იმუშაოს, მაგრამ როცა სახელმწიფო თეატრები და ანსამბლები მიდიან, ჩემთვის ეს მიუღებელია. რომ მქონდეს შემოთავაზება, არ წავალ და არა მგონია, ამისთვის სამსახურიდან გამიშვან... ჟირინოვსკის წინაშე ნამდვილად ვერ გამოვალ. ჩემი მატარებელი, ეტყობა, სხვაგან წავიდა. ან იმ მატარებელში ვზივარ, რომელში ჯდომაც არ მინდა, მაგრამ როგორ ჩამოვხტე?!. იმედია, ყველაფერს დრო დაალაგებს.

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სახელი
იქნებ სააკაშვილის დროსაც არ აფასებს დადებითად?... იმედი მაქვს... :-/
13:50 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაუუუუუუუუუუ
და შენ ვისი ტიკი ტომარა ხარ )))))
05:15 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
შენ ეტყობა ტყემალზე ზიხარ და ქლიავს ჭამ. რა რუსული კურსი, ტვალები არ გიხელია, ნაციონალებისგან ხარ ეტყობა დამოძღვრილი
21:31 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS