12 თებერვალი, 2014
რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''
მეც, მამაჩემივით ასეთი სიმთვრალე მქონდა, უფრო ალერსიანი და დამთმობი ვხდებოდი ყველას მიმართ. არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეგობარმა შვიდი ბოთლი არაყი დავლიეთ ჟურნალ ''რეიტინგის'' საინტერესო არქივიდან ამჯერად ჯაბა იოსელიანთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

ახლა უკვე ჩემთვის დაუვიწყარ შემთხვევად იქცა ბატონი ჯაბა იოსელიანი, რადგან ეს საინტერესო და პოპულარული კაცი ჩვენს გვერით აღარ არის. ოთხი თვის შემდეგ, 10 ივნისს, 77 წელი შეუსრულდებოდა. არადა, საოცარი შემართებით იქცეოდა. მართლაც ჭაბუკურად გამოიყურებოდა. 2001 წლის 10 ივნისს, როდესაც 75
წელი შეუსრულდა და მარჯანიშვილის თეატრში უამრავი ახლობელი მიიწვია ამ თარიღის აღსანიშნავად გამართულ საიუბილეო საღამოზე. ბოლოს ახალი წლის დადგომამდე ვინახულე. რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ხალისიანად მესაუბრა. ჩვენი მრავალწლიანი შეხვედრების, ურთიერთობის და დღეს უკვე მისი არყოფნის გამო გთავაზობთ 28 დეკემბერს ბატონ ჯაბა იოსელიანთან შეხვედრის ჩანაწერს, ოდნავი შემოკლებით.

- ბატონო ჯაბა, რატომ გახდით ქურდი-მეთქი, რომ გკითხოთ, ხომ არ განაწყენდებით?
- აღარ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვთქვა ამის შესახებ… რატომ და, დრო იყო ასეთი. იცი, შევარდნაძე თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთ კამპანიაში ტრიალებდა, სადაც ქურდები იყვნენ. იყო ერთი ''ჩარლიკა'', იმასთან ''შესტიორკობდა''. სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მაგათ შეეფარა. მერე ის ჯგუფი დაიჭირეს, შევარდნაძეს კი კომკავშირში შეგდებით უშველეს. აქედან დაიწყო და გახდა ცეკას მდივანი. მეც რომ კომკავშირში შევსულიყავი და ამ გზით მევლო, ცეკას მდივანიც გავხდებოდი და ეს ოხერი მამაძაღლებიც ვერაფერს წამომაძახებდნენ, მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ვერ წარმომედგინა კომკავშირელობა - იქაური ტყუილი, დაბეზღება, ამნაირი ოხრობა არ იყო ჩემს ბუნებაში.
- პირველად როდის დაგაპატიმრეს?
- ''რადიოპრიომნიკი'' მოვიპარე ერთი ოჯახიდან. მაშინ 15 წლის ბიჭი ვიყავი. ჰოდა, დამიჭირეს. ამის დავიწყება, დამეთანხმებით, შეუძლებელია. ხუთი წელი მომისაჯეს. ორი წლის შემდეგ გაქცევა მოვახერხე. მერე მეორედ დამაპატიმრეს, მაგრამ ისევ გავიქეცი. 18 წლის ვიყავი მაშინ. ამ გაქცევის მერე რუსეთში წავედი.
- ვინ დაგასახელათ ქურდად? ნათლია ვინ იყო?
- არავინ. ამას შენ თვითონ ამბობ, შენ თვითონ უნდა განაცხადო. ის ხალხიც, ვისთანაც პურს ჭამ და შენს ცხოვრებას ხედავს, ამას იღებს და, თუ რამე პრეტენზია არა აქვთ, ხარ ქურდი. ეს მერე დაიწყეს შეკრება და პასპორტების დარიგება… შემდეგ კი დავინახე, რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეიძლება. კარგად ვიცნობდი ჩემს თავს, ვიცოდი რა შემეძლო, საკმაოდ ნაკითხი ვიყავი და 5 წელიწადში ავქაჩე, გავაკეთე საკანდიდატო და სადოქტორო. ეს უკვე სხვა დრო იყო - ბრეჟნევის პერიოდი, სუნთქვა შეიძლებოდა. ისე, შოთა კვირაიამ რომ დამიჭირა, ყველა მხრიდან უნდოდათ ჩემი გასვრა და დაკნინება. დისერტაცია, თურმე,
ჩემმა დამ დამიწერა. მერე თქვეს, რომ წიგნებს სხვები მიწერენ. ციხეში რომ მარტო ვიყავი, ეტყობა ''ნადზირატელი'' მიწერდა წიგნს. ნახევარი საუკუნე გავიდა და ვერ დაივიწყეს, ეგაო, ქურდი იყოო…
- პროფესორი ბრძანდებით, პიესებს, წიგნებს წერთ და ნუთუ თავიდანვე არ შეგეძლოთ ასე დაგეწყოთ ცხოვრება?
- როგორ აგიხსნა… მაშინ მხოლოდ ორი გზა იყო - ქუჩა და კომკავშირი. თქვენი თაობისთვის ეს ძნელი გასაგებია და თანაც, დიდხანს სასაუბროც. მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც 14-15 წლის ვიყავი, სხვა გზას ვერ ვხედავდი. შეიძლება სხვაგან ეს კომკავშირი ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთან ყველა მაიმუნი და ჩამშვები კომკავშირში შედიოდა მაშინ კომკავშირელი თუ არ იყავი, ათწლედს ვერ დაამთავრებდი და არც უმაღლესში მიგიღებდნენ. ანუ უნდა ყოფილიყავი მონა. ამას კი მიჯობდა, ჩემი თავის პატრონი თვითონ ვყოფილიყავი.
- და ქურდის ცხოვრება ამჯობინეთ? მაინც ხომ წამოხვედით მაგ სამყაროდან?
- კი, წამოვედი. უკვე ბავშვი აღარ ვიყავი - 39 წლის მოვიყარე, ყველაფერი მომბეზრდა. ქურდებმა ახალი, სხვანაირი ცხოვრება დაიწყეს, გაჩნდა რეკეტიორობა. მე ამას ვერ ვიზამდი, ვერ ვეტყოდი ჩემს ახლობელს - მაიტა ფული, თორემ დედას გიტირებ-მეთქი… ვგრძნობდი, რომ ახალ გარემოში ნამდვილად მომკლავდნენ ან მე ვერ შევიკავებდი თავს…
- გაწამებდნენ ციხეში?
- საერთოდ, ის დრო საშინელი დრო იყო, სისასტიკით გამორჩეული და ამდენად დაუვიწყარი… ადამიანებს შინაც კი ეშინოდათ რაიმეს თქმა, გააჩუმებდნენ ხოლმე ერთმანეთს - ''სუ, კედლებიც ისმენენ''-ო. კომუნისტები მაგრად გვაწამებდნენ - კარცერებში, ბურებში, სპეცზონებში. ხალხი ამიტომ გვცემდა პატივს. ისე, თავისებური რომანტიკა იყო - წინააღმდეგობას უწევდა მათ. 7 წელიწადს დაკეტილ ციხეში ვიყავი, ''ლაგერებში'' არ მიშვებდნენ, როგორც კი მიმიყვანდნენ, მაშინვე ''ბურში'' მიკრავდნენ ხოლმე თავს. ამ გაუტეხლობის გამო ქურდებს მტერიც კი პატივს სცემდა. 1958 წელს, რვა თვის განმავლობაში იზოლატორში ვიყავი, ცემენტის იატაკზე. ამიყვანდნენ კამერიაში, ისევ ჩამომიყვანდნენ უკან. სულ იზოლატორში ყოფნა ჯობს, რადგან ეჩვევი. აქ კი ''სადისტობდნენ'' - ამიყვანდნენ კამერაში, პაპიროსს მოწევ, რაღაცას შეჭამ, ხალხს დაელაპარაკები და - ისევ გაბრუნებენ უკან. მაშინ 54 კლოგრამი ვიყავი. მერე კიდევ, პეჩორაში 40 დღეს ვშიმშილობდი. მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა - შენ ოღონდ ზონაში შედი, მეტი არაფერი გვინდაო. იქ როგორ შევიდოდი? მამაძაღლებისა და ბოზების ზონა იყო…
- პროფესორმა კაცმა ''მხედრიონის'' შექმნა გადაწყვიტეთ…
- ესეც ცხოვრებამ მოიტანა. უკვე ვგრძნობდი, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. ამ პერიოდში კი საჭირო იყო ძალა, რომელიც ჯარის ან პოლიციის ფუნქციას შეასრულებდა - წესრიგი ხომ უნდა ყოფილიყო? პირველად მარნეულში ატყდა ამბავი - ბორჩალოს მაზრის დამოუკიდებლობა მოისურვეს და დავაწყნარეთ სიტუაცია. პატარა ჯგუფი ვიყავით. მაშინ კაკო ბაქრაძის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდით. ამ ჯგუფში რეზო შავიშვილიც იყო. მერე ეს დაიშალა და ზოგიერთები ჩემკენ წამოვიდნენ. მარნეულს მოჰყვა ცხინვალი, მერე - აფხაზეთი. და წავიდა ასე ცხოვრება. ყველაფერი ჩემს წიგნებში მაქვს აღწერილი.
- მიუხედავად დაპატიმრებისა, ციხეში გატარებული წლებისა და ათასგვარი თავგადასავლებისა, ხალისიანი, იუმორის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით…
- მართალია, ძალიან მიყვარს იუმორი. ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემაც იუმორს უკავშირდება. ''კომიზმი და ქართული კომედიის ნიღბები'' - ამ თემაზე დავიცავი დისერტაცია. სიყალბეს რომ ვამჩნევ, იქ ვიშველიებ იუმორს, რაც კიდევ უფრო კომიკურს ხდის ამ სიტუაციას და იმ ადამიანს, მით უმეტეს.
- თქვენს შესახებაც ჰყვებიან ხოლმე მხიარულ ამბებს…
- ჰო, ასეთი ამბავი ბევრი იყო. მაგალითად, შეიარაღებული ნიღბიანები პარლამენტში შეცვივდნენ. ''ჯაბა სად არისო?'' - იყვირეს. აქეთ არისო, ყველამ ჩემკენ გამოიშვირა თითი. ჯაბა, შენ დაწექი, ამათ ჩვენ მოვუვლითო, - იყვირეს მათ და სროლა ატეხეს. ზოგიერთ ამბავზე მეც მეღიმება ხოლმე, საქმე ვისაც არა აქვს, ისინი იგონებენ.
- ამბობენ, მაგარი მსმელია ჯაბაო, მართალია?
- ძალიან მიყვარს ქეიფი. ქართული სუფრა დიდი ფენომენია. ქართულ სუფრაზე პიესაც მინდოდა დამეწერა. ისე, ჩვენი წინაპრები ჭკვიანები იყვნენ, სასიძოს ნარდის თამაშში და სუფრასთანაც რომ ცდიდნენ. ფაქტობრივად, ალკოჰოლი ხომ დაძაბულობას ხსნის და ადამიანს თავისი ხასიათის სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს. საქმე ის არის, რომ სუფრა აახლოებს ადამიანებს, არეგულირებს და წმენდს ურთიერთობებს. თუ სუფრას კარგი თამადა უძღვება, ესეც ძალიან კარგია, კარგ საზოგადოებასთან ერთად, ყველას აქვს საშუალება, თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ბევრი საინტერესო რამ ხდება სუფრასთან. მე, მაგალითად, კარგად ვმღერი, მაგრამ სანამ არ დავთვრები, მრცხვენია, რომ ვიმღერო. ერთი ჭკვიანი მეგობარი მყავს, ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ რომ დათვრება, ისეთ საინტერესო რამეებს ამბობს, გაოცდები. მართალი გითხრათ, ახალგაზრდობაში მაგრად ვსვამდი, 4-5 ბოთლი შემეძლო დამელია, მაგრამ აი, არაყი კი მალე მათრობდა. პრინციპში, კარგი სიმთვრალე მქონდა, მამას ვგავარ. მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო, მაგრამ რომ დათვრებოდა, ლმობიერი ხდებოდა. მეც, მამაჩემივით ასეთი სიმთვრალე მქონდა, უფრო ალერსიანი და დამთმობი ვხდებოდი ყველას მიმართ. არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეგობარმა შვიდი ბოთლი არაყი დავლიეთ…
- ციხეშიც ახერხებდით დალევას?
- ციხეში სპირტს ვსვამდი, იქ არაყი არ იყო. ''ოდეკოლონიც'' დამილევია, განსაკუთრებით კი ''ტრაინოი''. ამ ''ოდეკოლონს'' ბევრი სპირტი ჰქონდა. არადა, მართლაც საშინელი დასალევი იყო, მაგრამ რა გვექნა, არჩევანის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა.
- მთლიანობაში, რამდენი წელი გაატარეთ ციხეში?
- 23 წელი. ეს ცოტა დრო არ არის. რა სიტუაციაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვცდილობდი, პიროვნებად დავრჩენილიყავი.
- ციხეში გატარებული პერიოდიდან, რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?
- იცით, ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, ნაძვის ხე აკრძალული იყო, მორთვა-მოკაზმვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მოგვიანებით, როდესაც ნებადართული გახდა, თავისუფალი არ ვიყავი და… ისე მოხდა, რომ კარცერში დავდგით ნაძვის ხე და ახალ წელსაც კარცერში შევხვდი. მაშინ კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხტას ''ლაგერში'' ვიყავი. ამ ახალ წელს კარცერში ოთხი კაცი აღმოვჩნდით. იქ ერთადერთი ნივთი - კასრი გვქონდა. ჰოდა, რაც გვეცვა, სხვადასხვა ფერის პერანგები, დავხიეთ და კასრი მოვრთეთ, ანუ ნაძვის ხე ''დავდგით''. უფროსებმა იმ ღამეს ხარირმის ხორცისგან დამზადებული ერთი ბეწო კატლეტები მოგვიტანეს ''ბალანდის'' მაგივრად. თითო-თითო შეგვხვდა… ახალი წელი და ნაძვის ხე კი არა, ქორწილიც ერთკაციანი გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს… მე და სუსკიამ ხელი ქსნის კოლონიაში მოვაწერეთ. შეუფერებელი ადგილი იყო, მაგრამ რა გვექნა? გულმა გული რომ იცნო, იმიტომაც დავქორწინდით კოლონიაში, ჰოდა, თამადაც, მეჯვარეც და ''დოლ-გარმონიც'' ზედამხვედველი მიშა იყო. მიშამ ერთი ბოთლი კონიაკი ჩუმად გამოაძვრინა და… აი, ასეთი მახსოვს ჩემი ქორწილი.
- ბატონო ჯაბა, ვინ არის ჯაბა იოსელიანი სინამდვილეში?
- მე ყოველთვის ვიყავი ის, ვინც ვიყავი სინამდვილეში. რაც ვარ ერთ ოთახში, ის ვარ მეორეშიც, ციხეში, კარცერში ყოფნისას და მაშინაც, როცა ქვეყანაში პირველი კაცი ვიყავი… ვიცვლებოდი მხოლოდ გარეგნულად, შიგნით არაფერი იცვლებოდა… ნიღაბი არასოდეს დამჭირვებია. ნიღაბი იმ კაცს სჭირდება, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული და უნდა, რომ დამალოს. მე კი არასოდეს არაფერი დამიმალავს. მთელი ჩემი ცხოვრება, დღენიადაგ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: ჩემო სამშობლოვ, მე შენ მიყვარხარ!

მაია კახიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
10.03.2003 #10

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
shoda
ამ პუბლიკაციის ავტორს მოუწევს კუპრში ბანაობა იმ სიცრუისთვის, იმ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობისთვის, რასაც ამ პასკვილში აქვს ადგილი!!! - ჯაბაია იმას მიიღებს რაც დათესა! ველა ბოროტებას ღმერთი მიუგებს თავის საწყაულს!
12:40 / 13-07-2020
გამოხმაურება / 0 /
გიორგი გიორგი
ზვიად გამსახურდიაშ დაშლილი და განადგურებული საქართველო რომ ჩაიგდეს ხელში მერე შევარდნაძემ სულ მთლად დააგვირგვინა ვინ იყო საერთოდ რატომ ამართლებტ გამსახურდიან გამსახურდიას დროს დაიწყო ქვეყანაში დანის და იარაღის ტრიალი ყაჩაღობა და ათასი უბედურება და ახლა გამსახურდია ერთმა კაცმა წმინდანად გამოიყვანა მიმხვედრი მიხვდება იმიტომ რომ შემძვრალები იყვნენ მაშინდელ მტავრობასთან მაგრამ არ დასცალდათ და მის მერე იძახიან რო საქართველოს კარგი პრეზიდენტი ყავდაო არცერთი ეგენი არ უქნია ღმერთს ყველა ქართველის მტერი იყო მაგრამ, რაც შეეხება ჯაბა იოსელიანს მე ამ პირივნებაზე მაგიომ არ შემიძლია ცუდის თქმა რომ ამ ადამიანმა ნამდვილი ჯოჯოხეტი გამოიარა მთელი სიცოცხლის ნახევარი ციხეებში და წამებაში ქონდა გატარებული და როგორ ადამიანადაც დარჩა ეს 90 წლებმა გიჩვენა მაგრამ სამოქალაქო ომი ტიტქმის ევროპის ყველა ქვეყანაში იყო მომხდარი და არც საქართველო არის გამონაკლისი რაც ახლა კიდე უარესი მთავრობა გვყავს
19:17 / 19-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მენრი
ჯაბა იყო ლეგენდა
13:17 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მერ
ჯაბა შენ გაგიმარჯოს
13:15 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მერკო
ჯაბა შენ გაგიმარჯოს შენს დანატოვარსაც, და იმქვეყნად გაანათლოს შენი სული უფალმა
13:13 / 28-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS